ბასილი დიდი (Βασίλειος ὁ Μέγας, Βασίλειος Καισαρείας) (329/330-379 წწ.), კაპადოკიის ქ. კესარიის ეპისკოპოსი (370-379 წწ.), ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, მწერალი, მქადაგებელი. ბასილი დიდს, გრიგოლ ნაზიანზელსა და გრიგოლ ნოსელს კაპადოკიელ მამებს უწოდებენ. ბასილი ებრძოდა არიოზის, საბელიოსის, აპოლინარის წვალებებს, შექმნა სამონასტრო წეს-განგება და ბასილი დიდის სახელით ცნობილი საღმრთო ლიტურგია; მას მიეწერება კანკელის გამოგონება;
თეოდორიტე კვირელი (Θεοδώρητος Κύρρου; დაახლ. 393-466 წწ.), – სირიის ქ. კვიროსის ეპისკოპოსი (423-466 წწ.), ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლის ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგი, ეგზეგეტი და მწერალი, კლასიკური კულტურისა და ქრისტიანული მწერლობის უბადლო მცოდნე; მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ალექსანდრიულ და ანტიოქიურ სკოლათა განხეთქილებისას ნესტორიანულ და მონოფიზიტურ წვალებათა გამო;