2021-04-08 თენგიზ ირემაძე

თეოდიცეა

1 -დეფინიცია და ცნების ჩამოყალიბების ისტორია

ტერმინი „თეოდიცეა“ ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და აღნიშნავს ღმერთის (მისი ყოვლისშემძლეობის, სიბრძნისა და სიკეთის) გამართლებას მის მიერვე შექმნილ სამყაროში არსებული ბოროტების მიუხედავად. ცნება „თეოდიცეა“ დაამკვიდრა გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა (1646-1716 წწ.) და, გარკვეული ხანი, ღმერთის შესახებ თეოლოგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. თეოდიცეის მთავარი პრობლემა შემდეგი სახით შეიძლება გადმოიცეს: როგორ შეიძლება ღმერთის ყოვლისშემძლეობა, სიბრძნე და სიკეთე თანხმობაში იყოს სამყაროში არსებულ ბოროტების გამოვლინებებთან (ავადმყოფობა, სიკვდილი, ომი და ა.შ.)? ანტიკურობიდან მოყოლებული, ამ საკითხის შესახებ უამრავი მოსაზრება (ეპიკურე, ლაკტანცი და სხვ.) გამოითქვა. განსაკუთრებით საინტერესო კი ის თვალსაზრისებია, რომლებიც ლაიბნიცსა და ჰეგელს მიეწერება. ლაიბნიცის მიხედვით, ბოროტება სამყაროს დამახასიათებელი, იმანენტური მომენტია. მართალია, ღმერთს სიკეთე სურს, მაგრამ, ადამიანური თავისუფლების უზრუნველყოფის გამო, იგი სამყაროში ბოროტების არსებობასაც უშვებს. ჰეგელისთვის კი „თეოდიცეა“ წარმოადგენს „ღმერთის გამართლებას ისტორიაში“.

თეოდიცეის პრობლემა განსაკუთრებით ნაყოფიერად წარმოჩნდა ლაიბნიც-ვოლფის მეტაფიზიკაში. ეს ორი დიდი ევროპელი მოაზროვნე ქრისტიანული ფილოსოფიის არსებით პრობლემებს განიხილავს; ლაიბნიცის სახელთან დაკავშირებულია თეოდიცეის იდეის/ცნების შემოტანა და მისი დაფუძნების წარმატებული მცდელობა ფილოსოფიის ისტორიაში, ხოლო ქრისტიან ვოლფი კი ლაიბნიცის ფილოსოფიის სისტემატიზებას ცდილობდა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ე.წ. „გერმანულ სასკოლო ფილოსოფიას“. ლაიბნიცის დამსახურება იყო ღმერთის სამართლიანი ბუნების დასაბუთება დახვეწილი ფილოსოფიური მეთოდებითა და მეთოდოლოგიით. მაგრამ ხომ არ აღმოჩნდა თეოდიცეის იდეის შემოტანა ფილოსოფიის სისტემაში ლაიბნიცის აზროვნების აქილევსის ქუსლიც? რამდენად წარმატებულად შესძლო მან ღმერთის ყოვლისშემძლეობის, სამართლიანობისა და სამყაროში არსებული უამრავი ცოდვის, ტანჯვისა და ბოროტების ფაქტის ერთმანეთთან თანხმობაში მოყვანა?! როგორ შეიძლება ღმერთის ყოვლისშემძლეობა, სიბრძნე და სიკეთე თანხმობაში იყოს სამყაროში არსებული ბოროტების მრავალგვარ გამოვლინებასთან (ავადმყოფობა, ტანჯვა, სიკვდილი, ომი და ა.შ.)?

ლაიბნიცი ამ პრობლემის გადაჭრას ახალი ფილოსოფიური ხედვების დაფუძნებით შეეცადა. მან ჩამოაყალიბა და განავითარა საკმაო საფუძვლის კანონი, რომელიც არა მარტო ლოგიკის, არამედ სინამდვილის მთავარ კანონად გამოაცხადა, რათა სამყაროში ღმერთის არსებობისა და მისი სამართლიანი ბუნების დასაბუთება მოეხდინა. იგი მიიჩნევდა, რომ ჩვენი სამყარო „ყველა სამყაროთაგან საუკეთესოა“, რადგან მასში ადამიანის თავისუფალი ნების არსებობაა გარანტირებული. რადგან სამყაროში ადამიანური თავისუფლება არსებობს, არსებობს ბოროტებაც, როგორც კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის შესაძლებლობა. გამოდის, რომ ბოროტება სამყაროს იმანენტური მომენტია!

ლაიბნიცის ეს კონცეფცია დიდი ფრანგი განმანათლებლის, ვოლტერის (1694-1778 წწ.) მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ვოლტერმა თავის თხზულებაში „კანდიდი ანუ ოპტიმიზმი“ (1759 წ.) დასცინა კიდეც ლაიბნიცს იმის გამო, რომ მან ჩვენი სამყარო საუკეთესო და სრულყოფილ სამყაროდ აღიარა; არადა, სწორედ ჩვენს სამყაროში ხდება უამრავი საშინელება და როგორ შეიძლება, რომ ეს სამყარო საუკეთესო იყოს ყველა შესაძლო სამყაროთა შორის?! - სატირითა და დაცინვით შენიშნავს ვოლტერი. ვოლტერმა ეს იდეა თვალსაჩინოდ და შთამბეჭდავად წარმოაჩინა ზემოთ დასახელებული ფილოსოფიური მოთხრობის ორ პერსონაჟს (ფილოსოფოს პანგლოსსა და ახალგაზრდა მეცნიერს, კანდიდს) შორის გამართულ დიალოგში. კანდიდი სვამს კითხვას: „მიუხედავად ყველაფრისა, მრავალი ტანჯვისა და წამებისა, მაინც რჩებით თუ არა იმ აზრზე, რომ სამყაროში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის?“ პანგლოსი პასუხობს: „დიახ! მე ვრჩები ჩემს აზრზე. მე ფილოსოფოსი ვარ და არ შემშვენის ჩემი აზრის უარყოფა და შეცვლა!“

აი, ამგვარი „ფილოსოფიური უხერხულობები“ შეიძლება წარმოიშვას თეოდიცეის იდეის, ანუ იმ მოძღვრების დასაბუთების პროცესში, რომლის მიხედვითაც ჩვენი სამყარო საუკეთესოა ყველა შესაძლო სამყაროთა შორის! ეს საკითხი თავს იჩენს ქრისტიანული მსოფლმხედველობის ნებისმიერი აპოლოგეტის წინაშეც და საჭირო ხდება მისი დამაჯერებელი გადაწყვეტა.

2 -თეოდიცეის პრობლემა ქართულ აზროვნებაში

ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში ლაიბნიც-ვოლფის მეტაფიზიკის რეცეფცია მოხდა. ლაიბნიც-ვოლფის მოდელი საყურადღებო აღმოჩნდა ახალი დროის ქართული ფილოსოფიის საღვთისმეტყველო ფრთის მიმდევართათვის. ქართულ სააზროვნო სივრცეში თეოდიცეის პრობლემის შესახებ, უწინარეს ყოვლისა, ის მოაზროვნეები მსჯელობდნენ, რომლებიც ლაიბნიცისა და მისი მიმდევრების მოძღვრებას იცნობდნენ. აქ, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ანტონ ბაგრატიონისა (1720-1788 წწ.) და იონა ხელაშვილის (1778-1837 წწ.) ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ნაშრომები.

ანტონ ბაგრატიონი და იონა ხელაშვილი სასულიერო პირები იყვნენ და მათი მოწოდებისა და ხელობის გამოც დადგნენ ამ პრობლემის წინაშე. თუმცა, არანაკლები რეზონანსი ხვდა წილად ვოლტერის კრიტიკულ პოზიციასაც. უფრო მეტიც, XIX საუკუნის საქართველოში ვოლტერის მრავალი თხზულება ითარგმნა ქართულ ენაზე და მას ერთგული მიმდევრებიც კი გამოუჩნდნენ ახალი დროის ქართულ აზროვნებაში. სწორედ ამან უბიძგა ლევან ასათიანს (1900-1955 წწ.), რომ მაშინდელ ქართულ აზროვნებაში ამ დიდი მოძრაობისთვის „ვოლტერიანობა საქართველოში“ ეწოდებინა.

ახალი დროის ქართული ფილოსოფიის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იონა ხელაშვილის კომენტარები ლაიბნიც-კლარკის მიმოწერაზე. ეს მიმოწერა 1823 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ილია ბაგრატიონმა (1790-1854 წწ.), მაგრამ ქართული თარგმანი სრულყოფილი არ არის, რადგან ის ამ მიმოწერის მხოლოდ ერთ ვრცელ ნაწილს მოიცავს. იონა ხელაშვილის აღნიშნული კომენტარები ნათლად წარმოაჩენს ამ ავტორის ფილოსოფიური და თეოლოგიური მსოფლმხედველობის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს და ადასტურებს მის საგანგებო ინტერესს მაშინდელი ევროპული აზროვნების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ღმერთის ცნებასთან მიმართებით იგი აკრიტიკებდა როგორც ლაიბნიცის, ასევე კლარკის შეხედულებებს. სამუელ კლარკი (1675-1729 წწ.) მისი მოძღვრის, ისააკ ნიუტონის (1643-1727 წწ.) პოზიციას იცავდა, რომლის მიხედვითაც ღმერთისა და უმაღლესი არსებების შემეცნების ეფექტურ გზად მათემატიკური მეთოდები იქნა დასახული. იონა ხელაშვილის აზრით, უმაღლესი არსების სრულყოფილი შემეცნება იმ დისციპლინის მეშვეობით, რომელიც სხეულთა ზომას თვლის, ვერ მოხერხდება, რადგან „მაღალი სიბრძნე“ არ არის მათემატიკური შემეცნების საგანი. არა თუ მათემატიკის მეშვეობით, არამედ თვით ლაიბნიცის მეტაფიზიკის მეშვეობითაც კი ვერ ხერხდება ღმერთისა და სხვა უმაღლესი არსებების შემეცნება.

იონა ხელაშვილი ლაიბნიცისა და კლარკის დავა-კამათში ცალსახად არცერთი მოაზროვნის პოზიციას არ იკავებს. იგი არც ლაიბნიცის მეცნიერული მეთოდოლოგიის მომხრეა და არც კლარკისა. უფრო მეტიც, იგი არცერთი მოაზროვნის მიმართ არ იშურებს კრიტიკას. მას ღმერთის შესამეცნებლად არც ახალი დროის მათემატიკის მეთოდები (ნიუტონი/კლარკი) მოსწონს და არც რაციონალისტური მეტაფიზიკის (ლაიბნიცი) მეთოდოლოგია. იონა ხელაშვილი უპირატესობას ანიჭებს ქრისტიანული მეტაფიზიკის ძველ ტრადიციას და თავის მოძღვრებაში ქრისტიანული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების დიდი ავტორიტეტის, იოანე დამასკელის (675-749 წწ.) ნააზრევს ეყრდნობა. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ თეოდიცეის საკითხის განხილვის დროსაც იონა ხელაშვილი ქრისტიანული მეტაფიზიკის ტრადიციების ერთგული რჩება და სწორედ ფილოსოფიური ღვთისმეტყველების კატეგორიოლოგიის საფუძველზე გადაჭრის ამ პრობლემას.

ალეთეიოლოგიური მოძღვრების კონტექსტში თეოდიცეის საკითხს საგანგებო ყურადღებას აქცევს შალვა ნუცუბიძე (1888-1969 წწ.). იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თეოდიცეის პრობლემა ყოველი ტიპის ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი ძნელი და უხერხული პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც ყველა დიდი ფილოსოფოსი (პლატონი, არისტოტელე, ლაიბნიცი, ჰეგელი და სხვ.) ცდილობდა. მისი აზრით, აქ მთავარი საკითხი სწორედ ის არის, რომ ნათელი და გასაგები უნდა გახდეს სამყაროს ნაკლოვანება, დროითი ხასიათი და ცვალებადობა, თანაც, ისე, რომ ღმერთის არსებობის საკითხს საფრთხე არ უნდა შეექმნას.

XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში თეოდიცეის პრობლემას (უმეტესწილად, ლაიბნიცზე, კანტსა და ჰეგელზე დაყრდნობით) განიხილავდნენ: მოსე გოგიბერიძე, კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, გურამ თევზაძე, მამუკა ბიჭაშვილი და სხვ. გ. თევზაძემ თავის წიგნში „ახალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი I. განმანათლებლობა“ (2009 წ.) თეოდიცეის პრობლემის ლაიბნიცისეული გაგება ფილოსოფიის ისტორიის მთლიან კონტექსტში გაიაზრა და ნათლად აჩვენა, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა საკაცობრიო აზროვნების თითქმის ყველა ეტაპზე.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• ბაქრაძე, კ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია (რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. VI), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1972 წ.

• ბიჭაშვილი, მ.: ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია, თბილისი: „მერიდიანი“, 2005 წ.

• გოგიბერიძე, მ.: ფილოსოფიის ისტორია, ტ. I, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1941 წ.

• თევზაძე, გ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი I. განმანათლებლობა (ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე), თბილისი: „Carpe Diem“, 2009 წ.

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

• მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ.

• წერეთელი, ს.: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1986 წ.

Nuzubidse, Sch.: Wahrheit und Erkenntnisstruktur. Erste Einleitung in den aletheiologischen Realismus, Berlin und Leipzig: Walter de Gruyter, 1926.

Nuzubidse, Sch.: Philosophie und Weisheit. Spezielle Einleitung in die Aletheiologie, Berlin und Königsberg: Ost-Europa-Verlag, 1931.