2021-03-07 თენგიზ ირემაძე

აიეტი და ფარტაზი

1 -ისტორიული ცნობები

რიტორიკა და მისი სწავლება გვიანანტიკური ხანის კოლხეთში დიდ როლს თამაშობდა. აქ მიმდინარე რიტორიკული პაექრობანი რომ მაღალ დონეს აკმაყოფილებდა, ამას თვალსაჩინოდ აჩვენებს VI საუკუნის პოლიტიკური დისკუსია/პაექრობა ორ წარჩინებულ ლაზს, აიეტსა და ფარტაზს შორის. ამ პაექრობის შესახებ მოგვითხრობს ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.), რომელმაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი თხზულება „იუსტინიანეს მეფობისათვის“. ამ ნაშრომში ვრცლად არის გადმოცემული ბიზანტიის იმპერიის ისტორია 552-558 წლებში, მათ შორის, მოიპოვება საინტერესო და მეტად ღირებული ცნობები მაშინდელი ლაზიკისა და ბიზანტიის ურთიერდამოკიდებულების შესახებ. სწორედ ამავე თხზულებაშია მოთხრობილი ამბავი გუბაზ მეფის მკვლელობისა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ლაზი სახელმწიფო მოღვაწეების - აიეტისა და ფარტაზის - მიერ წარმოთქმული საპაექრო სიტყვები. ეს პაექრობა გამოიწვია ბიზანტიელთა მიერ ლაზთა მეფის, გუბაზის (VI ს.) ვერაგულად მოკვლის ფაქტმა. ორივე ორატორი კოლხეთში სახელგანთქმული იყო და დიდი გავლენითაც სარგებლობდა. მათი სიტყვები - წარმოთქმული გუბაზ მეფის მკვლელობის გამო - დიდი ორატორული ძალითა და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ პაექრობის მთავარი საგანი კოლხეთის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი იყო.

2 -პაექრობა პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ

აგათია სქოლასტიკოსის მიერ გადმოცემული ისტორიული ამბიდან ჩანს, რომ აღნიშნული მძაფრი პაექრობის ფარგლებში ქვეყნის მომავალი განვითარების თაობაზე ორმა განსხვავებულმა ხედვამ იჩინა თავი. შესაბამისად, ამ პაექრობაზე გაკეთებული არჩევანის შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო უძველესი კოლხეთის პოლიტიკური ბედი: ტრადიციულად ერთმორწმუნე ბიზანტიელებთან გააგრძელებდა ის ურთიერთობას თუ ცეცხლთაყვანისმცემელ სპარსელებთან. ცხადია, რომ კოლხეთის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი სხვა დროსაც (მათ შორის, გუბაზის მეფის სიცოცხლეშიც) იდგა დღის წესრიგში, თუმცა გუბაზ მეფის მკვლელობით შექმნილმა სიტუაციამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა. განსაკუთრებით ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა არსებული პოლიტიკური ორიენტაციითა და მმართველობით უკმაყოფილო დაჯგუფებისთვის და მათ სცადეს, რომ მკვეთრად დაპირისპირებოდნენ ბიზანტიელებთან პოლიტიკური კავშირის მომხრეებს და თავიანთი გავლენები გაეძლიერებინათ.

აიეტი უპირატესობას ანიჭებდა სპარსელებთან კავშირს, რადგან ბიზანტიელებმა გუბაზ მეფის ვერაგული მკვლელობის გამო ნდობა დაკარგეს. გარდა ამისა, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხთა ურთიერთგაგების პროცესს და ამის საფუძველს მორალში ხედავდა. იარაღი ვერ განსაზღვრავს ხალხის ხანგრძლივ გამარჯვებას, არამედ საჭიროა სათნოდ ცხოვრება, რადგან სათნოებანი უზრუნველყოფენ ადამიანთა სწრაფვას კეთილისაკენ.

ფარტაზი, აიეტისგან განსხვავებით, გუბაზ მეფის ვერაგული მკვლელობის მიუხედავად, ბიზანტიელებთან პოლიტიკური კავშირის მომხრე იყო. ამის საფუძვლად მას მიაჩნდა რელიგიური ერთობა ბიზანტიელებთან. სპარსელნი კოლხთა რელიგიას შეავიწროებენ და საკუთარი სარწმუნოების გავრცელებას მიჰყოფენ ხელსო, - ამტკიცებდა იგი. ფარტაზი, თავის სიტყვაში, კოლხთა თავისუფლებისადმი სიყვარულს, მათ ტრადიციასა და ზნე-ჩვეულებებს აღნიშნავდა ხაზგასმით და, ასევე, იმას, რომ ხალხთა შორის ურთიერთგაგების პროცესი მათ შორის ერთიანი აზრის დამკვიდრებით იქნება მიღწეული. აღსანიშნავია, რომ კრების მონაწილეებმა საბოლოოდ მაინც ფარტაზის ხედვას დაუჭირეს მხარი.

აიეტისა და ფარტაზის სიტყვათა ფილოსოფიური ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ორატორული ხელოვნება იმდროინდელ საქართველოში მაღალ დონეზე იყო და წარმატებული პოლიტიკის წარმართვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიტორიკა ქართულ სააზროვნო ტრადიციასა და ქმედით პოლიტიკაში მუდამ საგანგებო პატივით სარგებლობდა. აიეტისა და ფარტაზის პაექრობა საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის კარგად აჩვენებს იმდროიდელი კოლხეთის სარწმუნოებრივი და ინტელექტუალური ლანდშაფტის სპეციფიკას.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• აგათია სქოლასტიკოსი: ლაზების თათბირი შექმნილი  პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. აიეტისა და ფარტაზის სიტყვები, წიგნში: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო და ს. ყაუხჩიშვილმა, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1939, გვ. 63-81.

• ირემაძე, თ.: გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფია საქართველოში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #8 (28 თებერვალი - 6 მარტი, 2019 წ.), გვ. 13-15.

• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988, გვ. 65-68.