იაგორ ჭილაშვილი და მისი აზროვნება საქართველოშიც კი ნაკლებადაა ცნობილი. მისი სახელი იშვიათად თუ შეგხვდებათ ჩვენში გავრცელებულ ლექსიკონებსა და ფილოსოფიურ კვლევებში. შესაბამისად, მისი შემოქმედებაც სათანადოდ შეფასებული და დაფასებული არ არის. არადა, ეს მოაზროვნე ახალი დროის ქართულ აზროვნებაში პრობლემათა ისეთ რიგს იკვლევდა, რაც მანამდე ნაკლებად იყო დამუშავებული, კერძოდ კი, ბუნებითი სამართლის თეორიასა და პრაქტიკას. იაგორ ჭილაშვილის მნიშვნელოვანი ნაშრომი „ბუნებითი სამართლის მონახაზი“ (1812 წ.) ამ მოსაზრების საფუძვლიანობის ნათელი დასტურია. იაგორ ჭილაშვილი დაიბადა 1792 წელს, დუშეთში. მამამისი, გაბრიელ ჭილაშვილი, ქართველი თავადის, ვახტანგ ირაკლის ძე ბაგრატიონის ამილახვარი, ჰოფმარშალი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველო იძულებით შეუერთეს რუსეთის იმპერიას, ქართველი თავადები იძულებულნი შეიქნენ, რომ რუსეთში გადასახლებულიყვნენ. ვახტანგ ბაგრატიონი მათგან ერთ-ერთი იყო, ვინც (მის სამეგობრო წრესთან ერთად) იძულებული გახდა, რომ რუსეთში გახიზნულიყო. გაბრიელ ჭილაშვილი და მისი ოჯახი ვახტანგ ბაგრატიონს თან გაჰყვა რუსეთში. იაგორ ჭილაშვილი მაშინ თერთმეტი წლისა იქნებოდა. ვახტანგ ბაგრატიონის წყალობით მან სანკტ-პეტერბურგში მრავალმხრივი და საფუძვლიანი განათლება მიიღო. იაგორ ჭილაშვილი, უწინარეს ყოვლისა, იყო სამართალმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი. უკვე ოცი წლისამ დაწერა მნიშვნელოვანი თხზულება „ბუნებითი სამართლის მონახაზი“, რომელიც 1812 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსულ ენაზე გამოიცა. მანამდე მან ფრანგულიდან რუსულ ენაზე თარგმნა შარლ ლუი მონტესკიეს (1689-1755 წწ.) რომანი „არზასისა და ისმენიას ნამდვილი ისტორია“. მონტესკიეს ამ ადრეულ თხზულებაში უკვე შეგვიძლია ამოვიცნოთ მისივე „კანონთა არსის“ რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა და ასპექტი. 1812 წელს იაგორ ჭილაშვილმა გაბრიელ ბონო დე მაბლის (1709-1785 წწ.) საყურადღებო ნაშრომი „ისტორიის შესწავლის შესახებ“ (1778 წ.) თარგმნა ფრანგულიდან რუსულ ენაზე. მაბლი განმანათლებლობის ეპოქის ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი გახლდათ. იგი იყო დიდი ფრანგი მოაზროვნის, ეტიენ ბონო დე კონდილიაკის (1714-1780 წწ.) ძმა. იაგორ ჭილაშვილი ლიტერატურულ ნაშრომებსაც თხზავდა რუსულ ენაზე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „სიმღერა თავად მ. ი. გოლენიშჩევ-კუტუზოვის აღსასრულის შესახებ“ (1813 წ.) და მისი „სოფლად მოგზაურობის შთაბეჭდილებანი“ (1817 წ.). იგი აქტიურად მოღვაწეობდა იმ კომისიაში, რომელიც ვახტანგ VI-ის „სამართლის წიგნთა“ ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნის საკითხებზე მუშაობდა. იაგორ ჭილაშვილი რუსეთსა და საქართველოში მრავალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. 1821-1826 წლებში იგი პროკურორი იყო საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში. იაგორ ჭილაშვილი გარდაიცვალა 1838 წელს.
იაგორ ჭილაშვილმა თავისი მცირე ზომის ნაშრომი „ბუნებითი სამართლის მონახაზი“ (1812 წ.) იმ დროს შექმნა, როცა ევროპის წამყვან ქვეყანათა ფილოსოფოსები ამ პრობლემატიკას განსხვავებული პერსპექტივებიდან განიხილავდნენ. საქვეყნოდ ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსთაგან აქ შემდეგ ავტორთა ნაშრომების დასახელება შეიძლება: (1) იოჰან გოტლიბ ფიხტე, „ბუნებითი სამართლის საფუძველი მეცნიერებათა მოძღვრების პრინციპების მიხედვით“ (იენა/ლაიფციგი, 1796 წ.); (2) კარლ ქრისტიან ფრიდრიხ კრაუზე, „ბუნებითი სამართლის საფუძველი“ (იენა, 1803 წ.) და „სამართლის ფილოსოფიის სისტემის მონახაზი, ანუ ბუნებითი სამართალი“ (გიოტინგენი, 1828 წ.); (3) გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, „სამართლის ფილოსოფიის ძირითადი მონახაზები“ (ბერლინი, 1820/21 წწ.). მიუხედავად იმისა, რომ ეს საყოველთაოდ განთქმული ავტორები და მათი ფუნდამენტური ნაშრომები იაგორ ჭილაშვილისა და მისი მცირე ზომის ნაშრომისგან არსებითად სხვაობენ, ქართველ სამართალმცოდნესა და ფილოსოფოსს ზემოთ დასახელებულ გერმანელ ფილოსოფოსებთან ერთი რამ აქვს საერთო: ამ მოაზროვნეთაგან თითოეული ცდილობდა სამართლის ცნება ისე ფართოდ განეხილა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანის თავისუფლების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპთა დასაბუთება და განხორციელება.
იაგორ ჭილაშვილის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ფრანგულმა განმანათლებლობამ და მისმა მთავარმა წარმომადგენლებმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შარლ ლუი მონტესკიესა და გაბრიელ ბონო დე მაბლის სამართლებრივი აზროვნების ზეგავლენა. ორივე მოაზროვნემ ადამიანის ძირითადი უფლებები წამოსწია წინა პლანზე და ეს საკითხი სამართლიანი კანონმდებლობის პრობლემას დაუკავშირა. ბუნებითი თანასწორობა და სამართლიანობა, თავისუფლება და სიყვარული, ისევე, როგორც ამ პრინციპებთან დაკავშირებული კერძო საკუთრება და თანაგრძნობა - შარლ ლუი მონტესკიესა და გაბრიელ ბონო დე მაბლის ნაშრომთაგან მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ასპექტი რომ გამოვყოთ - იაგორ ჭილაშვილის მსოფლხედვის ჩამოყალიბების პროცესში გზამკვლევი აღმოჩნდა. მის შემოქმედებაში ამ იდეათა გავლენის აშკარა კვალი იგრძნობა.
იაგორ ჭილაშვილის ნაშრომი „ბუნებითი სამართლის მონახაზი“ სამი ძირითადი თავისგან შედგება. ეს თავები, თავის მხრივ, მრავალ ქვეთავადაა დაყოფილი. ნაშრომი ბუნებითი სამართლის აქტუალურ პრობლემებს მოხაზავს და ამოსავალ პრინციპად ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას განიხილავს. ყოველი ადამიანი დაბადებიდანვე გრძნობადი არსებაა, რომელიც განსხვავებულ შეგრძნებებსა და სულიერ უნარებს ფლობს. იგი შეიგრძნობს სიხარულს და მწუხარებასაც. ამასთანავე, იგი კოსმოსის მიზეზებსა და პრინციპებსაც ჭვრეტს, შეიმეცნებს კეთილსა და ბოროტს და, ამდენად, იმასაც შეისწავლის, თუ როგორ უნდა დაიცვას თავისი სიცოცხლე. შემეცნების ამ პროცესში იგი, უწინარეს ყოვლისა, ბუნების კანონებს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს კანონები იმგვარ წესრიგს ქმნის, რომელშიც ყოველი სახის ქმედებანი (სიხარული, მწუხარება, ტანჯვა და ა.შ.) ხორციელდება. ყველა ამ კანონის ერთობას ბუნებითი სამართალი ეწოდება. ბუნებითი სამართალი მოიცავს ადამიანის იმ ბუნებით უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც სამყაროში ადამიანის არსებობას განაპირობებენ.
ადამიანის ძირითად უფლებათა განსაზღვრის დროს იაგორ ჭილაშვილი იქიდან ამოდის, რომ ადამიანი, უწინარეს ყოვლისა, ბუნების არსებაა. კითხვა იმის შესახებ, ღვთისგან წარმოიშვა იგი თუ მისი ნამდვილი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, ამ ნაშრომში არ დასმულა. ბუნებითი სამართლის თეორიის მცირე მონახაზისთვის ქართველი მოაზროვნე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აუცილებლად არ თვლიდა. მისი ამოსავალი დებულება აქ უფრო პრაგმატული და პრაქტიკული ხასიათის იყო: ადამიანი სამყაროში სიცოცხლისთვის არის მოვლენილი. აქედან გამომდინარე, მან, უწინარეს ყოვლისა, თავისივე ცხოვრების დაცვა და მისი ყოველმხრივი განმტკიცება უნდა შეძლოს. იგი ვალდებულია, თავისი ცხოვრება ისე მოაწყოს, რომ კარგად გრძნობდეს თავს და ნაადრევ ტანჯვასა და სიკვდილს გაექცეს. ამასთან ერთად, მისივე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში, მან გარკვეული ზომიერება უნდა გამოიჩინოს.
ადამიანს, როგორც ბუნების არსებას, ძალა შესწევს, რომ თავისი ბუნებითი მოთხოვნილებები და სურვილები საკუთარივე ბუნებითი და სულიერი უნარების მეშვეობით აღასრულოს. თუმცა, ამისთვის მან თავისი ყველა უნარის რეალიზება უნდა მოახდინოს შრომის, განათლებისა და სხვა ადამიანებთან თანაცხოვრების სახით. შრომის მნიშვნელობა საზოგადოების სოციალური დიფერენცირების პროცესში მკვეთრად იზრდება, რადგან საზოგადოება სულ უფრო მეტად რთული და კომპლექსური ხდება. შრომა საერთო კეთილდღეობის აუცილებელ პირობებს ქმნის. შრომის დიფერენცირებული დაყოფის გარეშე ადამიანს საკუთარი ბუნებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეუძლია. მათ გარეშე მას არც საკუთარი ვალდებულებების შესრულება ძალუძს.
ადამიანი აუცილებლად საჭიროებს კარგ და მრავალმხრივ განათლებას, რათა საერთო კეთილდღეობას მიაღწიოს და საზოგადოებრივ ერთობაში ბედნიერად იცხოვროს. განათლება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რომ სამყაროს საიდუმლოებას წვდეს, რამდენადაც იგი საგნებს შორის მიზეზ-შედეგობრივ მიმართებებს ადგენს. იაგორ ჭილაშვილის მიხედვით, სწორედ განათლების ასეთი სახე, მიზეზ-შედეგობრივ სქემაზე დაფუძნებული ცოდნა უზრუნველყოფს მეცნიერების არსებობას. აქ იმის ხაზგასმაცაა მნიშვნელოვანი, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლების კონცეფცია ბუნების საგნებს შორის მიმართებებსა და ადამიანის არსებობასთან მათი სპეციფიკური მიმართების შეცნობასაც ახერხებს. ნამდვილი განათლება ადამიანს მომავლის ჭვრეტის შესაძლებლობასაც აძლევს, უბედურებას ააცილებს თავიდან და თითოეული ადამიანის მშვიდობასა და ბედნიერ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
იაგორ ჭილაშვილის სამართლის ფილოსოფიის, კერძოდ კი, ბუნებითი სამართლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკითხი საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა და კერძო საკუთრების შესახებ. ყოველივე ამის საფუძველი და წინაპირობა კი, თავის მხრივ, არის თითოეული ადამიანის თავისუფლება. სწორედ თავისუფალი ადამიანია ის, ვინც კერძო საკუთრებას ფლობს და სხვა თავისუფალ ადამიანებთან საზოგადოებრივ ხელშეკრულებას აფორმებს. რადგან თითოეული ადამიანი, სხვა ადამიანებთან მიმართებაში, თავისუფლებისა და საკუთრების თანასწორ უფლებებს ფლობს, არცერთი მხარე არ არის ვალდებული, რომ ხელშეკრულება სხვების სასარგებლოდ დადოს.
იაგორ ჭილაშვილი თავის ნაშრომში „ბუნებითი სამართლის მონახაზი“ ხელშეკრულების, როგორც ასეთის, საერთო და ძირითადი პრობლემების და წინაპირობების ცხად შეჯამებას ახდენს. იგი კვლევის მნიშვნელოვან პერსპექტივებსაც სახავს. ყოველგვარ ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა და მნიშვნელობა, როცა ის მასში მონაწილე მხარეთა თავისუფლებას წაიმძღვარებს და თითოეულის სასარგებლოდ დაიდება. სარგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. მან ხელშეკრულების ყველა მონაწილე მხარის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს. ეს კი საღი აზრის პრინციპთა საფუძველზე მიიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ხელშეკრულება ძალას დაკარგავდა.
იაგორ ჭილაშვილისთვის, ჟან ჟაკ რუსოსგან განსხვავებით, კერძო საკუთრება ადამიანური თავისუფლების გარანტიაა. რუსო კერძო საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სოციალური სტრუქტურების წარმოშობაში ადამიანის თავისუფლებისა და ავტონომიის დაკარგვის დიდ საფრთხეს ხედავს. მისი აზრით, კერძო საკუთრების წარმოშობა ადამიანებს კლასებად ყოფს და საერთო საზოგადოებრივი უბედურების საწინდარია.
იაგორ ჭილაშვილის თანახმად, კერძო საკუთრება და თავისუფლება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან; მათი მოაზრება ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია. ისინი ერთად ქმნიან საერთო კეთილდღეობას, რაც საზოგადოებრივი ხელშეკრულების უპირველესი წინაპირობაა. იაგორ ჭილაშვილის აზრით, თითოეული ადამიანის კერძო საკუთრება და თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს. მხოლოდ ერთეულ, ცალკეულ ადამიანს შეუძლია მათი განკარგვა, რადგან სწორედ იგი ფლობს მათ. აქედან გამომდინარე, იგი ვალდებულია, რომ კერძო საკუთრებისა და თავისუფლების დაკარგვის ყოველი საფრთხე წინასწარვე აღმოფხვრას.
იაგორ ჭილაშვილის ბუნებითი სამართლის კონცეფციის ცენტრში ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება არის მოქცეული, რადგან იგი თავისუფალი ნების პრინციპების მიხედვით მოქმედებს და ამ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას იღებს კიდეც. პიროვნების ცნება აქ თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ცნებათა საფუძველია. სწორედ პიროვნებათა გადაწყვეტილების საფუძველზე დაიდება საზოგადოებრივი ხელშეკრულება. ის, უწინარეს ყოვლისა, ბუნებისგან წარმოიშობა და სხვა დამატებითი ფაქტორების ზეგავლენითაცაა განპირობებული.
აქედან გამომდინარე, იაგორ ჭილაშვილის ნაშრომი „ბუნებითი სამართლის მონახაზი“ ახალი დროის ქართულ აზროვნებაში სამართლის შესახებ თვითმყოფადი ფილოსოფიური კონცეფციის განვითარების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ამასთანავე, ეს ნაშრომი მისი ავტორის პროგრესული შეხედულებების, იდეებისა და იდეალების ნათელი დოკუმენტია და არა მარტო ახალი დროის ქართული აზროვნებისთვის, არამედ რუსული აზროვნებისთვისაც დიდი მნიშვნელობისაა. ამდენად, მას არა მხოლოდ ნაციონალური მნიშვნელობა აქვს, არამედ ტრანსნაციონალური ფილოსოფიის ჭრილშიაც უნდა იქნეს განხილული და შეფასებული.
• Егоръ Чиляевъ: Начертание права природного, Санкт-Петербург, 1812.
• იაგორ ჭილაშვილი: ბუნებითი სამართლის მოხაზულობა, წიგნში: ი. სურგულაძე, ი. ჭილაშვილის პოლიტიკური შეხედულებანი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1979 წ., გვ. 49-63.
• დედაბრიშვილი, გ.: იაგორ ჭილაშვილი (ჩილაევი ეგორ გაბრიელის ძე), წიგნში: გ. დედაბრიშვილი, ქართულ-რუსული ფილოსოფიური ურთიერთობის ისტორიიდან (XVIII — XIX ს-ის 1 მეოთხედი), თბილისი: „მეცნიერება“, 1984 წ., გვ. 194-198.
• ირემაძე, თ. / იეკი, უ. რ.: იაგორ ჭილაშვილი (1792-1838 წწ.). სამართლის ფილოსოფია, კრებულში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014 წ., გვ. 91-100.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• Iremadze, T.: Teoria dello stato e teoria del diritto nell’Illuminismo georgiano (A. Amilachvari e J. Čilašvili), in: „Magazzino di filosofia“, n° 33, anno XI (2018-2019), გვ. 57-71.
• Iremadze, T.: Staatsphilosophie und Rechtstheorie in der georgischen Aufklärung. Alexandre Amilakhwari und Jagor Tschilaschwili, in: Etica, Politica, Storia universale. Atti del Congresso Internazionale (Urbino, 24-27 ottobre 2018), a cura di G. Rinaldi, G. Cerretani, Roma: Aracne etitrice, 2020, გვ. 327-344.