ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1923 წლის 5 მაისს ყვარელში. ეპოქის ცვლილებისა და წარმომავლობის გამო მას ძალზე მძიმე ბავშვობა ჰქონდა: ერთი წლის ნიკო და დედამისი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებმა იხსნეს პირველი რეპრესიებისაგან; 1924 წელს კი შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს ნიკოს მამა - ზურაბ ჭავჭავაძე, მიუხედავად იმისა, რომ ის „ტოლსტოველი“ იყო და, აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა შეთქმულების მონაწილე ან თუნდაც თანამგრძნობი ყოფილიყო. თუმცა, იმდროინდელი ხელისუფლებისათვის არსებობდა ეჭვშეუვალი სამხილი - გვარი, ჭავჭავაძეთა თავადური წარმოშობა. ნიკო ჭავჭავაძის მეხსიერებას მამის პიროვნების ერთი კონკრეტული ხატი ჰქონდა შემონახული: როცა 1931 წელს მან და დედამისმა იგი მეტეხის ციხეში მოინახულეს, პატარა ნიკოს რაღაცის გამო უტირია, მაშინ მამას უთქვამს: როგორ არ გრცხვენია, ვაჟკაცი რუსი ჯარისკაცების წინ ტირიო. ეს სიტყვები იყო მამის პირველი და უკანასკნელი სენტენცია. ზურაბ ჭავჭავაძე ამის შემდგომ სულ მალე გულაგში გადაიყვანეს და იქვე გარდაიცვალა. დედამ ნიკო საცხოვრებლად თბილისში გადმოიყვანა, სადაც ისინი საკმაო ხანს ფარულად ცხოვრობდნენ.
1940 წელს ნ. ჭავჭავაძე შედის თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იგი თავისი ნიჭით, ერუდიციით, მოვლენების წვდომის უნარით არა მარტო თანაკურსელების, არამედ ქართული ფილოსოფიური აზროვნების კორიფეების: შ. ნუცუბიძის, კ. ბაქრაძის, მ. გოგიბერიძის ყურადღებასაც იქცევს. პროფესორ მ. გოგიბერიძეს დიდი ძალისხმევა დასჭირვებია, რომ რომანტიკული ბუნების ჭაბუკისათვის გადაეთქმევინებინა ომში წასვლის განზრახვა, ბოლოს საშემოდგომო გამოცდაც კი გამოაყოლა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ვერ შეაცვლევინა - ნიკო ომში მოხალისედ წავიდა. მოგვიანებით, იგი თავის საქციელს ასე ხსნიდა: დეკაბრისტების გამოცდილების მსგავსად, მას და მის მეგობრებს მიაჩნდათ, რომ ევროპის ნახვა მათ ხელს შეუწყობდა საბჭოთა მკაცრი რეალობის უკეთ შეცნობასა და შემდგომ მისი გარდაქმნის აუცილებლობაში.
ნიკო ომიდან დიდი გამოცდილებით და ჭრილობებით დაბრუნდა. მან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1949 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. მან თავის საკვლევ თემად აირჩია ესთეტიკის პრობლემები, რაც სრულებითაც არ იყო შემთხვევითი: ფილოსოფიის ამ დარგს ყველაზე მეტად უჭირდა იმდროინდელ საბჭოურ ქართულ სააზროვნო სივრცეში. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველოში ესთეტიკის ფუნდამენტური პრობლემები სათანადოდ მხოლოდ შ. ნუცუბიძემ წამოსწია წინა პლანზე და ეს მოხდა 1920-იან წლებში.
ნ. ჭავჭავაძე - 1966 წლიდან გარდაცვალებამდე - ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. 1977 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1984 წლიდან 1991 წლამდე კი ხელმძღვანელობდა თსუ ესთეტიკის კათედრას. XX საუკუნის ბოლოს ის აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რამაც მას, გარდა საზოგადო ტკივილისა, პირადი მწუხარებაც არგუნა, რადგან გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა მისი ვაჟი - ზურაბ ჭავჭავაძე - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერთაგანი, რომელიც გამოირჩეოდა ზომიერებით, გონივრულობით, წინდახედულებითა და ღრმა პოლიტიკური ალღოთი. ნ. ჭავჭავაძე ამ უზარმაზარ ადამიანურ ტკივილს სტოიკური სიმშვიდით იტანდა (ყოველ შემთხვევაში, გარეშე თვალისთვის ეს ასე ჩანდა!) და აქაც ჭირთათმენის მისაბაძ მაგალითს იძლეოდა. ნ. ჭავჭავაძე, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, დარჩენილ ცხოვრებას შვილის - ზურაბ ჭავჭავაძის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას ახმარდა. იგი იყო სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრი.
ნიკო ჭავჭავაძე 1997 წლის 15 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში; მისი ბოლო სიტყვები ყოფილა: „მე მივდივარ, მშვიდობით!“ ... და მის სახეზე მარადიულმა სიმშვიდემ დაისადგურა.
ნიკო ჭავჭავაძე დაკრძალულია ყვარელში, ჭავჭავაძეთა საგვარეულო სასაფლაოზე, შვილის - ზურაბ ჭავჭავაძის - გვერდით.
XX საუკუნის 30-იან წლებში ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ესთეტიკა იდეალისტურ მიმდინარეობად გამოცხადდა და მისი პრობლემატიკის კვლევა აიკრძალა. შემდეგ კი - 40-იან წლებში – ერთმა კურიოზულმა ფაქტმა განაპირობა ესთეტიკის მეცნიერების კვლავ გაცოცხლება; მავანმა საკავშირო ცკ-ის ინსტრუქტორმა მარქსის ხელნაწერებში აღმოაჩინა წერილი, სადაც მარქსი თანხმობას უცხადებდა ამერიკული ენციკლოპედიის მესვეურთ, დაეწერა მათთვის სტატია ესთეტიკის შესახებ. ფაქტის გამომზეურებამ მრავალი „აქტივისტი“ მიიზიდა. ამის შემდეგ მშვენიერებისა და ხელოვნების შესახებ წერდა ყველა, ვისაც კი არ ეზარებოდა: წერდნენ არაპროფესიულად, გაუგებრად, არაფილოსოფიურად, იქმნებოდა ტენდენცია, ესთეტიკად გასაღებულიყო ყველა პრიმიტიული აზრი ხელოვნებისა თუ მშვენიერების შესახებ, რა თქმა უნდა, საბჭოთა იდეოლოგიით შეზავებული.
ნიკო ჭავჭავაძე თავისი მეცნიერული საქმიანობით, მკაცრი პოლემიკური სტატიებით ცდილობდა შეეჩერებინა ეს პროცესი და ქართულ თუ საბჭოურ სააზროვნო სივრცეში ესთეტიკა აღედგინა თავისი ნამდვილი სახით. 1957 წელს უკვე გამოდის მისი პირველი წიგნი „ესთეტიკის საკითხები“, რომელშიც ამ დარგის პრობლემები ახლებურადაა დაყენებული და გადაწყვეტილი. ამ საქმეში ნ. ჭავჭავაძეს გვერდში ამოუდგნენ მისივე მეგობრები და თანამოაზრეები: ზ. კაკაბაძე და ვ. ქვაჩახია; მათი მოღვაწეობა მოგვიანებით შეფასებული იქნა როგორც „ახალი ტალღა“ საბჭოურ ესთეტიკურ აზროვნებაში. 1963 წელს გამოდის ნიკო ჭავჭავაძის მეორე წიგნი „ესთეტიკური საგნის ბუნებისათვის“. ამ წიგნში ავტორი ავითარებს ორიგინალურ კონცეფციას ესთეტიკურის ღირებულებითი გაგების შესახებ (აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი თვალსაზრისი თითქმის იმავე პერიოდში განავითარა გერმანელმა ფილოსოფოსმა ნ. ჰარტმანმა).
როგორც ითქვა, ნ. ჭავჭავაძე 1966 წლიდან გარდაცვალებამდე თაოსნობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. მისი ხელმძღვანელობით ეს ინსტიტუტი იქცა თავისუფალი აზრის თავშესაფრად. ინსტიტუტში არ არსებობდა ე.წ. „გეგმიური“ თემები, ყველა თანამშრომელს შეეძლო ემუშავა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც მას აინტერესებდა. ნ. ჭავჭავაძემ ფილოსოფიის ინსტიტუტში საფუძველი ჩაუყარა იმდროინდელ საბჭოთა ფილოსოფიურ სინამდვილეში უპრეცენდენტო მოვლენას - ფილოსოფიური ანთროპოლოგიისა და კულტურის ფილოსოფიური პრობლემების კვლევას, რასაც, რასაკვირველია, ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა: ფილოსოფიის ინსტიტუტს დახურვა ემუქრებოდა. ამ საკითხისადმი მიძღვნილ დისპუტებში მთელი სისავსით გამოჩნდა ნ. ჭავჭავაძის, როგორც ორატორის და ბრწყინვალე დიპლომატის ნიჭი, რომელმაც არა მარტო იხსნა ინსტიტუტი გაუქმებისაგან, არამედ შესაძლებელი გახადა „აკრძალულ“ თემებზე მუშაობის გაგრძელებაც. 1977 წელს გამოცემულ ნ. ჭავჭავაძის წიგნში - „ესთეტიკის მეთოდოლოგიისათვის“ - შეჯამებულია მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ესთეტიკაში და განხილულია ესთეტიკის კვლევის მეთოდები, მეთოდის მნიშვნელობა ესთეტიკისა და ფილოსოფიისათვის. ხოლო 1983 წელს გამოცემული წიგნი „კულტურა და ღირებულებები“ (რუსულ ენაზე) დიდი სენსაცია აღმოჩნდა იმდროინდელ თავისუფლად მოაზროვნე ფილოსოფოსებისთვის, თუმცა კი, მას მწვავე რეაქცია მოჰყვა „კარის ფილოსოფოსების“ მხრიდან. ამ წიგნმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული ფილოსოფიური სკოლის ორიგინალური და მაღალი აკადემიური დონე.
ნიკო ჭავჭავაძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს ფილოსოფიურ საზოგადოებას, იყო ჟურნალ „მაცნეს“ რედაქტორი და სხვა ფილოსოფიური ჟურნალების რედაქციის წევრი. ესთეტიკის კათედრასთან კი მისი ინიციატივით შეიქმნა კულტურის ფილოსოფიური კვლევის ლაბორატორია, რომელიც საფუძვლად დაედო კულტუროლოგიის სპეციალობის ჩამოყალიბებას.
ნიკო ჭავჭავაძე ნაყოფიერ აკადემიურ საქმიანობას ყოველთვის ათავსებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა წინ აღდგომოდა უსამართლობას, ძალმომრეობას. შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო თავისუფლების ტრფიალი და თავად გახლდათ განხორციელებული თავისუფლება. ნიკო ჭავჭავაძე ყველაზე მტკივნეულად განიცდიდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შელახვას. იგი იბრძოდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის და სწორედ ამიტომ აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; მას ამისთვის სხვებივით აზროვნების წესის, მსოფლმხედველობისა და რწმენის შეცვლა არ დასჭირვებია. იგი სწორედ რომ ბრძნული სიმშვიდითა და ახალგაზრდული ენთუზიაზმით მონაწილეობდა ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ყოველდღიური საქმიანობით ცდილობდა ემოციურად აღტკინებული მასის ვნებებისთვის რაციონალური და ზნეობრივი კალაპოტი მიეცა. ამ პერიოდში გამოიკვეთა მისი ახალი შტრიხი - იგი მრავალი ადამიანის წინაშე წარმოსდგა როგორც მოძღვარი.
(ა) ნიკო ჭავჭავაძის ნაშრომები
• ჭავჭავაძე, ნ.: ესთეტიკის საკითხები, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1958 წ.
• ჭავჭავაძე, ნ.: ესთეტიკის საგნის ბუნებისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
• ჭავჭავაძე, ნ.: ესთეტიკის მეთოდოლოგიისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1977 წ.
• ჭავჭავაძე, ნ.: რჩეული, ტ. 1: ესთეტიკის საკითხები, თბილისი: „ლოგოსი“, 2007 წ.
• ჭავჭავაძე, ნ.: რჩეული, ტ. 2: ესთეტიკური საგნის ბუნებისათვის, თბილისი: „ლოგოსი“, 2007 წ.
• ჭავჭავაძე, ნ.: რჩეული, ტ. 3: კულტურა და ღირებულებები, თბილისი: „ლოგოსი“, 2007 წ. (რუსულ ენაზე).
• Чавчавадзе, Н.: О некоторых особенностьях художественного отражения действительности, T6илиси: „Академия Наук Грузинской ССР“, 1955.
• Чавчавадзе, Н.: Kyльтypa и ценности, Тбилиси: „Мецниереба“, 1984.
(ბ) ნაშრომები ნიკო ჭავჭავაძის შესახებ
• „ვისწავლოთ პიროვნებად ყოფნა“: ნიკო ჭავჭავაძე, შემდგ. ნ. ჭავჭავაძე, რედ. ზ. სამადაშვილი, თბილისი, 2002 წ.
• ლაბუჩიძე, დ.: ნიკო ჭავჭავაძე, თბილისი: „სანი“, 2004 წ.
• ჭელიძე, მ.: ხსოვნის სიტყვა: ნიკო ჭავჭავაძე, ზურაბ კაკაბაძე, თამაზ ბუაჩიძე, ედუარდ კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2004 წ.