2021-04-01 თენგიზ ირემაძე

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა

1 -თემისტიოსის ცნობები

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, იგივე კოლხეთის აკადემია, არსებობდა III-IV საუკუნეებში ფაზისის, ახლანდელი ფოთის მახლობლად და წარმოადგენდა ბერძნული სტილის საგანმანათლებლო სასწავლებელს. მის შესახებ მოიპოვება ერთადერთი პირდაპირი ცნობა, რომელიც ეკუთვნის ანტიკური ხანის დიდ ბერძენ მოაზროვნეს, თემისტიოსს (IV ს.). დაცულია თემისტიოსის პროპედევტიკული ხასიათის ტექსტი, რომელშიც იგი სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას რჩევა-დარიგებას აძლევს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მიიღოს მან კარგი ფილოსოფიური და ორატორული განათლება. ახალგაზრდის მოსაზრებას, რომ მას განათლების მიღება არა პროვინციაში, არამედ რომელიმე ცნობილ ქალაქში სურს, თემისტიოსი საკუთარი გამოცდილებით პასუხობს. მისი აზრით, კარგი ცოდნის მისაღებად განთქმული ადგილები არ არის აუცილებელი, რადგან მეცნიერება ცნობილ ქალაქებსა თუ ადგილებში კი არ ცოცხლობს, არამედ მისი მატარებლები დიდი მეცნიერები და მოძღვრები არიან. აქედან გამომდინარე, თემისტიოსი ამ ახალგაზრდა კაცს ურჩევს, რომ მჭევრმეტყველების ხელოვნებას ათენში კი არ დაეუფლოს, არამედ ნაკლებად ცნობილ ადგილას, ფაზისის მახლობლად, კერძოდ, პონტოში. თვითონ თემისტიოსიც, მისივე გადმოცემის თანახმად, ორატორული ხელოვნების მწვერვალებს სწორედ აქ დაუფლებია. ეს ადგილი ხომ არგონავტების სამიზნე იყო, ელინისტური კულტურის ზეგავლენის ქვეშ მყოფი და მუზათა დიად ტაძრად ცნობილი. თემისტიოსის რჩევას მყარი საფუძველი ჰქონდა, რადგან გვიანანტიკური განათლების ამ ცენტრში მჭევრმეტყველების დიდი ხელოვნება არა მარტო მან, არამედ მამამისმა, ფილოსოფოსმა ევგენიოსმაც (III-IV სს.) შეიძინა. ფილოსოფიის ისტორიაში ევგენიოსი არისტოტელეს მიმდევრად არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი სიმპათია ჰქონდა პლატონის მოძღვრების მიმართაც. გვიანანტიკური აზროვნების მრავალი ცნობილი წარმომადგენლის მსგავსად, ევგენიოსიც ფიქრობდა, რომ პლატონს და არისტოტელეს შორის არსებითი განსხვავება არ იყო. უფრო მეტიც, არისტოტელემ პლატონის შეხედულებების სისტემატიზაცია მოახდინა და ამით მძაფრი კრიტიკისგან დაიცვა თავისი მასწავლებელი. თემისტიოსმა მამამისის გზა განაგრძო. უფრო მეტიც, ფილოსოფიის ისტორიაში იგი არისტოტელეს ერთ-ერთ უდიდეს კომენტატორად არის ცნობილი, რადგან მან სათავე დაუდო სტაგირელის ნაშრომთა ახსნა-განმარტებას პარაფრაზების მეთოდით. ეს მეთოდი ისეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ მას შუა საუკუნეების ლათინურენოვანი ფილოსოფიისა და თეოლოგიის მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელი (მაგალითად, ალბერტ დიდი, თომა აქვინელი და სხვ.) ანიჭებდა უპირატესობას.

2 -მემკვიდრეობა

თემისტიოსის ცნობებიდან კოლხეთში არსებული აკადემიის შესახებ ნათელი ხდება, რომ საქმე გვაქვს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ ცენტრთან იმდროინდელი კოლხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ბერძნული საგანმანათლებლო კულტურის ზეგავლენის კვალს ატარებდა. სავარაუდოდ, ამ აკადემიაში საგნების სწავლება ბერძნულ აკადემიებში ცნობილი სასწავლო გეგმებითა და მეთოდოლოგიით მიმდინარეობდა. დიდი ალბათობით, კოლხეთის აკადემიას, ათენში პლატონური აკადემიის დახურვის შემდეგ (529 წ.), არც კი უარსებია. კოლხეთის აკადემია საქართველოში დიდი ფილოსოფიური კულტურის დამადასტურებელი პირველი ცენტრია. ამ დიდი ტრადიციის კვალობაზე 2014 წელს ქ. ფოთში დაარსდა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი, რომელიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო-სტრუქტურული ერთეულია. ამ არქივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის კავკასიის რეგიონში არსებული უძველესი ფილოსოფიური ტრადიციების ამსახველი დოკუმენტების შეგროვება, შესწავლა და ანალიზი. მაშასადამე, კოლხეთის აკადემიის შესახებ არსებული ყველა შესაძლო მასალის მოძიება და ამ საგანმანათლებლო ტრადიციის ღრმა ფილოსოფიურ-ისტორიული ანალიზი არქივის თანამშრომელთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

3 -სამეცნიერო ლიტერატურა

• გამსახურდია, ს.: სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბილისი: „განათლება“, 1975 წ.

თემისტიოსი, წიგნში: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ., გვ. 50-54.

• ირემაძე, თ.: გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფია საქართველოში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #8 (28 თებერვალი - 6 მარტი, 2019 წ.), გვ. 13-15.

• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 123-124.

• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ., გვ. 33-38.