ბიზანტიური არქიტექტურა ფართოდ იყო გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთში. მისი გავრცელების არეალის სიახლოვეს, სამხრეთ კავკასიაში, მნიშვნელოვანი ქრისტიანული საკრალური არქიტექტურა წარმოიშვა, რომლის ძირებიც გვიანანტიკურობაში უნდა ვეძიოთ. საქართველოსა და სომხეთში მრავალი ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლია შემორჩენილი. დღესდღეობით, ეს ქრისტიანული არქიტექტურა განსხვავებული დისციპლინების შესწავლის საგანია და მის შესახებ მრავალრიცხოვანი გამოკვლევა არსებობს.
გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ქუთაისის მახლობლად მდებარეობს, ძველქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად შესწავლილი ობიექტია. 1106 წელს იქ დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემია დააარსა, სადაც მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, შუა საუკუნეების ქართული ინტელექტუალური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. ამდენად, გელათი თამამად შეიძლება განვიხილოთ იმ ეპოქის ლათინურენოვანი დასავლეთისა და ბიზანტიის დიდი ფილოსოფიური ცენტრების ჭრილში. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ქართველთა ეს ეროვნული ძეგლი დასავლეთში სულ უფრო მზარდი ყურადღების საგანი ხდება. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. იყო დრო, როდესაც დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში კავკასიის ქრისტიანულ საკრალურ არქიტექტურას არავინ სწავლობდა. ახალი დროის პირველი დასავლეთევროპელი, რომელმაც თავის ცნობებში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ძველ ქრისტიანულ არქიტექტურაზე, სავარაუდოდ, იოჰან ანტონ გიულდენშტედტი (1745-1781 წწ.) იყო. კავკასიაში მისი მოგზაურობის ჩანაწერები 1787-1791 წლებში გამოქვეყნდა, თუმცა, აღნიშნულ ჩანაწერებში გელათის სამონასტრო კომპლექსი საკმაოდ სიტყვაძუნწადაა აღწერილი. თითქმის ორმოცი წლის შემდეგ, 1820-1824 წლებში, საქართველოში, თბილისში იმოგზაურა ფრანგმა კონსულმა ჟან ფრანსუა გამბამ (1763-1833 წწ.). თავისი მოგზაურობის ჩანაწერებში, რომელიც 1826 წელს გამოქვეყნდა, გამბამ გელათის შესახებ გარკვეული ცნობები გადმოსცა. გამბას თანახმად, გელათის კომპლექსი შედგებოდა თავად მონასტრისა და უფრო მომცრო ზომის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისგან. კომპლექსის შიდა ინტერიერი გამბამ ჩაბნელებულად აღიქვა, თუმცა, მხატვრულმა მხარემ იგი აღფრთოვანებაში მოიყვანა.
გიულდენშტედტისა და გამბასაგან განსხვავებით, გელათის შესახებ უფრო კვალიფიციურად საუბრობს ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (1798-1850 წწ.). 1839-1849 წლებში მან გამოაქვეყნა კავკასიაში თავისი მოგზაურობის ჩანაწერები, რომლებმაც დასავლეთ ევროპაში კავკასიის მიმართ დიდი ინტერესი აღძრა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ფაქტები არ იყო საკმარისი. საჭირო იყო, ასევე, მათი დეტალური და გულდასმითი დამუშავება კვალიფიციური მეცნიერების ჭრილში. გარემოებათა ბედნიერი დამთხვევის წყალობით წყაროები შუა საუკუნეების კავკასიის საკრალური არქიტექტურის შესახებ იმ სპეციალისტთა ხელთ აღმოჩნდა, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ხელოვნების ისტორიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის ჩამოყალიბებაში. ამ პერიოდის ხელოვნების ისტორიკოსები მხოლოდ ევროპული ხელოვნების ისტორიაზე როდი ფოკუსირდებოდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ხელოვნების ისტორიის ახალ დისციპლინას ყველა მნიშვნელოვანი კულტურული ერის, მათ შორის, კავკასიის ხალხთა ხელოვნების ნიმუშები უნდა მოეცვა.
XIX საუკუნის I ნახევრის ხელოვნების ისტორია რომანტიზმისა და გერმანული იდეალიზმის გავლენას განიცდიდა. ამ მოძრაობების წამყვანი წარმომადგენლები გვიანანტიკურ და შუა საუკუნეების არქიტექტურას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სწორედ ამიტომ, მათმა მიმდევარმა ხელოვნების ისტორიკოსებმა, რომლებიც არქიტექტურის ისტორიულ განვითარებას იკვლევდნენ, ენთუზიაზმით მოჰკიდეს ხელი ძველი ქრისტიანული არქიტექტურისა და მისი მრავალი განშტოების შესწავლას. ამით აიხსნება ის გარემოებაც, რომ მათ სათანადოდ შეაფასეს კავკასიის საკრალური არქიტექტურა, ყურადღება მიაქციეს ზემოთ დასახელებულ მოგზაურობათა ჩანაწერებს და საჭიროდ ჩათვალეს, რომ ზოგიერთი არქიტექტურული კომპლექსი (მაგალითად, გელათი) უფრო სიღრმისეულ შესწავლას იმსახურებდა.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია გერმანელი ფილოსოფოსის გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის ნააზრევი. მის „ლექციებში ესთეტიკის შესახებ“ ხელოვნების ცალკეული დარგების სისტემატურ-ისტორიული გაშლის პირველ პროდუქტად არქიტექტურა გვევლინება. ჰეგელისეული საკრალური ტოპოლოგია ქრისტიანული საეკლესიო სივრცის საზრისს მოიცავდა. სწორედ ამას ემყარება ქრისტიანული არქიტექტურის ჰეგელისეული თეორია, რომელსაც საპატიო ადგილი აქვს არქიტექტურის ფილოსოფიურ-გონებაჭვრეტით ისტორიაში. ჰეგელი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებს გოთიკურ არქიტექტურას და მის სპეციფიკურ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამის ფონზე მისი თვალსაწიერის მიღმა დარჩა ქრისტიანულ-ბიზანტიური არქიტექტურა. მართალია, ჰეგელი აღიარებდა მის განსაკუთრებულობას, თუმცა, როგორც არსებული წყაროები ადასტურებენ, არქიტექტურის ეს ტიპი მას სიღრმისეულად არ განუხილავს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: მაგალითად, გერმანელი ფილოსოფოსი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ბიზანტიის ისტორიას. ამ ნაკლოვანების გამოსწორება ჰეგელის მომდევნო თაობის წარმომადგენლებმა ითავეს, რომლებმაც თავიანთი კვლევებით სრულიად ახალ ჭრილში წარმოაჩინეს ადრექრისტიანული არქიტექტურა.
მოგვიანებით, ამ საკითხებს ეხება კარლ შნააზე (1798-1875 წწ.), რომელიც ჰეგელის აზროვნების გავლენას განიცდიდა. თავისი ფუნდამენტური გამოკვლევა „გამომსახველობით ხელოვნებათა ისტორია“ (1843-1864 წწ.) მან გაცილებით გვიან გამოაქვეყნა, თუმცა, არ უარუყვია თავისი მიკუთვნებულობა ჰეგელის სკოლისადმი. შნააზემ შეისწავლა სამხრეთ კავკასიის ძველი ხელოვნება და მას თავის ნაშრომში სათანადო ადგილი მიუჩინა. შნააზეს თანახმად, კავკასიური სული მისი გეოგრაფიული მდგომარეობისა და შავი ზღვის პირას მისი კრიტიკული ვითარების ჭრილში უნდა იქნეს გააზრებული. შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვას უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიურმა ხალხებმა შექმნეს კულტურა, რომლის ძირებიც ხმელთაშუაზღვისპირეთში იყო. გარდა ამისა, მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა ქრისტიანობის გავრცელება სამხრეთ კავკასიაში, სადაც ადრე მხოლოდ წარმართული ღმერთების კულტი იყო გავრცელებული. თუმცა, შემდგომ პერიოდში საქართველოსა და სომხეთის გზები თანდათან დასცილდა ერთმანეთს. ამიტომაც, შნააზემ საჭიროდ ჩათვალა ამ ორივე კულტურის უფრო სიღრმისეული ანალიზი. მის ნაშრომში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს კულტურული და საეკლესიო ისტორიის განხილვას (3, 253-255).
შნააზემ საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა: მან დაწვრილებით შეისწავლა ის ისტორიული წყაროები, რომლებიც იმ პერიოდისათვის იყო მისაწვდომი. თუმცა, ინფორმაციული სიმწირის გამო სრულად ვერ გაიაზრა კავკასიის მაცხოვრებელ ხალხთა კულტურული პოტენციალი. ამ ხალხთა სულიერი განვითარების დასაწყისიც კი შნააზეს არახელსაყრელი გარემოებებით დამძიმებულად მიაჩნდა. მიუხედავად ბიზანტიაზე ორიენტაციისა, კავკასიელმა ხალხებმა შეძლეს ხელოვნების ორიგინალური სტილის განვითარება, რაც ყველაზე ნათლად მათ არქიტექტურულ ძეგლებში ვლინდება. ამ დებულების ნათელყოფას შნააზე გელათის მაგალითზე შეეცადა. მისი კონცეფციის თანახმად, გელათის მონასტერი ბიჭვინთის ტაძრის მსგავსია, რომელიც, „არსებითად, ბიზანტიურ ხელოვნებას განეკუთვნება“ (3, 256). ამრიგად, იმერეთში მდებარე მდიდარი და სახელგანთქმული გელათის ტაძარი (1089-1126 წწ.), ბიჭვინთის ტაძრის მსგავსად, ჰორიზონტალურ პროექციაში სამი ნახევრადწრიული აფსიდითაა ნაგები. რაც შეეხება დეტალებს, ისინი ქუთაისის საკათედრო ტაძრის იმიტირებითაა შესრულებული (3, 273).
თუმცა, ქართული ხელოვნების შესწავლის მყარად დამკვიდრება ხელოვნების ისტორიაში მაინც სახელგანთქმული ხელოვნების ისტორიკოსების ფრანც კუგლერის (1808-1858 წწ.) და იაკობ ბურკჰარდტის (1818-1897 წწ.) დამსახურებაა. მათი კლასიკური სახელმძღვანელოების წყალობით კავკასიური ხელოვნება ხელოვნების ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. კუგლერის, როგორც ხელოვნების ისტორიის მამამთავრის ავტორიტეტი, დიდწილად, ემყარება მის ნაშრომს „სახელმძღვანელო ხელოვნების ისტორიაში“, რომელიც 1842 წელს, ანუ შნააზეს ნაშრომის გამოქვეყნებამდე გამოიცა. შესაბამისად, კუგლერი ვერ ისარგებლებდა შნააზეს მსჯელობებით. თავის ნაშრომში კუგლერმა ძველ ქრისტიანულ ხელოვნებასა და არქიტექტურას დიდი ადგილი დაუთმო, თუმცა, მას საერთოდ არ განუხილავს კავკასიური არქიტექტურა. ვითარება შეიცვალა მაშინ, როდესაც კუგლერმა თავისი ნაშრომის მეორე გამოცემის მომზადება თავის მეგობარსა და მოსწავლეს, ბურკჰარდტს მიანდო, რომელმაც, თავის მხრივ, მეორე გამოცემისათვის სრულიად ახალი თავი დაწერა შემდეგი სათაურით: „სომხური და ქართული არქიტექტურა“ (2, 369-374). ერთ-ერთ შენიშვნაში ბურკჰარდტი თავის წყაროებად ასახელებს დიუბუას და, ასევე, შნააზესაც (3, 369). აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით ბურკჰარდტი სამხრეთ კავკასიის არქიტექტურას „ბიზანტიური ხუროთმოძღვრული სტილის განშტოებად“ მიიჩნევს (3, 369). მისი აზრით, კავკასიის არქიტექტურა ბიზანტიაზე იყო ორიენტირებული და, ამრიგად, ქრისტიანულ არქიტექტურას წარმოადგენდა. კავკასიის ქრისტიანი მოსახლეობა ხშირად იყო უცხოელთა ბატონობის ქვეშ. ქართველებმა და სომხებმა, წერდა ბურკჰარდტი, საკუთარ (მართლმადიდებლურ და მონოფიზიტურ) ეკლესიაში მყარი დასაყრდენი იპოვეს. ამასთან დაკავშირებით ბურკჰარდტი გელათსაც ახსენებს, თუმცა მისი განაზრებები შინაარსობრივად შნააზეს მსჯელობებს ემთხვევა. აი, რას წერს ბურკჰარდტი: „იმერეთში მდებარე გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ეკლესია (1089-1126 წწ.) [...] უფრო მეტად ბიზანტიურ სტილს უახლოვდება“ (3, 373).
გელათის შესახებ ბურკჰარდტისა და შნააზეს თვალსაზრისი ერთმანეთს თანხვდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბურკჰარდტის ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ ქართულმა საკრალურმა არქიტექტურამ მის მთლიანობაში, არამედ, ასევე, გელათმა, ამ არქიტექტურის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ძეგლმაც. XIX საუკუნეში მოღვაწე კულტურისა და ხელოვნების ამ გამოჩენილი მკვლევრის შენიშვნები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. შნააზემ და ბურკჰარდტმა ხელოვნების სხვა ისტორიკოსებზე მოახდინეს გავლენა. ასე დამკვიდრდა კავკასიური ხელოვნება ხელოვნების ისტორიის შესახებ ევროპაში გამოქვეყნებულ სტანდარტულ ნაშრომებში. მოგვიანებით, ქართველმა მკვლევრებმა საკუთარი აღმოჩენების წყალობით არსებითად გაამდიდრეს და განავითარეს ქართული საკრალური არქიტექტურის შესახებ არსებული მეცნიერული ცოდნა.
1. იეკი, უდო რაინჰოლდ: ევროპა და შუა საუკუნეების ქართული საკრალური არქიტექტურა, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 5 (თბილისი, 2019), გვ. 55-64.
2. Kugler, Franz: Handbuch der Kunstgeschichte. Zweite Auflage mit Zusätzen von Dr. Jac. Burckhardt, Stuttgart, 1848.
3. Schnaase, Carl: Geschichte der bildenden Künste. Dritter Band (= Geschichte der bildenden Künste im Mittelalter, Erster Band: Altchristliche und muhamedanische Kunst), Düsseldorf, 1844.