ტიმოთე გაბაშვილის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ის, სავარაუდოდ, XVII საუკუნის მიწურულს დაიბადა. ცნობილია, რომ ტიმოთე 1729 წლამდე დავით გარეჯის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ლავრაში მოღვაწეობდა. ის კარგად ფლობდა ღვთისმეტყველებას, ფილოსოფიასა და რელიგიის ისტორიას; იცოდა ბერძნული, რუსული, თურქული და, მეტ-ნაკლებად, სომხური ენები. გარეჯში ტიმოთე ბესარიონ ორბელიშვილს დაუახლოვდა, რომელიც 1730 წელს ქართლის კათალიკოსი გახდა. ალექსანდრე ხახანაშვილის ცნობით, ტიმოთე გაბაშვილი ბესარიონ კათალიკოსის მოწაფე იყო. აღნიშნულ ფაქტთან არის დაკავშირებული მისი იმერეთში გადასვლა, სადაც მალევე მოხდა მისი ქუთათელ მთავარეპისკოპოსად კურთხევა. 1737 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ მთავარეპისკოპოსი ტიმოთე დიპლომატიურ მისიას ჩაუყენა სათავეში და რუსეთში გაგზავნა. როგორც ოფიციალური მიმოწერებიდან იკვეთება, ტიმოთეს იმერეთის მეფისგან საიდუმლო ზეპირი დავალებაც ჰქონდა. ალექსანდრეს სურდა, რომ იმერეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცია. ტიმოთე გაბაშვილმა რუსეთის იმპერატორ ანა იოანეს ასულს წარუდგინა ალექსანდრე მეფის გაგზავნილი რუკა და წერილი, სადაც ქართველი მეფე რუსეთის იმპერატორს დასავლეთ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას აცნობს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს რუკა, რომელშიც მთლიანად ასახულია დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიული, გეოლოგიური, ისტორიული და ხუროთმოძღვრული მონაცემები, გამგზავრებამდე, თავად ტიმოთემ შეადგინა.
1738 წელს ტიმოთე პეტერბურში ჩავიდა, სადაც, დიპლომატიური საქმიანობის წარმოებასთან ერთად, ღვთისმსახურების უფლებაც მოიპოვა. 1739-1740 წლებში ის კვლავ პეტერბურგშია და, იმერეთში არსებული რთული ვითარების გამო, საქართველოში დაბრუნებას არ ჩქარობს. უფრო მეტიც, იგი რუსეთის მთავრობას ქვეყანაში დარჩენის უფლებას სთხოვს. რუსეთის მთავრობა მას მოსკოვის დონის მონასტერში ცხოვრებას სთავაზობს, რომელშიც ვახტანგ VI-ის შთამომავლები, ტიმოთეს იდეური მოწინააღმდეგეები ცხოვრობდნენ. ტიმოთესთვის მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის სინოდისა და საგარეო საქმეთა კოლეგიის განკარგულება და ამის გამო 1740 წელს იგი იმერეთისკენ გამოემგზავრა. რუსეთში მისი დიპლომატიური მისია წარუმატებელი აღმოჩნდა.
იმერეთის გზაზე ტიმოთე ჩერქეზებმა ჩაიგდეს ტყვედ; ტყვეობას მან თავი ექვსი თვის შემდეგ დააღწია. ამის შემდეგ, 1740-1762 წლების პერიოდში, ტიმოთეს ბიოგრაფიაში ერთგვარი გაურკვევლობები და უზუსტობები გვხდება. ერთი ვერსიით, ის ტყვეობიდან პირდაპირ იერუსალიმსა და ათონზე სამოგზაუროდ წავიდა, ხოლო სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ 1742-1749 წლებში ის იმერეთში, ქუთათელის კათედრის საჭეთმპყრობელია. ახალი კვლევებით ირკვევა, რომ 1749 წელს ის ტოვებს იმერეთს და ქართლში გადადის, სადაც ანტონ I კათალიკოსი ბოლნისის განადგურებულ და გაუქმებულ ეპარქიას აბარებს. 1753 წლიდან ტიმოთე თავის თავს „გორისა და სამთავროს“ მიტროპოლიტს უწოდებს. ამავე წლის ერთ-ერთ საბუთში ტიმოთეს „ქუთათელ მიტროპოლიტყოფილი, ქართლის მთავარეპისკოპოსი“ ეწოდება. აღნიშნული კათედრის დაკავებით, ის კათალიკოსის შემდეგ უპირატეს მღვდელმთავრად იქცა.
1755 წელს ტიმოთე გაბაშვილი წმიდა მიწისა და ათონის მოსალოცად მიემგზავრება. აღნიშნულ შემთხვევაშიც მისი გამგზავრების მიზეზზე ორგვარი მოსაზრება გვხვდება: ერთი მოსაზრებით, მისი გამგზავრება იმავე წელს ანტონ I კათალიკოსის განდევნასთან იყო დაკავშირებული, რადგან ტიმოთე მისი მოწაფე და ახლო მეგობარი იყო. სანამ მის დევნასაც დაიწყებდნენ, მან თავად მიატოვა კათედრა და აღმოსავლეთს მიაშურა. მეორე მოსაზრების მიხედვით, ტიმოთე სამოგზაუროდ თავად ერეკლე II-სა და თეიმურაზ II-ის დავალებით გაემგზავრა. მას, როგორც მრავალი ენის მცოდნეს, სარწმუნოებრივი და აღმწერლობითი საქმიანობის გარდა, გარკვეული დიპლომატიური მისიაც ჰქონდა დაკისრებული.
ტიმოთე გაბაშვილი კონსტანტინოპოლში შვიდი თვე დარჩა. ის, წმიდა ადგილების აღწერასთან ერთად, ქალაქების ინფრასტუქტურისა და წიაღისეულების მონიშვნასაც აკეთებს. იგი გულდასმით ეძებდა ქართულ კვალსაც. იმავე წელს მან ათონის წმიდა მთაზეც იმოგზაურა, ხოლო იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმგვარი ფრესკებიც ჩაინიშნა (მირიან მეფის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ მეფის პორტრეტები და სხვა), რომლებიც მას შემდეგ არცერთ მოგზაურს აღარ უნახავს. აღნიშნული მოგზაურობა მან შესანიშნავად აღწერა თავის თხზულებაში „მიმოსვლა“.
1759 წელს ტიმოთე ქართლში დაბრუნდა, სადაც საკმაოდ არეული სიტუაცია დახვდა. მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ მას ეპარქია აღარ დაუბრუნეს, რის შემდეგაც ის კვლავინდებურად დავით გარეჯის მონასტერში იწყებს მოღვაწეობას. დაახლოებით ორ წელიწადში ტიმოთე საბოლოოდ ტოვებს საქართველოს და რუსეთში მიემგზავრება, სადაც ასტრახანში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნებართვას იღებს. მას რუსეთის სინოდი მცირეოდენ ჯამაგირსაც უნიშნავს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი ადგილსაცხოვრებლის შეცვლის ნებართვას ითხოვს.
ტიმოთე გაბაშვილი გარდაიცვალა 1764 წელს. იგი დაკრძალულ იქნა ასტრახანის მიძინების სახელობის ტაძარში.
ტიმოთე გაბაშვილის თხზულებათაგან, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ მისი პოპულარული ნაშრომი „მოხილვა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთის ადგილთა“, რომელსაც შემოკლებით „მიმოსვლას“ უწოდებენ. თხზულებაში უმთავრესად ათონისა და პალესტინის სიძველეებია აღწერილი, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა ქართულ ნაშთებს. ტიმოთე გამოწვლილვით ცდილობს გაარკვიოს მისთვის საინტერესო ყოველი დეტალი, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებით. ამ მიზნით ის ესაუბრა კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქს, მისი დროის ცნობილ მოღვაწეს ევგენიოს ბულგარისს.
ამავე თხზულებაში ტიმოთე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღწერისას, შოთა რუსთაველის შესახებაც საუბრობს, რომლის მიმართ მკაცრ კრიტიკას არ იშურებს: „ესე იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართუელთა სიწმინდისა წილ ბოროტი ბილწება, და განჰრყუნა ქრისტიანობა. ხოლო უწინარეს ჩუენთა უმეცართა სამღუთოდ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი“.
ტიმოთეს მეორე თხზულება „მარწუხი“ (მაშა) ისტორიულ-პოლემიკური ხასიათისაა. აღნიშნული სახელწოდება ავტორს ბიბლიიდან, ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან უსესხებია. კორნელი კეკელიძეს მიხედვით, როგორც ესაია განწმინდა ნაკვერცხალმა, ასევე შვიდი მსოფლიო კრების კანონები და დადგენილებანი განსწმენდნენ ქვეყანას უკეთურებისაგან; მისი წიგნიც მარწუხია, რომელიც ქვეყნიერებას განმანათლებელ და განწმენდელ ნაკვერცხალს ანიჭებს. ტიმოთეს განუზრახავს იმ დიდი დანაკლისის აღმოფხვრა, რომელიც წარმართებს მრავალჯერადი აოხრებით დიდი ივერიისათვის მიუყენებიათ. როგორც თავად აღნიშნავს, კრებათა წიგნი აღარსად მოიპოვებოდა, ამიტომ მოუსურვებია აღნიშნული ნაკლოვანების ზედმიწევნით აღდგენა. მან შვიდი მსოფლიო კრება განიხილა. ავტორს წარმოდგენილი აქვს მწვალებელთა და წმიდა მამათა შორის გამართული დებატების მიმოხილვა. საინტერესოა, რომის ამ კონტექსტში იშველიებს პროკლე დიადოხოსის თხზულებას „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ და მის იოანე პეტრიწისეულ განმარტებას. უცნობია, თუ რომელი ენიდან ხელმძღვანელობდა ავტორი, მაგრამ ფაქტია, რომ მას მდიდარი მასალა გააჩნდა კრებათა აქტების, წმიდა მამათა და შესაბამისი ისტორიული ნაშრომების სახით.
ტიმოთე გაბაშვილს ეკუთვნის კიდევ ერთი მოზრდილი დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის თხზულება „გარდამოცემული ერთობისათვის და სიყუარულისათვის წმიდათა ეკლესიათა სარწმუნოებასა შინა ქრისტიანეთასა აღმომდინარისა მის ტკბილნაკადულისა წყაროისა, განმწმენდელისა გულისხმის ყოფათასა წმიდათა წერილთაგან“. ეს არის 15 თავისგან შემდგარი კრებული, რომელშიც ავტორი სხვადასხვა დოგმატურ საკითხებს, მწვალებელ-ერეტიკოსთა და მაჰმადიანურ სწავლებებს განიხილავს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძველ ქართულ თარგმანებს და აღნიშნავს, რომ „წიგნთა უძველეთათვისცა ნუ ირწმუნებ ყოველსავე“. მას ეჭვი შეაქვს ზოგიერთი ძველი ქართული თარგმანის სიზუსტეში, რაც, კორნელი კეკელიძის მიხედვით, სასტიკი კრიტიკის გამოხატულებაა. თუმცაღა, ეს უკანასკნელი მაინც უწონებს ტიმოთეს ამგვარ მიდგომას, რადგან ამით ის საზოგადოებასა და მწერლობაში კრიტიციზმს უკაფავდა გზას. მისი ლიტერატურული ენა ისტორიულ-მოთხრობით ნაწილში მარტივია, ხოლო თეოლოგიურ-ფილოსოფიური განაზრებებისას საკმაოდ ხელოვნური.
ტიმოთეს მიეკუთვნება ასევე თხზულება „დღესასწაულისათვის ღმრთისმშობლისა მარიამისა“, რომელიც ასევე ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ღვთისმშობლის დღესასწაულზე წარმოსათქმელ ქადაგებას წარმოადგენს.
პაატა ნაცვლიშვილის აზრით, ტიმოთე გაბაშვილის სახელთან დაკავშირებულია ინტერვიუს, როგორც ჟანრის, სათავეებთან დგომა. „მიმოსვლაში“ ავტორი ამის უამრავ მაგალითს გვაძლევს, რომელთაგან გამორჩეული და უნიკალურია მისი ინტერვიუ სახელოვან ღვთისმეტყველთან ევგენიოს ბულგარისთან.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ტიმოთეს ფილოსოფიისადმი დამოკიდებულება. როგორც იკვეთება, ის დიდად აფასებს ფილოსოფიას და იმასაც კი აღნიშნავს, რომ პროკლე დიადოხოსის წიგნის მართლმადიდებლური განაზრებით წაკითხვის შემთხვევაში მასში „ღვთისმეტყუელება მაღალი და ჭეშმარიტი გეპოვოს“. მისი ღრმა ფილოსოფიური განათლება იმ დიდ შრომაში ჩანს, რომელიც მან იოანე დამასკელის ნაბეჭდ წიგნზე გასწია. მას თავისუფალ გვერდებსა და კიდეებზე უამრავი შენიშვნა და წარწერა გაუკეთებია წიგნის რაობისა და მისი გამოცემის პრინციპების შესახებ.
ელენე მეტრეველის მიხედვით, ტიმოთე ფილოსოფიურ-დოგმატური და ისტორიულ-ლიტერატურული საკითხების კვლევის დროსაც კი კრიტიკულ-შედარებითი მეთოდით სარგებლობდა. მისი თქმით, განათლებულ მღვდელმთავარს ცხოვრების უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები რომ ჰქონოდა, ის, XVIII საუკუნის საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების მეტად განვითარებასა და წინსვლას მოახერხებდა.
• გაბაშვილი, ტ.: მიმოსვლა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. მეტრეველმა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1955 წ.
• გაბაშვილი, ტ.: მოხილვა წმინდათა და სხვათა აღმოსავლეთისა ადგილთა, ტიმოთესგან, ქართლის მთავარ-ეპისკოპოსისგან, ტფილისი: „კავკასიის ნამესტნიკის კანცელარია“, 1852 წ.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 354-360.
• კიკნაძე, ვ.: ქუთაისისა და ქართლის მთავარეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი, ჟურნალში: „მაყვლოვანი“. სამთავროს წმიდა ნინოს მონასტრის პერიოდული გამოცემა, N 5 (2011 წ.), გვ. 20-23.
• მელიქსეთ-ბეგი, ლ.: ქუთათელ ტიმოთე გაბაშვილის ბიოგრაფიისათვის, იხ.: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მოამბე, ტ. 1, # 8 (თბილისი, 1948 წ.), გვ. 637-640.
• ნაცვლიშვილი, პ.: ძველი ტექსტი ახალი თვალით, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 2 (2012 წ.), გვ. 81-93.
• ჟორდანია, თ.: ანტონ I, საქართველოს კათალიკოსი და მთავარეპისკოპოსი ვლადიმირისა და იეროპოლისა, თარგმანი ი. ამირხანაშვილისა, იხ.: „საღვთისმეტყველო კრებული“, ტ. 1, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1991 წ., გვ. 34-100.