ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგი ავალიანი დაიბადა 1928 წლის 13 იანვარს, ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში. 1944 წელს, სოფელ ბუგეულის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სერგი ავალიანი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფილოსოფიის ინსტიტუტში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს და თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების პროცესში. 1963-2007 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ინსტიტუტის თეორიული ფილოსოფიის განყოფილებას, რომელსაც საბჭოთა პერიოდში „დიალექტიკური მატერიალიზმის განყოფილება“ ეწოდებოდა.
სერგი ავალიანმა 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1964 წელს კი სადოქტორო დისერტაცია, რის საფუძველზეც მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1966 წელს კი მიენიჭა პროფესორის წოდება.
სერგი ავალიანი, სამეცნიერო კვლევების პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. ათწლეულების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ახალგაზრდა ქართველ ფილოსოფოსთა მომზადების საქმეში.
სერგი ავალიანი განეკუთნებოდა იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც, სამეცნიერო კვლევების პარალელურად, სადისკუსიო-კვლევითი სივრცეების შექმნით ცდილობდნენ ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარებას. ამ კუთხით აღსანიშნავია საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნება (1995 წ.), რომლის ინიციატორიც და პრეზიდენტიც თავად იყო. ამასთანავე იგი იყო ამავე აკადემიის ყოველწლიური საგამომცემლო ორგანოს „ფილოსოფიური ძიებანი“ (რომელიც ათეულობით კრებულს მოიცავს) რედაქტორიც.
სერგი ავალიანი დაჯილდოვებულია არაერთი ორდენითა და მედლით: 1984 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, სხვადასხვა წლებში დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ოქროს მედლით, ივანე ჯავახიშვილის მედლით, ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდებით და მედლით. აღსანიშნავია, რომ იგი არჩეული იყო არაერთი უცხოური ფილოსოფიური საზოგადოების (მათ შორისაა - „XXI საუკუნის 2000 გამოჩენილი ინტელექტუალი“, კემბრიჯი/ინგლისი) წევრად.
სერგი ავალიანი გარდაიცვალა 2017 წლის 16 თებერვალს, 89 წლის ასაკში.
სერგი ავალიანი იყო გამორჩეულად ნაყოფიერი ქართველი ფილოსოფოსი, რასაც თვალნათლივ ადასტურებს მისი ნაშრომების სიმრავლე. მას გამოცემული აქვს 30-მდე წიგნი და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ავალიანის შრომები და კვლევითი ინტერესი მრავალ მიმართულებას მოიცავდა. თუმცა, მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია მეცნიერების ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი, ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიური პრობლემების კვლევასთან. მასთან მეცნიერების ფილოსოფიის მთავარ ამოსავალ წერტილად ორი საკითხი გვევლინება: მეცნიერული ცოდნის ბუნების გაგება და მისი ზრდის თავისებურების ახსნა. სერგი ავალიანმა ნატურფილოსოფიის საკითხების კვლევა ძალზე საინტერესოდ განავითარა და ფილოსოფიის ფართო პრობლემატიკაზეც განავრცო.
სერგი ავალიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საბაზისო შრომაა „ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია“ (1974 წ.), სადაც ავტორმა გამოიკვლია ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის საგნის საკითხი. „ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიაში“ წარმოდგენილი შედეგები მის შემდგომ ნაშრომებში კიდევ უფრო მეტად განივრცო. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მისი რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის, 1994 წელს გამოცემული მონოგრაფია „მეცნიერული ონტოლოგია“. 2003 წელს კი სერგი ავალიანმა გამოაქვეყნა შემდეგი ნაშრომი „ფსევდოაბსოლუტურის ფილოსოფია“, რომელიც კარგად აჯამებს ამ მიმართულებით მის კვლევებს.
ავალიანი აკრიტიკებს პოზიტივიზმის სციენტისტურ კონცეფციას და ცდილობს განსაზღვროს მეცნიერული ცოდნის ბუნება. იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს სპეციალურ მეცნიერებებს და ფილოსოფიურ მეცნიერებას. მისი აზრით, სპეციალური მეცნიერებები ფილოსოფიის ემპირიული საფუძველია, მაგრამ ფილოსოფიას აქვს თავისი საგანი, მეთოდი, რის საფუძველზეც ის არის სრულიად დამოუკიდებელი მეცნიერება. რა არის ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების საგანი, რა არის ზოგადად მეცნიერულობის კრიტერიუმი და როგორ ხდება ცოდნის ზრდა? - ამ საკითხების გასარკვევად მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ავალიანის მიერ განხილული ორი მნიშვნელოვანი საკითხი: დაკვირვებადობის პრინციპი და თეორია მეცნიერული ცოდნის ფსევდოაბსოლუტური ხასიათის შესახებ.
ავალიანის კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პოზიტივისტურ ფილოსოფიაში გავრცელებული მოსაზრებების კრიტიკაა. კერძოდ, ფილოსოფიის საკუთარი ხედვის დასაფუძნებლად პოზიტივისტები ეძებდნენ მეცნიერულობის კრიტერიუმს, ეს კი მათთან იგივეა, რაც დებულებების საზრისიანობის კრიტერიუმი და ის, რასაც წარმოადგენს ვერიფიკაციის პრინციპი. გარდა გვიანი პოზიტივიზმისა, აღნიშნული კრიტერიუმი ვიწრო შინაარსის იყო და ამიტომაც ადრეული პოზიტივისტები მეცნიერების დიდ ნაწილს უსაზრისო დებულებებად აცხადებდნენ.
ავალიანის აზრით, პოზიტივისტები დაკვირვებადობას რეალობის კრიტერიუმად თვლიან, რაც დაკვირვებადობის პრინციპის ონტოლოგიური ინტერპრეტაციაა. მისი აზრით, „დაკვირვებადობა არის სამყაროს მეცნიერული სურათის კრიტერიუმი“, რასაც ის ამ პრინციპის გნოსეოლოგიურ ინტერპრეტაციას უწოდებს. დაკვირვებადობა ავალიანისთვის ნიშნავს ისეთ პრინციპულად დაკვირვებადს, რაშიც იგულისხმება როგორც უშუალო, ასევე გაშუალებითი დაკვირვება.
ცხადია, დაკვირვებადი მხოლოდ მეცნიერული ცოდნა არაა. სერგი ავალიანი განიხილავს ცოდნის სტრუქტურას. მისი აზრით, ცოდნა არის არსის ასახვა და, შესაბამისად, არსის კანონზომიერება განსაზღვრავს ცოდნის კანონზომიერებასაც; არსის კანონზომიერება კი მისი სტრუქტურაა, რომლის სამი სტრუქტურული დონე ცოდნის სამ დონეს შეესაბამება. ესენია: წინამეცნიერული, მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნა. წინამეცნიერული ცოდნა ისეთი ცოდნაა, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს მოვლენათა აღქმის შედეგად; ის გარკვეული წარმოდგენების სახით ყალიბდება და ცნებებს არ საჭიროებს. უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენს მეცნიერული შემეცნება, რომელსაც ცნებითი ხასიათი აქვს. ის სპეციალურ არსებათა ასახვას წარმოადგენს და ამიტომ „სპეციალურ-მეცნიერულია“. გარდა ამისა, არსებობს ფილოსოფიური ცოდნა, რომლის საგანია სუბსტანციური არსება, რომელიც არსებათა შორის უზოგადესია. ფილოსოფიური შემეცნება უზოგადესი ცნებების, ფილოსოფიური კატეგორიების მეშვეობით ხორციელდება. ფილოსოფიური ცოდნა მისი ასეთი ბუნების გამო ყველა ცოდნის საფუძველია. მეცნიერული, მათ შორის, ფილოსოფიური ცოდნა გაშუალებითი დაკვირვების ფარგლებში იმყოფება.
ავალიანის აზრით, ცოდნის ნებისმიერი ფორმა განუწყვეტელი ქმნადობის პროცესში იმყოფება, რომელსაც, უმეტესწილად, ჭეშმარიტებისაკენ ზეაღმავალი ხასიათი აქვს. თუმცა, ცოდნა არასოდეს არ სრულდება და ვერ აღწევს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ამ აზრით, ყველა ცოდნა რელატიურია. თუმცა, ავალიანის მოსაზრებით, ყოველივე რელატიური უკანასკნელ საფუძველში დაკავშირებულია რაღაც თავისთავადთან ანუ აბსოლუტურთან, რადგან არსება აბსოლუტურია და შეუძლებელია, რომ მისი ასახვა არ უკავშირდებოდეს აბსოლუტურს. რადგან წმინდა რელატივიზმს მივყავართ სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმისაკენ, ამიტომ ავტორი ირჩევს სხვა გზას და ცდილობს რელატიურისა და აბსოლუტურის საერთოს მოძებნას. მისი აზრით, ადამიანი თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობის პროცესში ცნობიერად ან (უმეტეს შემთხვევაში) არაცნობიერად ქმნის აბსოლუტურს, ინვარიანტულს, ერთნიშნას, ააბსოლუტებს რელატიურს და ამ ხელოვნურად შექმნილი აბსოლუტურით ოპერირებს. ამგვარი გააბსოლუტურებული რელატიური კი არის ფსევდოაბსოლუტური.
ავალიანის აზრით, ცოდნა იზრდება რაოდენობრივად და თვისობრივად, თუმცა, მისი კრიტერიუმი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლოება კი არ არის (უსასრულობასთან მიახლოება შეუძლებელია), ან ჭეშმარიტებისმაგვარობის ზრდა (როგორც ამას კარლ პოპერი ფიქრობს), არამედ წინა ცოდნასთან შედარებით აპოდიქტურობის დონის ამაღლება, ლოგიკურ-ემპირიული დასაბუთების უფრო მაღალი ხარისხი.
ფსევდოაბსოლუტურის ფილოსოფიასა და დაკვირვებადობის პრინციპზე დაფუძნებით ავალიანმა შემოიტანა მეცნიერული ონტოლოგიის ცნება, რომელიც აბსოლუტური არსების ანუ სუბსტანციური არსის შესახებ მეცნიერებას წარმოადგენს. მისი აზრით, ონტოლოგია სწორედ სუბსტანციურ არსებას სწავლობს - ის იკვლევს მთელი სინამდვილის უზოგადეს კანონზომიერებას. ამასთანავე, არსის შემეცნება სწორედ მოვლენათა შემეცნების გზით ხდება. მოვლენათა შემეცნება კი მხოლოდ გაშუალებული დაკვირვებითაა შესაძლებელი. ავალიანის აზრით, გაშუალებული დაკვირვება ერთგვარი ხიდია ემპირიული შემეცნებიდან რაციონალური შემეცნებისაკენ, თუმცა, ის ბოლომდე არცერთს არ ეკუთვნის. სუბსტანციური არსება რეალური არსის სფეროში გამოვლინდება და გაშუალებულ დაკვირვებას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, ამ არსების შემსწავლელი დისციპლინა ონტოლოგია მეცნიერებაა და არა სპეკულაციური მოძღვრება.
საბოლოო ჯამში, ამ მიმართულებით ავალიანის შრომები ეხმაურება მეცნიერების ფილოსოფიაში, განსაკუთრებით კი, პოზიტივისტურ ფილოსოფიაში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის თავისებურ გზებს გვთავაზობს. დაკვირვებადობის პრინციპზე დაფუძნებით იგი ცდილობს ცოდნისა და მეცნიერების განსაზღვრას, ხოლო ფსევდოაბსოლუტურის ფილოსოფია კი როგორც მეცნიერული ცოდნის ზრდის პროცესის სურათის გააზრების, ისე სხვადასხვა ფილოსოფიური პრობლემების ახსნის საფუძველია. მეცნიერების ფილოსოფიის ამ ძირითად კითხვებზე პასუხები ურთულესია, რასაც მოწმობს ფილოსოფიურ ლიტერატურაში აღნიშნულ საკითხებზე პოზიციათა სიმრავლე და ურთიერთდაპირისპირებული ხედვები. ცხადია, შესაძლებელია კამათი სერგი ავალიანის აღნიშნულ მოსაზრებებზე, მაგრამ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია მის მიერ ამ მნიშვნელოვანი საკითხების კვლევაში წვლილის შეტანა და პრობლემათა აქტუალიზაცია.
აღნიშნული მიმართულებების გარდა სერგი ავალიანის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში აღსანიშნავია აქსიოლოგიისა და ქართული ფილოსოფიის შესახებ შესრულებული ნაშრომები. ავალიანის აქსიოლოგიური მოსაზრებები ძირითადად გადმოცემულია წიგნში „ცოდნის ბუნება და ღირებულება“, რომელიც 1989 წელს რუსულ ენაზეა გამოცემული. მასში სერგი ავალიანმა ფსევდოაბსოლუტურის თვალსაზრისი გაავრცელა ღირებულებით სფეროზეც.
რაც შეეხება ქართული ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით შესრულებულ კვლევებს, ავალიანმა სპეციალური ნაშრომები მიუძღვნა გიორგი წერეთლის, ივანე თარხნიშვილის, ანტონ პირველისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიური ნააზრევის კვლევას; მან ასევე გამოსცა ნარკვევები ქართული ნატურფილოსოფიის ისტორიის შესახებ. ქართული ფილოსოფიური ნააზრევის კვლევის მიმართულებით ავალიანი არის მრავალი სხვადასხვა სტატიის ავტორი.
სერგი ავალიანის მოცულობითი და მრავალმხრივი ფილოსოფიური მემკვიდრეობის ამოწურვა ერთ მცირე სტატიაში შეუძლებელია. იგი მრავალი მიმართულებით ახორციელებდა ფილოსოფიურ კვლევებს, აქტიურად იყო ჩართული ქართულ ფილოსოფიურ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებში, ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. შეიძლება ითქვას, რომ სერგი ავალიანისთვის ფილოსოფია იყო ცხოვრების მთავარი ნაწილი, რომელსაც მან მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა კიდევაც. აქედან გამომდინარე, მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობა თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში.
(ა) სერგი ავალიანის რჩეული შრომები
• გიორგი წერეთლის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1954 წ.
• რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1955 წ.
• Философские взгляды И. Р. Тархнишвили, Тбилиси: „Изд-во АН ГССР“, 1957.
• ჰანს რაიხენბახის ფილოსოფია, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ.
• მატერიალიზმისა და იდეალიზმის ბრძოლა თანამედროვე ფიზიკაში, თბილისი: საზოგადოება „ცოდნა“, 1962 წ.
• თანამედროვე პოზიტივიზმი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1964 წ.
• თანამედროვე პოზიტივიზმის ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1964 წ.
• Очерки философии естествознания, Тбилиси: „Мецниереба“, 1968.
• ალბერტ აინშტაინი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1972 წ. (თანაავტორი - მათე მირიანაშვილი).
• სავლე წერეთელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.
• ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია, თბილისი: „განათლება“, 1974 წ.
• ეგოიზმი და მისი ანტისაზოგადოებრივი არსი, თბილისი: „საზოგადოება“, 1976 წ.
• Абсолютное и относительное, Тбилиси: „Мецниереба“, 1980.
• აინშტაინი: ცხოვრება, მოღვაწეობა და მსოფლმხედველობა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1983 წ.
• ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ქართული ნატურფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1984 წ.
• მეცნიერების ბუნება და მისი საზოგადოებრივი დანიშნულება, თბილისი: „მეცნიერება“, 1986 წ.
• ანტონ პირველი (ცხოვრება, მოღვაწეობა და ფილოსოფიური მსოფლმხედველობა), თბილისი: „მეცნიერება“, 1987 წ.
• Природа знания и ценности, Тбилиси: „Мецниереба“, 1989.
• მეცნიერების ფილოსოფიის შესავალი, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
• ყოფიერება, დრო, სივრცე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1991 წ.
• მეცნიერული ონტოლოგია, თბილისი: „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“, 1994 წ.
• სიცოცხლის არსება, თბილისი: „მერანი“, 2000 წ.
• ტელეოლოგია, თბილისი: „ლეგა“, 2003 წ.
• XX საუკუნის ნატურფილოსოფია, თბილისი: „მერიდიანი“, 2004 წ.
• ფსევდოაბსოლუტურის ფილოსოფია, თბილისი: „უნივერსალი“, 2006 წ.
• თეორიული ფილოსოფია, თბილისი: „უნივერსალი“, 2007 წ.
• ფილოსოფია ყველასათვის, თბილისი: „ზანი“, 2009 წ. (თანაავტორი - კახა ქეცბაია).
• მეცნიერული ონტოლოგია და ფილოსოფიური თეოლოგია, თბილისი: „უნივერსალი“, 2012 წ.
• სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მსოფლმხედველობა, თბილისი: „მერიდიანი“, 2012 წ.
• ჩემი განვლილი ფილოსოფიური ცხოვრების ნიშანსვეტები, თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ.
(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა
• ფილოსოფიის კლასიკური და თანამედროვე პრობლემები. პროფესორ სერგი ავალიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორები: ი. კალანდია, მ. მახარაძე, კ. ქეცბაია, თბილისი: „უნივერსალი“, 2008 წ.
• სერგი ავალიანი-ფილოსოფოსი, ამადგარი პედაგოგი და მოღვაწე (სერგი ავალიანის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიები), რედაქტორები: დ. ზაქარაია, კ. ქეცბაია, თბილისი: „ზანი“, 2009 წ.
• ვებგვერდი სერგი ავალიანის შესახებ: https://sergi-avaliani.ge