ალექსანდრე ამილახვარი დაიბადა 1750 წლის 20 ოქტომბერს, კასპის რაიონის სოფელ ჭალაში გავლენიანი ქართლელი თავადის დიმიტრი ამილახვრის ოჯახში. ეს უკანასკნელი, ერეკლე მეორესთან დაახლოებული ფეოდალი იყო, მეფის და ამილახვართა ოჯახის უფროს ვაჟზე გიორგი ამილახვარზე იყო დანიშნული. თუმცა, ერეკლემ მეორემ, გიორგი ამილახვრის იმპოტენტობის მოტივით, ნიშნობა გააუქმა. ამილახვართა ოჯახს სახელი შეელახა.
ამ ამბავმა დიმიტრი ამილახვარი ერეკლე II–ის მტრად აქცია. 1765 წელს მან მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა, შეთქმულება დამარცხდა. ერეკლემ დასაჯა მონაწილეები, მათ შორის ამილახვრები: დიმიტრი ამილახვარი ვირზე უკუღმა შესვეს და თბილისი შემოატარეს. 15 წლის ალექსანდრე ამილახვარს კი ცხვირი მოაჭრეს და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. მათ ქონება ჩამოართვეს და თბილისში შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
1770 წელს ალექსანდრე ამილახვარი თბილისიდან გაიპარა. საბოლოოდ, მან იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს დახმარებით საქართველოს დატოვება მოახერხა და ასტრახანს შეაფარა თავი. 1772 წლიდან ამილახვარი უკვე მოსკოვში ცხოვრობს და იქიდან იბრძვის ერეკლეს წინააღმდეგ. აქ იგი დაუკავშირდა ვახტანგ VI-ის შთამომავლებს და ერეკლეს II-ის წინააღმდეგ ფართო დიპლომატიური კამპანია გაშალა.
პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ამილახვარი ინტელექტუალურ მუშაობასაც შეუდგა. 1779 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი ისტორიულ-პოლიტიკური ნაშრომი „გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე“. წიგნში გადამოცემულია საქართველოს ისტორია ვახტანგ VI–ის მეფობამდე, რუსეთში გამოსცა მან თავისი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ფილოსოფიური ნაშრომი: „ბრძენი აღმოსავლეთისა, ანუ სახელმწიფო მმართველობის მოწყობის მისი განზრახვა“.
ალექსანდრე ამილახვარმა საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ (1783 წ.) ერეკლე II-მ რუსეთის სამეფო კარს ამილახვრის გადაცემა სთხოვა. ეკატერინემ II-მ მართალია ერეკლეს ეს თხოვნა არ შეასრულა, მაგრამ ამილახვარი დააპატიმრა. საპყრობილეში მან 1801 წლამდე დაჰყო. პატიმრობიდან გათავისუფლებული ამილახვარი საქართველოსკენ გამოემგზავრა, მაგრამ 1802 წელს უეცრად გარდაიცვალა. დაკრძალულია ასტრახანში.
ალექსანდრე ამილახვრის მთავარი პოლიტიკური შეხედულებები გადმოცემულია მის ტრაქტატში „ბრძენი აღმოსავლეთისა, ანუ სახელმწიფო მმართველობის მოწყობის მისი განზრახვა“. ეს ტექსტი მან იმერეთის მეფე სოლომონ პირველს მიუძღვნა. ამ ნაშრომით ამილახვარი ქართულ პოლიტიკურ ფილოსოფიას აფუძნებს. ტრაქტატის სათაური იმთავითვე იპყრობს მკითხველის ყურადღებას, ავტორი თავის თავს აღმოსავლელ მოაზროვნეს უწოდებს, თავდაპირველად შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იგი პოლიტიკური აზროვნების აღმოსავლური ტრადიციების მიმდევარია. თუმცა, ტექსტის შინაარსი და მისი დაწვრილებითი ანალიზი ამ შთაბეჭდილებას სრულად აქარწყლებს. სავარაუდოა, რომ ამილახვარი სიტყვა „აღმოსავლეთს“ მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე მისანიშნებლად იყენებს, იგი თავს გეოგრაფიული აღმოსავლეთის მკვიდრად თვლის, აღმოსავლური პოლიტიკური აზროვნების გავლენა კი ტექსტზე თითქმის არ იგრძნობა, ამილახვრის ნააზრევი დიდწილად დასავლური ფილოსოფიით არის ნასაზრდოები.
საკუთრივ ტრაქტატი ათი მცირე მოცულობის თავისაგან შედგება. თითოეული მათგანი სახელმწიფოს ცხოვრების კონკრეტულ შემადგენელს ეთმობა. მასში პლატონის „სახელმწიფოს“ მსგავსი პრიორიტეტებია გამოკვეთილი. ტექსტში ცალ-ცალკე თავი ეძღვნება მეფეებს, წარჩინებულებს, სამხედროებს, ვაჭრებს, მიწათმოქმედებს, რელიგიურ და სამოქალაქო კანონებს და ა.შ. აშკარაა, ავტორი ამ ტექსტის აგებისას იმ გამოცდილებას ეყრდნობა დასავლური სამყაროსთვის რომ არის დამახასიათებელი.
ამ დროის დასავლური პოლიტიკური აზროვნების საუკეთესო ნიმუშია ფრანგი ფილოსოფოსის შარლ-ლუი მონტესკიეს თხზულება „კანონთა გონი“, ამ უკანასკნელთან ამილახვრის ტექსტის შედარებისას ნათელი ხდება, რომ დასავლური პოლიტიკური აზრის ამ დიდი ტექსტის გავლენა ქართველი ფილოსოფოსის თხზულებაზე დიდია. მსგავსება აშკარად იკვეთება, როგორც ტექსტის აგებულების, ისე აზრთა წყობისა და საზოგადოდ შინაარსის მიხედვით. პლატონური პოლიტიკური ფილოსოფიის გავლენაც ამილახვრის ტექსტში სავარაუდოდ სწორედ მონტესკიეს გზითაა შეღწეული. ცხადი ხდება, რომ ქართველი მოაზროვნე ღრმად იყო გათვითცნობიერებული იმდროინდელი დასავლური აზროვნების წიაღსვლებში.
ტრაქტატის პირველივე თავში მეფეთა მმართველობის განხილვაა მოცემული. აქ ავტორი იდეალური მეფის პროფილს აყალიბებს. მართალია, იგი უბრალო ხალხთან მიმართებით მეფეთა უპირატესობას აღიარებს, მაგრამ იმავდროულად მეფეებს გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს. მისთვის უსაზღვრო უფლებებით აღჭურვილი მეფე მიუღებელია. მეფობა, მისთვის უფრო მოვალეობაა ვიდრე პრივილეგია; ამიტომაც იგი ორი სახის მეფეს ახასიათებს, ერთი რომელსაც თავი ხალხის განუსაზღვრელ უფლად მიუჩნევია, რომელსაც ჰგონია, რომ ხალხი მხოლოდ და მხოლოდ მისი დიდებისთვის არსებობს და მეორე, პირველის საპირისპირო, რომელიც თავის ვალდებულებებს აცნობიერებს, რომელსაც ღირსეულად უპყრია სამეფო სკიპტრა და თავისი ხალხის სამსახურში დგას. ამგვარი შედარება, ერთი შეხედვით, უწყინარია, მაგრამ, სინამდვილეში აქ ავტორი მეფის ხელისუფლების შეზღუდვის იდეას ავითარებს. საქმე ისაა, რომ ქართული, ისევე, როგორც ზოგადად დასავლური ტრადიციის თანახმად, მეფე ღმერთის მიერ იყო ხელდასხმული, ამგვარად, ის განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდა, ამილახვრისათვის კი მეფის უფლებებზე უპირატესი მის ვალდებულებებია, მის დოქტრინაში ეს უძველესი პრაქტიკა ძირეულად სახეცვლილია, რამდენადაც მისთვის მეფე მსახურია და არა ბატონი. მეფის ძალაუფლება მხოლოდ იმ დოზითაა მისაღები, რა დოზითაც ეს ამ მსახურების აღსრულებისთვის არის საჭირო. სხვა ერისკაცებთან მიმართებაში მეფე აღმატებული უფლებამოსილებით სარგებლობს, რომლის წყაროც ხალხია და არა არამიწიერი უზენაესი ძალა, ეს უფლებამოსილება ნატვირთი მსახურების აღსასრულებლადაა საჭირო, ამდენად, თუკი იგი ამ მსახურებას პირნათლად არ გასწევს ეს უფლებები და პირივილეგიები საეჭვო გახდება. ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი ეს ხედვა სულაც არ უკუაგდებს მემკვიდრეობითობის უძველეს პრინციპს, თუმცა, იმავდროულად თავის თანამედროვე წარჩინებულებს შეახსენებს, რომ თავის დროზე მათი წინაპრებიც ჩვეულებრივი ერისკაცები იყვნენ, მათ თავიანთი სახელი და პატივი სისხლის ფასად მოიპოვეს და შთამომავლებს გადასცეს, რომ არა ესოდენ თავგანწირული სამსახური, მათი შთამომავლები დღეს ამგვარ პატივში ვერ იცხოვრებდნენ. შესაბამისად, ამილახვარი თვლის, რომ მსახურება ყველა თაობაში უნდა გაგრძელდეს, იგი ცდილობს თანამედროვეებს ამ მსახურების გაგრძელება შთააგონის, რათა სამომავლოდ მათი შთამომავლების უფლებათა ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ არ დადგეს.
მომდევნო თავი თავადებსა და მთავრებს ეხება, სადაც ავტორი ხელისუფლების განაწილების შესახებ საუბრობს. მონტესკიესაგან განსხვავებით ხელისუფლების ინსტიტუციური დაყოფა მისთვის უცხოა. ამილახვართან ხელისუფლება უპყრია მეფეს და თავადვე ანაწილებს მას. იგი ხელისუფლებას იმ კარსკაცთა შორის ანაწილებს, რომელთაც თავად გამოარჩევს. რამდენადაც კარისკაცთა ქმედებაზე თავად მეფის სახელი არის დამოკიდებული საშურია, რომ ისინი ერის რჩეული კაცები იყვნენ. რჩეულობა ავტორისათვის ორმაგ დატვირთვას ატარებს – ერთი მხრივ კარისკაცნი გონიერებითა და სიბრძნით უნდა გამოირჩეოდნენ, მეორე მხრივ კი წარჩინებული ჩამომავლობისა უნდა იყვნენ, რათა დაკისრებული საქმე ზნიანად წარმართონ.
ტრაქტარის შემდეგ ნაწილში ავტორი სახელმწიფოს სამხედრო მოწყობის საკითხს განიხილავს. აქ იგი ორი ტიპის სამხედროებს განარჩევს, ერთნი, რომელნიც მეთაურობენ და მეორენი, რომელნიც აღასრულებენ. საინტერესოა, რომ ავტორი სამხედროთა შორის ურთიერთობის წესსაც განსაზღვრავს, მისთვის მეომართა უფლებები ისეთივე პრიორიტეტულია როგორც მათი მეთაურების, ხოლო ითვალისწინებს რა იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც იმჟამად მისი ქვეყნის გარშემოა შექმნილი იგი მუდმივი ჯარის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც სახელმწიფო თავადვე უნდა ინახავდეს საკუთარი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საყურადღებოა, რომ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ავტორი ადამიანთა ბუნების ცვალებადობას უსვამს ხაზს, ამ ცვალებადობის მისეული ახსნა კი ქრისტიანული იდეალებით არის ნაკარნახევი, იგი მიიჩნევს, რომ პირველი ადამიანებიდან მოყოლებული ჟამთასვლის კვალდაკვალ ადამიანის ბუნება სულ უფრო ემსგავსება მხეცთა ბუნებას, და ის პირველსაწყისი სრულყოფილებისაგან მკვეთრად სხვაობს. შთაბეჭდილება იქმნება რომ აქ ავტორი ძველ აღთქმაში აღწერილ პირველ ადამიანებს თავის თანამედროვე ქრისტიანებს ადარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი ერთი შეხედვით, ქრისტეს ერთგული მიმდევრები არიან იგი უპირატესობას მაინც ძველაღთქმისეულ პერსონაჟებს ანიჭებს, რამდენადაც მიჩნია, რომ მათი ბუნება პირველყოფილ ადამიანურ ბუნებასთან უფრო ახლოს იდგა.
თანამედროვეობის კრიტიკა ამილახვართან არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ რელიგიის საკითხებშიც გვხვდება. ეს განსაკუთრებით მაშინ არის თვალშისაცემი, როდესაც იგი საეკლესიო საკითხებზე საუბრობს. აქ იგი პატივს მიაგებს ძველთაგანვე დადგენილ საეკლესიო კანონებს, რომლებიც ადამიანებში ბოროტების შეზღუდვისა და მშვიდობის დამყარებისთვის იქნა შემოღებული, იგი სრულად იზიარებს ქრისტიანული რელიგიის მორალურ მოძღვრებას, იმავდროულად კი თავის იმ თანამედროვეებს აკრიტიკებს, რომლებიც ამ კანონებს საკუთარი სახელისა თუ კეთილდღეობის მოსაპოვებლად და გასამყარებლად იყენებენ. ტრაქტატის ეს ნაწილი თავისი სულისკვეთებით ძალზედ წააგავს შუა საუკუნეების ქართული აზროვნების უმნიშვნელოვანეს ტექსტს „რუის-ურბნისის ძეგლისწერას“ იმ განსხავევბით, რომ აქ სამართლებრივი მსჯელობის ნაცვლად მორალური მსჯელობაა მოცემული. ცხადია, რომ ავტორისათვის სახელმწიფოს მართებულად მოწყობის საქმეში რელიგიას განსაკუთრებული როლი აქვს, ამდენად, იგი ქრისტიანობის საფუძველმდებარე პრინციპებთან მიმართებაში თავის თანამედროვეთა ცხოვრების წესის შეუსაბამობასაც აჩვენებს.
საეკლესიო წესთა კეთილსინდისიერად აღსრულების კვალდაკვალ ამილახვარი სამოქალაქო კანონთა არსებობის აუცილებლობაზეც საუბრობს. აქ იგი სამ პირობას გამოჰყოფს, რომელიც კანონთა სურლქმნისათვის არის საჭირო, რათა ხალხმა რომელზედაც ეს კანონი ვრცელდება მისგან სარგებელი მიიღოს. ამ პირობათაგან პირველი არის „მდგომარეობა ჟამისა“: ყოველი კანონი დროული უნდა იყოს, დროში უნდა მოქმედებდეს და იმ ურთიერთობას აწესრიგებდეს, რომელიც კონკრეტულ დროში ვითარდება. მეორე პირობა არის „ჩვეულებაჲ ერისა“, რაც კანონში ხალხის ზნე-ჩვეულებათა ასახვას გულისხმობს; აქ ავტორი ჩვეულებითი სამართლის პრინციპებიდან ამოდის და მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ხალხი იმგვარ კანონს შეეგუოს, რომელიც მისთვის კულტურულად უცხოა. მესამე პირობად კი იგი კანონის „ბუნებით გაჰსინჯულებაჲს“ ასახელებს; რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი იმ ბუნებრივ პირობებთან უნდა იყოს თანმხვედრი რომელშიაც მისი სუბიექტი ცხოვრობს.
ამ პირობათაგან ერთის შეუსრულებლობაც კი ავტორისათვის იმის მომასწავებელია, რომ ხალხი კანონს განუდგება და შფოთსა და ურჩობას მიჰყოფს ხელს. საყურადღებოა და ბუნებრივიცაა, რომ ამილახვარი კანონების მიღების საკითხში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას კანონმდებელს აკისრებს. იგი კანონთა შინაარსის დახვეწილობაზე მიუთითებს და მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი ზედმიწევნით უნდა მოიცავდეს მის სამოქმედო სფეროს, რათა სამომავლოდ მისი ხშირი ცვლილება არ მოხდეს. კანონთა ცვალებადობას ავტორი არამართლზომიერად მიიჩნევს, რამდენადაც, ამან, შესაძლოა, კანონისადმი ხალხის დამოკიდებულებაზე უარყოფითად იმოქმედოს.
კანონებზე საუბრისას, ამილახვარი, მძიმე დანაშაულთა გამო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგაც გამოდის. ამ საკითხის მისეული ხედვა ქრისტიანულ მოძღვრებას ემყარება. მართალია იგი ტალიონის უძველეს წესზეც მიუთითებს, მაგრამ აშკარაა, რომ მისთვის ეს უკანასკნელი ძველმოდური და დრომოჭმულია. მძიმე დანაშაულთა ჩამდენთთავის იგი სიცოცხლის შენარჩუნების ინიციატვით გამოდის და კიდევ ერთხელ ახსენებს მკითხველს, რომ სიცოცხლის წართმევა ყველას შეუძლია მინიჭება კი არავის. მკვლელთათვის გონივრულ სასჯელად იგი სამუდამო გადასახლებას მიიჩნევს და სიცოცხლის დაცვას, თუნდაც ეს უკანასკნელი მკვლელისა იყოს, კანონის უპირატეს ამოცანად ასახელებს. ნიშანდობლივია, რომ ამ მხრივ ამილახვრის პოზიციები თანმხვედრია მისი ამერიკელი თანამედროვის ბენჯამინ რაშის ხედვასთან, რომელმაც ამილახვრის თანადროულად მკვლელის სიკვდილით დასჯის უმართებულობის დასაბუთებას არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა. ამილახვრის მსგავსად რაშიც ქრისტიანული მოძღვრებიდან ამოდიოდა და მიიჩნევდა, რომ სიკვდილით დასჯა ბიბლიურ რწმენასთან შეუსაბამობაშია.
სამოქალაქო კანონების განხილვისას ამილახვარი ყველაზე ახლოს დგას მონტესკიეს ზემთ დასახელებულ ნაშრომთანაც, მეტიც, ქართველი ფილოსოფოსის ტრაქტატის ეს ნაწილი მონტესკიეს ფილოსოფიის პირდაპირი ინტერპრეტაციის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მცდელობაა ქართული ფილოსოფიის ისტორიაში.
ნიშანდობლივია, ისიც რომ ამილახვარი თავის პოლიტიკურ ტრაქტატში საგანგებო ყურადღებას უთმობს განათლებასა და მეცნიერებას. ამ ორი რამის გარეშე სახალმწიფო სისტემის გამართულ მუშაობას კი შეუძლებლად მიიჩნევს. ამ საქმეშიც იგი მეფის როლს გამოჰყოფს და მიიჩნევს, რომ სწორედ მისი ვალია თავის ქვეყანაში განსწავლული ხალხი მოამრავლოს, რათა მათი მეშვეობით სახელმწიფო გონივრულად მართოს. იგი თვლის, რომ განათლებული საზოგადოება უკეთესად არის ორგანიზებული, რაც სახელმწიფოს მართვას უფრო აადვილებს. ამგვარი საზოგადოება უმეცართა ახირებულობისაგან დაცულია და ის მშვიდად ვითარდება; რამდენადაც განსწავლული ხალხი სახელმწიფოს საქმეს კეთილგონივრულად წარმართავს.
ტრაქტატის დასასრულს, ამილახვარი, სახლემწიფოში ომისა და მშვიდობის საკითხებს განიხილავს. აქ მისი მსჯელობა იარაღის ბუნების, მისი გამოყენებისაგან დამდგარი შედეგების და მისი დანიშნულების გარშემოა წარმართული. ტრაქტატის ეს ნაწილი ქართულ ფილოსოფიაში ომისა და მშვიდობის საკითხის ყველაზე ორიგინალური გააზრებაა. ავტორი შეკითხვას სვამს იმის შესახებ თუ რა უფრო სასახელოა მეფისათვის, შეიარაღება, და ამდენად ომები თუ მშვიდობა?! აშკარაა რომ თავად მას მშვიდობის მხარე უკავია. მისთვის ძალადობით სახელის მოპოვება სულმდაბალი საქმეა, ასეთ შემთხვევაში მოძალადე მეფისა და ჩვეულებრივი ავაზაკის განსხვავება თითქმის შეუძლებელია, რამდენადაც ორივე მათგანი სახელს იარაღის და არა სიბრძნისა და კეთილგონიერების წაყალობით მოიპოვებს. ამილხვრისათვის პრიორიტეტული თავდაცვითი პოლიტიკაა და არა თავდასხმითი. იგი ამბობს კიდეც, რომ იარაღის გაჩენიდან მოყოლებული მისი მეშვეობით უფრო მეტია მოკლული, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილით დაღუპული. იგი ეწინააღმდეგება ომს, თუ ეს უკანასკნელი თავდაცვითი არაა და განადიდებს მშვიდობას, როგორც ადამიანთა ბედნიერების უწინარეს პირობას. იგი აქებს იმ მეფეს, რომელიც გააუქმებს ყოველგვარ იარაღს და მის ნაცვლად ხალხში სიბრძნესა და გულისხმიერებას გაავრცელებს, ისეთს, პირველყოფილ სრულქმნილებასთან რომ იქნება წილნაყარი.
• ამილახვარი, ა.: გეორგიანული ისტორია, თარგმანი გ. ქიქოძისა. თბილისი, 1939 წ.
• ამილახვარი, ა.: ბრძენი აღმოსავლეთისა, გამოსაცემად მოამზადა ვ. კიკნაძემ. ლომისი, თბილისი, 1997 წ.
• დედაბრიშვილი, გ.: ალექსანდრე ამილახვარი (1750-1802). ქართულ-რუსული ფილოსოფიური ურთიერთობების ისტორიიდან: (XVIII-XIX ს-ის I მეოთხედი), თბილისი, 1984 წ,. გვ. 199-205.
• ხიდაშელი, შ.: ალექსანდრე ამილახვარი და მისი სოციალურ-პოლიტიკური ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“. ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის საკითხები. კრ. 5, ფილოსოფიის ინსტიტუტი. თბილისი, 1977 წ., გვ. 91-122.
• ხუროშვილი, გ.: ალექსანდრე ამილახვარი; „ბრძენი აღმოსავლეთისა“ – პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ცდა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; იხ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე. თბილისი, 2014 წ., გვ. 64-73.