ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგი ავალიანი დაიბადა 1928 წლის 13 იანვარს, ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში. 1944 წელს, სოფელ ბუგეულის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სერგი ავალიანი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფილოსოფიის ინსტიტუტში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს და თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების პროცესში.
ვაჟა გოგობერიშვილი 1929 წელს გუდაუთაში დაიბადა; 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მისი დასრულების შემდეგ კი, 1955 წელს, ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. იგი იყო ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.
ვახტანგ ერქომაიშვილი 1932 წლის 18 ნოემბერს ქობულეთში დაიბადა; 1956 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1956-1958 წლებში, ქობულეთის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ხოლო 1961 წლიდან, 7 წლის განმავლობაში, ვახტანგ ერქომაიშვილი სამეცნიერო საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ეწეოდა.