2021-04-08 თენგიზ ირემაძე

ეპოქა

1 -ტერმინის დეფინიცია

ტერმინი „ეპოქა“ მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან εποχή (epoché) და სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაჩერებას“, „ჭრილს“, „მონაკვეთს“. ფართო აზრით, „ეპოქა“ აღნიშნავს დროის, ისტორიის ისეთ მონაკვეთს, რომელიც საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება. „ეპოქა“ გარკვეული პერიოდისა და წელთაღრიცხვის აღმნიშვნელიცაა. ამდენად, ტერმინს „ეპოქა“ მრავალსახა გამოყენების არე აქვს. ის სპეციფიკური მნიშვნელობით გამოიყენება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნიკისა და მედიის სფეროებში.

2 -ცნების ჩამოყალიბების ისტორია

ცნება „ეპოქის“ თაურსაწყისების განსაზღვრა არცთუ ისე ადვილია, რადგან მისი თეორიული დაფუძნება სხვადასხვა სახითა და კონტექსტით ხდება. შეიძლება ერთი რომელიმე კონტექსტი ავიღოთ და „ეპოქის“ ცნება მის ჭრილში გავიხილოთ. ისტორიის მეცნიერებაში საყოველთაოდ გავრცელებულია ეპოქებად დაყოფის შემდეგი სქემა: ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, ახალი დრო, მოდერნი და თანამედროვე ეპოქა. თუკი უპირატესობას რელიგიურ კონტექსტს მივანიჭებთ, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად, რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის ეპოქებზე. თუკი ხელოვნებათმცოდნეობისა და ხელოვნების ისტორიის კონტექსტს ავიღებთ ამოსავალ წერტილად, მაშინ, მაგალითად, მოდერნისა და თანამედროვე ეპოქის ხელოვნების შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ. თუმცა, თვით ერთი რომელიმე დიდი ეპოქის ფარგლებში რამდენიმე ეპოქალური მონაკვეთის, ე.წ. „მცირე ეპოქის“ გამოყოფა შეიძლება. მაგალითად, მოდერნის ეპოქა შეიძლება დაიყოს: ექსპრესიონიზმის, იმპრესიონიზმის, კუბიზმის, ფუტურიზმის, დადაიზმის, სურრეალიზმის, კონსტრუქტივიზმის და ა.შ. ეპოქებად. თუკი ლიტერატურის ისტორიას ავიღებთ განმსაზღვრელ ფაქტორად, მაშინ შეგვიძლია გამოვყოთ: ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსის, ჰუმანიზმის, რეფორმაციის, ბაროკოს, განმანათლებლობის, რომანტიზმის, რეალიზმის, ნატურალიზმის, მოდერნიზმის და ა.შ. ეპოქები. განსაკუთრებით რთული ამა თუ იმ ეპოქის განსაზღვრისას მისი დროითი საზღვრების დადგენაა. მაშასადამე, უნდა გამოიკვეთოს ის კრიტერიუმები და საერთო ნიშან-თვისებები, რომელთა მიხედვითაც დადგინდება, თუ როდის იწყება და როდის მთავრდება ესა თუ ის ეპოქა (მაგალითად, ბაროკო, რენესანსი, განმანათლებლობა და ა.შ.).

3 -ინტერდისციპლინური კონტექსტი

ეპოქის ცნების განსაზღვრის დროს, უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის განსაკუთრებით ნაყოფიერად ინტერდისციპლინურ კონტექსტში გამოიყენება. ამ დროს უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და საერთო ნიშან-თვისებები, რაც ამა თუ იმ ეპოქას განსაზღვრავს და გამოარჩევს. ამ საერთო მახასიათებლების დადგენის შედეგად ნათელი ხდება, რომ ერთი რომელიმე ეპოქის ფარგლებში სათავე დაედება მოცემული ეპოქისთვის საერთო ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც თავდაპირველად ვითარდება ამ ეპოქით მოცულ გარკვეულ დროით საზღვრებში, ხოლო შემდეგ კი გავლენასა და არსებობას ნელ-ნელა წყვეტს. ამის შემდეგ ფეხს იკიდებს ახალი ღირებულებები და ნორმები, რაც ახალ ეპოქას უდებს სათავეს. სხვადასხვა ეპოქ(ებ)ის სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს განაპირობებს მსოფლმხედველობრივი განსხვავებები და მოტივები, რომლებიც თავს იჩენს ადამიანური განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. ეს განსხვავებები კი, თავის მხრივ, გამოწვეულია ადამიანთა სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების დონით.

4 -ცნების გამოყენების ქართული კონტექსტი

ქართულ თეორიულ აზროვნებაში, ძირითადად, ეპოქის და ეპოქათა იმგვარი გაგებაა გავრცელებული, რომელიც დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ჰუმანიტარულ, სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დამკვიდრდა. ამ საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა, ხშირად, ქართული აზროვნების თავისებურებებისა და სპეციფიკური ხასიათის გამოკვეთას უშლის ხელს. ყოველივე ეს კი ჯერ კიდევ მყარად ფესვგადგმული ვიწრო ევროპოცენტრისტული აზროვნების შედეგიცაა. აქ თვალსაჩინო ხდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ამ ორი სოციალურ-პოლიტიკურად და კულტურულად დაპირისპირებული საწყისის კონფლიქტის მთავარი მიზეზი და მათი მორიგების აუცილებლობა. სწორედ ამ პერსპექტივების გათვალისწინებით არის ნასაზრდოები და ჩამოყალიბებული ეპოქის ცნება ჩემს ერთ-ერთ ნაშრომში „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“ (თბ., 2013 წ.). მასში ეპოქის ცნების, ეპოქათა მიჯნისა და ეპოქალური ცნობიერების ახალი გააზრების მცდელობაა მოცემული ინტერკულტურული ფილოსოფიური აზროვნების (ბერძნული, ქართული, ლათინური, ევროპული და ა.შ.) პარადიგმატული მიმართულებებისა და ავტორების ჭრილში. ამ ნაშრომის მთავარი მიზანია, შეიმუშავოს იმგვარი მეთოდოლოგიური წანამძღვრები და მოდელები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ქართული აზროვნების ორიგინალური ხასიათის ჩვენება. ამგვარი მეთოდოლოგიის მთავარ კომპონენტებად კი მიჩნეულია ინტერკულტურულობისა და ინტერდისციპლინურობის სპეციფიკური კონცეფცია, რომელიც ქართული აზროვნების განვითარების ხანგრძლივ პროცესს თან ახლდა მთელი მისი არსებობის მანძილზე. ამ მეთოდოლოგიურ კომპონენტებზე დაყრდნობით წარმოჩენილია ეპოქის გაგების ახალი ასპექტები; აქ მისი თვისობრივი სიახლე ამ კონცეპტის ინტერკულტურული დისკურსის ჭრილში მოდიფიცირებული გამოყენების მცდელობაა; ამა თუ იმ ეპოქის დასაწყისისა და დასასრულის მონიშვნა, უწინარეს ყოვლისა, მკაცრი დროითი პარამეტრების მოშველიებით კი არ ხდება, არამედ ე.წ. „პარადიგმატული მეტაფორების“ (თ. ირემაძე) დადგენითა და გამოვლენით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი „პარადიგმატული მეტაფორა“, რომელიც ამ ნაშრომში განხორციელებული კვლევა-ძიების საფუძვლად არის წარმოდგენილი და აღიარებული, არის „გზაგასაყარი“: „ეს ის ტოპოსია, რომელიც განსხვავებული კულტურების, შეხედულებებისა და მსოფლმხედველობების შეყრისა და გაყრის ადგილად შეიძლება გავიგოთ“ (იხ. დასახელებული ნაშრომი, გვ. 12). აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ეპოქების განსაზღვრის პროცესში, უწინარეს ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს „პარადიგმატული (კონ)ტექსტ(ებ)ი“, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ეპოქის, კულტურული სივრცისა და მსოფლხატების დროითი საზღვრების შესახებ ვიმსჯელოთ. „გზაგასაყარი“ არის უნივერსალური ტერმინი/ცნება, რომელიც მკაცრ ცნებობრივ საზღვრებს სცდება და ეპოქათა და კულტურათა საერთო ნიშან-თვისებების, ადგილების, ტოპოსების აღმნიშვნელ მეტაფორად იქცევა. თავისი უნივერსალური ხასიათის გამო, ეს ტერმინი/ცნება ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ კონტექსტშიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ლოკალური, რეგიონალური და გლობალური პროცესების აღმნიშვნელი და მომნიშვნელი კონცეპტი. მაშასადამე, „გზაგასაყარი“ არის ისეთი სახის „პარადიგმატული მეტაფორა“, რომელიც ამა თუ იმ ეპოქის განსაზღვრის პროცესში ეფექტურ კონცეპტუალურ და ეპისტემოლოგიურ კოდს წარმოადგენს.

5 -გამოყენებული ლიტერატურა

• აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორები - თ. ირემაძე და გ. თევზაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ.

ზაქარაძე, ლ.: ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში (განაზრებანი პროფ. თენგიზ ირემაძის ნაშრომზე – „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“, თბილისი, „ნეკერი“, 2013), იხ.: „კადმოსი“. ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, # 4 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 417-430.

ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.