2021-05-07 უდო რაინჰოლდ იეკი

ვახტანგ გორგასალი

1 -ისტორიული კონტექსტი

ვახტანგ გორგასალის ხელმწიფობის ზუსტი პერიოდი დღემდე სადავოა, თუმცა, უახლესი კვლევების თანახმად, იგი მეფობდა 447-522 წლებში. „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ვახტანგის მართვის ყაიდა მიუთითებს, რომ კავკასიის ადგილობრივი ელიტური ფენების წევრები ბერძნულ-რომაულ განათლებას იღებდნენ. ამის შედეგად სანიმუშო ქრისტიანული მმართველობის სპეციფიკური გაგება ჩამოყალიბდა, რომლის გააზრებაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

შემორჩენილი ცნობები ვახტანგს ახასიათებს როგორც გამჭრიახ პოლიტიკოსს, ენერგიულ სარდალს, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით აღჭურვილ ღრმად განსწავლულ მონარქს და ღვთისმოსავი ქრისტიანული ზნით დამშვენებულ მზრუნველ მმართველს. ვახტანგის ეპოქაში არსებული დრამატული ისტორიული მოვლენები დღემდე საგანგებო ინტერესის საგანია. ამ კუთხით განსაკუთრებით ღირებულ ცნობებს გვაწვდის „ქართლის ცხოვრება“, რომელიც მოიცავს ცნობებს საქართველოს ადრეული ისტორიის შესახებ, მათ შორის, ისეთ ტექსტებს, როგორიცაა „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, რომელიც შეიქმნა ბაგრატიონთა დინასტიის დაარსებამდე (813 წ.). ამ ბიოგრაფიული თხზულების ავტორად მიჩნეულია ჯუანშერი, მან შექმნა ღვთისმოსავი, გმირი და განსწავლული მმართველის იდეალური სახე. სავარაუდოა, რომ შუა საუკუნეებში, რედაქტირებისას, ამ ტექსტს დიდი სიფრთხილით მოეკიდებოდნენ, რამდენადაც ის ბაგრატიონთა წინარე პერიოდს ეკუთვნოდა.

ვახტანგისა და მისი ეპოქის შესახებ დაინტერესებული იყვნენ ცნობილი ევროპელი სწავლულებიც. პირველი ნაბიჯი ამ კუთხით ჰაინრიხ იულიუს კლაპროთმა (1783-1835 წწ.) გადადგა. ნაშრომში „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში 1807 და 1808 წლებში“ მან მრავალი ცნობა და მასალა შეკრიბა ქართველი მეფეების, მათ შორის, ვახტანგის შესახებ. კლაპროთის ჩანაწერები ქართველი მონარქის პოლიტიკური საქმიანობისა და სამხედრო კამპანიების აღწერით შემოიფარგლება. ამავდროულად, იგი ვახტანგს მოიხსენებს თბილისის დამაარსებლად, რომელმაც ააგო ქრისტიანული ტაძრები და დაადგინა საქართველოს პირველი კათალიკოსი. სამწუხაროდ, კლაპროთი არ აღნიშნავს, რომ ვახტანგის ასეთი პოლიტიკის საფუძველი მისი ინტელექტუალური სიმაღლე იყო. XIX საუკუნის პირველი ნახევრის მოგზაურთა ცნობებმა კლაპროთის ამ აღწერას მცირედი რამ შემატეს, თუმცა, ამით ვახტანგის ცხოვრების შესახებ ცოდნა დიდად არ გამდიდრებულა. საგულისხმოა ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის მარი ფელისიტე ბროსეს (1802-1880 წწ.) 1849 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოცემული ნაშრომი საქართველოს ისტორიის შესახებ – ანტიკურობიდან 1469 წლამდე. მარი ბროსემ ფრანგულად თარგმნა „ქართლის ცხოვრება“; ამ თარგმანის წყალობით დასავლელ მკვლევრებს შესაძლებლობა მიეცათ შეესწავლათ საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ისტორია, სადაც ვახტანგს დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

2 -ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე

„ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ვახტანგ I გორგასალი, მირდატ V-ის და საგდუხტის ძე, ქრისტიანული წესით აღიზარდა. მან სრულწლოვანების ასაკს მაშინ მიაღწია, როდესაც ქვეყანაში დაძაბული ვითარება იყო. რამდენადაც „ქართლის ცხოვრებაში“ იგი იდეალურ მმართველად არის წარმოჩენილი, მისი ცხოვრებისა და ხასიათის სხვადასხვა ასპექტების შესახებ მონათხრობი, შესაძლოა, მეცნიერულად ბოლომდე სანდო არ იყოს. თუმცა, ეს აღწერა კარგი გზამკვლევია იმის გასაგებად, თუ როგორი იყო კარგი მმართველის სახე იმ დროში, როდესაც ეს ტექსტი იწერებოდა და რედაქტირდებოდა. ვახტანგი განისწავლა ქრისტიან ეპისკოპოსთან. მან ქრისტიანული სულიერებით აღსავსე განათლება მიიღო, რომლის კვალდაკვალ სწრაფადვე იქცა ქრისტიანობის ერთგულ დამცველად და ზოროასტრიზმის შეუპოვარ კრიტიკოსად. ვახტანგი შთაგონებისთვის წმინდა წერილს მიმართავდა, განსაკუთრებით აფასებდა ბიბლიურ მეფეებს დავითსა და სოლომონს და მათი ღვთისმოსავი ცხოვრებით ხელმძღვანელობდა. აშკარაა, რომ ქრისტიანობამ ამ ქართველი მონარქის მსოფლმხედველობაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა.

 „ქართლის ცხოვრებაში“ კარგი ქრისტიანი მმართველის სახე სცდება მხოლოდ ქრისტიანული რწმენის აუცილებლობას და მიგვანიშნებს, რომ ვახტანგს ფილოსოფიური განათლებაც ჰქონდა მიღებული. მაგალითად, ტექსტში აღნიშნულია, რომ მან ადრეულ ასაკშივე გამოიჩინა თავი სიბრძნით. აქ მისი ბიოგრაფი გულისხმობს, რომ ვახტანგს ჰქონდა არა მხოლოდ ყოფითი, ცხოვრებისეული სიბრძნე, არამედ ფლობდა ფილოსოფიურ ცოდნასაც, რომელიც მის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას სრულყოფდა. თუკი ეს ცნობები ნამდვილია, მაშინ, როგორც ჩანს, ვახტანგის მასწავლებლები მას არა მხოლოდ რელიგიაში, არამედ ფილოსოფიაშიც წვრთნიდნენ.

ეს გარემოება რამდენიმე – შესაძლოა უპასუხო – შეკითხვას ბადებს. პირველი: სად უნდა მიეღო ვახტანგს ფილოსოფიური განსწავლა? სავარაუდოა, რომ ეს ბიზანტიონი იქნებოდა; ხომ არ იყო ვახტანგი იმ სააზროვნო სკოლის წევრი, რომელიც ნეოპლატონური პერსპექტივიდან პლატონისა და არისტოტელეს მორიგებას ცდილობდა? ამ შეკითხვაზე პასუხი სპეკულაციის საგანია; თუკი, მართალია, რომ ვახტანგი ფილოსოფიურ იდეებს ადრეულ ასაკშივე ეზიარა, რამდენად შესაძლებელია იმის გამორკვევა, თუ, კონკრეტულად, რა ასწავლეს მას ფილოსოფიიდან? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია თუნდაც „ქართლის ცხოვრებაში“ მოცემულ ცნობებზე დაყრდნობით. მისი ბიოგრაფის თანახმად, ქართველი მონარქის ქმედებები მხოლოდ ქრისტიანულ მოძღვრებას როდი ეფუძნებოდა, არამედ მის ზოგიერთ პოლიტიკურ ნაბიჯს ფილოსოფიური მოტივაციაც ჰქონდა. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ვახტანგი სწავლობდა ფილოსოფიას, რომელიც მხოლოდ მწიგნობრული სპეკულაციებით არ იყო შემოსაზღვრული, არამედ მოიცავდა ხელშესახებ ფილოსოფიურ პრაქტიკებს, ეთიკასა და პოლიტიკურ ფილოსოფიას.

ვახტანგს რომ ფილოსოფიური განათლება ნამდვილად ჰქონდა, კარგად ჩანს „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასაჟის ანალიზისას. მართალია, აქ ფილოსოფია ან კონკრეტული ფილოსოფოსი ნახსენები არ არის, მაგრამ ეს მონაკვეთი პლატონის დებულებებთან განსაცვიფრებელ მსგავსებას ამჟღავნებს. ეს მსგავსება გვიბიძგებს შევადაროთ პლატონის ნააზრევი და ვახტანგის ის ხედვები, რომლებიც „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი.

პლატონის „სახელმწიფოში“ საუკეთესო მმართველები ფილოსოფოსები არიან. თუკი ძალაუფლება მკაცრი კრიტერიუმებით შერჩეული მოაზროვნის ხელში იქნება, პოლისში სამართლიანობა დამყარდება. გაურანდავი ყოფითი ცოდნიდან ფილოსოფიურ ცოდნამდე მიმავალი დამქანცველი გზა – გზა გამოქვაბულში ტუსაღობიდან გამოქვაბულის გარეთ არსებულ სინამდვილემდე – გადმოცემულია პლატონის გამოქვაბულის მითში. დაახლოებით მსგავს კონცეფციას შევხვდებით ვახტანგის საკვირველ სიტყვაში, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ ზემოთქმულ პასაჟშია მოცემული. ვახტანგი სპარსეთის მეფე პეროზ I-ის (მეფობდა 449-484 წლებში) დროშის ქვეშ ომებში მონაწილეობდა. მათ შორის იყო ლაშქრობა ინდოეთში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა. სპარსელების მითითებით ვახტანგი სინდელთა დედაქალაქს ალყაში მოაქცევს. სწორედ აქ ვითარდება საინტერესო ეპიზოდი სინდელთა მეფესთან, რომელიც ვახტანგს მოუწოდებს ზურგი აქციოს სპარსელებს და მას დაუჭიროს მხარი. იგი იარაღზე უწინარესად რიტორიკას იყენებს და ვახტანგს იგავით მიმართავს. იგავში მოთხრობილია ყვავის ამბავი, რომელიც დაჭრილ ქორს იპოვის. ჩვეულების საპირისპიროდ, ყვავი არ მოუხმობს სხვა ყვავებს, რათა საბოლოოდ მოუსწრაფოს სიცოცხლე ქორს, არამედ მოწყალებას იჩენს და ზრუნავს მასზე. უკვე გამოჯანსაღებული ქორი კი, მადლიერების ნაცვლად, ყვავს შეჭამს. ამ იგავით იგი მიზნად ისახავს ვახტანგს, რომელიც სპარსელების მხარეს იბრძვის, გადააფიქრებინოს მისი არჩევანი.

ვახტანგი სინდელთა მეფის მიერ ორგულობისაკენ ამ მოწოდებას უკუაგდებს და თავადაც იგავით პასუხობს. იგი სინდელთა მეფეს მიწისქვეშეთში მცხოვრებ ბრმა თაგვს ადარებს. როგორც აღინიშნა, აქ ვახტანგი ირიბად აპელირებს პლატონის „სახელმწიფოში“ აღწერილ გამოქვაბულის მცხოვრებლებზე, რომლებიც მიჯაჭვული ტუსაღები არიან. ისინი მხოლოდ ჩრდილებს ხედავენ და ეს ჰგონიათ სინამდვილე. მათ არაფერი უწყიან გარე სამყაროს სინამდვილის შესახებ და, ამდენად, არც მზის, „სიკეთის ფორმის“ შესახებ იციან რამე. ისინი ფიქრობენ, რომ ყოველივე, რაც არსებობს, ზუსტად ისეთია, როგორც თავად ხედავენ. მათ გამოქვაბულიდან გამოსვლაც კი არ სურთ. მათთვის სიბრძნის, ჭეშმარიტებისა და შემეცნების გზა დახშულია.

აქ ჩანს, რომ ვახტანგი შთაგონებული უნდა იყოს პლატონით, რომელიც ფილოსოფიური სწრაფვის არმქონე ადამიანს ადარებს გამოქვაბულის უმეცარ ტუსაღს, რომელიც მოისაკლისებს ფორმათა ჭეშმარიტების ცოდნას და უტყუარი სინამდვილის ნაცვლად ჩრდილების ილუზიით ცხოვრობს. ვახტანგი მიიჩნევს, რომ სინდელთა მეფეც უმეცრების ხაფანგშია გაბმული. ყოველივე, რასაც იგი ხედავს ან ისმენს, არაა ჭეშმარიტი. ნაცვლად იმისა, რომ მან ამ ჩაკეტილობას თავი დააღწიოს, იგი ჩაკეტილ და ზედაპირულ გრძნობად სამყაროში ცხოვრობს. ინტელექტუალური სამყარო – პლატონისეული ფორმები – სინდელთა მეფისთვის უცნობია, რამდენადაც იგი არ ესწრაფვის ზეგრძნობად, ტრანსცენდენტურ სამყაროს, რომელიც სიკეთის მარადიულ ფორმას ემყარება. ამის ნაცვლად, იგი ებღაუჭება გრძნობადს, გარდამავალს და დროებითი ინტერესები ამოძრავებს. ამდენად, მან არაფერი უწყის „მარადიული ცხოვრებისა“ და „ნათელის“ შესახებ, რომელსაც ვახტანგი აღწერს როგორც „უსასრულობას“ და „წარმოუდგენელ მიუწვდომელ დიდებას“. ვახტანგი სინდელთა მეფესთან საუბრისას „შემოქმედ ღმერთსაც“ ახსენებს. აქ პლატონის „სიკეთის ფორმა“ და ვახტანგის ქრისტიანული ღმერთი, „რომლის მიერ შეიქმნა ყოველი“, ერთმანეთს ემთხვევა.

ვახტანგის პიროვნება სრულ თანხვედრაშია სიკეთის მცოდნე ფილოსოფოსი მეფის იდეასთან, რომელიც განვითარებულია პლატონთან და ქრისტიანობაში. ვახტანგის ხედვით, მისი ლაშქრობა არ ემსახურება დროებით პოლიტიკურ მიზნებს, მიწიერი ძალაუფლების მოპოვებას ან სპარსთა მეფის ინტერესებს, არამედ დაუსაბამო, ქრისტიანულ ღმერთს, რომელიც, მისი სიტყვებით, არის „სამება ერთარსება“ და „ყოველივეს დამბადებელი“. ამგვარად, ცხადი ხდება, რომ ვახტანგის პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა არის ქრისტიანული ფილოსოფიის მაქსიმები, რომლებიც მას ეთიკურ ქცევას შთააგონებს. ამ პრინციპებს იგი სანიმუშოდ იცავს კიდეც. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, იგი სპარსელთა მეფისგან იცავს წმინდა იერუსალიმს და მთელ საქრისტიანოს.

„ქართლის ცხოვრების“ ამ ეპიზოდში ჩანს ნაშრომში ვახტანგის პროფილის ძირითადი კონტურები: ის არის კარგი მმართველი, რომელიც ეყრდნობა როგორც ქრისტიანულ მოძღვრებას, ასევე ფილოსოფიურ ცოდნას. ამ ნაშრომში პლატონის გამოქვაბულის მითის ერთგვარი ანალოგია აჩვენებს, თუ როგორ არის ჩაქსოვილი კარგი ქრისტიანი მმართველის ცნებაში ფილოსოფიური გამოცდილება. ცხადია, რთულია იმის თქმა, თუ რამდენად ძველია ეს იდეები საქართველოში და რამდენად აქტუალური იყო ისინი ვახტანგის მეფობის ხანაში, თუმცა, უდავოა, რომ ეს მომენტი ნათელჰყოფს ქართულ ტრადიციაში ვახტანგის რეცეფციის ტენდენციას და შუა საუკუნეების ქართულ ცნობიერებაში კარგი მმართველობის ცნების ფილოსოფიურ განზომილებას.

„ქართლის ცხოვრებაში“ ვახტანგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა შემდეგნაირად შეიძლება შევაჯამოთ: ვახტანგ I გორგასალი აღიზარდა რომაულ-სპარსული დაპირისპირებით გარემოცულ სამყაროში, მან თავი ისახელა როგორც ქრისტიანმა ხელმწიფემ, რომელმაც სპარსელებთან ურთიერთობის დამყარება შეძლო. მან მიიღო ქრისტიანული განათლება, რომელიც ბიბლიური დავითის, სოლომონისა და კონსტანტინე დიდის პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილებას ეფუძნებოდა. იგი გვევლინება ქრისტიანობის დიდ ქომაგად და მცველად, რომლისთვისაც ქრისტიანული ეთიკური პრინციპები პირველადია. ვახტანგის აზროვნებასა და ცხოვრების წესზე გავლენას ახდენს ქრისტიანობა და ფილოსოფიური აზროვნება, იგი ემსახურება სიკეთის იდეას და ისწრაფვის იდეალურისაკენ, რითაც უახლოვდება ფილოსოფოსი მეფის პლატონისეულ გაგებას.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• გოილაძე, ვ.: ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.

• იეკი, უ. რ.: ვახტანგ გორგასალი – ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „ფავოროტი სტილი“, 2019 წ.

• კაკაბაძე, ს.: ვახტანგ გორგასლის ხანა, თბილისი: „დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“, 1994 წ.

• კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ.

• Brosset, M. F.: Histoire de la Géorgie depuis l’antiquité jusque’au XIXe siècle, traduite du géorgien par M. Brosset. Membre de l’Académie Impériale des Sciences. vol. 1, Histoire ancienne, jusqu’en 1469 de J.-C., S.-Pétersbourg 1849.

• Klaproth, H. J.: Reise in den Kaukasus und nach Georgien unternommen in den Jahren 1807 und 1808, auf Veranstaltung der Kaiserlichen Akademie der Wissenschaften zu St. Petersburg, enthaltend eine vollständige Beschreibung der Kaukasischen Länder und ihrer Bewohner, von Julius von Klaproth, Kaiserl. Russischem Hofrathe und Mitgliede der Akademie der Wissenschaften zu St. Petersburg. vol. 1, Halle/Berlin 1812.

• Klaproth, H. J.: Reise in den Kaukasus und nach Georgien unternommen in den Jahren 1807 und 1808, auf Veranstaltung der Kaiserlichen Akademie der Wissenschaften zu St. Petersburg, enthaltend eine vollständige Beschreibung der Kaukasischen Länder und ihrer Bewohner, von Julius von Klaproth, Hofrathe und correspondirendem Mitgliede der königlichen Societät zu Göttingen. vol. 2, Halle/Berlin 1814.