ჰეგელის სახელი საქართველოში პირველად ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტთან, ნიკო ნიკოლაძესთან (1843-1928 წწ.) გვხვდება. ნიკოლაძე პეტერბურგში სტუდენტთა დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. ციხეში მან რუსი სტუდენტისგან, გვარად ლინეევისგან, ჰეგელის მოძღვრების შესახებ შეიტყო. XIX საუკუნეში, თერგდალეულთა სახელით ცნობილ ქართველ მწერლებთან (მაგალითად, ილია ჭავჭავაძესთან) გვხვდება ზოგიერთი იდეა, რომელიც ენათესავება და ემსგავსება დიდი გერმანელი ფილოსოფოსის შეხედულებებს. ამ მოაზროვნეებმა ჰეგელის ფილოსოფია რუს მოაზროვნეთა (უწინარეს ყოვლისა, ნ. ჩერნიშევსკის) ნაშრომების მიხედვით გაიცნეს.
XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ კულტურულ სივრცეში იწყება ჰეგელის შეხედულებების სპეციალური მეცნიერული შესწავლა. ამის ძირი მაშინ გავრცელებულ მარქსისტულ კონცეფციაშიც უნდა ვეძიოთ. ქართველი მარქსისტები (ფ. მახარაძე, ნ. ჟორდანია, ა. წულუკიძე, ი. ჯუღაშვილი და სხვები), რუსი მარქსისტების მსგავსად, ჰეგელისა და მარქსის აზროვნების მოდელთა შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავდნენ. ისინი ჰეგელის კონცეფციას სათანადოდ აფასებდნენ და, განსაკუთრებით, მის მკაცრ მეცნიერულ მეთოდს გამოყოფდნენ. მარქსიზმის კრიტიკოსები, ამის საპირისპიროდ, ხაზს უსვამდნენ ჰეგელის თეორიის მეტაფიზიკურ და არამეცნიერულ ხასიათს. ამ კრიტიკას მარქსის ქართველი მიმდევრები ყველასთვის ცნობილი გამონათქვამებით პასუხობდნენ. მათი აზრით, ჰეგელის კონცეფცია მარქსმა თავის მოძღვრებაში ადეკვატურად განავრცო; მათი აზრით, პირველად სწორედ მარქსმა გამოიტანა ლოგიკური დასკვნები ჰეგელის სისტემიდან. ისინი პლეხანოვის აზრს იზიარებდნენ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰეგელის პრინციპები სწორია და მხოლოდ მისი დასკვნებია სათუო.
„მესამე დასის“ (ამ ჯგუფში სოციალისტურ იდეებზე ორიენტირებული მოაზროვნეები ერთიანდებოდნენ) მეშვეობით მარქსისტული აზროვნების წესი ფართოდ ვრცელდებოდა. ამასთან ერთად, ყურადღება ექცეოდა ჰეგელის ფილოსოფიასაც. იმდროინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გაჩაღებული დავა-კამათი, რომელიც საზოგადოებრივი ყოფის მრავალ პრობლემას მოიცავდა, ითვალისწინებდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსის პოზიციას. რ. ფანცხავას (1861-1928 წწ.) აზრით, მარქსმა კანტისა და ჰეგელის დიალექტიკა განავითარა, მაგრამ, მოგვიანებით, ეს კონცეფცია უარყო. მისი ძმა, ი. ფანცხავა (1867-1955 წწ.), რევოლუციის იდეას უარყოფდა და, ამის საპირისპიროდ, ევოლუციის მნიშვნელობას ამართლებდა.
ჰეგელის აზროვნებას სპეციფიკურად სწავლობდა და განიხილავდა ცნობილი ქართველი ანარქისტი, ვ. ჩერქეზიშვილი (1846-1925 წწ.). მისი აზრით, მარქსისტული დიალექტიკა წარმოადგენს დიალექტიკის ჰეგელისეული კონცეფციის გადატრიალებას. ჩერქეზიშვილი დიალექტიკის ორივე მოდელს აკრიტიკებდა. ის, განსაკუთრებით, „დაპირისპირებულთა ბრძოლის კანონისა“ და „უარყოფის უარყოფის პრინციპის“ საზოგადოებრივ და ბუნებისმეცნიერულ მნიშვნელობას აყენებდა ეჭვქვეშ. მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. შალვა გოგელიამ დაწერა წიგნი „დიალექტიკის კრიტიკა“ (1906 წ.), რომელშიც ეს თემატიკა სპეციალურად გამოიკვლია.
ჰეგელის სისტემის კრიტიკას ინტელექტუალთა სხვადასხვა წრეები ახორციელებდნენ. ა. ჯორჯაძე (1872-1913 წწ.), გამოჩენილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც პოლიტიკაში ფედერალიზმის პოზიციაზე იდგა, რაოდენობიდან თვისობრიობაში გადასვლის კანონს უარყოფდა. იგი ამ პრობლემატიკას დაწვრილებით განიხილავდა თავის ნაშრომში „ისტორიული მატერიალიზმის გამო“ (1901 წ.).
არსებობდნენ ისეთი მარქსისტები, რომლებიც მარქსის თეორიის დროსთან მორგებას ცდილობდნენ და, იმავდროულად, ჰეგელის პოზიციასაც სათანადოდ აფასებდნენ. ნოე რამიშვილი (1881-1930 წწ.) იყო მოაზროვნე, რომელიც გ. პლეხანოვისა და კ. კაუცკის პოზიციას იშველიებდა და ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს სწორედ ამგვარად განიხილავდა. მან ამ თემატიკის შესახებ სპეციალური ნაშრომიც კი შექმნა სათაურით „ისტორიული მატერიალიზმი“ (1916 წ.). ამ ნაშრომში ჰეგელი ხშირად არის მოხსენიებული.
ჰეგელის ფილოსოფიისადმი კრიტიკული მიდგომის კუთხით საყურადღებოა შალვა ნუცუბიძის (1888-1969 წწ.) ალეთეიოლოგიური ნაშრომები (1920-1931 წწ.). მართალია, ჰეგელის მოძღვრება არ მიეკუთვნებოდა ალეთეიოლოგიის მთავარ წყაროთა რიგს („ალეთეიოლოგიის ამ სპეციალურ შესავალს არ შეუძლია შეუდგეს ჰეგელის კვლევას“), მაგრამ ალეთეიოლოგიის მეთოდებისა და მთავარი ცნებების დახასიათების დროს ჰეგელის ფილოსოფიის საყურადღებო შეფასებებიც გვხვდება. შ. ნუცუბიძის აზრით, ჰეგელის ფილოსოფია „ცოცხლობს“ წინააღმდეგობის მუდმივ დასმა-მოხსნაში და წინააღმდეგობის პრინციპის გარეშე ეს სისტემა „გაიყინება“. მაშასადამე, ჰეგელის სისტემა ეყრდნობა წინააღმდეგობისა და ქმნადობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ჭეშმარიტება. თუმცა, ნუცუბიძე ჰეგელის შეცდომად თვლის „წმინდა დაპირისპირების“ მიჩნევას „ერთადერთ ბერკეტად დიალექტიკურ განვითარებაში“. დაპირისპირებულმა მომენტებმა ერთმანეთი კი არ უნდა მოსპონ, არამედ ეს მომენტები დაძლეული უნდა იქნენ, რათა დაპირისპირების დადგენა მოხდეს და განვითარების პროცესს მიეცეს დასაბამი. განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუკი დაძლეული მომენტი მემკვიდრეობითობის შედეგად რჩება და თავს ავლენს მოხსნილი სახით. დაპირისპირება ალეთეიოლოგიის ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა, რადგან მისი მეშვეობით „დაპირისპირებულზე მაღლა მდგომი სფეროს“, „თავისთავადი ჭეშმარიტების“ საფეხური უნდა იქნეს მიღწეული. თუმცა, ალეთეიოლოგიაში დაპირისპირებულობა შემოქმედებითად არის გაგებული და თავადაც მუდმივი ქმნადობის პროცესშია, ანუ ის განვითარების ყოველ საფეხურზე და ყოველ ეტაპზე ერთნაირი არ არის. დაპირისპირებულობის გზით დაპირისპირებულობაზე მაღლა მდგომი ჭეშმარიტების წვდომა ალეთეიოლოგიის საკუთრივი მიზანია. სწორედ ამ კუთხით, დიალექტიკის საფეხურებრივი ბუნების გამოაშკარავებით ხდება ჰეგელის ფილოსოფია ალეთეიოლოგიის კონტექსტში საგულისხმო. ნუცუბიძე იმის შესახებაც მიუთითებს, რომ დიალექტიკური მატერიალიზმი არ აცნობიერებს დიალექტიკური იდეალიზმის (ჰეგელი) ყველა საყურადღებო შედეგს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის „სუბიექტის ფილოსოფიის შინაგანი დაშლა“. საბოლოო ჯამში, ჰეგელთან ცნობიერების ანუ სუბიექტის ფილოსოფიის კრიზისმა იჩინა თავი, რაც შემდეგნაირად გამოიხატა: არსებული (ანუ ის, რაც გააზრებული უნდა იქნეს) აგებული იქნა აზრის პრინციპების მიხედვით და მისი გაგება მოხდა სუბიექტის ხარჯზე, რამაც სუბიექტის შემეცნებითი უნარების კრახი გამოიწვია. ამას შედეგად მოჰყვა ტრანსცენდენტალიზმისა და ცნობიერების ფილოსოფიის უარყოფა, რის საფუძველზეც გზა გაეხსნა ახალ ფილოსოფიურ მიმდინარეობებსა და ნაკადებს.
ჰეგელის ფილოსოფიის შემოქმედებითი ათვისების კუთხით ძალიან საყურადღებოა მოსე გოგიბერიძის (1897-1949 წწ.) გამოკვლევა „მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე“ (1928 წ.), რომელშიც ქართველი ფილოსოფოსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჰეგელის დიალექტიკის ანალიზს. გოგიბერიძის აზრით, ჰეგელის მიზანია დიალექტიკური ლოგიკის ფაქტობრივი განვითარებისა და „იგივეობის ონტოლოგიის“ მიმართ მისი უპირატესობის ჩვენება. დიალექტიკის განვითარებისა და გაშლის საუკეთესო წყაროა ისტორია, ამდენად, მისი შესწავლა სულის განვითარების ისტორიის შესწავლით იწყება. ჰეგელი არ გაჰყვა არც ფიხტეს და არც შელინგის გზას. მისთვის არც ფიხტეს სისტემა იყო მისაღები და არც შელინგის მეთოდი. გოგიბერიძის აზრით, ჰეგელმა გადალახა ფიხტესა და შელინგის იდეალიზმის ნაკლი და დიალექტიკა ლოგიკის მეთოდად აქცია, რითაც ფილოსოფიურ ლოგიკას თავიდან ააცილა ფორმალური ლოგიკის კარჩაკეტილობა. დიალექტიკა ჰეგელის მეშვეობით უნიკალურ მეთოდად იქცა და მეცნიერული კვლევა-ძიების სახელმძღვანელო პრინციპი გახდა. თუმცა, გოგიბერიძე ჰეგელის დიალექტიკის ნაკლად თვლის იმას, რომ ის „იდეალისტური დიალექტიკა იყო“; აქ იგი - მატერიალისტური ფილოსოფიის კონტექსტში - ჰეგელის დიალექტიკის ნაკლზე მიუთითებს, რომელიც შემდეგ მარქსისტულმა მატერიალისტურმა დიალექტიკამ გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ გოგიბერიძის ეს თეზისი საკამათოა, ჰეგელის დიალექტიკის მნიშვნელოვანი ასპექტები მის ნაშრომში სათანადოდაა წარმოჩენილი.
ქართულ აზროვნებაში ჰეგელის ფილოსოფიის ნაყოფიერი შესწავლისა და ათვისების ყველაზე სრულყოფილი მცდელობები დაკავშირებულია კოტე ბაქრაძის (1898-1970 წწ.) სახელთან. მის კალამს ეკუთვნის ორი განთქმული გამოკვლევა: „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში“ (1929 წ.) და „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“ (1936 წ.). ამ გამოკვლევებში კ. ბაქრაძე ჰეგელის მთელ შემოქმედებას ეხება და ჰეგელის მთავარი შრომების საფუძვლიან ანალიზს გვთავაზობს. იგი, ერთი მხრივ, ჰეგელის ფილოსოფიის ადგილს განსაზღვრავს გერმანული იდეალიზმის (კანტი, ფიხტე, შელინგი) კონტექსტში, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს სისტემისა და მეთოდის ერთიანობის დებულებას ჰეგელის ფილოსოფიაში. იდეალისტური დიალექტიკის ჰეგელისეული მოდელის მიხედვით სისტემა და მეთოდი ერთმანეთისაგან განუყოფელია, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ფორმისა და შინაარსის ერთიანობის პრინციპთან. კ. ბაქრაძის ამგვარმა ხედვამ მოგვიანებით თავი იჩინა ფორმალური და დიალექტიკური ლოგიკის თაობაზე წამოწყებული კამათის დროს. თუკი კ. ბაქრაძე თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ფორმალური ლოგიკა დიალექტიკური ლოგიკის მხოლოდ ფრაგმენტს წარმოადგენს, მოგვიანებით, XX საუკუნის 40-იანი წლებიდან, იგი ამ პოზიციას ცვლის და, სავლე წერეთლისგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ ფორმალურ ლოგიკას თავისი განვითარების გზა აქვს და ის უბრალოდ დიალექტიკური ლოგიკის მეშვეობით ვერ მოიხსნება. ფორმალური ლოგიკა სიმბოლური, მათემატიკური ლოგიკის სახით უნდა განვითარდეს და მისი რედუცირება მეტაფიზიკაზე ან შემეცნების თეორიაზე არ იქნებოდა გამართლებული.
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა, რის შედეგადაც საქართველოში იძულებით დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. საბჭოთა საქართველოში - მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის დამკვიდრება-განმტკიცებასთან ერთად - ჰეგელის ფილოსოფიის შესახებ შრომებმაც იდეოლოგიური ხასიათი შეიძინა; ეს პათოსი სტალინიზმის ეპოქაში კიდევ უფრო ძლიერი გახდა. ფილოსოფიის ცალმხრივი იდეოლოგიზების კვალდაკვალ ჰეგელის ფილოსოფიაც მარქსიზმ-ლენინიზმის წყაროდ იქნა მიჩნეული და საბჭოთა ფილოსოფიის სამსახურში ჩაყენებული. ამ კუთხით აღსანიშნავია იოსებ სტალინის (1878-1953 წწ.) ნაშრომი „დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ“ (1938 წ.), რომელშიც ერთმანეთისგანაა განსხვავებული მარქსისტული და ჰეგელისეული დიალექტიკის მეთოდები. მართალია, მარქსი და ენგელსი მატერიალისტური დიალექტიკის მეთოდის განვითარების დროს ჰეგელის დიალექტიკას დაეყრდნენ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მარქსისა და ენგელსის მატერიალისტური დიალექტიკისა და ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკის მეთოდები ერთმანეთის იდენტურია. ცნობილია, რომ თვით კარლ მარქსიც მიუთითებდა ამ ორი მეთოდის ძირეული განსხვავებისა და წინააღმდეგობის შესახებ.
მიუხედავად მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიური წნეხისა, ქართულ საბჭოთა ფილოსოფიაში ჰეგელის მოძღვრების შესწავლისა და ათვისების კუთხით არაერთ საინტერესო მცდელობას ჰქონდა ადგილი. ჰეგელის ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის სერიოზული ათვისების ეტაპს საქართველოში საფუძველი ჩაუყარა შალვა ნუცუბიძემ (1888-1969 წწ.). ის ფილოსოფიის ისტორიის აქტუალურ საკითხებს ჰეგელის აზროვნების ჭრილში განიხილავდა. ნუცუბიძის შემოქმედება პრობლემათა სხვადასხვა ველს მოიცავს. მან, თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, განავითარა საკუთარი კონცეფცია „ალეთეიოლოგიური რეალიზმისა“ და ამ პრობლემატიკას ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე მიუძღვნა ნაშრომები. მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდი კი დაკავშირებულია ფილოსოფიურ და ფილოლოგიურ შრომებთან. თავის მრავალ გამოკვლევაში, ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს რომ ეძღვნება, ნუცუბიძე ჰეგელის თეორემებსა და ისტორიულ მასალას ფართოდ იყენებდა. ჰეგელის კონცეფციისადმი მისი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, აზროვნების ისტორიის ნუცუბიძისეული განხილვა გერმანელი ფილოსოფოსის ძლიერ ზეგავლენას განიცდის. მის ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ ნაშრომში „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. I-II, თბ., 1956-1958 წწ.) ჰეგელის სახელი ხშირად გვხვდება. XX საუკუნის 50-იან წლებში ნუცუბიძემ ფილოსოფიის ისტორიის, კერძოდ კი, ნეოპლატონიზმის ჰეგელისეულ კონცეფციას მიუძღვნა საინტერესო სტატია „ჰეგელი და ფილოსოფიის ისტორიის საკითხები“ (1956 წ.), რომელშიც დაწვრილებითაა განხილული პროკლეს აზროვნების ჰეგელისეული გაგება; მისი კვლევის შუაგულში მოექცა ერთისა და სიმრავლის დიალექტიკის პრობლემა, ასევე, ჰეგელის ისტორიული და სისტემური კვლევისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური ასპექტები (მაგალითად, ტრიადის პრობლემა). აღსანიშნავია, რომ ნუცუბიძე პროკლეს ფილოსოფიის ჰეგელისეულ ინტერპრეტაციას დადებითად აფასებდა, თუმცა, იმ კრიტიკულ მომენტებსაც გამოყოფდა, რომლებიც ნეოპლატონიზმისა და ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ჰეგელისეულ კონცეფციას თან ახლდა. ქართველი ფილოსოფოსი საგანგებოდ მიუთითებდა, რომ ჰეგელმა სათანადოდ ვერ შეაფასა ქრისტიანი ნეოპლატონიკოსების წვლილი და მათ მიერ გაწეული ღვაწლი ნეოპლატონიზმის მთელ ისტორიაში.
მარქსისტული ფილოსოფიის პერსპექტივიდან ჰეგელის მოძღვრების საინტერესო ანალიზსა და განვრცობას ახდენს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი სავლე წერეთელი (1907-1966 წწ.). ჰეგელის დიალექტიკურ მოძღვრებას მან მიუძღვნა ფუნდამენტური გამოკვლევა „რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში“ (თბ., 1959 წ.). მასში ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკა მარქსისტული პერსპექტივიდანაა შეფასებული და წინა პლანზეა წამოწეული ჰეგელისეული მოძღვრების ე.წ. „რაციონალური მარცვალი“, რომელიც აზროვნების ფორმებისა და სახეების განვითარების პროცესის სახით წარმოდგენას გულისხმობს. ს. წერეთელი ხაზგასმით აღნიშნავს: მართალია, ჰეგელმა ფორმალური ლოგიკის მთელი რიგი ნაკლოვანებები და ცალმხრივობები დაძლია, მაგრამ იდეალიზმის გამო ვერ შეძლო უსასრულო დასკვნის თეორიის ბოლომდე მიყვანა. ამის დასტურია ჰეგელის მოძღვრებაში შემორჩენილი მისტიკური ელემენტები, რომლებსაც იგი „ლოგიკურის მისტიფიკაციას“ უწოდებს. ამ კვლევებმა ს. წერეთელს დიალექტიკური ლოგიკის კონცეფციის შექმნის აუცილებლობა დაანახა. შემდეგ წლებში იგი დიალექტიკური ლოგიკის საკითხებს საგანგებოდ ამუშავებდა და ამ თემატიკას არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა მიუძღვნა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ფუნდამენტური ნაშრომები: „ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ“ (თბ., 1956 წ.), „დასაბუთების საწყისი“ (თბ., 1963 წ.) და „დიალექტიკური ლოგიკა“ (თბ., 1965 წ.). დიალექტიკური ლოგიკა სისტემურად შეისწავლის და გადმოსცემს ბუნების, საზოგადოებისა და აზროვნების კანონებს. მართალია, ის თავდაპირველი სახით გერმანულ იდეალიზმში ჩამოყალიბდა, თუმცა, აზროვნების ისტორიული განვითარება ცოდნის გადაცემის ახალ ფორმებსა და მეთოდებს საჭიროებს. ს. წერეთლის აზრით, გერმანული იდეალიზმის წარმომადგენელთა თეორიული მიღწევები ახალ მოთხოვნებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც აუცილებელია განვითარების ახალი თეორია, რომელიც თანამედროვე ცხოვრებისა და კერძო მეცნიერებათა (მათემატიკა, ფიზიკა და ა. შ.) პროგრესის გამოწვევებს პასუხობს. „ახალი“, ანუ დიალექტიკური ლოგიკა, რომელიც ჰეგელისა და მარქსის დიალექტიკას ეფუძნება, შესაძლებელს ხდის პროგრესს ცოდნის სფეროში. ამიტომ კვლევა-ძიება ასეთი ლოგიკის ფარგლებში საერთოდ განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. დიალექტიკური ლოგიკა ეპოქის მოთხოვნებს შეესატყვისება, რადგან ის უსასრულოს სასრულობაში (ანუ შინაარსის მქონეში) წვდება და ცოდნის მუდმივ ზრდას უზრუნველყოფს.
ჰეგელის, ჰეგელიანიზმისა და ნეოჰეგელიანიზმის აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ შემდგომი პერიოდის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსებიც: გ. თევზაძე, მ. ჭელიძე, თ. ბუაჩიძე და სხვ. გურამ თევზაძემ არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა მიუძღვნა ჰეგელის იდეალიზმისა და ნეოჰეგელიანელობის საკვანძო საკითხებს; მან თავისი შემოქმედების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე გამოაქვეყნა საინტერესო სტატია - „თავისუფლების და აუცილებლობის პრობლემა ჰეგელის ფილოსოფიაში“ (1957 წ.). მერი ჭელიძემ ჰეგელისა და ნეოჰეგელიანიზმის ისტორიის შესახებ საყურადღებო გამოკვლევები შექმნა: „ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკის ძირითადი თავისებურებანი ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში“ (თბ., 1966 წ.), „ჰეგელი და ნეოჰეგელიანიზმი“ (თბ., 1970 წ.); თამაზ ბუაჩიძემ კი ჰეგელის ფილოსოფიის გაგებას მიუძღვნა საბჭოთა ხანაში საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული მონოგრაფია „ჰეგელი და ფილოსოფიის არსების პრობლემა“ (თბ., 1976 წ.), რომლის განვრცობილი და გადამუშავებული გამოცემა 1981 წელს გამოვიდა რუსულ ენაზე (თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“).
აღსანიშნავია, რომ სწორედ საბჭოთა დროს შეიქმნა ჰეგელის არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ქართულ ენაზე არსებულები თარგმანები: (1) „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია. ნარკვევი. პირველი ნაწილი: ლოგიკის მეცნიერება, თარგმანი გერმანულიდან - შ. პაპუაშვილისა“ (თბ., 1962 წ.), (2) „ესთეტიკა, ტ. I, გერმანულიდან თარგმნა შ. პაპუაშვილმა“ (თბ., 1973 წ.), (3) „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია: გონის ფილოსოფია, თარგმანი გერმანულიდან - ნ. ნათაძის“ (თბ., 1984 წ.).
ჰეგელის ფილოსოფიის ქართული რეცეფციის ისტორიის სხვადასხვა ასპექტები დასაწყისიდან პოსტსაბჭოთა ეპოქის ჩათვლით ვრცლად არის რეკონსტრუირებული ორ გერმანულენოვან სტატიაში: (1) თ. ირემაძე / ლ. ზაქარაძე, „ჰეგელი საქართველოში. შალვა ნუცუბიძე და მისი ნარკვევები ჰეგელის შესახებ“ (2010 წ.) და (2) ნ. როდონაია, „ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფციები საქართველოში XIX საუკუნიდან თანამედროვეობამდე“ (2014 წ.).
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1991 წლის 9 აპრილი) და საბჭოთა კავშირის დაშლის (1991 წლის 26 დეკემბერი) შემდეგ ქართულ ფილოსოფიაში სამეცნიერო-კვლევითი გარემო გაუმჯობესდა, რაც დაკავშირებული იყო ოფიციალური მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიისა და საბჭოთა ცენზურის შესუსტებასთან. თუმცა, ჰეგელის ფილოსოფიისადმი დაინტერესებას XX საუკუნის ბოლოს ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა; ამ პერიოდში გერმანული კლასიკური ფილოსოფიის შესახებ მუშაობდნენ: გ. თევზაძე, ნ. ნათაძე, მ. ბერიაშვილი, კ. კაციტაძე, მ. ბიჭაშვილი, ნ. როდონაია და სხვ.
XXI საუკუნის დასაწყისის ქართულ ფილოსოფიაში ჰეგელის მოძღვრებისადმი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის საგრძნობ ზრდას აქვს ადგილი. სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნდა ჰეგელის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ნაშრომის ქართულენოვანი თარგმანი: (1) „ლექციები ისტორიის ფილოსოფიაზე, გერმანულიდან თარგმნილი ნ. ნათაძის მიერ“ (თბ., 2001 წ.), (2) „გონის ფენომენოლოგია, გერმანულიდან თარგმნა შ. პაპუაშვილმა“ (თბ., 2017 წ.).
თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში ჰეგელის ფილოსოფიისადმი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის ზრდა კი განპირობებულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის აქტივობით. ამ ინსტიტუციებში ჩამოყალიბდა ქართველ და უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი (თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ჯ. რინალდი, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი და სხვ.), რომელიც საგანგებოდ შეისწავლის ჰეგელის უაღრესად რთული და მრავალფეროვანი მოძღვრების სხვადასხვა ასპექტებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 22-23 სექტემბერს მკვლევართა ამ ჯგუფის ძალისხმევით ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიისა და ქრისტიანული მსოფლხედვის შესწავლის კუთხით უმნიშვნელოვანესი დარგობრივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის აქტუალურ თემატიკას მიეძღვნა. ამის შედეგად გამოიცა კიდეც სამეცნიერო კრებული „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“ (თბ., 2019 წ.), რომელიც ამ კონფერენციის მონაწილე უცხოელი და ქართველი მკვლევრების გამოკვლევებს მოიცავს და ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის ისტორიულ-სისტემურ ასპექტებს თანამედროვეობის კონტექსტში განიხილავს. უნდა ითქვას, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში ჰეგელის ფილოსოფიის შესწავლა ერთ-ერთ სამეცნიერო პრიორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული. ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები (კონფერენციები, სემინარები, კოლოქვიუმები) ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის, ლოგიკის, ეთიკის, ესთეტიკისა და პოლიტიკის ფილოსოფიის შესახებ. ამ საქმეში ქართველ მეცნიერებთან ერთად დიდი წვლილი შეაქვთ ჰეგელის ფილოსოფიის ცნობილ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის თანამშრომლები არიან - გერმანელ ფილოსოფოსს ჰელმუტ შნაიდერსა და იტალიელ იდეალისტ ფილოსოფოსს ჯაკომო რინალდის. ამის შედეგად ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები ინტენსიურად შეისწავლიან გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის მრავალწახნაგოვან შემოქმედებას, განსაკუთრებით კი, ობიექტური იდეალიზმის ჰეგელისეულ სისტემას.
• ირემაძე, თ.: პროკლეს ფილოსოფიის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ, კრებულში: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2008 წ., გვ. 10-15.
• ირემაძე, თ.: შალვა ნუცუბიძე და ჰეგელის ფილოსოფიის გაგების ძირები საქართველოში, კრებულში: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. III, თბილისი, 2009 წ., გვ. 10-14.
• ირემაძე, თ.: ანტიკური ნეოპლატონიზმის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ, წიგნში: თ. ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 50-58.
• ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, კრებულის შემდგენელი, სამეცნიერო რედაქტორი და წინათქმის ავტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• Iremadze, T. / Zakaradze, L.: Hegel in Georgien. Schalwa Nuzubidse und seine Hegel-Studien, in: Jahrbuch für Hegelforschung, Bd. 12-14, hrsg. von H. Schneider, Sankt Augustin: Academia Verlag, 2010, გვ. 267-273.
• Iremadze, T.: My View of Shalva Nutsubidze's Critique of the Hegelian Interpretation of Neo-Platonism, in: Hegel's Philosophy of Religion. Perspectives – Contexts – Intercultural References, edited by T. Iremadze, U. R. Jeck and H. Schneider, Bochum: Europäischer Universitätsverlag GmbH, 2022, გვ. 209-214.
• Rodonaia, N.: Rezeptionen der Philosophie Hegels in Georgien vom 19. Jahrhundert bis zur Gegenwart, in: Jahrbuch für Hegelforschung, Bd. 15-17, hrsg. von H. Schneider, Sankt Augustin: Academia Verlag, 2014, გვ. 137-158.