ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში „შავი მთის მწიგნობრულ სკოლად“ სახელდებულია მთარგმნელობითი მიმდინარეობა, რომელიც ჩაისახა XI საუკუნეში სირიაში მოღვაწე ქართველ ბერ-მონაზონთა მწიგნობრულ წრეებში. სახელი „შავი მთა“ იმ ადგილის გეოგრაფიული სახელწოდებიდან მომდინარეობს, სადაც ამ მონასტერთა უმეტესობა იყო განლაგებული. ეს არის მთიანი მასივი, რომელიც დასავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მდებარე უძველეს ქალაქს, ანტიოქიას მდინარე ორონტზე (ამჟამად ქალაქი ანტაკია თურქეთის ტერიტორიაზე).
ქართველთა კვალი შავ მთაზე ადრეული პერიოდიდან ჩანს. ქართველი ბერები მოხსენიებულნი არიან VI საუკუნის წმინდანთა – სვიმეონ უმცროსი მესვეტის დედის, მართას „ცხოვრებასა“ და თავად სვიმეონ უმცროსის „ცხოვრებაში“. თუმცა, ქართველთა მწიგნობრული საქმიანობა შავ მთაზე მოგვიანებით, XI საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. X საუკუნის ბოლო მეოთხედში არაბთა სამსაუკუნოვანი ბატონობისაგან განთავისუფლებული ქრისტიანული აღმოსავლეთის ეს რეგიონი ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა და კულტურულ აღმავლობას განიცდის, გამორჩეული ადგილი ხდება კულტურულ-მწიგნობრული საქმიანობისათვის. როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, ქართველები ამ რეგიონში მოღვაწეობდნენ სამონასტრო ცენტრებში სხვა ეროვნების ბერ-მონაზვნებთან ერთად, ასევე საკუთარ მონასტრებსაც ფლობდენ. რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრში, სვიმეონწმინდის მონასტერში, XI საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს 60-მდე ქართველი ბერი იმყოფებოდა. ქართველებისა იყო კალიპოსში, სვიმეონწმინდის მონასტრის შემოგარენში მდებარე ღვთისმშობლის მონასტერი; სამხრეთ საქართველოს ცნობილი გვარის წარმომადგენლის, დავით ჯიბისძის მიერ ანტიოქიის რეგიონში აგებული იყო ძელიცხოველის ეკლესია; ქართველებს ეკუთვნოდათ კასიოსის მთაზე V-VI საუკუნეებში ბერძნული ეკლესიის ადგილას აშენებული მონასტერი – ბარლაამწმინდა. ხელნაწერთა კოლოფონებში დასტურდება კიდევ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი, სადაც ქართველი მწიგნობრები მოღვაწეობდნენ: ეზრას მონასტერი, წმ. რომანას მონასტერი, თუალთა, ლერწმისხევი, მონასტერი კასტანაში, წმინდა მინას მონასტერი, წმ. პროკოპის მონასტერი და სხვ. ანტიოქიის რეგიონის მონასტერთა რაოდენობის შესახებ დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი.
XI საუკუნის 30-60-იანი წლების შავი მთის მწიგნობრული ტრადიცია დაკავშირებულია ათონის მწიგნობრული სკოლის ცნობილი წარმომადგენლის, გიორგი მთაწმინდელის სახელთან. ის გარკვეული დროის მანძილზე მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა შავ მთაზე. იქ უნდა შეედგინა მას თავისი ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი – თვენი და პარაკლიტონი.
XI საუკუნის 70-90-იანი წლების შავი მთის მწიგნობრულ წრეებში თავს იჩენს ახალი მიმდინარეობა, ელინოფილიზმი, რომელიც უშუალო კავშირშია გამორჩეული მთარგმნელის, გრამატიკოსისა და ღვთისმეტყველის, ეფრემ მცირის სახელთან. ეფრემ მცირის მთარგმნელობითი კონცეფცია გულისხმობს ბერძნულის ადეკვატური, დედანთან ენობრივად დაახლოებული ქართული თარგმანების შექმნას, ქართული ენის გამომხატველობითი შესაძლებლობების გააქტიურებას და ფილოსოფიასა თუ რიტორიკაში გაწაფულ ბერძნულ ენასთან გათანაბრების მცდელობას, სწრაფვას საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებისკენ, ქართული კრებულების შედგენას ბერძნული ხელნაწერების ანალოგიით და სხვ.
ეფრემს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ძველი ქართული მწერლობის სხვადასხვა ჟანრის – ბიბლიური ეგზეგეტიკის, ჰომილეტიკის, ასკეტიკის, აგიოგრაფიის, ჰიმნოგრაფიის და სხვ. განვითარებაში. მას ნათარგმნი აქვს ფსალმუნთა და სამოციქულოს კომპილაციური ხასიათის კომენტარები, ქრისტიანული მწერლობის ცნობილი წარმომადგენლების – თეოდორე სტუდიელის, იოანე ოქროპირის, ანასტასი სინელის, იოანე დამასკელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხვ. საკითხავები, 20-ზე მეტი აგიოგრაფიული თხზულება; მის სახელთან არის დაკავშირებული გიორგი მთაწმინდელის შემდეგდროინდელი რედაქციის მარხვანის შედგენა, ბიზანტიური ლიტურგიკული თუ არალიტურგიკული პოეზიის არაერთი ნიმუშის თარგმნა. ეფრემის განსაკუთრებული დამსახურებაა ფილოსოფიური თხზულებების – იოანე დამასკელის „დიალექტიკისა“ და „გარდამოცემის“, ასევე არეოპაგიტული კორპუსის ქართულად გადმოტანა. ამ თხზულებათა თარგმნით მან ქართულ აზროვნებაში შემოიტანა ქრისტიანულ კონტექსტში წარმოდგენილი ანტიკური ფილოსოფია, ბიძგი მისცა ანტიკური ფილოსოფიური ენის, მისივე სიტყვებით, „საწარმართო სიტყვის“ დამკვიდრებას ქართულში.
ეფრემის თარგმანების უმეტესობა გამოირჩევა ბერძნულთან განსაკუთრებული სიახლოვით, ელინიზებული ენით. ზოგ შემთხვევაში ის დედანთან დაახლოების მიზნით ხელმეორედ თარგმნის ადრეულ პერიოდში თავისუფალი მთარგმნელობითი მეთოდით ნათარგმნ თხზულებებს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, კომენტარული ტექსტების თარგმნისას, ის თავისუფალ მთარგმნელობით მეთოდსაც მიმართავს. ეფრემი ნამდვილი სწავლული მთარგმნელია, რომელიც თარგმნის დროს იშველიებს ლექსიკონებს, სხვადასხვა კომენტარს.
ეფრემი რამდენიმე ორიგინალური ტექსტის ავტორიცაა. ესენია: „მოსაჴსენებელი მცირე სჳმეონ ლოღოთეტისა და თხრობაჲ მიზეზთა მათ საკითხავთა თარგმნისათა“, რომელშიც საუბარია მეტაფრასტიკაზე, სიმეონ ლოგოთეტის (მეტაფრასტის) მიერ კიმენურ ტექსტებზე ჩატარებულ სამუშაოზე; „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების“, რომელშიც ბერძნული წყაროებიდან ამოკრებილია ცნობები ქართველთა გაქრისტიანების შესახებ. ეფრემის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის თარგმანებზე დართულ წინასიტყვაობებს – მცირე ზომის ტრაქტატებს, რომლებშიც ეფრემის მთარგმნელობითი, ენათმეცნიერული თუ ლიტერატურულ-თეორიული კონცეფციებია წარმოდგენილი. ეს ტექსტები მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს ქართული ფილოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბების ისტორიის შესწავლისათვის.
ცნობილი ქართველი მთარგმნელი არსენ იყალთოელი შავ მთაზე მოღვაწეობდა XI საუკუნის ბოლო მეოთხედში. წერილობითი წყაროების მიხედვით, ის იყო ეფრემ მცირის მოწაფე, ელინოფილური მთარგმნელობითი სკოლის წარმომადგენელი. უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რომელიც არსენ იყალთოელის მიერაა ბერძნულიდან ნათარგმნი, არის „დიდი სჯულისკანონი“ – ბიზანტიური იურისპრუდენციის ძეგლი, რომელიც 14-ტიტლოვანი ნომოკანონის 883 წლის რედაქციის სახელითაა ცნობილი. ამ კრებულმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული ორიგინალური საეკლესიო სამართლის ჩამოყალიბებაში – საფუძვლად დაედო 1105 წელს შედგენილ ქართულ სამართლის ძეგლს, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერას“. მეცნიერთა ნაწილი არსენ იყალთოელს აიგივებს ამავე პერიოდის წყაროებში მოხსენიებულ მწიგნობართან, არსენ ვაჩეს-ძესთან, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დოგმატურ-პოლემიკური კრებულის – „დოგმატიკონის“ – შემდგენელი და მთარგმნელი. ამ კრებულში თავმოყრილია III-XI საუკუნეების ქრისტიანული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები. „დოგმატიკონში“ მკაფიოდ არის ასახული იმდროინდელი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი განწყობა, სარწმუნოებრივი პოზიციები და ინტელექტუალური მოთხოვნები.
XI საუკუნის 30-60-იან წლებში ანტიოქიის რეგიონში გადაწერილი ხელნაწერების უმეტესობა გიორგი მთაწმინდელის თარგმანებისა და მის მიერ რეცენზირებული ტექსტების შემცველი ხელნაწერებია. მათგან აღსანიშნავია კონსტანტინოპოლელ ოსტატთა თანამონაწილებით მაღალ მხატვრულ დონეზე დეკორირებული სახარებები: ალავერდის (ხეც A-484, XI ს. 50-იანი წწ.), კალიპოსისა (ქუთაისი, K-76, 1060 წ.) და ვატიკანის (Vat. iber. 1). ამ პერიოდში ანტიოქიის რეგიონშია გადაწერილი გიორგი მთაწმინდელის ლიტურგიკული კრებულები: თვენი (Jer. iber. 75, 1066 წ.), დიდი სვინაქსარი (ხეც H-2211, XI ს. 40-50-იანი წწ.), პარაკლიტონი (გიორგი მთაწმინდელის ავტოგრაფი - Ath. iber. 45, 1056-1059 წწ.). ამ პერიოდს განეკუთვნება ასევე წინაათონური და ათონური ეპოქის აგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური ტექსტების შემცველი ხელნაწერები: გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის საკითხავების კრებული (პეტერბურგი, P-3, 1040 წ.), აგიოგრაფიული კრებულები (ხეც A-142, Ath. iber. 84, 1040-1042 წწ.). ამ ხელნაწერების გადამწერთა უმეტესობა შავ მთაზე საქართველოდანაა ჩასული. ესენი არიან ცნობილი მწიგნობრები – ალავერდისა და ვატიკანის სახარებების გადამწერები სვიმეონ, გიორგი და იოვანე დვალები; დიდი სვინაქსარის გადამწერები და მომგებლები – ჯიბისძეთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები ტაო-კლარჯეთიდან და სხვ.
XI საუკუნის 70-90-იან წლებში ანტრიოქიის რეგიონში გადაწერილი ხელნაწერების უმეტესობა ეფრემ მცირის თარგმანებს შეიცავს. ესენია: ფსალმუნთა კომენტარები (ხეც Q-37, 1091 წ.), ჰომილეტიკურ თხზულებათა კრებული - ეფრემ მცირის ავტოგრაფული ხელნაწერი (ხეც S-1276, I ნაწ.). შედგენილობისა და პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური ნიშნებით ამ რეგიონსა და ეპოქას უნდა განეკუთვნებოდეს ეფრემის თარგმანების შემცველი შემდეგი ხელნაწერებიც: წმინდა მამათა საკითხავები (ხეც A-162), აგიოგრაფიული კრებული (ხეც S-384), ბასილი დიდის „ასკეტიკონი“ და თეოდორიტე კვირელის „ფილოთეონ ისტორია“ (ხეც A-689), სამოციქულოს კომენტარები (ხეც A-390, Q-1158). ეს არაკალიგრაფიული ხელწერით, ე. წ. შავი მთის ხელით უხეშ აღმოსავლურ ქაღალდზე შესრულებული ხელნაწერებია, რომლებიც სამუშაო ეგზემპლარები, პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ნუსხებია. აღსანიშნავია კიდევ ერთი ჯგუფი ეფრემ მცირის თარგმანების შემცველი XII-XIII საუკუნეების ხელნაწერებისა, რომელთა არქეტიპები, სავარაუდოდ, შავ მთაზე XI საუკუნის ბოლო მეოთხედში უნდა იყოს შექმნილი. ესენია: ეფრემ ასურის „ასკეტიკონი“ (ხეც A-1115), არეოპაგიტული კრებული (ხეც A-110), იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“ (ხეც A-24), გრიგოლ ღვთისმტყველის 16 ლიტურგიკული საკითხავის კრებული (ხეც A-109, Jer. iber.: 15, Jer. iber. 43). ეს კრებულები აგებულებითა და ატრიბუტიკით მკვეთრად გამოხატული ბიზანტინიზებული ხელნაწერებია.
XI საუკუნის შავი მთის სკოლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ქართული მწერლობის ისტორიაში. ანტიოქია, რომელიც მდებარეობდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, და სადაც თავმოყრილნი იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა თუ კულტურის წარმომადგენლები, მეტად ხელსაყრელი გარემო იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლის, ინტელექტუალური განვითარებისა თუ შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. ყოველივე ეს, ცხადია, აისახა შავ მთაზე მოღვაწე ქართველთა საქმიანობაზე, მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, რამაც, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრა შემდგომი პერიოდის მწიგნობრული კულტურის – გელათის საღვთისმეტყველო-სალიტერატურო სკოლის სახე და მიზანმიმართულება.
• ბეზარაშვილი, ქ.: რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით, თბილისი: „მეცნიერება“, 2004 წ.
• ბეზარაშვილი, ქ.: ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე, I, II, III, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2011, 2012 წწ..
• ბრეგაძე, თ. (გამოც.): ეფრემ მცირე, „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1959 წ.
• გაბიძაშვილი, ე., გიუნაშვილი, ე., დოლაქიძე, მ., ნინუა, გ. (გამოც.): დიდი სჯულისკანონი, თბილისი: „მეცნიერება“, 1975 წ.
• დათიაშვილი, ლ. (გამოც.): თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• დობორჯგინიძე, ნ.: ლინგვისტურ-ჰერმენევტიკული მეტატექსტები. პრაქტიკული გრამატიკა X-XIII საუკუნეების ქართულ წყაროებში, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2012 წ.
• თვალთვაძე, დ.: ეფრემ მცირის კოლოფონები, თბილისი: „ნეკერი“, 2009 წ.
• იოანე დამასკელი: დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. რაფავამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1, მე-5 გამოც., თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• კიკნაძე, ლ.: წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი სირიაში (ანტიოქიის რეგიონი), იხ.: „მრავალთავი“. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 25, გვ. 76-84, 2016 წ.
• კოჭლამაზაშვილი, ე. (გამოც.): სამოციქულოს განმარტება გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ, I, თბილისი: „ალილო“, 2011 წ.
• კოჭლამაზაშვილი, ე. (გამოც.): წმიდა ეფრემ ასური, სწავლანი, ქართული ვერსია, I, სწავლანი ღირსისა მამისა ჩუენისა ეფრემისნი (ნაკვეთი პირველი), თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ, თბილისი: „ალილო“, 2015 წ.
• ლოლაშვილი, ი.: არსენ იყალთოელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1978 წ.
• მამასახლისი, ქ. (გამოც.): წმ. პალადი ჰელენოპოლელი, ლავსაიკონი, თბილისი: „ახალი ივირონი“, 2010 წ.
• მამასახლისი, ქ. (გამოც.): წმ. ბასილი კესარიელი, ასკეტიკონი, თბილისი: „მერიდიანი“, 2015 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1980 წ.
• მეტრეველი, ე.: შავი მთის მწიგნობრული კერის ისტორიისათვის XI საუკუნის პირველ ნახევარში, იხ.: ე. მეტრეველი, ფილოლოგიურ–ისტორიული ძიებანი, I, თბილისი: „არტანუჯი“, 2007 წ., გვ. 87-108.
• მეტრეველი, ე.: ეფრემ მცირის ავტოგრაფი, იხ.: ე. მეტრეველი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, I, თბილისი: „არტანუჯი“, 2007 წ., გვ. 109-126.
• მიმინოშვილი, რ., რაფავა, მ. (გამოც.): წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა“, 2000 წ.
• ოთხმეზური, თ.: კომენტარული ჟანრი შუა საუკუნეების ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში, ეფრემ მცირე და გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კომენტარები, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2011 წ.
• ოთხმეზური, თ. (რედ.): უცხოეთში გადაწერილი ქართული ხელნაწერები საქართველოს სიძველეთსაცავებში, შემდგენლები: ვ. კეკელია, ნ. მიროტაძე, თ. ოთხმეზური, დ. ჩიტუნაშვილი, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2018 წ.
• ოთხმეზური, თ.: ანტიოქიის რეგიონის ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის: „კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“, იხ.: „მრავალთავი“. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 26, 2019 წ., გვ. 350-277.
• რაფავა, მ., ჩიკვატია, ნ., კასრაძე, მ. (გამოც.): დოგმატიკონი, 2, ნიკიტა სტითატი, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2013 წ.
• რაფავა, მ., ჩიკვატია, ნ., შენგელია, დ. (გამოც.): დოგმატიკონი, 1, ანასტასი სინელი, წინამძღუარი, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2015 წ.
• სარჯველაძე, ზ.: ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბილისი: „განათლება“, 1984 წ.
• სირაძე, რ.: ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1975 წ.
• სირაძე, რ.: ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, თბილისი: „ხელოვნება“, 1978 წ.
• შანიძე, მ.: ფსალმუნთა თარგმანების შესავალი, იხ.: ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 11, მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლისთავს, 1968 წ., გვ. 79-122.
• ჩანტლაძე, ა. (გამოც.): ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს-ძის „დოგმატიკონში“, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1997 წ.
• ჭელიძე, ე.: წმ. ეფრემ მცირე, „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, იხ.: საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, 5, 2014 წ., გვ. 24-97.
• ჭუმბურიძე, ა.: ქართულ-ბერძნული საღვთისმეტყველო განმარტებანი ანგელოზურ ძალთა შესახებ, თბილისი: „მეცნიერება“, 2001 წ.
• ხაჩიძე, ლ.: ეფრემ მცირის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობის შესახებ, თბილისი: „უნივერსალი“, 2009 წ.
• ხინთიბიძე, ე.: ბასილი კაპადოკიელის „სამოღვაწეო წიგნის“ ქართული რედაქციები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1968 წ.
• ხოფერია, ლ., ცერაძე, თ.: ქართული სამონასტრო კოლონია ანტიოქიაში: ქართველ მკვლევართა 2011 წლის ექსპედიცია, იხ.: ძველი ხელოვნება დღეს, 20.03. 2012 წ., გვ. 73-80.
• ჯობაძე, ვ.: მასალები ორონტის ანტიოქიის დასავლეთით მდებარე ქართული მონასტრების კვლევა-ძიებისათვის, თ. ებანოიძის თარგმანი, რედ. მგალობლიშვილი, თ., ცერაძე, თ., თბილისი, 2017 წ.
• ჯუღელი, ვ.: ნეტარი თეოდორიტე კვირელი, საღმრთო ასპარეზობა და სიბრძნისმოყვარება სირიული ასკეტიზმის ფონზე. ფილოთეონ ისტორია და მისი ქართული თარგმანები, 2, თბილისი: „ლოგოსი“, 2011 წ.
• Coulie, B., Metreveli, H. et Bezarachvili, K., Chanidze, M., Dolakidze, M., Kourtsikidze, Ts., Matchavariani, M., Melikichvili, N., Otkhmezouri, T., Rapava, M. (eds.): St. Gregorii Nazianzeni Opera. Versio Iberica, I / II / III / IV / V / VI / VII / VIII (Corpus Christianorum. Series Graeca, 36 / 42 / 45 / 52 / 58 / 78 / 86 / 95, Corpus Nazianzenum, 5 / 9 / 12 / 17 / 20 / 26/ 28 / 30), Turnhout - Leuven: Brepols, 1998 / 2000 / 2001 / 2004 / 2007 / 2013 / 2017 / 2019.
• Djobadze, W.: Archaeological Investigations in the Region West of Antioch On-The-Orontes, Stuttgart: Franz Steiner Verlag, 1986.
• Djobadze, W.: Materials for the Study of Georgian Monasteries in the Western Environs of Antioch on the Orontes (Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, 372, subsidia 48), Leuven: Peeters, 1976.
• Doborjginidze, N.: Die georgische Sprache im Mittelalter (Sprachen und Kulturen des christlichen Orients, Bd. 17), hrsg. v. den Heijer, J., Emmel, St., Krause, M., Schmidt, A.,Wiesbaden: Reichert-Verlag, 2009.
• Otkhmezuri, T. (ed.): Pseudo-Nonniani in IV orationes Gregorii Nazianzeni commentarii (Corpus Christianorum. Series Graeca, 50, Corpus Nazianzenum, 16), Turnhout: Brepols, 2002.
• Saminsky, A.: Georgian and Greek Illuminated Manuscripts from Antioch, in: Ciggaar, K., Metcalf, D. (eds.), East and West in the Medieval Eastern Mediterranean: Antioch from the Byzantine Reconquest until the End of the Crusader Principality, I (Orientalia Lovaniensia Analecta, 147), Leuven – Paris – Dudley, MA, 2006, pp. 17-32.
• Saminsky, A.: Assimilation and Creation of Greek Art in Antioch-on-the-Oromtes in Syria during the Second Period of Byzantine Domination (969-1085), in:Ciggaar, K., Van Aalast, V. (eds.), East and West in the Medieval Eastern Mediterranean: Antioch from the Byzantine Reconquest until the End of the Crusader Principality, II (Orientalia Lovaniensia Analecta, 199), Leuven – Paris – Walpole, MA, 2013, pp. 219-276.
• Walbiner, C. M., Nanobashvili, M.: Nicon’s Treatise on the Conversion of the Georgians in Christian Arabic Literature and Its Possible Source, in: Le Muséon, Revue d’Etudes Orientales, 121, 3-4, 2008, pp. 437-461.