2021-04-02 გიორგი ხუროშვილი

გაიოზ რექტორი

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ფართო საგანმანთლებლო-კულტურული საქმიანობა გაიშალა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, თბილისის ფილოსოფიური სკოლა (1755 წ.), რომლის კავალდაკვალ დაფუძნდა თელავის ფილოსოფიური სკოლა (1758 წ.), უფრო მოგვიანებით კი ამ უკანასკნელის ბაზაზე ამოქმედდა თელავის სემინარია. ტრადიციული საგნის ღვთისმეტყველების სწავლებასთან ერთად, სემინარიაში იმჟამინდელი მეცნიერების სხვა დარგებსაც ინტენსიურად ასწავლიდნენ. თელავის ფილოსოფიური სკოლის სემინარიად გარდაქმნის მოთავედ გაიოზ რექტორი გვევლინება, რომელიც ამ ეპოქის თვალსაჩინო სასულიერო მოღვაწე და მოაზროვნეა, მისმა მრავალმხრივმა საქმიანობამ ამ პერიოდის ქართულ კულტურას ღრმა კვალი დაატყო. დღემდე უცნობია მისი გვარი და წოდება, კ. კეკელიძე წერდა: „რაც შეეხება მის წოდებას, თავადობას თუ აზნაურობას და გვარს, ეს ისტორიისათვის გაურკვეველი რჩება“.

გაიოზი დაიბადა 1746 წელს, კახეთში, სოფელ მაღაროში. ადრეული წლები მან ერეკლე II-ის სამეფო კარზე გაატარა. 1770 წელს კათალიკოსმა ანტონ I-მა იგი ბერად აღკვეცა, რის შემდეგაც სასწავლებლად გაემგზავრა რუსეთში. 1774 წელს გაიოზმა დაამთავრა ნეველის სასულიერო სემინარია, ხოლო 1778 წელს მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. 1779 წელს იგი მღვდელმონაზვნად აკურთხეს, ხოლო მომდევნო წელს იღუმენის ხარისხი მიიღო. 1782 წელს, მისი ხელმძღვანელობით თელავის ფილოსოფიური სკოლა გარდაიქმნა სემინარიად, რომლის პირველი რექტორი თავადვე  გახდა. ამ პოზიციაზე მან ერთი წელი დაჰყო და დიდი წვლილი შეიტანა სემინარიის სასწავლო პროგრამების განვითარების საქმეში. 1783 წლიდან გაიოზ რექტორი საცხოვრებლად რუსეთში გადადის და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში იწყებს მსახურებას, 1784 წელს იგი აკურთხეს არქიმანდრიტად, ამავე პერიოდიდან იწყება მისი წარმატებული მოღვაწეობა რუსეთის ეკლესიაში, იგი მალევე აჰყავთ ეპისკოპოსის ხარისხში. 1793–1799 წლებში იყო მოზდოკის ეპისკოპოსი, 1799–1808 წლებში კი იყო სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი, 1808 წლიდან 1821 წლამდე ასტრახანისა და სტავროპოლის მთავარეპისკოპოსი იყო. რუსეთში გაიოზ რექტორი აგრძელებდა საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობას. 1796 წელს მან მოზდოკში დააარსა ქართული სტამბა. გაიოზ რექტორი არის ათობით თარგმანისა და ორიგინალური ნაშრომის ავტორი. ამათაგან აღსანიშნავია „ღრამმატიკა“ (1789 წ.), რომელიც არის ქართული ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდი ქართულენოვანი სახელმძღვანელო.

გაიოზ რექტორი გარდაიცვალა 1821 წლის 21 თებერვალს, დაკრძალულია ასტრახანის მარიამ ღვთსმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. 

2 -თელავის სემინარიის რექტორი

გაიოზ რექტორის წვლილი განუზომლად დიდია საქართველოში სასკოლო საქმის დანერგვასა და განვითრებაში. გამორჩეული მეცნიერი, პედაგოგი, მთარგმნელი და ლიტერატორი მის მიერვე რეფორმირებულ თელავის სემინარიას ჩაუდგა სათავეში და მისი პირველი რექტორი გახდა. მისი ზედწოდებაც სწორედ აქედან იღებს სათავეს. მიუხედავად იმისა, რომ სემინარიის რექტორად სულ ერთი წელი დაჰყო, მისი მოღვაწეობის შედეგად თელავის სემინარია კარგად ორგანიზებულ საგანმანათლებლო ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, ინტიტუციურ განვითრებასთან ერთად გაიოზ რექტორის თაოსნობით და უშუალო მანაწილეობით შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს, იმ დროის კვალობაზე კარგ განათლებას სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ სემინარიაში საგანგებო ყურადღება ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის სწავლებას ეთმობოდა, თავად გაიოზი ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში კარგად იყო განსწავლული. იგი მიიჩნევდა, რომ ამ დარგთა შესწავლა აუცილებელია, ვინაიდან ისინი ხელს უწყობენ ახალგაზრდების გონების წვრთვნას. გაიოზისთვის ფილოსოფიის ცნება ერთობ ფართო იყო და ის ლოგიკას, ფსიქოლოგიას და ფიზიკასაც მოიცავდა. გაიოზ რექტორის დროინდელ სემინარიაში იყენებდნენ სასწავლო დისციპლინების გადაცემის ლექციურ მეთოდს, რომელიც  ანტონ კათალოკოსს შეუქმნია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების, თავისუფალი აზროვნების უნართა განვითარების მიზნით გაიოზ რექტორის ინიციატივით ხშირად იმართებოდა საჯარო პაექრობები და დისპუტები, სემინარისტთა ცოდნის გამომჟღავნების ერთ-ერთი ფრომა „კითხვა-მიგება“, ე.ი. დიალოგი იყო.  თელავის სემინარია, იქ არსებული სწავლების ხარისხით, მეთოდებით და სასწავლო პროგრამებით ევროპაში მოქმედ იმ დროინდელ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს უახლოვდებოდა.

3 -პედაგოგიური შეხედულებები

საგანგებო ყურადღებას იმსახურებს, გაიოზ რექტორის პედაგოგიური შეხედულებები. ერთი მხრივ იმიტომ, რომ იგი თელავის სემინარიის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელია, შესაბამისად თელავის სემინარიაში მოქმედი სასწავლო პროგრამები და მეთოდები მისი შემოღებული და დანერგილია, ამდენად, გაიოზის პედაგოგიური შეხედულებები ერთგვარ წარმოდგენას შეგვიქმნის თელავის სემინარიაში მიმდინარე სასწავლო აღმზრდელობითი საქმიანობის შესახებ; მეორე მხრივ კი, გაიოზ რექტორის პედაგოგიური შეხედულებების მიმოხილვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის აღზრდის პირნიციპების შესახებ, რომლებიც იმ დროინდელ საქართველოში მოქმედებდა. გაიოზ რექტორის დიდაქტიკური და პედაგოგიური შეხედულებები ძირითადად, მის ორიგინალურ თხზულებებში, ისევე როგორც მის მიერ თარგმნილი ტექსტების წინასტყვაობებშია გადმოცემული. მისი შეხედულებები საღვთისმეტყველო ფილოსოფიით არის გაჯერებული. შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისი დროის განმანათლებლად გვევლინება, რომელიც, ერთი მხრივ, საღვთისმეტყველო ფილოსოფიისა და ეკლესიის მოძღვრების, მეორე მხრივ კი, იმ დროის მოწინავე იდეების ფართო გავარცელებას ესწრაფვოდა.

გაიოზ რექტორი, სწორედ იმ ეპოქაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, როდესაც საქართველოს მსგავსად ევოპაშიც ღრმა იდეოლოგიური კრიზისი მძვინვარებდა, კრიზისი, რომელიც, ფეოდალური საზოგადოებებისათვის არის ხოლმე დამახასიათებელი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ფრანგმა განმანათლებლებმა შეასრულეს, რომელთა მოძღვრებაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური გარდაქმნების საფუძვლად იქცა. მსგავსი მცდელობები იმდროინდელ ქართველ მოღვაწეებსაც ჰქონდათ, იმ დროის ქართველი მოაზროვნეები ცდილობდნენ არსებულ ვითრებასთან გასამკლავებლად ფილოსოფიური აზროვნების ნაერთი შეექმნათ, რათა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისათვის ახალი გზები გაეხსნათ. თავად გაიოზ რექტორის მოღვაწეობის წლები დიდ ევროპელ განმანათლებელთა მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა. XVIII საუკუნის ევროპაში აღზრდის ახალი კონცეფციის შემუშავების საკითხი აქტუალური იყო, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრანგ განმანათლებელთა: მონტესკიეს, რუსოს, და დიდროს შრომები, რომელთაც ევროპაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ახალი ყაიდის ფორმირებაზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინეს. საქმე ისაა, რომ ამ ეპოქაში, ჩვეულებრივი ადამიანის როლი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მკვეთრად გაიზარდა, მეტიც სახალხო მოძრაობებმა და რესპუბლიკანიზმის ტენდენციებმა, თანდათანობით, მაგრამ მტკიცედ მოიკიდეს ფეხი, შესაბამისად იმის საჭიროება განჩნდა, რომ განათლება უკლებლივ ყველასათვის ყოფილიყო ხელმისწავდომი, განურჩევლად წარმომავლობისა თუ ქონებრივი ცენზისა. ამიტომაც, ევროპელ განმანათლებელთა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ განათლებისა და აღზრდის საკითხებისადმი იყო მიპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოცესები საქართველოში არ ყოფილა, აღზრდისა და განათლების საკითხს საგანგებო ყურადღებას უთმობდნენ.

აღზრდის პირნციპების ფორმირებისას გაიოზ რექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანის ბუნებას ანიჭებს. მისი აზრით, ადამიანში ერთნაირად არის სიკეთე და უკეთურება, საგანგებო აღზრდა იმისთვის არის საჭირო, რომ კარგმა აღმზრდელმა აღსაზრდელის ბუნებაში დავანებული უკეთურება დათრგუნოს და სიკეთეს გაუხსნას გზა. ამიტომაც, აღზრდა ყრმობიდანვე უნდა იწყებოდეს, გადამწყვეტი როლი ამ საქმეში მშობლებს აკისრიათ: „ყოველთა შორის პირუტყვთა არს ესრეთ მძვინვარე მხეცი არა აღზრდიდეს შვილთა თვისთა ყოვლითა მოსწრაფებითა, რომელნიცა დაივიწყებენ მაშინ ბუნებითსა მშვენიერებათა თვისსა“. ხასიათისა და ზნის ჩამოყალიბების კვალდაკვალ გაიოზ რექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ინტელექტუალური წვრთვნის საკითხებზე ამახვილებდა. ევროპელ განმანათლებელთა მსგავსად იგი თვლიდა, რომ მეცნიერების როლი ინტელექტუალური განვითარების საქმეში ერთობ მნიშვნელოვანია, ამდენად ყოველი ადამიანი განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა მუდმივად უნდა წვრთვნიდეს გონებას: „ვჰხედავთ და გვესმის, თუ ვითარსა შინა განვრცელებასა და თუ ვიტარსა შინა სიმრავლესა განთესილ არს სიბრძნე, რომელსაც ვერცა სიშორე ადგილთა, ვერცა სხვობა ქვეყანისა და ფაერთა შენაძლებელ არს შეცვალებად მის მიერისა გარდამოსხმულისა ბედნიერობისა მიმღებელთა ზედა მისთა...“. გაიოზს მიაჩნდა, რომ ბედნიერების განცდა, მხოლოდ სიბრძნის მქონე ადამიანს ძალუძს, მაგრამ იმისათვის, რომ ყმაწვილი სიბრძნეს ნაყოფიერად დაეწაფოს, საჭიროა, რომ მასწავლებელმა მისთვის მისაწვდომი ენით განუმარტოს საკითხები. 

თავის ცნობილ სიტყვაში, რომელიც მან თელავის სემინარიაში ერთ-ერთი საზეიმო შეკრებისას წარმოთქვა გაიოზ რექტორი ამბობდა, რომ საჭიროა აიხსნას, თუ რა განსხვავებაა მეცნიერებასა და უმეცრებას შორის. ამ განსხვავებაზე საუბრისას, იგი ამბობს, რომ მხოლოდ მეცნიერებით ე.ი. ცოდნით შეიძლება ჭეშმარიტების წვდომა, მოვლენათა ანალიზი, მათი არსის და შედეგების განსაზღვრა, ამიტომაც მეცნიერებისა და უმეცრების გამიჯვნა საშური საქმეა: „გვნებავსა, რათა შევეჩვივნეთ ნიადაგ ჭეშმარიტებისა თქმასა, გვნებავსა, რათა განვარჩიოთ საქმენი, განვიხილოთ ყოველნი მდგომარეობანი საქმეთანი და ვჰცნობდეთ მათცა თუ რაი გამოვალს მათგან? ესე ყოველნი და სხვანიცა ესე ვითარნი გამოვალნ მეცნიერებისაგან“.

4 -გამოყენებული ლიტერატურა

• დარჩია, მ. გაიოზ რექტორი, თბილისი, 1987 წ.

• კეკელიძე,  კ. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. I, 1952 წ.

• მენაბდე, ლ. გაიოზ რექტორი, XVII-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა, თბილისი, 1997 წ.

• ნუცუბიძე, შ. ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1958 წ.

• ხუროშვილი, გ. გაიოზ რექტორი და კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის აღორძინება ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; იხ: „უფლის ციხე“, # 2, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2012 წ.

• ჯანაშვილი, მ. საქართველოს საეკლესიო ისტორია, ტფილისი, 1886 წ.