ვახტანგ ერქომაიშვილი 1932 წლის 18 ნოემბერს ქობულეთში დაიბადა; 1956 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1956-1958 წლებში, ქობულეთის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ხოლო 1961 წლიდან, 7 წლის განმავლობაში, ვახტანგ ერქომაიშვილი სამეცნიერო საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ეწეოდა.
1968 წლიდან ერქომაიშვილის კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იგი იყო ამ უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ბოლოს კი თეორიული ფილოსოფიის კათედრის გამგე; იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1977 წ.), პროფესორი (1978 წ.).
ვახტანგ ერქომაიშვილს, აქტიური კვლევითი საქმიანობის გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაში. მისი ავტორობით მომზადებულია „საზოგადოებათმცოდნეობის საკითხები“ (1988 წ.), „საზოგადოებათმცოდნეობა“ (1996 წ.), ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შექმნილი „ფილოსოფია“ (1994 წ.), რომელიც მომდევნო წლებში ავტორის მიერ რამდენჯერმე შეივსო და გადამუშავდა. ვახტანგ ერქომაიშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქართული ენციკლოპედიისათვის ფილოსოფიური მასალების მომზადება-დამუშავების საქმეში.
ვახტანგ ერქომაიშვილი 2001 წლის 18 მაისს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვახტანგ ერქომაიშვილის კვლევითი ინტერესები ფილოსოფიის ფართო პრობლემატიკას მოიცავდა: შემეცნების თეორია, დეტერმინიზმის პრობლემები, ადამიანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა, ერისა და იდეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები და ა.შ. მათ შორის კი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა პოზიტივისტური ფილოსოფია, განსაკუთრებით კი - ლოგიკური პოზიტივიზმი. ამ საკითხების შესახებ მას დაცული აქვს საკანდიდატო („ნეოპოზიტივიზმი და ჭეშმარიტების თეორია“) და სადოქტორო („ლოგიკური პოზიტივიზმის ძირითადი პრინციპების კრიტიკა“) დისერტაციები. ვახტანგ ერქომაიშვილი თავის ნაშრომებში გვთავაზობს პოზიტივისტური ფილოსოფიის კრიტიკას, აჩვენებს აღნიშნული ფილოსოფიის ცალმხრივობას, მისი მიზნის მიუღწევლობასა და მეთოდოლოგიურ პრობლემებს.
პოზიტივისტური ფილოსოფია მეცნიერების ფილოსოფიის საკვანძო საკითხებს, მეცნიერების რაობისა და მისი ცოდნის ზრდის თავისებურებებს ეხება. ერქომაიშვილი იზიარებს პოზიტივისტურ ფილოსოფიაში არსებულ პოზიციას, რომლის თანახმადაც არსებობს მხოლოდ სინამდვილის კონკრეტული სფეროს შემსწავლელი მეცნიერებები, რომლებიც ობიექტურ ცოდნას გვაძლევენ. აღნიშნული განსაზღვრებით მეტაფიზიკა ანუ პრაქტიკულად მთელი ტრადიციული ფილოსოფია მეცნიერების მიღმა ექცევა. შესაბამისად, მისთვის ლოგიკურად დაისვა ფილოსოფიური ცოდნის ბუნების საკითხი, რომელიც, მისი აზრით, ვერ აკმაყოფილებდა კონკრეტული მეცნიერებების მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხი კარგადაა შეჯამებული ჟურნალ „მაცნეში“ გამოქვეყნებულ მისსავე სტატიაში „ფილოსოფიის ტრაგედია“ (1997 წ.).
ვახტანგ ერქომაიშვილის აზრით, ფილოსოფია მეცნიერება კი არ არის, არამედ „მსოფლმხედველობა და სუბიექტის მიერ დანახული სამყაროს ხედვა და მოაზრება“. იგი მიიჩნევს, რომ ეს ვითარება ფილოსოფიის თავისებურებაა და არა ნაკლი, რადგან ფილოსოფია ინარჩუნებს მნიშვნელობას თეორიულ სფეროში.
ვახტანგ ერქომაიშვილის ფილოსოფიურ კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემებს, განსაკუთრებით კი ადამიანის თავისუფლების საკითხს. აღნიშნული საკითხების კვლევას ეხება მისი ნაშრომები: „ბედისწერის რწმენა და მისი უარყოფითი შედეგები“ (1984 წ.) და „ადამიანის თავისუფლება და პასუხისმგებლობის პრობლემა“ (1989 წ.). ადამიანის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ერქომაიშვილის მოსაზრებები ახლოს დგას იმ მოაზროვნეთა შეხედულებებთან, რომელთა მიხედვითაც ალტერნატივები შემთხვევითია, ხოლო გადაწყვეტილება კი დეტერმინირებული.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ვახტანგ ერქომაიშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, იყო იდეოლოგიის გაგება და მისი მიმართების საკითხი ერთან. აღნიშნული პრობლემა მაშინდელ საზოგადოებაში ცხარე დისკუსიებს იწვევდა. ერქომაიშვილი აჩვენებს ტერმინ „იდეოლოგიის“ გამოყენების ნეგატიურ მნიშვნელობას დასავლურ კულტურაში. იგი იდეოლოგიას განიხილავს „აბსოლუტური ჭეშმარიტების რანგში აყვანილი იდეებისა და პრინციპების, ღირებულებებისა და იდეალების თეორიულ სისტემად, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებას, არის აპოლოგეტიკა, ე.ი. იცავს და გამოხატავს ვიღაცის ინტერესებს“. მისი აზრით, „იდეოლოგია შეუწყნარებელია სხვაგვარი აზროვნებისადმი. მას ჰყავს არა ოპონენტები, არამედ მტრები. მისი ძირითადი იარაღია ბრძოლა და არა კრიტიკა. ამიტომ მასთან დიალოგი შეუძლებელია“. შესაბამისად, მისთვის მიუღებელია ყოველგვარი იდეოლოგია, ხოლო რაც შეეხება ეროვნულ იდეოლოგიას, ერქომაიშვილის აზრით, ერის იდეოლოგიური გამთლიანების მოთხოვნა ანაქრონიზმია და საბჭოთა წყობილებისადმი ნოსტალგიითაა გამოწვეული.
ვახტანგ ერქომაიშვილი აღიარებდა დემოკრატიულ საზოგადოებაში იდეოლოგიური პლურალიზმის ფაქტს, მაგრამ, მისი აზრით, იდეოლოგიაზე არ უნდა ვიმსჯელოთ როგორც ფაქტზე, არამედ უნდა ვისაუბროთ მის ღირებულებაზე, რაც მას სრულიად უსარგებლოდ მიაჩნდა.
ვახტანგ ერქომაიშვილი იყო ერთ-ერთი იმ ქართველ ფილოსოფოსთაგან, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პოზიტივისტური ფილოსოფიის შესწავლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ლოგიკური პოზიტივიზმისათვის დამახასიათებელმა სპეციფიკამ გავლენა მოახდინა მის კვლევაზეც. ვახტანგ ერქომაიშვილის შრომებს ახასიათებს პრობლემების სიღრმისეული ანალიზი, გადმოცემის ნათელი სტილი, კრიტიკულობა და არგუმენტირებულობა. თუმცა, ერქომაიშვილის ზოგიერთ შეხედულებაზე საკმაო ზეგავლენა მოახდინა საბჭოთა სინამდვილის მძიმე მემკვიდრეობამაც. ალბათ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რაც ერქომაიშვილს იდეოლოგიური პლურალიზმის მიმართაც კი უარყოფითად განაწყობდა.
ვახტანგ ერქომაიშვილის ფილოსოფიურ შრომებს თავისი კუთვნილი ადგილი უკავია ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, პოზიტივისტური ფილოსოფიითა და მისი შესწავლით დაინტერესებულთათვის კი ის განსაკუთრებით ღირებულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
• ბერძენიშვილი, ა. / კახიძე, ა.: ვახტანგ ერქომაიშვილის ფილოსოფიური შეხედულებები, კრებულში: „ფილოსოფიური ძიებანი“, ტ. XVII, თბილისი, 2013 წ., გვ. 302-344.
• ერქომაიშვილი, ვ.: ლოგიკური პოზიტივიზმი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: ბედისწერის რწმენა და მისი უარყოფითი შედეგები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1984 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: საზოგადოებათმცოდნეობის საკითხები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1988 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: ადამიანის თავისუფლება და პასუხისმგებლობის პრობლემა, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1989 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: ადამიანი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1989 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: საზოგადოებათმცოდნეობა, თბილისი: „განათლება“, 1996 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: რა არის სამოქალაქო საზოგადოება?, თბილისი: „სამართლიანი არჩევნები“, 1997 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: ფილოსოფია, თბილისი: „კვარი“, 1998 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: ერი და იდეოლოგია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2000 წ.
• ერქომაიშვილი, ვ.: ადამიანი, თავისუფლება, იდეოლოგია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ.