2021-04-02 თენგიზ ირემაძე

ისტორიული მატერიალიზმი

1 -განსაზღვრება

ისტორიული მატერიალიზმი ეწოდება კარლ მარქსის (1818-1883 წწ.) მოძღვრებას, რომელიც მან XIX საუკუნის მატერიალისტური მსოფლმხედველობისა და ჰეგელის მიერ განვითარებული დიალექტიკური მეთოდის შეჯერების შედეგად შექმნა. მარქსმა ჰეგელის დიალექტიკა ისტორიული განვითარების დასახასიათებლად გამოიყენა, თავად ისტორია კი წარმოების პროცესად აღიქვა. მასთან ცნობიერების ისტორიული ფორმების დაყვანა ხდება წარმოების ეკონომიკურ სტრუქტურებზე. მისი აზრით, სწორედ წარმოების ეს სტრუქტურები განსაზღვრავენ ადამიანის საზოგადოებრივი ყოფნის რაობას, მაშასადამე, ყოფიერება (ადამიანის მატერიალური პრაქტიკა) განსაზღვრავს ცნობიერებას. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ შრომას. მარქსი საუბრობს წარმოებითი ურთიერთობებისა და საწარმოო ძალების დიალექტიკის შესახებ, რომლებიც განვითარების გარკვეულ საფეხურზე ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მაშასადამე, საზოგადოება დაყოფილია კლასებად; წარმოებითი საშუალებების მფლობელი კლასი უპირისპირდება უქონელთა კლასს. საზოგადოების განვითარებისთვის დამახასიათებელია სწორედ კლასობრივი ბრძოლა, რაც კლასთა შორის დაპირისპირებით გამოიხატება. ეს დაპირისპირება კი იწვევს რევოლუციებს და ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების წარმოშობას. ისტორიულ მატერიალიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროლეტარულ რევოლუციას, რომელმაც კაპიტალისტური საზოგადოებრივი ფორმაცია უნდა შეცვალოს ახალი საზოგადოებრივი წესრიგით, სადაც არ იქნება მშრომელთა ძარცვა, ადამიანთა გაუცხოება, კერძო საკუთრება და ა.შ.

2 -ისტორიული მატერიალიზმი და ქართული აზროვნება

ისტორიული მატერიალიზმი დიალექტიკურ მატერიალიზმთან ერთად ქმნის ე.წ. მარქსიზმ-ლენინიზმს, რომელიც საბჭოთა კავშირის ოფიციალურ იდეოლოგიას წარმოადგენდა. ისტორიული მატერიალიზმის დოქტრინა საბჭოთა მეცნიერების საფუძველი იყო. ამ პერიოდის ქართული საბჭოთა მეცნიერება (განსაკუთრებით, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით) ისტორიული მატერიალიზმის დიდ (და, ხშირად, მავნე) გავლენას განიცდიდა. საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში ე.წ. მარქსისტულ-ლენინისტური კვლევითი მეთოდოლოგია ფართოდ გავრცელდა და მყარად გაიდგა ფესვი ქართულ ფილოსოფიაშიც. ამ პერიოდის ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფია ამკვიდრებდა მთელ რიგ შემეცნებით ცრურწმენებს, რომელთა მეშვეობითაც არასწორად იქნა აღქმული ქართული ფილოსოფიურ-სოციალური აზროვნების უძველესი ტრადიცია. საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიურ და სოციალურ აზროვნებაში ისტორიული მატერიალიზმი ოფიციალურ დოგმატურ მოძღვრებად ჩამოყალიბდა. ამ სფეროში შესრულებული შრომები, უმეტესწილად, სწორედ დოგმატურია და მოკლებულია მეცნიერულ ხასიათს. ამის გამო საბჭოთა საქართველოში ისტორიული მატერიალიზმის შესახებ შექმნილი მრავალი ნაშრომი, საბოლოო ჯამში, ოდენ იდეოლოგიური დატვირთვისაა და ცხადად აჩვენებს იმდროინდელი ერთპარტიული მმართველობის მსოფლმხედველობრივ კრედოს. ამდენად, მათი შესწავლა და განხილვა, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამ კუთხითაა საინტერესო.

აღსანიშნავია, რომ 1921 წელს, საქართველოს ანექსიისა და საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ისტორიის ფილოსოფიური საკითხებისადმი ინტერესი თანდათან მინავლდა და მისი ადგილი ისტორიულმა მატერიალიზმა დაიკავა. მარქსისტულ-ლენინისტური ოფიციალური იდეოლოგიის გაძლიერების კვალდაკვალ ისტორიის ფილოსოფიის პრობლემები ისტორიული მატერიალიზმის პრობლემებად ტრანსფორმირდა. ისტორიულ მატერიალიზმს ნაშრომები მიუძღვნეს მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიის ქართველმა წარმომადგენლებმა: პ. შარიამ, ალ. ქუთელიამ, ს. ლაცურიანმა, შ. ბიწაძემ, პ. გუჯაბიძემ და სხვ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის შეიქმნა არაერთი მეთოდური სახელმძღვანელო და ქრესტომათია ისტორიული მატერიალიზმის შესახებ, რომელთა შესწავლაც სავალდებულო იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საქმეში ჩართული აღმოჩნდნენ XX საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსებიც: შ. ნუცუბიძე, მ. გოგიბერიძე და სხვ. შალვა ნუცუბიძემ ქართულ ენაზე თარგმნა ნიკოლაი ბუხარინის „ისტორიული მატერიალიზმის თეორია“ (თბ., 1923 წ.), რომელიც არაერთხელ დაიბეჭდა ქართულ ენაზე, ხოლო მოსე გოგიბერიძემ კი 1927 წელს შეადგინა ქრესტომათია „ისტორიული მატერიალიზმი“. გადამწყვეტი როლი ისტორიული მატერიალიზმის ოფიციალურ დოქტრინად ქცევაში კი ითამაშა იოსებ სტალინის ნაშრომმა „დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ“ (1938 წ.), რომელშიც ისტორიული მატერიალიზმი მთელი მარქსისტული მსოფლმხედველობის საუკეთესო მიღწევად იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ამავე პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობით იმართებოდა სამეცნიერო კონფერენციები და დისკუსიები ისტორიული მატერიალიზმის საკითხებზე. ამდენად, ისტორიული მატერიალიზმი თანდათან იქცა პროპაგანდისტულ, იდეოლოგიურ მანქანად თავისუფალი დასავლეთის ღირებულებებისა და სახელმწიფოების წინააღმდეგ.

თუმცა, ქართულ აზროვნებაში ისტორიული მატერიალიზმის ადგილისა და როლის გაგებისათვის არანაკლებ საინტერესოა იმ ნაშრომთა ანალიზიც, რომლებიც ისტორიული მატერიალიზმის კრიტიკას მიეძღვნა. ისტორიული მატერიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ნაყოფიერი ქართველი კრიტიკოსი გახლდათ დიდი ქართველი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და სოციოლოგი, არჩილ ჯორჯაძე (1872-1913 წწ.). მან ამ საკითხს სპეციალურად მიუძღვნა კრიტიკული წერილი სახელწოდებით - „ისტორიული მატერიალიზმის გამო“ (1901 წ.). არჩილ ჯორჯაძე მასში აკრიტიკებს ისტორიული მატერიალიზმის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც სოცოცხლე ობიექტური, ადამიანთა ლტოლვათაგან განრიდებული პროცესია. ეს პროცესი გარეშე ძალთა ზეგავლენისგან თავისუფალია და, ამდენად, მისი ადამიანური პერსპექტივიდან შეფასებაც უაღრესად პრობლემურია. არჩილ ჯორჯაძის აზრით, ადამიანის ყოველგვარი მოქმედება მიზნის მქონეა და, ამდენად, მისი შეფასება „ავ-კარგიანობის“ შუქზე სწორედაც რომ შესაძლებელია. იგი ამტკიცებს, რომ ადამიანის მოქმედებებს მიზნები წარმართავს და ცხოვრებაში პროგრესის საფუძველი სწორედ ადამიანის გონივრული ქმედების მიზანდასახულობაა.

არჩილ ჯორჯაძის აზრით, ისტორიული მატერიალიზმი დოგმატური მოძღვრებაა, რადგან ის ფილოსოფიურ მატერიალიზმს ეყრდნობა. ფილოსოფიური მატერიალიზმი კი მეცნიერული მოძღვრება არ არის, რადგან ის მატერიის სუბსტანციურობას, ანუ პირველმიზეზად ყოფნას ეფუძნება. ამგვარი მიდგომა არამეცნიერულია, რადგან ყოველ მეცნიერებას აქვს თავისი საკვლევი საგანი, რომელიც პირობითია და არა აბსოლუტური. აბსოლუტური არსი და პირველმიზეზი მეტაფიზიკის შემეცნების საკითხია და არა კერძო მეცნიერებისა. ამდენად, ისტორიულ მატერიალიზმს არ გააჩნია საზოგადოების ობიექტური შესწავლისთვის საჭირო მეცნიერული მეთოდოლოგია. პირიქით, ისტორიული მატერიალიზმის მეთოდოლოგია არამეცნიერული მეთოდოლოგიაა და მას ადეკვატურად არ ძალუძს შეისწავლოს ისტორიის განვითარების პროცესი. ისტორიული მატერიალიზმის მთავარი შეცდომა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანის, ცალკეული ინდივიდის როლის უგულებელყოფაა. საზოგადოებრივი ცხოვრების მარადი თანმხლებია ადამიანთა მიზნები და არა მათგან დამოუკიდებელი „ობიექტური, უმიზნო და უაზრო“ მოქმედებები.

საბოლოო ჯამში, არჩილ ჯორჯაძე ისტორიულ მატერიალიზმს იმგვარ „მეცნიერულ ცრუმორწმუნეობას“ უწოდებს, რომელიც ადამიანთა პრაქტიკულ მოქმედებებს დიდ ზიანს აყენებს. პოზიტივისტური მეცნიერების პერსპექტივიდან აუცილებელია ამ „მეცნიერული ცრუმორწმუნეობის“ დარღვევა და უარყოფა. ისტორიული მატერიალიზმი სინამდვილეში იმის განსახიერებაა, რასაც ის თითქოსდა ებრძვის: მას საფუძვლად მეტაფიზიკური და დოგმატური სარჩული უდევს და ფსევდო-მეცნიერებას წარმოადგენს. ამდენად, არჩილ ჯორჯაძემ ისტორიული მატერიალიზმის სოლიდური კრიტიკა შემოგვთავაზა, რომელსაც დღესაც კი არ დაუკარგავს მნიშვნელობა და აქტუალობა XX საუკუნის ქართული ფილოსოფიური და საზოგადოებრივი აზროვნების კონტექსტის გასაანალიზებლად.

3 -სამეცნიერო ლიტერატურა

წყაროები:

• ბუხარინი, ნ.: ისტორიული მატერიალიზმის თეორია: მარქსისტული სოციოლოგიის პოპულარული სახელმძღვანელო, თარგმანი შ. ნუცუბიძისა, ტფილისი: „სსსრ სახელმწიფო გამომცემლობა“, 1923 წ.

• ენგელსი, ფრ.: ისტორიული მატერიალიზმის შესახებ, თბილისი: „სახელგამი“, 1940 წ.

• მარქსი, კ.: კომუნისტური მანიფესტი. დ. რიაზანოვის შესავალითა და შენიშვნებით, ფ. მახარაძის წინასიტყვაობით, ტფილისი: „წითელი წიგნი“, 1923 წ.

• მარქსი, კ.: კრიტიკული ბრძოლა ფრანგული მატერიალიზმის წინააღმდეგ, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1971 წ.

• სტალინი, ი.: დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ, თბილისი: „სახელგამი“, 1940 წ.

სპეციალური ლიტერატურა:

• რამიშვილი, ნ.: ისტორიული მატერიალიზმი, თფილისი: „კულტურა“, 1911 წ.

• გოგიბერიძე, მ.: ისტორიული მატერიალიზმი (ქრესტომათია), ტფილისი: „სახელგამი“, 1927 წ.

დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი: 2 ნაწილად, რედაქტორები და წინასიტყვაოების ავტორები - მ. მიტინი და ი. რაზუმოვსკი, ტფილისი: „პარტგამომცემლობის გამომცემლობა“, 1934 წ.

• ლუტიძე, ბ.: ისტორიული მატერიალიზმის საკითხები, თბილისი: „განათლება“, 1988 წ.

• ჯორჯაძე, ა.: ისტორიული მატერიალიზმის გამო, წიგნში: თხზულებანი არჩილ ჯორჯაძისა. წიგნი მეოთხე: წერილები „ცნობის-ფურცელ-მოამბიდან“ 1901-1902 წ., ტფილისი: „ს. ლოსაბერიძის სტამბა“, 1911 წ.