ქართველი მოაზროვნეები საკმაოდ ადრე გაიტაცა ნიცშეს შემოქმედებამ. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე იმართებოდა ცხარე პაექრობები ნიცშეს მოძღვრების თაობაზე. ერთი პირველთაგანი გახლდათ ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ა. ფურცელაძე. ის, 1899 წელს, გაზეთ „ივერიაში“ (№ 272), შეეხო ნიცშეს შემოქმედებას და კრიტიკულადაც შეაფასა მისი შეხედულებები. ნიცშეს მსოფლმხედველობა, ავტორის აზრით, ერთ-ერთი ვერსიაა სოციალური დარვინიზმისა, ვინაიდან მან არსებობისათვის ბრძოლის კანონი ორგანული სიცოცხლის სფეროდან გადაიტანა სოციალურ სფეროში. ეს კონცეფცია ამართლებს სოციალურ უსამართლობას და მთლიანად უარსაყოფია.
ამას მოჰყვა ა. ჩხენკელისა და შ. ჩიტაძის უფრო საფუძვლიანი წერილები, რომლებიც დაიბეჭდა იმჟამინდელ წამყვან ყოველკვირეულ ლიტერატურულ გამოცემებში; კერძოდ, 1901-1902 წლებში, გამოცემა „კვალში“ (1901 წ., № 49, № 50, № 51; 1902 წ., № 3) გამოქვეყნდა ა. ჩხენკელის წერილების სერია „ფრიდრიხ ნიცშე“. პირველი ნაწილი ჩხენკელის წერილებისა ეძღვნება ნიცშეს მოღვაწეობის ზოგად ანალიზს; მასში სწორადაა გადმოცემული ნიცშეს ბიოგრაფია და მოცემულია ნიცშეს შემოქმედების ზოგადი დახასიათება, მისი თხზულებების კლასიფიკაციითურთ. ჩხენკელი დადებითად აფასებს გერმანელი ფილოსოფოსის შემოქმედებას, რაც, ფურცელაძის უარმყოფი სულისკვეთების ფონზე, უთუოდ ვერ აღიქმებოდა ეჭვშეუვალ მოსაზრებად. ამან გამოიწვია ის, რომ „კვალის“ რედაქციამ ჩხენკელის წერილს წაუმძღვარა თავისი შენიშვნა. შენიშვნაში წერია, რომ რედაქციის წევრები არ ეთანხმებიან ავტორის მრავალ მოსაზრებას. თუმცკი, ნიცშე ინდივიდუალიზმის პროგრესული ქომაგია, მის ფილოსოფიას მაინც კონსერვატიული სახე აქვს. და მაინც, მიუხედავად მათი ამ თავდაცვითი პოზიციისა, ნიცშეს აზროვნება იმსახურებს ნაირგვარ ინტერპრეტაციას, რის გამოც მათ კანონიერად მიაჩნიათ ამ ნარკვევის გამოქვეყნება.
ჩხენკელი, თავის წერილებში, მიმოიხილავს ნიცშეს გვიანდელ შემოქმედებას. თუ რატომ, ამასაც ამბობს: ნიცშეს მოძღვრებამ, თავისი განვითარების მესამე პერიოდში, შეიძინა სრული და ორიგინალური ხასიათი. სწორედ ამ ხანებში გამოძერწა ნიცშემ საკუთარი ფილოსოფიური სახე და მოსწყდა თავის ადრინდელ მოძღვართა ზეგავლენას. ამისდა კვალად, ჩხენკელი განსაკუთრებული გულისყურით ეკიდება ისეთ თხზულებებს, როგორიცაა: „მხიარული მეცნიერება“ (1882 წ.), „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ (1883-1885 წწ.) და „კეთილისა და ბოროტის მიღმა“ (1886 წ.). ავტორი ცდილობს, რომ ნიცშეს მთელი შემოქმედება დაგვანახოს ამ თხზულებათა ჭრილში, თანაც, კვალიფიციური შეფასება მისცეს მას.
ჩხენკელი არ ეთანხმება იმათ, ვინც ზეკაცის იდეას გადამწყვეტ როლს აკისრებს ნიცშეს ფილოსოფიის გაგებაში. ამ თემის მეტისმეტად წამოწევა უფრო გამოწვეულია ნიცშეს მოძღვრების რადიკალური ბუნებით და არ წარმოადგენს მისი ეთიკური კონცეფციის მთავარ პრობლემას. ზეკაცის იდეის შემუშავებით ნიცშე დაუპირისპირდა საკუთარ ინტენციას. ამ იდეით მან კაცობრიობას დაუსახა ერთადერთი მიზანი; მასთან ხომ ადამიანის, როგორც ასეთის, ერთადერთი მიზანი ზეკაცობაა, რაც ეწინააღმდეგება ნიცშეს ადრინდელ ჩანაფიქრს: არ არსებობს კაცობრიობის ერთადერთი მიზანი, არამედ არსებობს ხალხთა ათასგვარი მიზნები. ნაირგვარ მიზანთა შესახებ თავისი თეორიის დაფუძნებით, ნიცშემ მოახდინა მორალის, როგორც ასეთის, დესტრუქცია. ახლა კი, როცა ის ავითარებს „ზეკაცის“, როგორც მომავალი ადამიანის ერთადერთი მიზნის, იდეას, ამითვე უარყოფს პრინციპულ მხარეს თავისი მსოფლგაგებისა. ჩხენკელს აქ უთუოდ მხედველობაში აქვს ერთ-ერთი თავი „ათასი და ერთი მიზნისათვის“, „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ პირველი მონაკვეთიდან, სადაც ნიცშე მიუთითებს, რომ მცდარია კაცობრიობისათვის ერთი მიზნის დასახვაზე მსჯელობა. საბოლოოდ, ჩხენკელის აზრით, ნიცშე მთელი თავისი შემოქმედებით, მაინც ნაირგვარ მიზანთა და მიდგომათა პრიმატის მომხრეა. ერთი საკაცობრიო მიზნის უარყოფით ნიცშემ დააფუძნა უფლება ყოველი კერძო ადამიანისა და სწორედ ის გამოაცხადა საზოგადოების მამოძრავებელ ძალად.
ამიტომ არის, რომ ჩხენკელმა ნიცშე, უწინარეს ყოვლისა, გაიგო ინდივიდუალიზმის მოქადაგე ფილოსოფოსად, მისი დამსახურება კი დაინახა ამ პრობლემის ხაზგასმასა და ინტერპრეტაციაში. ნიცშეს მოძღვრების პროგრესული ხასიათი სწორედ ამ პრინციპისათვის რადიკალური უპირატესობის მინიჭებაში ჩანს. რა თქმა უნდა, ინდივიდუალიზმის იდეა არ გახლავთ ნიცშეს მონაპოვარი. ამ იდეის ძირები, ბოლოს და ბოლოს, არც რომანტიკოსებთანაა საძიებელი და არც ადამ სმითის თეორიაში. მაგრამ ერთი რამ ეჭვს არ იწვევს: ხსენებული იდეის დამუშავებაში იგი უფრო ორიგინალური და მეტი ზეგავლენის მომხდენია, ვიდრე მისი წინამორბედები.
1905 წელს – ჩხენკელის შემდეგ – გაზეთ „ცნობის ფურცელში“ (სამ სხვადასხვა ნომერში - № 2868, № 2871, № 2875) გამოქვეყნდა შ. ჩიტაძის საგულისხმო ნარკვევი „ნიცშეს იდეალი“, სადაც ქართველი ავტორი ძირითადად შეეხო ნიცშეს ნაწარმოებს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“; და არათუ შეეხო, არამედ მარჯვედაც მოარგო ამ წიგნის პრობლემატიკა დამდეგი დროის სიტუაციას. ჩიტაძემ დადებითად შეაფასა ნიცშეს შემოქმედება. მისი რწმენით, ნიცშეს მოძღვრება ყურადსაღებია არა მარტო აწმყოსთვის, არამედ – მერმისისთვისაც. მან წამოსწია ნიცშეს აზროვნების ორიგინალურობა, აქტუალობა და მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ნიცშესთან წამოჭრილ იდეებს ფესვი უდგას წარსულ ფილოსოფიაში (სოფისტებთან, ან, გნებავთ, XVIII საუკუნის განმანათლებლებთან), მაგრამ ნიცშეს რეაქცია ადეკვატურია სწორედ თავისდროინდელი აზროვნების ტენდენციებისა, რამაც ეს იდეები ახალი კუთხით დაგვანახა. მან საბოლოო და ზუსტი დიაგნოზი დაუსვა თავისი დროის უსასოობასა და იდეურ სიცარიელეს, თანაც, ეფექტური იდეალები დასახა ამ მდგომარეობის დასაძლევად. სწორედ ამან გაუთქვა მას სახელი და მოუხვეჭა ეგზომ დიდი პოპულარობა.
ჩიტაძე, ჩხენკელის მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა ინდივიდუალიზმის პრობლემას ნიცშეს შემოქმედებაში; მისთვის ნიცშე „მე“-ს ფილოსოფოსია. ვინაიდან არ არსებობს ერთი მიზანი ყველასათვის და ყოველი კაცი საზომია ყოველივესი, ინდივიდუალობის პრობლემა მტკიცე კონტურებს იძენს ნიცშეს თეორიაში. ცალკეული ინდივიდი (ანუ ის, ვისაც ამ სამყაროში თავისი ადგილის გამო, უწინარეს ყოვლისა, მიეწერება რეალური არსებობა), მოქმედებს თავისი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად, რათა რეალობა მოაწყოს საკუთარი წესის მიხედვით. საკითხთა ამგვარი დასმით ჩიტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისეთ ცნებებს, როგორიცაა: „კაცობრიობა“, „სახელმწიფო“, „მოყვასის სიყვარული“, „კეთილი და ბოროტი“, ნიცშესთან დაკარგული აქვს ტრადიციული გაგება და ფიქციებად აღიქმება. მათი უგულებელყოფით უქმდება „ჯერარსის“ ცნებაც. თუკი მოხსნილია რეალობის ძველი წესრიგი, მორალური საფუძვლებიც ზედმეტია და ინდივიდი თავიდან იწყებს აზროვნებას – ტრადიციულ ცნებათა მიღმა. შესაბამისად, ჩიტაძის აზრით, ნიცშემ შეიმუშავა ადამიანის სხვა ცნება, სახელდობრ, „ზეკაცისა“. „ზეკაცია“ ის, ვინც თავისი მოქმედების საფუძვლად გაიხადა ძალაუფლების ნების პრინციპი. „ზეკაცის“ სახით მოგვევლინა „ჯერარსის“ ახალი პრინციპი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოს „ჯერარსთან“. იგი განასახიერებს ადამიანად ყოფნის ნამდვილ მიზანს, ანუ იდეალს. აქ „ჯერარსი“ შეიძლება გავიგოთ როგორც „ზეკაცის“ ნება. იგი „მომავლის ადამიანის“ ნიცშესეული ჩანაფიქრია. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ „ზეკაცის“ იდეა ჩიტაძეს განუხორციელებლად მიაჩნია. „ზეკაცი“, როგორც „მე“, გაგებულია „არა-მე“-ს რადიკალურ ანტიპოდად, რაც, ჩიტაძის აზრით, ფიქციას, უფრო სწორად კი, უტოპიას წარმოადგენს. ჩიტაძემ კრიტიკული შეფასება მისცა ნიცშეს მეთოდურ ნაბიჯებსაც: თავისი მთავარი იდეის მკაცრ ლოგიკურ დასაბუთებას ნიცშემ მისი ფსიქოლოგიურ პერსპექტივაში დანახვა ამჯობინა.
ამგვარად, ჩიტაძის გამოკვლევაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შემდეგი საკითხები: სახელმწიფოს ბუნება, ძალაუფლების ნება, „უკანასკნელი ადამიანის“ დაძლევა, ადამიანური „მე“ და „ზეკაცი“, აგრეთვე, ახალ ღირებულებათა დასახვის პრინციპი. ჩიტაძის დიდ მოწონებას იმსახურებს ნიცშეს რადიკალური კრიტიკა საზოგადოებისა. ასე რომ, ქართველი ავტორი, მისი ძირითადი განწყობის შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს ნიცშეს მგზნებარე ინტერპრეტატორად.
შემდგომი შეხება ნიცშეს ნააზრევთან გამოირჩევა ანალიზის ფართო სპექტრით. აქ, პირველყოვლისა, უნდა ვახსენოთ ქართველი მწერლისა და კულტუროლოგის, გრიგოლ რობაქიძის საჯარო ლექციები, რომლებმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართველ მსმენელში. 1911 წელს, „სახალხო გაზეთის“ ფურცლებზე, გაიმართა ცხარე კამათი ნიცშეს შესახებ, რაც შთაგონებული იყო რობაქიძის მოხსენებებით. ამ პაექრობებში ერთი რამ იკვეთება ცხადად: რობაქიძის განსაკუთრებული ინტერესი ნიცშეს „ტრაგედიის დაბადებისა“ და, შესაბამისად, „დიონისურ-აპოლონურის“ პრობლემატიკის მიმართ. რობაქიძის ყურადღებას იპყრობს ნიცშეს ლიტერატურული მნიშვნელობა და ნაყოფიერება. ეს გასაგებიცაა: ამ ხანებში ნიცშე პოპულარული იყო სწორედ როგორც მწერალი და ხელოვანი. რობაქიძის ეს გაგება იქცა დავით კასრაძის მძაფრი კრიტიკის საგნად. კასრაძემ ნიცშეს მოძღვრებაში წამოსწია „ზეკაცისა“ და ძლიერ-სუსტს შორის ორთაბრძოლის თემატიკა, თანაც, საგანგებოდ გახაზა ამ პრობლემატიკის უგულებელყოფა რობაქიძის მიერ.
დავით კასრაძის აზრით, ნიცშეს მოძღვრების მთავარი იდეა ადამიანის გარდაქმნაა ზეკაცად. ეს კონცეფცია ნიცშემ ჩამოაყალიბა ევოლუციის თეორიის, განსაკუთრებით კი, დარვინიზმის ზეგავლენით. კასრაძის კვლევის ობიექტი ნიცშეს შემოქმედების ე.წ. მესამე პერიოდია, სადაც დარვინიზმის იმპულსი თვალსაჩინოა. სწორედ კასრაძემ მოგვცა ჩინებული დახასიათება ნიცშეს ზემოქმედებისა იმდროინდელ მწერლობაზე. კასრაძე, თუმცკი მოკლედ, მაგრამ მეტწილად სწორად ასახელებს ნიცშეს ფილოსოფიურ წყაროებს. მიუხედავად მისი ამ წვლილისა, ნიცშეს კასრაძისეული გაგება მაინც არასრულია და ცალმხრივი. ზოგიერთ ასპექტს, მაგალითად, დარვინიზმის ზეგავლენას ნიცშეს მოძღვრებაზე, მასთან უფრო მეტად მოუდის მახვილი, ვიდრე ეს სინამდვილეშია. სხვა ასპექტები კი, ოდნავ, ან სულაც არ არის გათვალისწინებული. ასეთია, მაგალითად, „დიონისურისა“ და „აპოლონურის“ ცნებები, რომლებიც, მისი შეხედულებით, არა თუ დიდ როლს არ ასრულებს ნიცშეს შემოქმედებაში, არამედ აფერხებს კიდევაც მისი მოძღვრების სწორ გააზრებას.
კასრაძის ამ კრიტიკას გრ. რობაქიძემ პასუხი გასცა „სახალხო გაზეთში“ (1911 წ., № 312). წერილის სათაურია: „იძულებული განმარტება (დ. კასრაძის წერილის გამო)“. იგი განიხილავს კასრაძის კრიტიკულ შენიშვნებს და, გზადაგზა, აზუსტებს საკუთარ ინტერპრეტაციას. რობაქიძეს ხელახლა მოუხდა „დიონისურისა“ და „აპოლონურის“ მნიშვნელობის განმარტება, გამოაცხადა რა ისინი გადამწყვეტ ასპექტებად ნიცშეს შემოქმედებაში. მანვე მართებულად მიუთითა ისეთი იდეების საკვანძო მნიშვნელობაზე, როგორიცაა: „იგივეს მარადიული დაბრუნება“, „ძალაუფლების ნება“, „უცხოს სიყვარული“ და „ზეკაცი“. ამ საკითხებზე მსჯელობისას რობაქიძეს განსაკუთრებით წაადგა შოპენჰაუერის კონცეფცია მუსიკის შესახებ, რაც მას მიაჩნდა ამოსავალ წერტილად ხსენებულ იდეათა აღმოცენებისათვის. აქვე შევნიშნავთ იმასაც, რომ ევოლუციის თეორია რობაქიძეს უმნიშვნელოდ მიაჩნია და კრიტიკულ შეფასებასაც აძლევს ამ ფაქტორის გააბსოლუტებას.
ხსენებული პაექრობა მართლაც უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში, ნიცშემ დიდი დაღი დაასვა ქართულ კულტურას. ასევე დიდია – ქართველ მწერალთა ძალისხმევით – ნიცშეს ზეგავლენა ქართულ თეატრზე. ამ ხანებში თბილისში დაიდგა ორი სპექტაკლი რობაქიძის პიესების მიხედვით: „ლონდა“ და „ლამარა“; მათ ატყვია ნიცშეს შემოქმედების ძლიერი კვალი.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნიცშეს ზეგავლენა XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველ მწერალთა შემოქმედებაზე. ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას თხზულებები უხვად შეიცავს ნიცშეს მოტივებს. ამ მხრივ გამოირჩევა მისი რომანი „დიონისოს ღიმილი“ (1925 წ.) და აქ დასმული პრობლემები. გარდა ამისა, ნიცშეს აზროვნებაში მისტიური ელემენტების ძიებისას, მან რამდენიმე წერილი მიუძღვნა ნიცშეს ფილოსოფიას, განსაკუთრებით – „ტრაგედიის დაბადებასა“ და „ესე იტყოდა ზარატუსტრას“. საყურადღებოა მისი გამოკვლევა: „ტრაღედიის წარმოშობა მისტიკის სულიდან“, სადაც „მუსიკისა“ და „მისტიკის“ ნიცშეანური გაგების შთამბეჭდავი ანალიზია მოცემული. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკა და მისტიკაც გამსახურდიას მიაჩნდა ნიცშეს შემოქმედების უმნიშვნელოვანეს თემებად. ამგვარი გაგება საქართველოში მარტო გამსახურდიასთვის როდია ნიშანდობლივი. რობაქიძეც – როგორც უკვე ითქვა – დიდ როლს მიაწერდა მათ ნიცშეს ფილოსოფიაში. მისტიკის საკითხს გამსახურდია განიხილავს ნიცშეს გვიანდელ თხზულებათა ჭრილში. მან თავი მოუყარა „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ ძირითად აზრებს და დაუკავშირა ისინი ბერძნულ ფილოსოფიაში არსებულ „დეინდივიდუალიზაციის“ თეზისს. მისი შეხედულებით, სკეპტიციზმმა და ნიჰილიზმმა ხელი შეუწყო გადასვლას მისტიკაზე; თუ ამ ელემენტებს ზმანებას შევუერთებთ, აღმოცენდება მისტიკა. ზარატუსტრა ბრწყინვალე წარმომადგენელია ზეინდივიდუალობისა, ბერძენი ფილოსოფოსის, ემპედოკლეს გაგებისამებრ.
ასე იქცა ნიცშე, თანდათან, ინტენსიურ ფილოსოფიურ განაზრებათა ობიექტად. XX საუკუნის ოციან წლებში, ქართველმა ფილოსოფოსმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა კონსტანტინე კაპანელმა შექმნა საკუთარი თეორია „ორგანულის“ შესახებ, რაც გადმოსცა კიდეც წიგნში: „სოციალური ესთეტიკის საფუძვლები. ორგანოტროპიზმი“ (1925 წ.). ამ გამოკვლევას – ავტორის სხვა თხზულებების მსგავსად – ატყვია ძლიერი კვალი ნიცშეს აზროვნებისა. ნიცშეს მოძღვრება კაპანელს გამოადგა თავისი ესთეტიკური კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. მანამდე კი, კაპანელმა ნიცშეს მიუძღვნა წერილი: „ნიცშეანელობის ლაიტმოტივი“ (1911 წ.), აგრეთვე, „ტანჯვის იდეა და ზეკაცის პოეზია ქართულ ლიტერატურაში“ (1912 წ.). პირველი გვამცნობს ნიცშეს მოძღვრების მთავარ პრობლემატიკას, მეორე კი ცდაა იმისა, რომ ფეხდაფეხ მიჰყვეს ზეკაცის კვალს ქართულ მწერლობაში და, ნიცშეს დახმარებით, მოახდინოს მისი რეკონსტრუქცია. ნიცშეს ნააზრევი დიდ როლს ასრულებს კაპანელის სხვა თხზულებებშიც. მისი „ტანჯვა და შემოქმედება“ (1917 წ.) და „სული და იდეა“ (1923 წ.) სწორედაც რომ გერმანელი ფილოსოფოსის იდეებითაა განმსჭვალული. ვფიქრობთ, ნიცშეს კვლევას სამომავლოდ ასევე წაადგება, თუ ეს ორი კონცეფცია შეჯერებული და გაანალიზებული იქნება სისტემატურ-ისტორიული თვალთახედვით.
XX საუკუნის პირველ ნახევარში ერეკლე ტატიშვილმა თარგმნა „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. იდეოლოგიურ მიზეზთა გამო ეს თარგმანი გამოქვეყნდა საკმაოდ გვიან, 1993 წელს, რასაც მთარგმნელი თავად ვერ მოესწრო. ტატიშვილმა შეძლო ეპოვა ის სტილი, რომელიც ნიცშეს ნააზრევს მოერგებოდა. საამისოდ მან მიმართა ძველი ქართული ენის სიტყვათკომბინაციებსა და მნიშვნელობებს. ნიცშეს ქართული ინტერპრეტაციის საქმეში ეს თარგმანი ფასდაუდებელია. მიუხედავად ამისა, იგი დღეს ნაკლებად გამოსადეგია ნიცშეს ტექსტის შესწავლისათვის, ვინაიდან მის გამოყენებას სჭირდება როგორც ძველი ქართული ენის, ისე ნიცშეს ფილოსოფიის სოლიდური ცოდნა.
XX საუკუნის დასაწყისში, ნიცშეს კვლევის ესოდენ კარგად დაწყებული საქმე დიდად შეაფერხა კომუნისტური მმართველობის გაძლიერებამ საბჭოთა ქვეყნებში. კომუნისტური რეჟიმი იმთავითვე მტრულად განეწყო ნიცშეს მიმართ. იმჟამინდელი „სახელმწიფო ფილოსოფოსნი“ მხოლოდ უარყოფითად აფასებდნენ ნიცშეს აზროვნების წესსა და მოძღვრებას. საბჭოთა კავშირში ნიცშე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე აკრძალულ მოაზროვნედ თანამედროვეობისა. ნიცშე, თანდათან, დაუკავშირეს ფაშიზმსაც. ეს სიტუაცია აირეკლა XX საუკუნის ქართულ აზროვნებაშიც. ამის ნიმუშია თუნდაც ალექსანდრე ქუთელიას წიგნი: „გერმანიის ფაშიზმის იდეოლოგიის სათავეები (ნიცშე და ფაშიზმი)“ (1944 წ.).
ამ არასასურველი ვითარების მიუხედავად, ქართველ ფილოსოფოსებს არასოდეს მიუტოვებიათ ნიცშეს კვლევა, რამაც, XX საუკუნის ბოლო ათეულ წლებში, კვლავ მოიკიდა ფეხი ქართულ საგანმანათლებლო კერებში, თანაც, წინანდელზე უფრო ინტენსიურად. არაერთხელ თქმულა კიდეც ნიცშეს ფილოსოფიის დიდ მნიშვნელობაზე ქართული კულტურის გაგებისათვის. მას იყენებდნენ საკუთარი გონითი ტრადიციის ინტერპრეტაციისთვის. კომუნისტურ ხანაშიაც შეიქმნა რამდენიმე საყურადღებო გამოკვლევა ნიცშეს შესახებ. განსაკუთრებით გამოვყოფთ თამაზ ბუაჩიძის, ზურაბ კაკაბაძისა და ავთანდილ პოპიაშვილის გამოკვლევებს. მათ შესამჩნევად ასწიეს ნიცშეს კვლევის დონე საქართველოში და ფართო მკითხველს კვლავ გაუღვიძეს ინტერესი ნიცშეს ფილოსოფიის მიმართ.
ყოველივე, რაც აქ ჩვენ მიერ ითქვა ნიცშეს ქართული ინტერპრეტაციის თაობაზე, იმას მოწმობს, რომ მან კარგად აიღო სტარტი, თუმცკი, კომუნისტური მმართველობის ხანაში, მისი განვითარება ძლიერ შეფერხდა. სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შეცვლამ შექმნა შესაძლებლობა ნიცშეს ინტერპრეტაციის განახლებისა და, XX საუკუნის ბოლოს, ნიცშე არაერთხელ იქცა ცხარე პაექრობის საგნად საქართველოში, რაც უთუოდ პოსტმოდერნიზმის ზეგავლენის შედეგიცაა.
XXI საუკუნის ქართულ აზროვნებაში ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის მიმართ მრავალმხრივი მიდგომები გამოიკვეთა; ეს იმით არის განპირობებული, რომ თვით ნიცშეს შემოქმედება იძლევა სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთისაგან პოლარულად დაპირისპირებული გაგებისა და განმარტების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ნიცშე თავად არც კი გვთავაზობს საკუთარი აზრებისა და შეხედულებების რაიმე მწყობრ სისტემას. უფრო მეტიც, მისი თხზულებები ფრაგმენტული, ექსპერიმენტული ფილოსოფიური მცდელობებია სამყაროს, ადამიანისა და საკაცობრიო აზროვნების საზრისის, დანიშნულებისა და სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის თაობაზე. სწორედ ეს მრავალსახა ექსპერიმენტული მეთოდოლოგია გამოარჩევს ნიცშეს შემოქმედებას საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში.
თუკი XX საუკუნეში ფრიდრიხ ნიცშეს დიდი თხზულებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ იყო თარგმნილი, XXI საუკუნის პირველ ორ ათწლეულში ქართულად ითარგმნა და გამოიცა ნიცშეს მრავალი ცნობილი თხზულება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „Ecce homo“ (2011 წ.), „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“ (2016 წ.), „კერპების მწუხრი“ (2018 წ.), „სიცოცხლისათვის ისტორიის სარგებლისა და ზიანის შესახებ“ (2018 წ.), „ანტიქრისტე“ (2020 წ.), „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ (2020 წ.) და სხვ.
აღსანიშნავია ისიც, რომ XXI საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში შეიქმნა კვალიფიციური გამოკვლევები ნიცშეს შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებისა და მოტივების შესახებ. ქართველ მკვლევართა მიერ ქართულ და უცხო ენებზე გამოქვეყნდა არაერთი მნიშვნელოვანი სტატია ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ჩამოყალიბებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჯგუფის სამეცნიერო საქმიანობა, რომელმაც მიზნად დაისახა ფრიდრიხ ნიცშეს რჩეულ თხზულებათა ქართული თარგმანების აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა. თხზულებათა პირველი ტომის სახით, 2011 წელს, გამოვიდა კიდეც ფრიდრიხ ნიცშეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის („Ecce homo“) ქართული თარგმანი ვრცელი კრიტიკული აპარატითა და გამოკვლევით. სწორედ ამ ინსტიტუტში შექმნილმა კვლევებმა დაუდო სათავე თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედების აკადემიურ-კრიტიკული შესწავლისა და ათვისების პროცესს.
XX საუკუნის ქართულ აზროვნებაში ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედების ანალიზს ეძღვნება სამეცნიერო კრებული „ნიცშე საქართველოში“ (2007 წ.), რომელიც მოიცავს უაღრესად საინტერესო გამოკვლევებს გერმანელი ფილოსოფოსის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ ქართულ სინამდვილეში. ეს წიგნი დიდი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ნიცშეს ფილოსოფიის „პერსპექტიულობას“ მისი ინტერპრეტაციის („ასახვისა“ და „გარდასახვის“) მდიდარი ისტორიის კონტექსტში აჩვენებს და მისი საწყისისეული ეპიზოდებისა და ეტაპების ანალიზს კრიტიკულ-ისტორიოგრაფიული მეთოდოლოგიის გამოყენებით ახორციელებს. მასში საგანგებო ყურადღება ექცევა ნიცშეს ფილოსოფიის გაგებას XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ აზროვნებაში. ეს არჩევანი იმითაც არის განპირობებული, რომ ნიცშემ ამ პერიოდის ქართული კულტურის განვითარებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. ნიცშეს ნააზრევის იმდროინდელი ქართული ინტერპრეტაციების ადეკვატურად შეფასების მიზნით კი მოხმობილია ამავე პერიოდის გერმანული ნიცშეოლოგიის მეტად ნაყოფიერი ეპოქა, რომლის ძირითადი ტენდენციები საგანგებოდ არის განხილული და რეკონსტრუირებული.
ვფიქრობთ, რომ ფრიდრიხ ნიცშეს უაღრესად პერსპექტიული ფილოსოფიის არადოგმატური გაგება და განმარტება კვლავაც რჩება თანამედროვე ქართული ფილოსოფიის გადაუდებელ ამოცანად. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ნიცშეს შემოქმედება „გულუბრყვილო“ გაგების ტყვე ხდება, რისი საფრთხეც ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიას მისი „პერსპექტიულობის“ გამო დიახაც რომ ემუქრება და რისი მომსწრეც არაერთხელ გამხდარა ნიცშეს შემოქმედებით დაინტერესებული ქართული (და არა მხოლოდ ქართული!) მკითხველი. ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებით დაინტერესებულ მკვლევარს აუცილებლად მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ იგი, პირველ რიგში, ფილოსოფოსია. მისი ნააზრევის ადეკვატურად აღსაქმელად და გასააზრებლად ფილოსოფიის მდიდარი ისტორიის კარგი ცოდნაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, „გულუბრყვილო“ ინტერპრეტაციების ტყვეობაში აღმოვჩნდებით. ნიცშე დასავლური სამყაროს მთელ ინტელექტუალურ ტრადიციასა და მის საფუძვლებს დაუპირისპირდა. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად მოახერხა მან ამ ტრადიციის უარყოფა, ან კიდევ მისი პრობლემური ასპექტების გამოაშკარავება, საჭიროა თვით ამ ტრადიციის სათანადოდ გააზრება და მისი თაურსაფუძვლების კარგი ცოდნა. მაშასადამე, ნიცშეს ფილოსოფიის ანალიზი მეტისმეტად რთული, კომპლექსური საქმეა და დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს.
• ირემაძე, თ.: ფრიდრიხ ნიცშე. „ესე იტყოდა ზარატუსტრა“: ტექსტი და კონტექსტი, თბილისი: „ნეკერი“, 2006 წ.
• ირემაძე, თ.: ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია და მისი გაგების პერსპექტივები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2015 წ.
• ნიცშე საქართველოში. ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას, რედაქტორ-შემდგენი და წინათქმის ავტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „არხე“, 2007 წ.