რაციონალიზმი მოიცავს იმ მოძღვრებებსა და მსოფლმხედველობებს, რომლებიც სამყაროს შემეცნების პროცესში ადამიანურ გონებას (ლათ. ratio, ქართ. „გონება“, „განსჯა“) უპირატესობას ანიჭებს გრძნობადი შემეცნების უნარებთან შედარებით. უფრო მეტიც, რაციონალიზმის მიხედვით, გონებისეული აზროვნება შემეცნების ერთადერთი ამოსავალი წერტილია. სპეციფიკური აზრით, რაციონალიზმი იმ ფილოსოფიურ მიმართულებებს აღნიშნავს, რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებში წარმოიშვა (რენე დეკარტი, ბენედიქტე სპინოზა და გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი). ეს ფილოსოფიური მიმდინარეობა ეწინააღმდეგება ახალი დროის ემპირიზმსა და სენსუალიზმს, რომლის მთავარი წარმომადგენლებიც იყვნენ: ფრენსის ბეკონი, თომას ჰობსი, ჯონ ლოკი, ჯორჯ ბერკლი და დევიდ ჰიუმი. რაციონალიზმი, ემპირიზმისგან განსხვავებით, (ადამიანური) გონების პრინციპს ეყრდნობა და შემეცნების ჭეშმარიტების კრიტერიუმად სწორედ გონებას მიიჩნევს და არა გამოცდილებასა და ექსპერიმენტს. რაციონალიზმი ლოგოცენტრიზმად შეიძლება იქნეს გაგებული, რადგან გონების (ლოგოსის) მიერ შემეცნებული სინამდვილე უპირატესობას იძენს გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აღქმულ სინამდვილესთან შედარებით. მაშასადამე, სამყაროს რაციონალისტური ხედვა სამყაროს ემპირისტულ ხედვას უპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გონებისმიერი შემეცნება აპრიორული და გამოცდილებისგან დამოუკიდებელია.
თუკი რაციონალიზმს ფართო მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ ის შეიძლება განივრცოს ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ცნობილ ფილოსოფოსთა შემოქმედებაზეც. ფართო აზრით, რაციონალისტური მსოფლმხედველობის მქონე მოაზროვნედ შეიძლება მივიჩნიოთ პლატონი, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებდა იდეების უცვლელ, მარადიულ სამყაროს და ერთეული საგნების ცვალებად, მოკვდავ სამყაროს. გონებისმიერი შემეცნება იდეების მარადიულ სამყაროს მიემართება, ხოლო ერთეული საგნების ცვალებადი სამყაროს აღქმა კი გრძნობის ორგანოთა მეშვეობით ხორციელდება. მართალია, არისტოტელე გრძნობადი შემეცნების მნიშვნელობას აღიარებდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ცნებობრივი შემეცნების გადამწყვეტ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, რადგან ეს უკანასკნელი აწესრიგებს და ფორმაში აქცევს გრძნობის ორგანოების მიერ გაშუალებულ ფორმის არმქონე, ცვალებად მოვლენებსა და ხდომილებებს. ადამიანი სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ იმით განირჩევა, რომ მას ლოგოსი აქვს, რომელიც არის გამოცდილებისგან დამოუკიდებელი და აპრიორული პრინციპი ჩვენი ცოდნისა. ეს ხედვა წარმმართველი აღმოჩნდა ქრისტიანული სქოლასტიკისა და ფილოსოფიის მთელი რიგი წარმომადგენლებისთვის, რომელთა მიხედვითაც ადამიანი „მოაზროვნე (გონიერი) ცოცხალი არსებაა“.
ახალი დროის რაციონალიზმის მთავარი წარმომადგენლები არიან: რენე დეკარტი (1596-1650 წწ.), ბენედიქტე სპინოზა (1632-1677 წწ.), გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716 წწ). ახალი დროის რაციონალიზმის მთავარი წარმომადგენელია რენე დეკარტი, რომლის მეთოდური სკეპტიციზმი ადგენს ჩვენი აზროვნების/ცნობიერების მთავარ პრინციპსა და უეჭველ დებულებას: „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ (cogito ergo sum). ჭეშმარიტების მთავარ კრიტერიუმად კი დეკარტთან „სიცხადე“ და „სინათლე“ სახელდება. დეკარტის ფილოსოფია ორიენტირებულია მათემატიკურ მეცნიერებათა მოდელზე, რაც ახალი დროის ევროპული რაციონალიზმის სხვა დიდ წარმომადგენლებზეც აისახა. ბენედიქტე სპინოზა და გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიციც განადიდებდნენ მათემატიკურ მეცნიერებათა იდეალს. სპინოზას აზრით, ყველა სხვა მეცნიერება გეომეტრიის აქსიომატური მოდელის მიხედვით უნდა აგებულიყო. ასეა აგებული მისი მთავარი ნაშრომი „ეთიკა“ (1677 წ.). ლაიბნიციც მათემატიკის მეცნიერულ იდეალს მიჰყვება, თუმცა, რენე დეკარტის მიერ დამკვიდრებულ ჭეშმარიტების კრიტერიუმებს („სიცხადე“ და „სინათლე“) აკრიტიკებს და ჭეშმარიტების კრიტერიუმად „ანალიზურობას“ ამკვიდრებს. დეკარტი ორი სუბსტანციის (სულიერი და სხეულებრივი) არსებობას უშვებს (და ამიტომ მასთან დუალიზმის გადალახვა რთულ ფილოსოფიურ პრობლემად რჩება), სპინოზა ერთი, ღვთაებრივი სუბსტანციის დაშვებას ახდენს და მონიზმის პოზიციაზე დგება, ლაიბნიცი კი აღიარებს მონადების, მრავალი სუბსტანციის არსებობას, რომლებიც პრესტაბილური ჰარმონიის პრინციპით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. იმანუელ კანტი (1724-1804 წწ.) რაციონალიზმსა და ემპირიზმს შორის დაპირისპირების გადალახვას და მორიგებას კრიტიკული ფილოსოფიის განვითარებით ცდილობს, რომლის მიხედვითაც ადამიანს თავისი შემეცნების ჭვრეტის წმინდა ფორმებისა (დრო და სივრცე) და განსჯის მთავარი ცნებების (კატეგორიები) წყალობით შეუძლია სამყაროს შემეცნება. ადამიანური გონების/ცნობიერების ეს პრინციპები გამოცდილების მოწესრიგებას ახდენს და უზრუნველყოფს ჩვენთვის მოცემულ მოვლენათა (და არა თავისთავადი სამყაროს) შემეცნებას. რაციონალიზმის უმაღლეს სახეს წარმოადგენს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის (1770-1831 წწ.) ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც გონივრულისა და სინამდვილის იდენტურობა დგინდება („რაც გონივრულია, ნამდვილია, და რაც ნამდვილია, გონივრულია“). გონება ხორციელდება და ვლინდება ისტორიაში, რაც ჰეგელისეული რაციონალური დიალექტიკისა და დასკვნის თეორიის საფუძველს წარმოადგენს.
XIX საუკუნეში გონების თვითკმარობის პრინციპს და, ამდენად, რაციონალიზმს დაუპირისპირდა ირაციონალიზმი, რომელმაც განსაკუთრებით თავი იჩინა გერმანული რომანტიზმისა (აუგუსტ შლეგელი, ფრიდრიხ შლეგელი, ლუდვიგ ტიკი და სხვ.) და სიცოცხლის ფილოსოფიის (ფრ. ნიცშე, ა. ბერგსონი, ო. შპენგლერი, ლ. კლაგესი და სხვ.) სახით. ახალი დროის რაციონალიზმის კრიტიკა გვხვდება XX საუკუნის ფილოსოფიაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კრიტიკული რაციონალიზმი, რომლის დამფუძნებელია ავსტრო-ბრიტანელი ფილოსოფოსი სერ კარლ რაიმონდ პოპერი (1902-1994 წწ.). კრიტიკული რაციონალიზმის პოპერისეული კონცეფცია თავდაპირველად ე.წ. „ვენის წრის“ ლოგიკური პოზიტივიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული და ყოველგვარ აბსოლუტურ, უცვლელ და ურყევ ჭეშმარიტებას უარყოფდა. პოპერის აზრით, მეცნიერული დებულებები რაციონალურ კრიტიკას უნდა დაექვემდებარონ, მაშასადამე, ისინი შემოწმებადი უნდა გახდნენ.
რაციონალიზმის კვალი შეიმჩნევა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში. ანტონ ბაგრატიონი (1720-1788 წწ.) იცნობდა ახალი დროის ევროპულ რაციონალიზმს, განსაკუთრებით კი, ე.წ. „ლაიბნიც-ვოლფის სკოლის“ შემოქმედებას. ცნობილია, რომ მისი ხელმძღვანელობით ქართულ ენაზე ითარგმნა ამ სკოლის წარმომადგენელთა (ქრისტიან ვოლფი, ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერი) არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი, რომლებიც მის მიერ დაარსებულ თბილისისა (1755 წ.) და თელავის (1782 წ.) სასულიერო სემინარიებში ისწავლებოდა. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამავე პერიოდის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი იონა ხელაშვილი (1778-1837 წწ.), რომელმაც საგანგებო ყურადღება დაუთმო 1823 წელს ილია ბაგრატიონის (1790-1854 წწ.) მიერ ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნილ ლაიბნიც-კლარკის მიმოწერას და მას უაღრესად საყურადღებო კომენტარები დაურთო. ამ მიმოწერასა და ქართველი ავტორის მიერ მასზე თანდართულ კომენტარებში რაციონალისტური ფილოსოფიის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი (თეოდიცეა, ღმერთისა და სამყაროს შემეცნების პრობლემა და ა.შ.) იქნა დასმული და განხილული. აქედან მოყოლებული, რაციონალიზმის საკვანძო საკითხები დიდი ქართველი მოაზროვნეების ყურადღების ცენტრში მოექცა, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სოლომონ დოდაშვილის (1805-1836 წწ.) „ლოგიკა“ (1827 წ.) და გაბრიელ ქიქოძის (1825-1896 წწ.) „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (1858 წ.), რომლებშიც რაციონალისტური ფილოსოფიისა და მისი მთავარი წარმომადგენლების არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იქნა წინა პლანზე წამოწეული. სოლომონ დოდაშვილი სათანადო ყურადღებას აქცევს რაციონალისტი მოაზროვნეების წვლილს შემეცნებითი ლოგიკის განვითარების პროცესში, ხოლო გაბრიელ ქიქოძე კი ემპირიული ფსიქოლოგიის მოდელის გადმოცემისა და სულიერი პროცესების ადეკვატური შემეცნების ხერხთა დახასიათების დროს სათანადოდ ითვალისწინებს რაციონალისტური ფსიქოლოგიის მიღწევებს.
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში რაციონალისტური ფილოსოფიის მთავარ პრინციპებსა და წარმომადგენლებს დიდი ყურადღება ექცეოდა. სისტემური კუთხით აღსანიშნავია შალვა ნუცუბიძის (1888-1969 წწ.) ალეთეიოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს ფილოსოფიაში გავრცელებული ცალმხრივი ტენდენციების, მათ შორის, რაციონალიზმისა და ემპირიზმის ნაკლოვანებათა გადალახვას. შ. ნუცუბიძის ალეთეიოლოგიურ შრომებში დიდი ადგილი უკავია ევროპული რაციონალიზმის ორ დიდ წარმომადგენელს - რენე დეკარტსა და გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცს. უფრო მეტიც, ლაიბნიცის მონადოლოგია ალეთეიოლოგიური კვლევების კონტექსტში ნაყოფიერ ასახვას პოვებს, რის შედეგადაც მონადისა და ჭეშმარიტების „უშინაარსობა“ იკვეთება, რაც ალეთეიოლოგიური მოძღვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ლაიბნიცის მონადოლოგია შალვა ნუცუბიძის ალეთეიოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ წყაროს წარმოადგენს.
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში რაციონალიზმის ათვისების კუთხით ასევე საინტერესოა სავლე წერეთლის (1907-1966 წ.) ნაშრომი „რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში“ (თბ., 1959 წ.), რომელშიც ავტორი ჰეგელის დასკვნის თეორიაში რაციონალიზმის კვალს ეძებს და მას ე.წ. „რაციონალური მარცვლის“ სახელდებით აღნიშნავს. ს. წერეთლის აზრით, „რაციონალურ მარცვალს“ წარმოადგენს კატეგორიებისა და მათი კავშირის აღმოჩენა აზროვნების ლოგიკურ ფორმებში; ასევე, საყურადღებოა ჰეგელის მიერ შინაგანი უარყოფისა და წინააღმდეგობის ლოგიკურში აღმოჩენა, შინაარსისეული ზოგადის წინა პლანზე წამოწევა და მასზე ფორმალურის დაქვემდებარება. თუმცა, ს. წერეთლის აზრით, ყოველივე ამას ხელს უშლის ჰეგელის ლოგიკური თეორიის ერთგვარი „მისტიფიკაცია“, რომლის შედეგადაც ცნება (როგორც ზოგადი და საერთო), უარყოფა და შინაგანი წინააღმდეგობა აბსოლუტის მისტიკურ უნარად მიიჩნევა, რაც ჰეგელის იდეალიზმად ყალიბდება და რაციონალიზაციის ხარისხს ამცირებს. ს. წერეთლის აზრით, ჰეგელი, საბოლოო ჯამში, ძველი ლოგიკის ლოგიკურ ფორმათა გამართლებით შემოიფარგლა და ვერ მოახერხა დასკვნის ფორმათა იმგვარი განსაზღვრა, რომელიც დაპირისპირებულთა შინაგანი ერთიანობის გამოხატვას შეძლებდა.
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ევროპული რაციონალიზმის მთავარი ნიშან-თვისებები უმეტესწილად ასახული და გადმოცემულია ფილოსოფიის ისტორიულ გამოკვლევებსა და სახელმძღვანელოებში, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მ. გოგიბერიძე, „ფილოსოფიის ისტორია“ (თბ., 1941 წ.), კ. ბაქრაძე, „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ (თბ., 1969 წ.), ს. დანელია, „ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში“ (თბ., 1978 წ.) და სხვ. დალი დანელიამ კი სპეციალური მონოგრაფია მიუძღვნა რაციონალისტურ ფილოსოფიას - „XVII საუკუნის რაციონალიზმი“ (თბ., 1968 წ.), რომელშიც განხილულია XVII საუკუნის კლასიკური რაციონალიზმის ძირითადი ნიშნები და თავისებურებანი. გურამ თევზაძეს ეკუთვნის რაციონალიზმისა და წამყვანი რაციონალისტი მოაზროვნეების შესახებ ვრცელი ნარკვევები, რომლებიც განსაკუთრებით თავმოყრილია XVII-XIX საუკუნეებისა და XX საუკუნის ევროპული ფილოსოფიის შესახებ გამოქვეყნებულ მის მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში (იხ. - „სამეცნიერო ლიტერატურა“). გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის შემოქმედებას საინტერესო მონოგრაფია უძღვნა მ. ბიჭაშვილმა - „ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია“ (თბ., 2005 წ.), რომელიც დღემდე ყველაზე სრულყოფილ ქართულენოვან გამოკვლევას წარმოადგენს ლაიბნიცის ფილოსოფიის შესახებ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მერაბ მამარდაშვილის (1930-1990 წწ.) ცნობილი გამოკვლევა „რაციონალიზმის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“ (თბ., 1984 წ.), რომელშიც საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფილოსოფიური სპეციფიკის გამოკვეთისა და ანალიზის საფუძველზე ცოდნის ონტოლოგიური და ეპისტემოლოგიური წანამძღვრებია დამუშავებული, რომლებიც, თავის მხრიც, თანამედროვე მეცნიერული ცოდნის ობიექტურობის მოთხოვნას წარმოადგენს. ასევე უაღრესად საყურადღებოა მისი ნაშრომები რენე დეკარტის მოძღვრების შესახებ, რომლებშიც რაციონალისტური, კერძოდ კი, კარტეზიანული ფილოსოფიის საკვანძო საკითხებია განხილული.
XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში - რაციონალისტური კონცეფციების კვლევის კვალდაკვალ - სათანადო ყურადღება ექცეოდა ირაციონალისტური ტენდენციების შესწავლასაც, რადგან რაციონალიზმის მთელი რიგი თავისებურებანი სწორედ ირაციონალიზმთან შეპირისპირებით იკვეთება. ამ მხრივ XX საუკუნის ქართულ აზროვნებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია გრ. რობაქიძის, ა. ჯორჯაძის, შ. ნუცუბიძის, დ. უზნაძის, კ. გამსახურდიას, კ. კაპანელის, კ. ბაქრაძის, თ. ბუაჩიძის, ზ. კაკაბაძის, ა. ბოჭორიშვილის, გ. ცინცაძის და სხვ. შემოქმედება. მათ ნაშრომებში რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის ტენდენციათა შეპირისპირებითი ანალიზისა და კონტექსტური კვლევის საყურადღებო მცდელობებია მოცემული.
• ბიჭაშვილი, მ.: ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია, თბილისი: „მერიდიანი“, 2005 წ.
• დანელია, ს.: მიზეზობრიობის პრობლემა სპინოზას ფილოსოფიაში, წიგნში: ს. დანელია, ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, რედაქტორი - ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ., გვ. 285-320.
• დანელია, დ.: XVII საუკუნის რაციონალიზმი, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ.
• დეკარტი, რ.: მეტაფიზიკური განაზრებანი, ფრანგულიდან თარგმნა ს. დანელიამ, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1955 წ.
• დეკარტი, რ.: ფილოსოფიური ტრაქტატები, ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძე-ხოფერიამ, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2018 წ.
• თევზაძე, გ.: XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ.
• თევზაძე, გ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი I: განმანათლებლობა (ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე), თბილისი: „Carpe diem“, 2009 წ.
• თევზაძე, გ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი II: იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• ლეიბნიცი: მონადოლოგია, თარგმნა და შენიშვნები გაუკეთა ს. დანელიამ, თბილისი: „სტალინის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1940 წ.
• წერეთელი, ს.: რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1959 წ.
• ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, კრებულის შემდგენელი, სამეცნიერო რედაქტორი და წინათქმის ავტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• Мамардашвили, М.: Классический и неклассический идеалы рациональности, Тбилиси: „Мецниереба“, 1984 წ.