2021-04-14 ჰელმუტ შნაიდერი

ფილოსოფიური გეოგრაფია

1 -კვლევითი მიმართულების შესახებ

ფილოსოფია არის მეცნიერება სულის შესახებ. ის ადამიანში სულის გამოვლინების ფორმებს სწავლობს. სული მაღლდება ბუნებაზე, მაგრამ მას არ ძალუძს ბუნებისაგან დამოუკიდებლად საკუთარი არსების გაშლა. ბუნება, რომელიც დროსა და სივრცეში არსებობს, სულის არსებას გარკვეულწილად განსაზღვრავს კიდეც. დროში განხორციელებული ფილოსოფია წარმოადგენს ფილოსოფიის ისტორიას. სივრცეში განხორციელებული ფილოსოფია კი განისაზღვრება ადამიანით, რომელიც დედამიწის ზედაპირზე ცხოვრობს, იქნება ეს ხმელეთი, მთა თუ სანაპირო. ფილოსოფია, რომელიც ზღვის პირას წარმოიშობა, განსხვავდება იმ ფილოსოფიისაგან, რომელიც ხმელეთის კონტინენტურ ნაწილში ვითარდება. ქვეყნის პერიფერიაზე წარმოშობილი ფილოსოფია განსხვავდება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში არსებული ფილოსოფიისაგან. ფილოსოფიის ისტორიაში ადრეული ბერძნული ფილოსოფიის სახით პერიფერიისა და ცენტრის დაპირისპირების თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს. ბერძნული ფილოსოფია საბერძნეთის პერიფერიულ ნაწილში განვითარდა, ერთი მხრივ, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (თალეს მილეთელი, ანაქსიმანდრე, ჰერაკლიტე ეფესელი), მეორე მხრივ, საბერძნეთის დასავლეთით - სიცილიასა (ემპედოკლე) და სამხრეთ იტალიაში (პარმენიდე). საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ფილოსოფია მხოლოდ მოგვიანებით განვითარდა (ათენში პლატონისა და არისტოტელეს სკოლების სახით). ბერძნული ფილოსოფიის გენეზისის გეოგრაფიულ დანაწილებაზე ჯერ კიდევ გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელმა მიანიშნა. ფილოსოფიური გეოგრაფია აქ ხმელეთისა და სულის ურთიერთკავშირზე ამახვილებდა ყურადღებას. მაშასადამე, ფილოსოფიური გეოგრაფია ანუ გეოფილოსოფია იკვლევს ფილოსოფიისა და გეოგრაფიული სივრცის ურთიერთკავშირს (1, 18).

ფილოსოფიური გეოგრაფიის განსაკუთრებულ ფორმას ფილოსოფიური კლიმატოლოგია წარმოადგენს, რომელიც შარლ ლუი მონტესკიემ, იოჰან გოტფრიდ ჰერდერმა და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელმა განავითარეს. თანამედროვე ეპოქაში მარტინ ჰაიდეგერის იაპონელმა მოწაფემ ტეცურო ვაცუჯიმ თავის ცნობილ წიგნში „Fudo“ („ქარი და ხმელეთი“) განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქარზე. მან პირველმა აჩვენა ქარის ზეგავლენა კულტურასა და ფილოსოფიაზე.

შარლ ლუი მონტესკიეს, იოჰან გოტფრიდ ჰერდერისა და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემდეგ ამ თემატიკით დიდი დაინტერესება გამოამჟღავნა ფრიდრიხ ნიცშემ. ჰეგელის შემდეგ ერნსტ კაპმაც გაამახვილა ყურადღება ისტორიისათვის ზღვის როლზე. კარლ შმიტი კი თავის მნიშვნელოვან ნაშრომში „ხმელეთი და ზღვა“ (6) ემყარება როგორც ჰეგელს, ასევე კაპს (2, 255). კარლ ავგუსტ ვიტფოგელმა ფილოსოფიურ გეოგრაფიაში ახალი განზომილება შემოიტანა. მან მიუთითა წყლის არსებით როლზე ადრეული კულტურების წარმოშობის საქმეში. ვიტფოგელის მიხედვით, ამ კულტურების პროგრესი საირიგაციო სისტემის განვითარებაზე იყო დამოკიდებული. თავის მხრივ, საირიგაციო სისტემა სოფლის მეურნეობაში წყლის გამოყენებისაკენ იყო მიმართული (7).

ფილოსოფიური გეოგრაფიის განსხვავებული ასპექტებია წარმოჩენილი იმ ნაშრომებში, რომლებიც კონტინენტების ურთიერთმიმართებას განიხილავს და განსაკუთრებულ აქცენტს ევროპასა და აზიაზე სვამს. ევროპის როლის გაგებაში ახალი სიტყვა თქვეს ედმუნდ ჰუსერლმა, ჟილ დელიოზმა, ჟაკ დერიდამ და პეტერ სლოტერდაიკმა. ელმარ ჰოლენშტაინმა კი ფილოსოფიის გავრცელება დედამიწაზე საგანგებო განხილვის საგნად აქცია თავის ცნობილ თხზულებაში „ფილოსოფიის მსოფლიო ატლასი“ (4, 113-117).

2 -ქართული კონტექსტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ფილოსოფიური გეოგრაფია 2009 წლიდან ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით მიმართულებად იქცა. ამ ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის (თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე, გ. ხუროშვილი) ინტენსიური შესწავლის საგანი გახდა სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფილოსოფიური სფერო: ინტერკულტურული ფილოსოფია, ფილოსოფიური გეოგრაფია და ფილოსოფიური ურბანისტიკა (5, 8-9). შესაბამისად, ამ მიმართულებით შესრულდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ქართულენოვანი თარგმანი და სამეცნიერო გამოკვლევა. თავდაპირველი კვლევები ეხებოდა ზღვის როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიაში, ასევე, გეოგრაფიული ტოპოსების მნიშვნელობასა და ფუნქციას ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბების პროცესში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ამ კონტექსტში საგანგებო ყურადღება მიექცა და არაერთი საყურადღებო ნაშრომი მიეძღვნა, არის ევროპეიზმის იდეა და მისი რეცეფცია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში.

ფილოსოფიური გეოგრაფიის საკვანძო პრობლემატიკას ეხება ჩემი ნაშრომი „ფილოსოფიური გეოგრაფია“ (თბ., 2010 წ.), რომელშიც ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში წინა პლანზეა წამოწეული წყლის მნიშვნელობა, როგორც ერთ-ერთი გეოგრაფიული მუდმივისა. გ. თავაძემ ვრცელი სადისერტაციო ნაშრომი (2013 წ.) მიუძღვნა ფილოსოფიური გეოგრაფიის როგორც ახალი ფილოსოფიური დისციპლინის ისტორიული დაფუძნების პრობლემას და მასში ამ დარგის უმნიშვნელოვანესი პრობლემები და წარმომადგენლები საგანგებოდ შეისწავლა და გამოიკვლია (3). ფილოსოფიური გეოგრაფიის თემატური სპექტრი შემდგომში განივრცო და განვითარდა ამავე ინსტიტუტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო კრებულში „ფილოსოფიური ურბანისტიკა“ (თბ., 2014 წ.), რომელიც ფილოსოფიის კიდევ ერთი ახალი დარგის დაფუძნების საკითხს ეძღვნება. ფილოსოფიური ურბანისტიკის საკვლევი საგანია ქალაქი, როგორც რეპრეზენტაციის სივრცე. აქ ინტერდისციპლინურ ჭრილში ერთმანეთს უკავშირდება არქიტექტურის თეორია და ქალაქის სემიოტიკა. ამ კვლევითი მიმართულების სანიმუშო მოდელებად კი გამოდგება ვალტერ ბენიამინის (1892-1940 წწ.) ნაშრომები პარიზის შესახებ და როლან ბარტის (1915-1980 წწ.) ნაშრომები ტოკიოს შესახებ.

ფილოსოფიური გეოგრაფიის საკვლევი პრობლემატიკის შესწავლა ინტერდისციპლინურ მიდგომასა და მეთოდოლოგიას საჭიროებს. ამ პრობლემატიკის განხილვა ინტერკულტურული ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ურბანისტიკის საკვლევი თემატიკის ჭრილში კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ახალი ფილოსოფიური დისციპლინ(ებ)ის ხვედრით წილს აკადემიური ფილოსოფიის სიბრტყეში.

3 -სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა

1. ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში (ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი. ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, 2010 წლის 18 ნოემბერი), რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2010 წ.

2. ზაქარაძე, ლ.: კარლ შმიტის გეოპოლიტიკური კონცეფცია, ჟურნალში: „კადმოსი“. ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, ტ. 2 (თბილისი, 2010 წ.), გვ. 254-262.

3. თავაძე, გ.: ფილოსოფიური გეოგრაფია: ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები, თბილისი: „ნეკერი“, 2016 წ.

4. ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

5. ფილოსოფიური ურბანისტიკა, რედაქტორები - თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ.

6. შმიტი, კ.: ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო-ისტორიული განაზრება, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ.

7. შნაიდერი, ჰ.: ფილოსოფიური გეოგრაფია, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ.