ალექსი შუშანია დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ღვთისმოყვარე ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს, სადაც მან დიდი ნიჭიერება გამოავლინა, თუმცა მეორე კლასში ის მძიმედ დაავადდა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ამის გამო მამამისმა, რომელიც მაშინ ზუგდიდში ვაჭრობდა, იგი თავის საქმიანობაში ჩართო. 1868 წელს გარდაიცვალა ალექსის მამა, რომელმაც ანდერძად ოჯახზე ზრუნვა დაუტოვა 16 წლის ჭაბუკს.
1868 წელს ალექსი სტამბოლში (კონსტანტინოპოლი) გაემგზავრა, სადაც იმ დროს ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა ბიძამისი ისლამ შუშანია. ის დიდად განსწავლული, აღმოსავლური ენების მცოდნე და ღვთისმოსავი კაცი იყო. მას მდიდარი საეკლესიო ლიტერატურა ჰქონდა, რასაც აქტიურად დაეწაფა ყმაწვილი ალექსი. ამავდროულად, ახალგაზრდა ჭაბუკი ინტერესითა და წარმატებით ჩაერთო სავაჭრო საქმეში, მაგრამ ერთმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა მისი მსოფლმხედველობა და ცხოვრება. ერთ დღეს მას სასწაულებრივად ეუწყა, რომ მონაზონი უნდა გამხდარიყო, რის შემდეგაც ის დიდი შემართებით დაბრუნდა საქართველოში, თავის მშობლიურ კუთხეში. სამშობლოში დაბრუნებული ალექსი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა. ამავდროულად, მან სოფლებში დაიწყო სიარული, სადაც მძიმე ავადმყოფებს უვლიდა და უპატრონო მიცვალებულებს ასაფლავებდა. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, წმიდა ანდრია სალოსის წიგნის გავლენით, მან სალოსური ცხოვრებაც გადაწყვიტა.
ალექსის ხელმძღვანელობით სოფელ თეკლათში დაარსდა მთავრობისგან დამოუკიდებელი თავისუფალი მონასტერი. სოციალურ და ასკეტურ მსახურებასთან ერთად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექსი საგანმანათლებლო საქმიანობასაც არ ივიწყებდა. ის ხშირად დადიოდა გელათისა და მარტვილის მონასტრებში, სადაც ძველ ხელნაწერებს ეცნობოდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მწიგნობარ ნიკო დადიანთან, რომელმაც ინტელექტუალური თვალსაზრისით მასზე დიდი გავლენა მოახდინა. იმ პერიოდში ალექსი კალიგრაფიული საქმიანობითაც იყო დაკავებული. მას გადაუწერია ბასილი დიდის „ექვსთა დღეთა“, ისააკ განშორებულის წიგნი და მამათა ცხოვრება; ასევე, მან ხუცურად გადაწერა გელათის გულანის საგალობლები.
XIX საუკუნის 70-იან წლებში ალექსი, მრავალი ქართველი ბერის მსგავსად, ათონზე გაემგზავრა, მღვდელ-მონაზონ ბენედიქტე ბარკალაიასთან და გელათის მონასტრის ფრიად განათლებურ ასკეტ მოღვაწესთან, მღვდელ-მონაზონ თეოდოსი ერისთავთან ერთად. ეს უკანასკნელი ათონზე სამუდამოდ დარჩა და იქიდან, წერილობითი სახით, ალექსის სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა. ალექსი ათონზე მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. სამშობლოში დაბრუნებისას გზად გამოუვლია ქალაქ კიევში, მღვიმის ლავრის მოსალოცად.
ღირსი ალექსის გავლენით მონაზვნად აღიკვეცნენ მისი ოჯახის წევრები: დედა, ძმა და დები. თავად ახალგაზრდა ბერი, სულიერი მოძღვრის, თეოდოსის რჩევით, სამოღვაწეოდ გელათის მონასტერში გადავიდა, საიდანაც მალევე ხობის მონასტერში გადაინაცვლა. აქვე, მღვდელმთავარ გრიგოლის (დადიანი) მიერ 1886 წელს მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1888 წელს კი მის კურთხევა მღვდელ-მონაზვნად. 1890 წელს ალექსი ბერი, მძიმე ავადმყოფობის გამო, მონასტერს ტოვებს და (თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად) საცხოვრებლად თეკლათის მონასტერში გადადის.
1891 წელს ღირსმა მამამ მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე, სენაკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1892 წელს განასრულა. აღსასრულის მოლოდინში მყოფი, ღვთის განგებულებით, იმდენად მოკეთდა, რომ წირვა-ლოცვის აღსრულების შესაძლებლობაც მიეცა. მან შეაკეთა სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარიც და სავანე დააფუძნა, რომელშიც (რამდენიმე მოწაფესთან ერთად) მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა.
1898 წლიდან ალექსი თავის სავანეში ჩაიკეტა და სიკვდილამდე დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა. მნახველებს მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა, დანარჩენ დროს სრულად ლოცვასა და სამწერლობო საქმიანობაში ატარებდა. თავისი ცხოვრების უკანასკნელ ხანებში ალექსი ბერი მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ შეიპყრო. იგი 1923 წლის 31 იანვარს, სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა. ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზობის მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ, იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით, მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად დაკრძალეს.
წმიდა ალექსი შუშანიას შემოქმედება ფრიად საინტერესო და მოცულობითია. მისი თხზულებები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: პროზა და პოეზია. თხზულებათა თემატიკა მრავალფეროვანია: ასკეტიკა, ზნეობრივი ღვთისმეტყველება, ანთროპოლოგია, ეგზეგეტიკა, სამონაზვნო ცხოვრება, აპოლოგეტიკა, ჰაგიოგრაფია და თვით სოციოლოგიაც კი. იგი სხვადასხვა თხზულებაში დეტალურად და თანმიმდევრულად საუბრობს მონაზვნობის არსის შესახებ, რომელსაც „სულიერ ფილოსოფოსობას“ უწოდებს. არგუმენტირებულად, კითხვა-მიგების მეთოდით ამსოფლიურ ცხოვრებას ბერობასთან ადარებს და ამ უკანასკნელის აღმატებულობასა და სარგებლიანობას აჩვენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ერთ-ერთი თხზულება „მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის“. მასში იგი მწყობრი მსჯელობით გადმოსცემს ყველა იმ სწავლებას, რომელთა ცოდნისა და პრაქტიკაში აღსრულების გარეშე ადამიანი ვერც საკუთარ თავს მოუტანს ბედნიერებას და ვერც საზოგადოებრივ წყლულებს განკურნავს, არამედ მავნებლადაც კი ექცევა თავის მოყვასს. ღირსი ალექსი დამაჯერებლად და სისტემურად საუბრობს მონაზვნურ ცხოვრებაში არსებული დამაბრკოლებელი საფრთხეებისა და ვნებების შესახებ. აქვე იგი მკაფიოდ გვთავაზობს მათგან თავის არიდების საშუალებებს; ამავე დროს, ცალ-ცალკე ახასიათებს სხვადასხვა უმთავრეს სათნოებათა მნიშვნელობას ბერული სრულყოფილების გზაზე.
ღირსი ალექსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზნეობრივი ღვთისმეტყველების საკითხებს. ამგვარ ნაშრომთა რიცხვს მიეკუთვნება: „იმედი, მკვლელი სასოწარკვეთილებისა“, „სანატრელისა სიმშვიდისათვის“, „შურმან არა იცის პატივი ძმისა“, „ცნობისმოყვარეობა“, „ქურდობისათვის“, „მარხვისათვის“, „სიწმიდისათვის“, „სინანულისათვის“ და სხვა. ნათლად ჩანს, რომ მათი ავტორი მუდმივად ცდილობს თითოეული საკითხი არგუმენტირებული მსჯელობით წარმოადგინოს და პრაქტიკული მაგალითებით განამდიდროს, რათა მკითხველს აღქმა და გააზრება გაუადვილოს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ალექსი შუშანიას ეგზეგეტიკური ნაშრომები: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“, „მიუტევე ზრუნვა შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ“, „მიუტევეთ და მოგეტევნენ“, „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ და სხვა. წმიდა ალექსი აღნიშნავს, რომ მაცხოვრის მოძღვრებებს „ღრმა და მაღალი მნიშვნელობა აქვთ“ და „აზრის გაგების უმისოდ ადვილად შეიძლება კაცმან... ფრიადცა დაამდაბლოს მისი მნიშვნელობა“, ამიტომ მათი გამოკვლევა უცილობელ საქმედ მიაჩნია.
ალექსი შუშიანია, ასკეტური და განდეგილური ცხოვრების მიუხედავად, უყურადღებოდ არც სოციალურ საკითხებს ტოვებდა და მათ, ცხადია, ქრისტიანული მოძღვრების ჭრილში განიხილავდა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია თხზულებები: „მთავრობა და სარწმუნოება“, „ხალხი და ეკლესია“, „ახალმოდის ცოლქმრობა“, „დედათათვის“, „ასულთათვის“ და სხვა.
ღირსი ალექსის ეკუთვნის ერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიც - „ცხოვრება ღირსისა მამისა სქემ-მონაზონ ონოსიფორე მარტო მყოფ მეუდაბნოელისა“. სქემ-მონაზონ ონოსიფორე ფაჩულიას ალექსი პირადად იცნობდა და მასთან სულიერი ურთიერთობაც ჰქონდა. ღირს ალექსის აღწერილი აქვს მამა ონოფრეს ცხოვრება მონაზვნობამდე, მისი მოღვაწეობის დასაწყისი და შემდგომი განვითარება. მამა ალექსი მისი ცხოვრებიდან იმ განსაკუთრებულ მომენტებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც ამ მოღვაწის სიდიადეს წარმოაჩენს.
ღირსი მამის შემოქმედება უდავოდ საინტერესო აპოლოგეტიკურ განაზრებებსაც მოიცავს. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი თხზულება „განხილვა ერნესტ რენანის მოსაზრებათა იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ“. მასში ავტორი უპირისპირდება ერნესტ რენანის წიგნს „იესოს ცხოვრება“, რომელშიც ქრისტეს ღვთაებრიობაა უარყოფილი. მისთვის მეცნიერული კრიტიკა ფრიად მნიშვნელოვანი და დიადი განძია, თუმცა, თავად რენანთან ის ვერ ხედავს ამ მეცნიერულ კრიტიკას. შესაბამისად, ალექსი ფილოსოფიური, თეოლოგიური და ისტორიული არგუმენტებით მკაცრად აკრიტიკებს ქრისტეს ღვთაებრიობის უარმყოფელ რენანს, რომელიც, მისი აზრით, „უზედამხედველო სურვილის ძალით“ მოქმედებს.
საინტერესოა ალექსი შუშანიას პოეზიაც. მასში ავტორს არაერთი შეგონება თუ სწავლება აქვს გადმოცემული, რომლებიც კონკრეტული ადრესატებისადმია მიმართული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ლექსები: „თხოვნა ღვთისმშობლისა“, „ქრისტესადმი“, „სიყვარული ქრისტესი“, „გულით ლოცვისათვის“ და სხვა. პოეზიის ეს ნიმუშები მკითხველს თვალნათლივ აჩვენებს იმ მხურვალე სიყვარულს ღმერთისადმი, რომელიც წმინდა ალექსი შუშანიას ჰქონდა.
ალექსი შუშანიას შემოქმედების საფუძვლიანი გაცნობა ცხადყოფს, რომ მისი ქრისტიანული ნააზრევი ცოდნისა და რწმენის სინთეზს ეფუძნება. იგი აქტიურად იყენებს თეორიულ სპეკულაციებს და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქრისტიანი ფილოსოფოსი.
• ღირსი ალექსი (შუშანია): საღმრთო წადილი, თბილისი: „მთაწმინდა“, 2014 წ.
• წმიდა ბერი ალექსი (შუშანია), იხ.: „თვენი“, ტ. 2, თბილისი: „პალიტრა L“, 2016 წ., გვ. 218-242.
• დეკანოზი ზაქარია მესხი: ერნესტ რენანის შეხედულებათა კრიტიკა ღირსი მამა ალექსი შუშანიას საღვთისმეტყველო ნააზრევში (სამაგისტრო ნაშრომი შესრულებული ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ირემაძე), ფოთი: „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“, 2020 წ.