2021-04-01 თენგიზ ირემაძე

ალეთეიოლოგია

1 -შესავალი

ქართველმა ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ, შალვა ნუცუბიძემ (1888-1969 წწ.), XX საუკუნის დასაწყისში ფილოსოფოსობის ახალი კონტურების მოხაზვა სცადა. ამას ადასტურებს მისი ორიგინალური მოძღვრება ალეთეიოლოგიური რეალიზმის შესახებ, სადაც ის თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს განიხილავს და ყოფნასა და აზროვნებას შორის არსებული ნამდვილი დაპირისპირებულობის გადალახვას იმედოვნებს. ნუცუბიძე ალეთეიოლოგიურის თვითმყოფადი და ჯერ კიდევ გამოუკვლეველი სფეროს ნათელყოფას შეეცადა. ეს სფერო, მისი აზრით, ყოფნასა და აზროვნებას შორისაა განთავსებული. ამ ორ ფენომენს შორის არსებული, მანამდე უცნობი მიმართებების აღმოჩენით ქართველმა ფილოსოფოსმა ალეთეიოლოგიის ახალი კონცეფცია შექმნა: მხოლოდ ალეთეიოლოგიას ძალუძს ფილოსოფიური აზროვნებისათვის დამახასიათებელი ცალმხრივობების გადალახვა. ალეთეიოლოგია, რომელიც თავისი პრობლემატიკის დამუშავებით ახალ შედეგებს აღწევდა, უნივერსალური დისციპლინა უნდა გამხდარიყო, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა საერთოდ ფილოსოფოსობისათვის. რადგან ყველაფერი, რაც ფილოსოფოსობისთვისაა მისაწვდომი, ალეთეიოლოგიაში უნდა იქნეს გააზრებული, ის ყველა ფილოსოფიური დისციპლინის საძირკვლად და ამოსავალ პუნქტად გვევლინება. სწორედ ამ მიზნით შალვა ნუცუბიძე დაწვრილებით იკვლევს ალეთეიოლოგიურის სფეროს. მან პირველად ეს პრობლემა ალეთეიოლოგიის პირველ შესავალში „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ (ბერლინი&ლაიფციგი, 1926 წ.) განიხილა, ხოლო შემდეგ კი სპეციალურ ალეთეიოლოგიურ შესავალში - „ფილოსოფია და სიბრძნე“ (ბერლინი&კენიგსბერგი, 1931 წ.). თავის პირველ შესავალში ნუცუბიძე, ალეთეიოლოგიური პრობლემატიკის პირველი გადმოცემისას, უფრო ვრცლად განიხილავს ფილოსოფიის ისტორიას, ხოლო ალეთეიოლოგიის სპეციალურ შესავალში კი უფრო მეტად საკუთარ თემატიკას განავრცობს. ორივე შესავალს უნდა მოჰყოლოდა ალეთეიოლოგიის სისტემატური განხილვა, მაგრამ იმდროინდელ საბჭოთა კავშირში არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ნუცუბიძეს ამის საშუალება არ მისცა.

2 -ალეთეიოლოგიის ძირითადი ცნებები

ალეთეიოლოგიას, ანუ ჭეშმარიტების თეორიას, უპირველეს ყოვლისა, დადებითად უნდა განესაზღვრა საკვანძო ცნებები. ერთ-ერთ ასეთ ძირითად ცნებად ნუცუბიძეს ალეთეიოლოგიურის ცნება მიაჩნდა. ამ ცნების ნათელსაყოფად და დასახასიათებლად აუცილებელია წინალოგიკურის ცნების დეფინიცია, რადგან წინალოგიკურის სფერო ალეთეიოლოგიურის სფეროს ემთხვევა. „ჭეშმარიტება თავისთავად“ წინალოგიკურის სფეროს განეკუთვნება, თუმცა, ამ უკანასკნელს ლოგიკურისთვის დამახასიათებელი თვისებები არ გააჩნია. ნუცუბიძის აზრით, სწორედ წინალოგიკურის ალოგიკურად ყოფნა იმსახურებს ყურადღებას. ნუცუბიძე მიიჩნევს, რომ ალეთეიოლოგიურის სფერო ალოგიკურის სფეროს კვეთს. ამის გათვალისწინებით იგი განიხილავს ტრანსცენდენტალური გამოცდილების ცნებას, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა კავშირი აპრიორულსა და აპოსტერიორულს შორის. ამგვარად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ტრანსცენდენტალურ-ლოგიკური ცოდნის აუცილებელი ხასიათი.

წინალოგიკურის უკეთ საწვდომად აუცილებელია იმ ცნებების ზუსტი განსაზღვრება, რომლებიც ალეთეიოლოგიურის ძირითადი სტრუქტურისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. ერთმანეთისაგან უნდა იქნეს განსხვავებული „ჭეშმარიტება თავისთავად“ და „ჭეშმარიტება ჩვენთვის“. „ჭეშმარიტება თავისთავად“, ალეთეიოლოგიურად განხილული, არის ჭეშმარიტად ყოფნა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ არსებული ჭეშმარიტებაა, რადგან ის „ადამიანური თვისებრიობის მიღმა ძევს“. ამ პერსპექტივიდან ნუცუბიძე აკრიტიკებს ფილოსოფიის ისტორიაში გავრცელებულ იდეალიზმისა და „რეალიზირებადი ონტოლოგიზმის“ მიმართულებებს. ეს მიმართულებები, მისი აზრით, მცდარ წანამძღვრებს ეფუძნება. შემმეცნებელი სუბიექტი ფლობს ადამიანური წარმომავლობის ცნებებს. ამის გათვალისწინებით ყოფნაში არსებობა არ არის ჭეშმარიტება, რადგან ჭეშმარიტების ცნება ადამიანური წარმოშობისაა. მიუხედავად ამისა, ყოფნაში არსებობის ჭეშმარიტად ყოფნის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ „არსებულის ამ ყოფნაში რაღაც განხორციელებულია და, შესაბამისად, დასრულებულიც“. მაგრამ ჭეშმარიტებას საწყისი არ გააჩნია. შესაბამისად, ის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს როგორც „თავისთავადი“. „თავისთავადი“ აქ არ არის მიმართების აღმნიშვნელი სიტყვა, რადგან ის ყოველგვარი მიმართების მიღმაა და სრული არარელაციურობით ხასიათდება. სრულიად აშკარაა, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარ ცნებებს იყენებს. ამ აზრით „თავისთავად“ და „ჩვენთვის“ ადამიანური წარმომავლობის ცნებებია, მაგრამ, ნუცუბიძის აზრით, ეს სულაც არ მიანიშნებს ჭეშმარიტების საკუთრივი სფეროს შეზღუდულობას.

სწორედ ამ ცნებების მეშვეობით ცდილობს ადამიანი სპეციფიურ-ადამიანურის გადალახვას და ადამიანურის შეზღუდული სფეროს განვრცობას. მხოლოდ ფილოსოფოსობით შეუძლია მას ისეთი მსოფლმხედველობის განვითარება, რომელიც დაცლილია ადამიანური თვისებებისაგან. ასეთი მსოფლმხედველობის კონსტრუირებით გადაილახება ადამიანურის საზღვრები და შესაძლებელი ხდება წინალოგიკურის, ანუ ალეთეიოლოგიურის სფეროს წვდომა. აქ ყოფნა და აზროვნება ერთმანეთს ემთხვევა. ნუცუბიძემ დეტალურად გამოიკვლია აღნიშნული ფენომენი და დაადგინა, რომ წინალოგიკურის სფერო არ არის მარტივი და ერთგანზომილებიანი. პირიქით, აქ კომპლექსურ ერთიანობას აქვს ადგილი, სადაც ყოფნა და აზროვნება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

ნუცუბიძე ცდილობდა, რომ წინალოგიკურის (ალეთეიოლოგიურის) სფერო დაეხასიათებინა როგორც ყოფნასა და აზროვნებას შორის მდებარე. იგი მიიჩნევდა, რომ არასწორად დასმულმა შეკითხვებმა არასრულყოფილი ფილოსოფიური თეორიები წარმოშვა. მისი აზრით, ამ თეორიებში ნაკლებად არის წარმოჩენილი ყოფნასა და აზროვნებას შორის არსებული ნამდვილი მიმართება, რადგან ფილოსოფოსები ალეთეიოლოგიურის ფენომენს ყურადღებას არ აქცევდნენ. ყოფნა და აზროვნება ისე უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, რომ მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ წარმოიშვას. სწორედ ამას ემსახურება ნუცუბიძის მიერ წამოწეული დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომის პრინციპი. ყოფნასა და აზროვნებას შორის მიმართება სწორედ არსებულის მიმართებაა აზროვნებისადმი. ნუცუბიძე აკრიტიკებდა წინამორბედი ფილოსოფოსების მიერ ამ მიმართების დასახასიათებლად გამოყენებულ ტერმინოლოგიას და მას ტრადიციული ფილოსოფიური მოძღვრებების წარუმატებელ გამოვლინებად მიიჩნევდა.

დაპირისპირებულობა ფილოსოფოსობის მეშვეობით გადაილახება, რადგან ფილოსოფია დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომას ესწრაფვის. ფილოსოფოსობა კი მხოლოდ ადამიანებს ხელეწიფებათ. ამ პროცესის უკეთ წარმოსაჩენად ნუცუბიძე „არსებულზე უფრო მეტის“ ცნებას განიხილავს, რომელიც წინალოგიკურის შუალედური სფეროსთვისაა დამახასიათებელი. მისი აზრით, არსებული ანტაგონისტურ მომენტებს შეიცავს იმისათვის, რათა კონკრეტული ყოფიერის სახით იარსებოს. ამიტომ ქმნადობა არსებულისთვის იმანენტურია. არსებული მუდამ ყოფნაში არსებობს და მის წიაღში ვითარდება. ამგვარად ყოფნის ფაქტობრიობა აქ რეალობის ახალი თეორიის საფუძვლად გვევლინება. ის უზრუნველყოფს როგორც ყოფნის (რაიმე მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ ის ამგვარად არსებობს), ასევე არსებულის (რაიმე მხოლოდ მაშინ არის რაიმე, როცა ის ის არის, რაც არის) სტატუსსაც. მაგრამ არსებული არა მხოლოდ ის არის, რაც ის არის, არამედ ის იმასაც მოიცავს, რაც ის არ არის. ეს უკანასკნელი (ის, რაც არსებულში არ არის) რეალობაში არ გვხვდება. ეს ყოფნაზე აღმატებულობა ექსისტენციასაც არ საჭიროებს. ის საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ყველა არსებულისთვის მნიშვნელობს, როგორც მათში არსებული ალეთეიოლოგიურ-დიალექტიკური მომენტი. ნუცუბიძე განასხვავებდა მის მიერ შემოტანილ ყოფნაზე აღმატებულობის/არსებულზე აღმატებულობის ცნებას ნეოკანტიანელების (ვ. ვინდელბანდი, ჰ. ლოტცე) მიერ შემუშავებული ღირებულების ცნებისაგან.

ღირებულების „მნიშვნელადობა არსებობის გარეშე“ და ყოფნაზე აღმატებულობის მნიშვნელადობა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ყოფნაზე აღმატებულობა მნიშვნელადი ფენომენების სხვა საფეხურს განეკუთვნება და ის ლოგიკურ წინააღმდეგობაში არსებულ მომენტებს მოხსნის. ამით ეს კომპლექსური ერთობა თავისთავადი ჭეშმარიტების სფეროს მოიცავს. ის დამაკავშირებელი რგოლია „თავისთავად“ და „ჩვენთვის“ ხელმისაწვდომ არსებულებს შორის. ამის მეშვეობით, ერთი მხრივ, თავისთავადი ტოტალურობა ადამიანებისათვის მისაწვდომი ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენს განკარგულებაში მყოფ შემეცნებას საკუთარი საზღვრების გადალახვისა და დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომის საშუალება ეძლევა. ამით ნუცუბიძემ ყოფნაზე აღმატებულობის ცნების კონტურები მოხაზა. ალეთეიოლოგიის პირველ შესავალში („ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“) ეს უკანასკნელი არსებულზე აღმატებულობის ცნებასთანაა გათანაბრებული.

ალეთეიოლოგიურის ცნების თანმიმდევრული განვრცობა საჭიროებს გარდამავალ ინსტანციას ყოფნას (ანუ არსებულს) და ცნობიერებას შორის. დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომის ცნებას ნუცუბიძე ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმად მოიაზრებდა. მას შემეცნების შესაძლებლობის გამართლებისა და დაფუძნებისათვის უნდა შეეწყო ხელი. დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომის კატეგორია შემეცნების სტრუქტურის უსაკუთრივეს არსს მოიცავს. ის შემეცნების პროცესში ფორმალურ-ლოგიკურის დეფიციტით განპირობებული წინააღმდეგობების მოხსნისკენაა მიმართული.

ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება „თავისთავად ჭეშმარიტებასა“ და „ჩვენთვის ჭეშმარიტებას“ შორის არსებული მიმართების უფრო ნათლად განსაზღვრა. ორივე მათგანი ალეთეიოლოგიურის შუალედურ სფეროს წარმოქმნის. ჭეშმარიტება თავისთავად არ არის არსებული. ის არის „ყოფნაში არსებულის ალეთეიოლოგიური შემოტრიალება“. ის საკუთარი შინაარსისაგან დაცლილობას ეფუძნება და ყველა არსებულს მოიცავს, მაგრამ თავად არაა არსებული. ჭეშმარიტება თავისთავად, როგორც შინაარსისაგან დაცლილი ერთიანობა, ჩვენთვის გასაგები უნდა გახდეს. აქ საქმეში ერთვება ცნება „ჭეშმარიტება ჩვენთვის“. თავისთავადი ჭეშმარიტებისა და ჩვენთვის ჭეშმარიტების გაერთიანება საერთოდ შემეცნების წინაპირობას წარმოადგენს, რადგან ის, როგორც შინაარსობრივი მოვლენა, მართებულობის მიხედვით უნდა შეფასდეს. ეს შინაარსობრიობა ჭეშმარიტად ყოფნაზე აცხადებს პრეტენზიას და საშუალებას იძლევა, დაფუძნდეს როგორც ყოფნაში არსებობა. ყოფნაში არსებობს არსებული და, ამგვარად, არყოფნის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ აზრით, არსებული ჭეშმარიტად ყოფნის განზომილებას იძენს. ამიტომ ყოფნაში არსებობა ჭეშმარიტად ყოფნაა. თავად ყოფნას ყოფნაში არსებობა არ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტავტოლოგიას მივიღებდით, რაც ალეთეიოლოგიის მიზნებთან არათავსებადი იქნებოდა. შესაბამისად, არსებული, შესაძლოა, გამოდგეს როგორც ამოსავალი პუნქტი ჭეშმარიტების თეორიისათვის, თუმცა, ის ახლებურად უნდა იქნეს გააზრებული და ინტერპრეტირებული.

ალეთეიოლოგიის პირველ შესავალში („ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“) ნუცუბიძემ წინალოგიკურის ცნება განიხილა და ის ლოგიკურის, მეტალოგიკურის და ტრანსცენდენტალურ-ლოგიკურის სფეროებისაგან განასხვავა. მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ დაედგინა ამ ცნებებსა და მათდამი დაქვემდებარებულ შინაარსებს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, წინალოგიკურის ცნებას ახალი სინათლე მოეფინებოდა. ნუცუბიძის აზრით, ვერცერთი ფილოსოფიური სისტემა ვერ აიგება მხოლოდ ლოგიკურად. აქედან გამომდინარე, რომ ფილოსოფია ლოგიკურით ვერ დაიწყება. დასაწყისი აქ, შესაძლოა, მოვიაზროთ როგორც დასაბამი. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შემდგომ დაფუძნებას არ საჭიროებს, რადგან ის საერთოდ ფილოსოფიის პირველი პრინციპია და არ არის დამტკიცებადი.

ლოგიკურსა და წინალოგიკურს შორის განსხვავება მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ლოგიკურის სფერო დაპირისპირებულობის სფეროში მდებარეობს და ის შემდეგი კორელაციური კრიტერიუმებისგან შედგება: ჰო/არა, მტკიცება/უარყოფა, ჭეშმარიტება/მცდარობა, მართებულობა/შეცდომა, სუბიექტი/საგანი, შემმეცნებელი/შესამეცნებელი. ეს კორელაციები სპეციფიურ-ადამიანურის სფეროს წარმოქმნიან. ეს უკანასკნელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიხსნას. აქ ასეთი კონტრარული ლოგიკურობის მიღმურობის მიღწევის აუცილებლობა წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი ფილოსოფოსობის დასაწყისში სწორედ რომ სპეციფიურ-ადამიანურში უნდა ვეძიოთ, რადგან შემმეცნებელ სუბიექტს თავდაპირველად სხვაგვარად მოქცევა არ ძალუძს. სხვაგვარად ქცევის შეუძლებლობა, როგორც საერთოდ ადამიანური უნარების გარკვეული შეზღუდულობა, იმაზე მიუთითებს, რომ სპეციფიურ-ადამიანურზე დაფუძნებული დაპირისპირებულობის საზღვრები გადალახულ უნდა იქნეს. რადგანაც ჭეშმარიტებას, როგორც ფილოსოფოსობის (და, საერთოდ, ადამიანური საქმიანობის) საბოლოო მიზანს, მხოლოდ თავისთავადი ჭეშმარიტების სახით შეუძლია მნიშვნელადობა, აუცილებელია, რომ პირველი ფილოსოფია ამიერიდან თვითკონტრარულ არსებულებს კი არ დაემყაროს, არამედ თავად ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება აქ დიალექტიკურად არის გაგებული, როგორც ამგვარად ყოფნისა და ყოფნაზე აღმატებულობის ერთიანობა.

სპეციფიურ-ადამიანური ფილოსოფიის წარუმატებელ ინტერპრეტაციებს აღნიშნავს. ტრანსცენდენტალიზმის კონცეპტი სპეციფიურ-ადამიანურის ფენომენთან ერთად შეიძლება განვიხილოთ, რადგან შემმეცნებელი სუბიექტის მთელი აზროვნება ტრანსცენდენტალური წანამძღვრების მეშვეობით ხორციელდება. აზროვნების სხვა გზა ადამიანისათვის მიუწვდომელია. მთელი ტრანსცენდენტალური ფილოსოფია სპეციფიურ-ადამიანურის სფეროთია შემოსაზღვრული და შემეცნების ასეთი სახისთვის დამახასიათებელი აუცილებელი და იმანენტური წანამძღვრებითაა განსაზღვრული. ამ უკანასკნელს ნუცუბიძე ტრანსცენდენტალურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობით განმარტავდა. „ტრანსცენდენტალურ ფენომენოლოგიასაც“ არ შეეძლო ამ პრობლემის გადაჭრა. ჰუსერლის მიერ წამოწყებულმა ტრანსცენდენტალური ცნობიერების გაწმენდის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან, საბოლოო ჯამში, აქ საქმე მხოლოდ ადამიანურ ცნობიერებას ეხებოდა. ამას მიემართება შემეცნების ტრანსცენდენტალური წინაპირობები, რის გამოც ფენომენოლოგია სპეციფიურ-ადამიანურის სფეროში რჩება.

წინალოგიკური განსხვავდება არა მხოლოდ ლოგიკურისაგან, არამედ, აგრეთვე, მეტალოგიკურისგანაც. ნუცუბიძის შეხედულებით, მეტალოგიკურის სფერო ლოგიკურის სფეროსთან მიმართებაში ტრანსცენდენტურია, მაგრამ მასთან ეს ტრადიციული მეტაფიზიკისაგან განსხვავებულადაა გამოკვეთილი და განსაზღვრული. რადგან ლოგიკური თავის თავში დასრულებულ მთელს წარმოადგენს, მასში არსებულებს ის იმ სახით მოიცავს, რომ ლოგიკურ-ტრანსცენდენტურისთვის (რომელიც აქ მეტალოგიკურს უნდა გავუიგივოთ) იმანენტური კორელატურ ცნებად ვერ გამოდგება.

ნუცუბიძემ კიდევ უფრო დააზუსტა წინალოგიკურსა და მეტალოგიკურს შორის არსებული მიმართება. მეტალოგიკურის საპირისპიროდ, წინალოგიკური არავითარ შემთხვევაში არ იქნება ტრანსცენდენტური ლოგიკურთან მიმართებაში. წინალოგიკური არ შეიცავს ლოგიკურს და არც მის დასაფუძნებლად გამოდგება. წინალოგიკური განსხვავდება, ასევე, ტრანსცენდენტალ-ლოგიკურისგანაც. ამის შესაბამისად, ტრანსცენდენტალურ-ლოგიკურის კონსტიტუირება ფორმალური ლოგიკის კანონების მეშვეობით ხდება. მიუხედავად ამისა, ეს წმინდა ფორმალურ სტრუქტურებს შინაარსობრივი ასპექტების წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ტრანსცენდენტალურ-ლოგიკური შემეცნების პროცესის დროს ფორმალური ლოგიკის კატეგორიებს იყენებს. ამით ის წინალოგიკურისაგან განსხვავდება, რადგან ეს უკანასკნელი მოცემული მსჯელობის შინაარსის მნიშვნელობას კი არ განსაზღვრავს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტების სახით წარმოჩნდება.

ალეთეიოლოგია ეფუძნება იმ ხედვას, რომ თავად მსჯელობა, როგორც ფაქტი, ჭეშმარიტია. მიუხედავად მსჯელობის შინაარსის ჭეშმარიტება-მცდარობისა, თავად მსჯელობის პროცესი ჭეშმარიტია. უპირველეს ყოვლისა, ის ჭეშმარიტია, როგორც ამგვარად ყოფნის ფაქტი. ნუცუბიძის აზრით, მსჯელობის შესახებ თანმიმდევრული თეორიის შემუშავებით შესაძლებელია ტრადიციული ფილოსოფიის გაუგებრობების თავიდან აცილება და ჭეშმარიტება-მცდარობის მიღმა მდებარე შემეცნების უზრუნველყოფა. მიღწეული უნდა იქნეს ფილოსოფოსობის ისეთი პოზიცია, რომელიც შინაარსობრივი დებულებების მიღმაა. ეს მხოლოდ მსჯელობის სათანადო ანალიზის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამიტომ ნუცუბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა შეცდომის დიდ ფილოსოფიურ მნიშვნელობაზე. სწორედ აქ ვლინდება ლოგიკური დაპირისპირებულობის დაძლევის სარგებლიანობა. ჭეშმარიტების ალეთეიოლოგიური ცნება, როგორც „ჭეშმარიტება თავისთავად“, მხოლოდ შეცდომის ჭეშმარიტად ყოფნის პრეტენზიის ანალიზის გზით გამომუშავდება. ამის მიხედვით შესაძლებელია, დავადგინოთ, თუ რამდენად შეიძლება ჭეშმარიტებაზე საუბარი და თუ რატომ არის საჭირო დაპირისპირებულობაზე მაღლა მდგომი სფეროს მოძიება. შეცდომის მაგალითზე ალეთეიოლოგიურ ფილოსოფიას შეუძლია, ჭეშმარიტების გადააზრება მკაფიოდ და ნათლად წარმოაჩინოს. ფილოსოფიის ისტორიაში ასეთი მოქმედების აუცილებლობა ძალიან ადრე იგრძნეს. თუმცა სოკრატემ, რომელმაც არცოდნის ცოდნის პრინციპი დაადგინა, შეცდომის მნიშვნელობა ბოლომდე ვერ გაიაზრა. მან სათანადოდ ვერ დასვა საკითხი, რადგან შეცდომა გაიაზრა არა როგორც აზროვნების ფაქტი, არამედ როგორც კონკრეტულ შინაარსთან მიმართებაში მყოფი. ამის გამო ვერ მოხერხდა დაპირისპირებულობის სფეროს დატოვება.

მსჯელობის პრობლემატიკის საკითხზე პასუხის გაცემა ჰუსერლის „აბსოლუტურ პოზიციასაც“ არ შეუძლია, რადგან მისი თეორია მსჯელობის შინაარსობრივ და საგნობრივ ვითარებას მიღმურად ვერ ჩაწვდა და კონტრარული ლოგიკის სფეროში დარჩა. მტკიცებამ და ნეგაციამ, როგორც მსჯელობის ფორმალურ-ლოგიკურმა სტრუქტურებმა, იქ თავიანთი მნიშვნელობა შეინარჩუნეს. ლოგიკის ასეთი კრიტერიუმებით წინალოგიკურის წვდომა ვერ განხორციელდა. ამრიგად, მსჯელობა ჰუსერლთან არ მოიაზრებოდა ჭეშმარიტებად ალეთეიოლოგიური აზრით. მაგრამ მსჯელობის ასეთნაირი აღქმის აუცილებლობაზე ცნობიერების ფილოსოფიის ადრინდელი შედეგები მიუთითებს. ნუცუბიძის აზრით, ფილოსოფიის მთელი განვითარება იმაზე მიუთითებს, რომ წინა პლანზე უნდა წამოიწიოს ფილოსოფოსობის ისეთი ასპექტები, რომლებსაც ადრე ყურადღება არ ექცეოდა.

ნუცუბიძემ მსჯელობის მეტაგრამატიკული განზომილება აღმოაჩინა. ალეთეიოლოგიურ კვლევებში უმნიშვნელოვანესია მსჯელობის მოცემული რეალობის გათვალისწინება, რომლის გამართლებაც თავად მსჯელობის პროცესითაა შესაძლებელი. ალეთეიოლოგია აღიარებს მსჯელობის არსებობის პირველად მნიშვნელობას, მაგრამ ის არ ითვალისწინებს მსჯელობის შინაარსის მოცემულ საგნობრივ ვითარებასთან თანხვედრა/ართანხვედრის საკითხს. ვინც მსჯელობას, უპირველეს ყოვლისა, მისი ჭეშმარიტება/მცდარობის მიხედვით აფასებს, ალეთეიოლოგიური თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს გვთავაზობს. მსჯელობა ან ჭეშმარიტი იქნება ან მცდარი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის არის ფაქტი, კერძოდ, ამგვარად ყოფნის ფაქტი. ნუცუბიძის აზრით, ფილოსოფიის ამ ძირითად დებულებას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან მსჯელობის პროცესი სინამდვილეში კონკრეტული ფაქტის სახით აუცილებელ ერთიანობას ქმნის. მსჯელობის ამგვარად ყოფნის ფაქტობრიობა თავის ჭეშმარიტებას უზრუნველყოფს, რასაც რეალობაში მისი ჭეშმარიტად ყოფნა შეესატყვისება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნუცუბიძის მსჯელობის შესახებ მოძღვრების მიმართ ჩნდება ეჭვი: ხომ არ არის მცდარი მსჯელობის მისეული ცნება თავის თავში წინააღმდეგობის შემცველი (რადგან მცდარი მსჯელობა, როგორც ამგვარად ყოფნის ფაქტი, მასთან ჭეშმარიტია)? ნუცუბიძის მიერ განვითარებული ჭეშმარიტების ცნების კრიტიკა ფორმალურ-ლოგიკური პერსპექტივიდან არ იქნებოდა სამართლიანი, რადგან ასეთი კრიტიკა მისი აზრების გადმოცემისას ვერ გაითვალისწინებდა საკუთრივ ნუცუბიძის თვალსაზრისს. ნუცუბიძე, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტებას მოიაზრებდა არა როგორც წინადადების, არამედ როგორც ფაქტის ფუნქციას: ჭეშმარიტება არის ჭეშმარიტად ყოფნა. მაგრამ ეს დებულება ამგვარად ყოფნის ფაქტობრიობიდან წარმოიშობა და, უწინარეს ყოვლისა, ყოველგვარ შინაარსობრივ დატვირთვასაა მოკლებული. ის ალეთეიოლოგიის უძირითადეს აქსიომად გვევლინება. წინადადების, შესაბამისად, მსჯელობის ჭეშმარიტების ფუნქცია ჭეშმარიტების, როგორც ასეთის აზრს ვერ ამოწურავს, რადგან აქ განვითარებული კონცეფცია, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკის გარეთ არსებულ ჭეშმარიტებას აღნიშნავს. ის ცდება ლოგიკურის საზღვრებს და ალეთეიოლოგიურის, ანუ წინალოგიკურის (დაპირისპირებულობის მიღმა მყოფის) სფეროს ემთხვევა.

3 -ალეთეიოლოგიური მეთოდი

ნუცუბიძის მიხედვით, „ჭეშმარიტება თავისთავად“, როგორც დაპირისპირებულობისაგან თავისუფალი სფერო, ფილოსოფოსობის ტრადიციული მეთოდებით ვერ მიიწვდომება. ამიტომ ფილოსოფიის ახალი მეთოდის საჭიროების აუცილებლობა წამოიჭრება, რადგან დაპირისპირებულობაზე მაღლა მდგომი პრინციპი „ჭეშმარიტება თავისთავად“-ის სახით ადამიანებისათვის მისაწვდომი უნდა იყოს. არსებული თავად კი არ არის ჭეშმარიტება, არამედ ის ჭეშმარიტების სახით არსებობს. ამიტომ მისი წვდომა განსხვავებული უნარით, კერძოდ, მიმართულების არმქონე ხედვით ხორციელდება. ალეთეიოლოგიაში გაუმართლებელია როგორც ინტუიციის, ასევე ფენომენოლოგების მიერ შემუშავებული არსების ჭვრეტის მეთოდების გამოყენება. ნუცუბიძე აკრიტიკებდა ასეთ მიდგომებს და მათ წინალოგიკურის, ანუ არალოგიკური „ჭეშმარიტება თავისთავად“-ის მისაღწევად გამოუსადეგრად მიიჩნევდა.

მოცემულ შემთხვევაში ანალოგიურად არასრულყოფილი და გამოუსადეგარია ფილოსოფიის კლასიკური მეთოდები - ინდუქცია და დედუქცია. ამ გავრცელებული მეთოდოლოგიური ტექნიკების სანაცვლოდ ნუცუბიძემ მიდგომის ახლებური მეთოდი წამოაყენა და განაცხადა, რომ ალეთეიოლოგიურ პრობლემატიკას ყველაზე მეტად რედუქციის მეთოდი შეესატყვისება. ის როგორც დედუქციის, ასევე ინდუქციის საფუძველსაც წარმოადგენს. ტრადიციული ფილოსოფიის ნაკლოვანება დედუქციის ცალმხრივ განვითარებაში გამოიხატა, მაშინ, როდესაც ინდუქციის განვითარება დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული იყო. არისტოტელეს შემდეგ დედუქციურმა მიდგომამ მყარი ნიადაგი მოიპოვა და თანამედროვე ეპოქამდე შეინარჩუნა უპირატესობა ფილოსოფიის სხვა მეთოდებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ცალმხრივობამ ფილოსოფიური მეთოდოლოგიის განვითარების პროცესში შემეცნების ბუნების კვლევის მცდარი გზით წარმართვა გამოიწვია. ადრე შემეცნების არსებას კი არ იკვლევდნენ, არამედ შესამეცნებელი საგნის პერსპექტივიდან მისი სტრუქტურის შესწავლას ესწრაფოდნენ. ჭეშმარიტება თავისთავად გვევლინება როგორ შემეცნების წინაპირობად, ასევე, მის ამოსავალ პუნქტად და საბოლოო მიზნადაც. როგორც შემეცნების არსებითი საფუძველი, ის ფილოსოფოსობის ფუნდამენტურ მეთოდებს მოითხოვს. დაპირისპირებაზე მაღლა მდგომი ჭეშმარიტება ასეთი მიდგომის აუცილებლობას აფუძნებს. მის მიერ შემოღებულ მეთოდს ნუცუბიძემ ალეთეიოლოგიური რედუქცია უწოდა, რათა ის რედუქციის ტრადიციული სახეებისგან (მაგალითად, ქრისტოფ ზიგვარტის მიერ რედუქციის ლოგიკური განმარტებისა და ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიური ანუ აიდეტური რედუქციისაგან) განესხვავებინა და ამით ახალი მეთოდის სპეციფიური სტრუქტურა ეჩვენებინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნუცუბიძემ თავის ალეთეიოლოგიურ შრომებში ამ მეთოდის პრობლემატიკა და თავისებურება არასაკმარისად განავრცო და განიხილა. ალეთეიოლოგიის შესავლებში აღნიშნული პრობლემატიკის შესახებ აქა-იქ მიმობნეული მითითებები ამ მეთოდის სრულყოფილად დახასიათების საშუალებას არ გვაძლევს. ნუცუბიძე აკრიტიკებდა ედმუნდ ჰუსერლისა და აკოს პაულერის მიერ განვითარებულ რედუქციის ფორმებს და აღნიშნავდა, რომ „შემეცნების ორმხრივი ბუნება“ ამ მიდგომებს არ შეესატყვისება.

4 -ალეთეიოლოგიის კრიტიკოსები

ნუცუბიძის ალეთეიოლოგიური შრომები როგორც ქართულ, ასევე გერმანულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა. მის გერმანულენოვან ალეთეიოლოგიურ შრომებზე სხვადასხვა ჟურნალებში რეცენზიები დაიბეჭდა. ამ რეცენზიებიდან ზოგიერთი, ძირითადად, ქართველი (მაგალითად, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი) და გერმანელი (მაგალითად, ბ. ბაუხი, ა. მიულერი) ავტორების რეცენზიები ცნობილია, ხოლო დანარჩენები მოძიებას საჭიროებს. კ. ბაქრაძემ და ს. წერეთელმა კრიტიკულად განიხილეს ნუცუბიძის ალეთეიოლოგიური თეორია. ამავდროულად, მათ მნიშვნელოვნად განავრცეს ალეთეიოლოგიური პრობლემატიკის მთელი რიგი საკითხები. ქართველი ფილოსოფოსის სახელი ფილოსოფიურ სახელმძღვანელოებშიც მოხვდა. ვ. ციგენფუსისა და გ. იუნგის სახელგანთქმული ფილოსოფიური ლექსიკონის მეორე ტომში გათვალისწინებულია ნუცუბიძის ახალი კონცეფცია ჭეშმარიტების შესახებ. ლექსიკონის ავტორები ყურადღებას ამახვილებდნენ ალეთეიოლოგიის სფეროში ქართველი ფილოსოფოსის დამსახურებაზე და მოკლედ მიმოიხილავდნენ მის მეთოდებსა და ფილოსოფიურ კონცეფციას. ალეთეიოლოგიის სპეციალურ შესავალში ნუცუბიძე გამოეხმაურა იმ დისკუსიებსა და რეცენზიებს, რომლებიც მის პირველ ალეთეიოლოგიურ შრომას ეხებოდა. იგი მიუთითებდა ა. მიულერის მიერ „ჭეშმარიტებისა და შემეცნების სტრუქტურის“ შესახებ გამოთქმულ შეპასუხებებზე. დამატებითი მასალები ნუცუბიძის ალეთეიოლოგიის შესახებ XX საუკუნის პირველი ნახევრის გერმანულენოვან ფილოსოფიურ ჟურნალებში უნდა ვეძიოთ.

ალეთეიოლოგიური რეალიზმის თეორიას, განსაკუთრებით კი, მის ძირითად მეთოდს, ალეთეიოლოგიურ რედუქციას, სწრაფად გამოუჩნდნენ კრიტიკოსები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ქართველი კრიტიკოსებიდან, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩეოდნენ კოტე ბაქრაძე და სავლე წერეთელი. მათ საგრძნობლად განავრცეს ალეთეიოლოგიის მთელი რიგი საკითხები, მაგრამ საპირისპირო არგუმენტებიც წამოაყენეს. კ. ბაქრაძემ საფუძვლიანად განიხილა ნუცუბიძის ნაშრომში „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ განვითარებული თეორემები. ამავე დროს, მან გააკრიტიკა თავისთავადი ჭეშმარიტებისა და ალეთეიოლოგიური რედუქციის ცნებები. მისგან განსხვავებით, ს. წერეთელმა უმთავრესად ნუცუბიძის ალეთეიოლოგიის ძირითად მეთოდზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, აღნიშნული მეთოდი ალეთეიოლოგიის მიზნებს არ შეესაბამება და არასრულყოფილია. ფილოსოფიის მეთოდმა, ს. წერეთლის მიხედვით, ახალი ცოდნა უნდა უზრუნველყოს. ის დამტკიცებისა და აუცილებელი გამომდინარეობის მეთოდი უნდა იყოს, რომელიც ფილოსოფიაში შინაარსობრივი ჭეშმარიტების ცნების შემოტანით ხორციელდება. აქ ვლინდება დიალექტიკური ლოგიკის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნულ ცნებას იკვლევს. ალეთეიოლოგია ვერ განახორციელებს საკუთარ ამოცანას (ფილოსოფიის განახლებას), რადგან ის ისეთ დებულებას ემყარება, რომლიდანაც, თავის მხრივ, არაფერი გამომდინარეობს. ამიტომაც, თავის ნაშრომში „ტრანსცენდენტალური მეთოდის კრიტიკის შესახებ“ ს. წერეთელი „ახალი ლოგიკის“ შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამ კრიტიკისა, უნდა ითქვას, რომ შალვა ნუცუბიძემ ტრადიციული ფილოსოფიის ბევრი ცალმხრივობა გამოავლინა და სხვადასხვა ფილოსოფიურ მოძღვრებებში პრივილეგირებული პრობლემური აქსიომების (მაგალითად, სუბიექტურობის პრინციპის აბსოლუტიზების და სხვ.) უკუგდებით ფილოსოფიის ახალ გზებზე მიუთითა. ვფიქრობთ, რომ ალეთეიოლოგიაში ჩამოყალიბებული მრავალმხრივი და შინაარსიანი დებულებები თანამედროვე ფილოსოფოსობის კონტექსტშიც იმსახურებს სათანადო ყურადღებას და აქტუალურ თეორიულ კონცეფციებთან მჭიდრო კავშირსაც ავლენს.

5 -რჩეული ბიბლიოგრაფია

წყაროები

• Nuzubidse, Sch.: Wahrheit und Erkenntnisstruktur. Erste Einleitung in den aletheiologischen Realismus, Berlin und Leipzig: Walter de Gruyter, 1926.

• Nuzubidse, Sch.: Philosophie und Weisheit. Spezielle Einleitung in die Aletheiologie, Berlin und Königsberg: Ost-Europa-Verlag, 1931.

• ნუცუბიძე, შ.: შრომები, ტ. I: ბოლცანო და მეცნიერების თეორია. ალეთოლოგიის საფუძვლები, I ტომის რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.

• ნუცუბიძე, შ.: შრომები, ტ. II: ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა. ფილოსოფია და სიბრძნე, თარგმანი გერმანულიდან შ. პაპუაშვილისა, II ტომის რედაქტორი - თ. ბუაჩიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ.

სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურა

ირემაძე, თ.: ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

ნადიბაიძე, ფ.: ალეთოლოგიური რეალიზმის ძირითადი პრინციპები, თბილისი: „მეცნიერება“, 1981 წ.

Iremadze, T.: Der Aletheiologische Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neuen Denkansätze, Tbilisi: „Nekeri“, 2008.

Iremadze, T. / Kheoshvili, G. / Zakaradze, L.: Schalwa Nuzubidse, in: Philosophenlexikon, hrsg. von S. Jordan und B. Mojsisch, Stuttgart: Philipp Reclam Verlag, 2009, გვ. 397-398.

Ziegenfuss, W. / Jung, G.: Nuzubidse, Schalwa, in: Philosophen-Lexikon. Handwörterbuch der Philosophie nach Personen, verfaßt und herausgegeben von W. Ziegenfuss und G. Jung, Bd. 2: L-Z, Berlin: Walter de Gruyter, 1950, გვ. 223.