ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე დაიბადა 1873 წელს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ასკანაში, მედავითნის ოჯახში; 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1895-1899 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც ღვთისმეტყველების კანდიდატი გახდა; 1899-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს. ფოთში მსახურების პერიოდში მას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს დიმიტრისთან (აბაშიძე), რომელმაც ეგზარქოს ალექსის (ოპოცკი) მამა ნიკიტას სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. 1903 წლის 19 ნოემბერს ის ეგზარქოსმა თბილისში, დიდუბის ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა.
1903 წლის ნოემბრიდან 1912 წლის 20 მაისამდე ის დიდუბის ტაძარში მსახურობდა, სადაც დიდი ბრძოლა მოუწია რუსულ ფრთასთან. იმ პერიოდში საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულად აღესრულებოდა, ნიკიტამ კი დიდუბეში წირვა-ლოცვის ჟამს ნელ-ნელა სახარების კითხვა და ქადაგება ქართულად დაიწყო, რის გამოც რუსებმა ის დიდად აითვალწუნეს და მისი დაქვეითება გადაწყვიტეს. ამის საფუძვლად მათ ის ფაქტი გამოიყენეს, რომ ნიკიტამ 1912 წლის 1 მაისს, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული აღადგინა. მალევე, 1912 წლის 20 მაისს, ქართველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მამა ნიკიტა დიდუბის ტაძარს ჩამოაშორეს და ვითომდა ანჩისხატის „აღსადგენ-მოსავლელად“ გადაიყვანეს.
1913 წლის 6 მაისს იგი „კამილავკით“ (სპეციალური სამღვდელო თავსაბურავი), ხოლო 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ჯვრით დააჯილდოვეს. 1917 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა.
დეკანოზი ნიკიტა, როგორც ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) ესწრებოდნენ. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ კი წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917 წლის 15 მაისს, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ინიციატივის შედეგად, სამმართველოს კრებამ ეპისკოპოს კირიონის რეპუტაციის შებღალვის ავტორთა გამოსაკვლევი კომისია შეადგინა.
1917 წლის 17 სექტემბერს, სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარე კათალიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს, დეკანოზი ნიკიტა იყო ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და სწორედ მან გამოაცხადა საქართველოს ახლადაღდგენილი ავტოკეფალური ეკლესიის კათალიკოსად კირიონ II (საძაგლიშვილი). 1917 წლის 19 ნოემბერს იგი დაესწრო „სრულიად საქართველოს ეროვნულ კრებას“ კათალიკოსის წარმომადგენლად და კათალიკოსის სახელით „გუჯარი“ წაიკითხა, თუმცკი, თავისი მომზადებული სიტყვა არ წააკითხეს.
1918 წლის ივნისში მარტყოფის მონასტერში მოკლეს კირიონ II, რაც ძლიერ განიცადა დეკანოზმა ნიკიტამ. ამის შემდეგ ის აქტიურად დაუპირისპირდება საერო და სასულიერო ხელისუფლებას, რადგან ორივეს ადანაშაულებდა ამ მძიმე ფაქტში.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათალიკოსო საბჭოს წევრი. ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) გაკათალიკოსების შემდეგ, 1919 წლიდან, ნიკიტას საკათალიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგეობა დაეკისრა, რომელზედაც, თავისი პრინციპული პოზიციების გამო, კათალიკოსთან ურთიერთობა დაეძაბა. საბოლოოდ დეკანოზ ნიკიტას, ერთი შედგენილი წერილის საფუძველზე, ლეონიდე კათალიკოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ ბრალი წაეყენა და მის წინააღმდეგ შემდეგი სახის რეზოლუცია გამოიტანეს: „დეკ. ნ. თალაკვაძეს არ აქვს ზნეობრივი უფლება საკათალიკოსო საბჭოს წევრად დარჩეს...“. 1920 წლის 2 იანვარს დეკანოზ ნიკიტას საკათალიკოსო საბჭო და მართვა-გამგეობაში მონაწილეობა დაატოვებინეს. აღსანიშნავია, რომ ნიკიტას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დეკანოზ კალისტრატე ცინცაძესთან და ქრისტეფორე ციცქიშვილთან (საქართველოს მომავალ კათალიკოს-პატრიარქებთან), ასევე ცნობილ ქართველ პროფესორთან და დეკანოზთან კორნელი კეკელიძესთან.
1920 წლის 15 იანვრიდან დეკანოზი ნიკიტა საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას ქალთა მესამე გიმნაზიაში.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზ ნიკიტას, სხვა სასულიერო პირების მსგავსად, მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. 1921 წლის 9 მარტს იგი კოჯრის მიდამოებში დახოცილი 33 იუნკერის დასაფლავების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მონაწილე იყო. 1921 წლის 19 ივნისს კათალიკოსმა ლეონიდემ ნიკიტას სასულიერო სენინარიის გახსნა და მართვა-გამგეობის სრულად მის ხელში აღება შესთავაზა. იმავე წლის 1 ივლისს დეკანოზი ნიკიტა საეპარქიო კრების თავმჯდომარედ აირჩეს. კრება 8 ივლისს დასრულდა და ნაყოფიერად ჩაიარა, მაგრამ სწორედ იმ დღეს პატრიარქ ლეონიდეს მტკვრის ბინძური წყალი დაალევინეს, რის შედეგადაც ის მალევე გარდაიცვალა. სამომავლო გეგმები და ნიკიტას იმედებიც კიდევ ერთხელ განუხორციელებელი დარჩა.
1921 წელს ნიკიტამ ახალ პატრიარქს - ამბროსის (ხელაია) - ანჩისხატიდან, სადაც მრევლის ნაკლებობასა და სიდუხჭირეს განიცდიდა, მრევლისვე მოთხოვნით, ვერის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში გადაყვანა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. იმავე წლის ნოემბერში პატრიარქმა ამბროსიმ კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს სახელობის სამოძღვრო კურსების დირექტორად დეკანოზ ნიკიტას დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა, მაგრამ ამ უკანასკნელმა აღნიშნული პროექტი წარუმატებლად მიიჩნია და მასზე წერილობითი სახით უარი განაცხადა. ამავე დროს, თალაკვაძე მიიჩნევდა, რომ პატრიარქმა ამბროსიმ ეს ბრძანება იმის გამო გამოსცა, რომ თავის დროზე ვერის ტაძარში გადასვლის შესახებ თხოვნაზე უარი განუცხადა.
1922 წლის 30 იანვარს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) ნიკიტა სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. იმავე წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა, სამღვდელო სამოსით სიარულის მოტივით, იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 დეკანოზი ნიკიტა აიძულეს ეკლესია დაეტოვებინა. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ - კულტურის სამინისტროში. გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.
დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მისმა არაერთმა ქადაგებამ მოაღწია. თუმცა, ნიკიტა თალაკვაძეს ლიტერატურული შემოქმედება, რამდენადაც ჯერჯერობით ცნობილია, მარტოოდენ მის მიერ წარმოებული დღიურებით შემოიფარგლება. დღიურების კრებული „მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან“ საკმაოდ მოცულობითი, საინტერესო და მრავლისმომცველია. სამწუხაროდ, რვეულების ნაწილი (1917 წლის დასაწყისი, 1923-1929 წლები) დაკარგულია, ნაწილი კი, შედარებით გვიან, ავტორმა თავად გადაწერა.
თავად კრებული, როგორც მოგონებების ერთობლიობა, ბუნებრივია, რომ გარკვეულწილად სუბიექტურია, თუმცა, ის ფასდაუდებელია იმ თვალსაზრისით, რომ მასში ისტორიული მოვლენები თანადროული ავტორის მიერ არის გადმოცემული და აღწერილი - მათ დიდ ნაწილში ავტორი თავად მონაწილეობდა. ნიკიტა თალაკვაძე მარტივი და გასაგები ენით გადმოსცემს ქვეყანაში მიმდინარე დრამატულ პროცესებს. მის მიერ წარმოებული დღიური იმდროინდელი საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის ისტორიის კონტექსტში ფასდაუდებელს საგანძურს წარმოადგენს.
„მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან“ საქართველოს ისტორიის უაღრესად საინტერესო პერიოდს (1916-1933 წლებს, წყვეტებით) მოიცავს; მასში დეტალურად არის აღწერილი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ ეკლესიის ცხოვრების სირთულეები და გამოწვევები, კათალიკოსების - კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს - დახასიათება და საქმიანობა, ასევე სხვადასხვა სასულიერო პირთა შესახებ ავტორისეული შეხედულებები, გასაბჭოების პერიოდი და ბევრი სხვა რამ.
დეკანოზი არამარტო საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას აღწერს, არამედ საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებსაც მიმოიხილავს. იგი ასევე განიხილავს მეგრული ენის გარშემო შექმნილ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ მეგრელებმა აუცილებლად უნდა ისაუბრონ მეგრულ კილოკავზე, მაგრამ აღნიშნულ კილოკავზე სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემა საქართველოს ერთიანობას შეუქმნის საფრთხეს.
აღსანიშნავია, რომ ნიკიტა თალაკვაძე მსჯელობს პიროვნების ფასეულობაზე, საზოგადოებრივი ერთიანობის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მოწყობის თავისებურებებზე. მისი მსჯელობა განმსჭვალულია კრიტიკული განაზრებებით, თუმცა, იგი არც თვითკრიტიკას ერიდება. დეკანოზი ღიად უპირისპირდება როგორც ცარიზმს, ასევე საბჭოთა რუსეთს.
მისივე დღიურებიდან იკვეთება, რომ იგი შესანიშნავი მქადაგებელი იყო. დეკანოზ ნიკიტას ქადაგებების თემატიკა არ შემოიფარგლებოდა მარტოოდენ თეოლოგიური თუ ზნეობრივი საკითხებით. მისი სიტყვა ხშირად აპოლოგეტური ხასიათის იყო. ნიკიტა მეცნიერული ცოდნის დიდად მოტრფიალე იყო, მაგრამ მიაჩნდა, რომ „მეცნიერებას უნდა ღმერთთან მივყავდეთ და არა გვაშორებდეს ის ღვთაებას! და თუ ვხედავთ ხშირად და ხშირად წინააღმდეგ მოვლენას, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ასეთ „მეცნიერებს“ გზა არევიათ, მიხვეულ-მოხვეულ ორ-ღობეებში შესულან და ჯერ იქიდან ვერ მოუხერხებიათ გამოსვლა!“
დეკანოზი ნიკიტა საეკლესიო ახალ სტილზე გადასვლის მომხრე იყო. მას მიაჩნდა, რომ მეცნიერულადაც მართებული იქნებოდა ახალ სტილზე გადასვლა, რითაც ამავდროულად ეკლესია ერის მოქალაქეობრივ ცხოვრებას დაუახლოვდებოდა.
• თალაკვაძე, ნ.: მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან, თბილისი: „ლიტერატურის მუზეუმი“, 2013 წ.
• მაჩურიშვილი, გ., ტოგონიძე ლ.: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი: „ალილო“, 2012 წ.