ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1923 წლის 5 მაისს ყვარელში. ეპოქის ცვლილებისა და წარმომავლობის გამო მას ძალზე მძიმე ბავშვობა ჰქონდა: ერთი წლის ნიკო და დედამისი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებმა იხსნეს პირველი რეპრესიებისაგან; 1924 წელს კი შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს ნიკოს მამა - ზურაბ ჭავჭავაძე, მიუხედავად იმისა, რომ ის „ტოლსტოველი“ იყო და, აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა შეთქმულების მონაწილე ან თუნდაც თანამგრძნობი ყოფილიყო. თუმცა, იმდროინდელი ხელისუფლებისათვის არსებობდა ეჭვშეუვალი სამხილი - გვარი, ჭავჭავაძეთა თავადური წარმოშობა.