ქართულ ფილოსოფიურ მწერლობაში XII ს.-ში ითარგმნა ალექსანდრიული სკოლის ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის, ამონიოს ერმისის ორი თხზულება: 1. მოსაჴსენებელი „ხუთთა ჴმათადმი“ პორფირი ფილოსოფოსისათა; 2. მოსაჴსენებელი „ათთა კატიღორიათადმი“ არისტოტელისთა.
ცნობილი ბერძენი თეოლოგი და მწერალი იოანე დამასკელი VIII ს.-ის მოღვაწეა. იოანე დამასკელის მოღვაწეობით დამთავრდა ბერძნული თეოლოგიის პატრისტიკული პერიოდი და დასაბამი მიეცა ახალ, სქოლასტიკურ პერიოდს. სასულიერო მწერლობის ყველა დარგი მნიშვნელოვნადაა დავალებული იოანე დამასკელისაგან.