კანტი იმანუელ (22. IV. 1724 წ., კენიგსბერგი, ახლანდ. კალინინგრადი, – 12. II. 1804 წ., იქვე), გერმანელი ფილოსოფოსი. 1740-1746 წწ. სწავლობდა ფილოსოფიას, მათემატიკას, ბუნებისმეცნიერებებსა და თეოლოგიას კენიგსბერგის უნივერსიტეტში. პირველი ნაშრომი „ცოცხალ ძალთა ჭეშმარიტი შეფასების შესახებ“ გამოსცა 1746 წელს; ხელმოკლეობის გამო, რამდენიმე წელი კერძო მასწავლებელი იყო. 1755 წელს გამოაქვეყნა „ბუნების ზოგადი ისტორია და ცის თეორია“, რომელსაც ენგელსმა „გენიალური აღმოჩენა“ უწოდა. 1755 წლიდან იყო კენიგსბერგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1770 წლიდან – ლოგიკისა და მეტაფიზიკის პროფესორი. ორჯერ (1786 წ. და 1788 წ.) აირჩიეს რექტორად. ლექციებს კითხულობდა მეტაფიზიკაში, ლოგიკაში, ეთიკაში, ფიზიკაში, ფიზიკურ გეოგრაფიაში და სხვ. 1781 წელს გამოვიდა კანტის ნაშრომი „წმინდა გონების კრიტიკა“, 1783 წელს – „პროლეგომენები“, 1788 წელს – „პრაქტიკული გონების კრიტიკა“, 1790 წელს – „მსჯელობის უნარის კრიტიკა“, 1794 წელს – „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“ (ეს ნაშრომი, ცენზურის გამო, 1793 წელს ვერ გამოვიდა) და სხვ. 1896 წლიდან გამოდის სპეციალური ჟურნალი „Kantstudien“, რომელიც ჰანს ფაიჰინგერმა დააარსა. მანვე, 1904 წელს, ქ. ჰალეში დააფუძნა „კანტის საზოგადოება“. როდესაც კანტი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, ევროპული რაციონალიზმი და ემპირიზმი ჩიხში იყო შესული. კანტი წერდა, რომ იუმმა გამოაღვიძა „დოგმატური ძილისაგან“, ე.ი. დააეჭვა ლაიბნიც-ვოლფის ფილოსოფიის სამართლიანობაში. მან ერთმანეთისგან განასხვავა ლოგიკური და რეალური საფუძველი, შემოიტანა ფილოსოფიაში უარყოფითი სიდიდეების ცნება, დაინახა კავშირი მეტაფიზიკასა და მისტიკას შორის. იუმის სკეპტიციზმი კანტისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ იგი ცდილობდა მეტაფიზიკისთვის ეშველა, ერთი მხრივ, მათემატიკასა და ნიუტონის ფიზიკასთან მისი დაკავშირებით, მეორე მხრივ, ღვთის არსებობის ახალი დასაბუთების გამონახვით. როცა კანტი შემეცნების ახალ პრინციპებს დაადგენს და ღვთის არსებობის თეორიული დასაბუთების შესაძლებლობას უარყოფს, იწყება მისი ფილოსოფიური განვითარების მეორე, ე.წ. კრიტიკული პერიოდი. პირველ პერიოდს ეწოდება დოგმატური პერიოდი, რადგან მაშინ კანტი აღიარებდა შემეცნების შესაძლებლობას წინასწარი შემოწმების – კრიტიკის გარეშე.
კანტის მტკიცებით, მათემატიკურ და ფიზიკურ მეცნიერებათა არსებობა იმას ნიშნავს, რომ არსებობს ჭეშმარიტება. ფილოსოფიას უფლება არ აქვს უარყოს ეს ფაქტი, მას შეუძლია მხოლოდ დაადგინოს მისი შესაძლებლობის პირობები. კანტის აზრით, ძველი დროის ფილოსოფიამ ეს საკითხი ვერ გადაწყვიტა, რადგან მისთვის ამოსავალი იყო ის, რომ ჭეშმარიტი აზრი საგანს უნდა ეთანხმებოდეს. კანტი მოითხოვს საპირისპირო პრინციპის დაშვებას, რომლის მიხედვით საგნები ექვემდებარება ჩვენს შემეცნებას. ამ რადიკალურ შემობრუნებას ფილოსოფიაში იგი „კოპერნიკისებურ გადატრიალებას“ უწოდებს. მისი შეხედულებით, ახალმა ფილოსოფიამ ეს პრინციპი უნდა დაუდოს საფუძვლად შემეცნების ბუნების ახსნას, მისი საზღვრების დადგენას, აგრეთვე იმის გარკვევას, თუ რისი ცოდნა შეიძლება ამ საზღვრების მიღმა. ამრიგად, კანტის მიზანი საერთოდ მეტაფიზიკის უარყოფა კი არ არის, არამედ მისი ახლებური დასაბუთებაა.
ქართულ აზროვნებაში კანტის კრიტიკული ფილოსოფიის სერიოზული ათვისების პირველი მცდელობები უკავშირდება „პირველ ქართველ კანტიანელს“, სოლომონ დოდაშვილსა (1805-1836 წწ.) და მის ნაშრომს „ლოგიკა“ (1827 წ.). კანტის სინთეზურ-აპრიორული მსჯელობების საგულისხმო კრიტიკას ვხვდებით დიდი ქართველი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, გაბრიელ ქიქოძის (1825-1896 წწ.) ნაშრომში „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (1858 წ.). XX საუკუნის დასაწყისიდანვე ქართველი მოაზროვნეები კანტის ფილოსოფიისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ, რაც განპირობებული იყო იმდროინდელ ფილოსოფიაში ნეოკანტიანელთა მზარდი გავლენითაც. 1901 წ. ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა სერგი გორგაძის სტატია „ფილოსოფია და მისი პროგრესი“, რომელშიც სათანადოდ იყო შეფასებული კანტის კრიტიკული მეთოდი და საორიენტაციო ხაზად ნეოკანტიანელი ვ. ვინდელბანდის „ფილოსოფიის ისტორია“ იყო აღიარებული. 1920 წ. გამოცემულ ნაშრომში „ფილოსოფიის შესავალი“ შ. ნუცუბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კანტის მოძღვრებისა და მისი „კოპერნიკისებური გადატრიალების“ ადეკვატური გაგების საკითხს, რადგან, მისი აზრით, „კანტი თანამედროვე ფილოსოფიის კარია“. აღსანიშნავია, რომ ეს ნაშრომი ქართველ ფილოსოფოსთა მრავალი თაობის გზამკვლევი იყო. კანტის კრიტიკული ფილოსოფიის საყურადღებო რეცეფციასა და ტრანსფორმაციას გვთავაზობს ნუცუბიძე მოგვიანებით გამოქვეყნებულ მისსავე ალეთეიოლოგიურ ნაშრომებში. აქ იგი ნეოკანტიანელთა (ე. ლასკის და სხვ.) მკაფიო გავლენის ქვეშაა. 1922 წ. მ. გოგიბერიძემ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, ნ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სალომონ მაიმონის აზროვნების თეორია კანტთან და ლოგიკური იდეალიზმის შემდგომ განვითარებასთან მიმართებით“ (მარბურგი, 1922 წ.), რომელშიც კანტის ფილოსოფიის ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო მონაკვეთი დაწვრილებით არის გაანალიზებული. კანტის აზროვნების აქტუალურ საკითხებს ეხება მ. გოგიბერიძე თავის სხვა გამოკვლევებშიც. მანვე ქართულად თარგმნა და 1936 წ. გამოსცა კანტის მნიშვნელოვანი თხზულება „პროლეგომენები“. 1929 წ. გამოდის კ. ბაქრაძის საეტაპო გამოკვლევა „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში“, რომელშიც კანტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
XX საუკუნის მეორე ნახევარი კანტის ფილოსოფიისადმი კიდევ უფრო დიდი ინტერესით გამოირჩევა. ითარგმნა კანტის რამდენიმე მთავარი თხზულება, გამოქვეყნდა არაერთი გამოკვლევა კანტის ფილოსოფიური შემოქმედების სხვადასხვა აქტუალური ასპექტის შესახებ. 1969 წ. გამოვიდა კ. ბაქრაძის „ახალი ფილოსოფიის ისტორია“, რომელშიც კანტის მოძღვრება საინტერესოდ არის გადმოცემული. 1967 წ. გამოდის ა. ბოჭორიშვილის გამოკვლევა „კანტის ესთეტიკა“, 1974 წ. – გურამ თევზაძის „იმანუელ კანტი“, 1977 წ. – სერგი დანელიას „კანტის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ხოლო 1989 წ. კი რომან შენგელიას საყურადღებო მონოგრაფია „ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში“. ეს ნაშრომები კანტის თეორიული ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტებს ეხება და „ქართული კანტოლოგიის“ განვითარების ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. XX საუკუნის ბოლო ათწლეული და XXI საუკუნის პირველი ორი ათწლეული კანტის შემოქმედებისადმი მზარდი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესით არ გამოირჩევა, მაგრამ გამოიცა მისი არაერთი მთავარი ნაშრომის ქართული თარგმანები; ასევე, გვხვდება კანტის კრიტიკული ფილოსოფიისადმი სისტემური მიდგომის საგულისხმო მცდელობებიც, რომელთა მიზანი კანტის მდიდარი თეორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით საკუთარი ფილოსოფიური კონცეპტების შემუშავებაა.
(ა). იმანუელ კანტის ნაშრომთა ქართული თარგმანები
• პროლეგომენები ყოველი მოსალოდნელი მეტაფიზიკისათვის, რომელიც მეცნიერების სახით შესძლებდა გამოცხადებას, თარგმანი და წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის პროფ. მ. გოგიბერიძისა, პროფ. შარიას რედაქციით და წინასიტყვაობით, ტფილისი: „სახელგამის სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემლობა და მე-2 სტამბა“, 1936 წ.
• პროლეგომენები ყოველი მოსალოდნელი მეტაფიზიკისათვის, რომელიც მეცნიერების სახით შესძლებდა გამოცხადებას, თარგმანი და წინასიტყვაობა მ. გოგიბერიძისა, თბილისი: „მერიდიანი“, 2006 წ.
• წმინდა გონების კრიტიკა, გერმანული ენიდან თარგმნა შ. პაპუაშვილმა, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1979 წ.
• რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში, გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო პროფ. გ. თევზაძემ, რედაქტორი - პროფ. დ. გეგეშიძე, თბილისი: „განათლება“, 1989 წ.
• რა არის განმანათლებლობა? თარგმ., რედ. და ბოლოსიტყვა გ. ზედანიასი, თბილისი, 2012 წ.
• ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება, მთარგმნელი - ლ. რამიშვილი, რედაქტორი - ნ. ნათაძე, თბილისი: „Carpe diem“, 2013 წ.
• პრაქტიკული გონების კრიტიკა, მთარგმნელი - ლ. რამიშვილი, რედაქტორი - ნ. ნათაძე, თბილისი: „Carpe diem“, 2016 წ.
(ბ). სპეციალური ლიტერატურა იმანუელ კანტის შესახებ
• ბაქრაძე, კ.: დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, ნაწ. 1: კანტიდან ჰეგელამდე, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1929 წ.
• ბაქრაძე, კ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1969 წ.
• ბოჭორიშვილი, ა.: კანტის ესთეტიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• გოგიბერიძე, მ.: მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტი“, 1928 წ.
• გულიგა, ა.: კანტი, თარგმნა ო. გრატიაშვილმა და ლ. რამიშვილმა, თბილისი: „ნაკადული“, 1986 წ.
• დანელია, ს.: კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1977 წ.
• თევზაძე, გ.: იმანუელ კანტი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.
• თევზაძე, გ.: კანტი და ფიხტე გოეთეს „ფაუსტში“, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, # 1 (თბილისი, 1981 წ.), გვ. 46-52.
• მშვენიერაძე, ნ.: კანტის მოძღვრება ადამიანის შესახებ, თბილისი: „მეცნიერება“, 1986 წ.
• ნუცუბიძე, შ.: ფილოსოფიის შესავალი, ნაწ. 1: შემეცნების პრობლემა, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1920 წ.
• ნუცუბიძე, შ.: კანტი კაცობრიობის აზროვნების პერსპექტივაში. ორასი წლის იუბილის გამო, ჟურნალში: „კავკასიონი“, # 3-4 (ტფილისი, 1924 წ.), გვ. 3.
• წერეთელი, ს.: არისტოტელესა და კანტის მოძღვრებათა ურთიერთობისათვის კატეგორიების შესახებ, კრებულში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 3 (თბილისი, 1936 წ.), გვ. 1-15.
• შენგელია, რ.: ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1989 წ.
• შუშანაშვილი, გ.: კანტის ეთიკური ფორმალიზმის მარქსისტული კრიტიკისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
• ძამაშვილი, ა.: მოცემადობის პრობლემა კანტის თეორიულ ფილოსოფიაში, თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2006 წ.
(სტატიის თანაავტორი: აკადემიკოსი გურამ თევზაძე)