2021-04-01 თენგიზ ირემაძე

კავკასიური ფილოსოფია

1 -განსაზღვრება

კავკასიური ფილოსოფია მოიცავს კავკასიელი ხალხების ფილოსოფიურ აზროვნებას, რომლის თავდაპირველი კონტურები გვიანანტიკური და ბიზანტიური ფილოსოფიური მოძღვრებების საფუძველზე ჩამოყალიბდა, ხოლო შემდეგ კი სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობების რეცეფციისა და ტრასფორმაციის გზით დამოუკიდებელ ფილოსოფიურ ტრადიციად განვითარდა. „კავკასიური ფილოსოფია“ ერთ-ერთი ძველი თვითმყოფადი სააზროვნო ტრადიციის გამომხატველი ტერმინია. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური ფილოსოფია მრავალი ორიგინალური კავკასიელი მოაზროვნის თეორიული ნაშრომების ფართო სპექტრს მოიცავს, ფილოსოფიის ისტორიაში ამ ცნებას დღემდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამგვარი ფილოსოფიის მეთოდოლოგიური წანამძღვრები და საფუძვლები პირველად წარმოდგენილი იქნა ჩემს მონოგრაფიაში „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“ (თბ., 2013 წ.). მასში ფილოსოფიის ძველი და ახალი კონცეპტებია გამოკვლეული და ინტერკულტურული ფილოსოფიის იმგვარი გაგებაა მოცემული, რომელიც სპეციფიკური სახით ერთმანეთს უკავშირებს სისტემატურ და ისტორიულ მომენტებს. აქვე საგანგებო მსჯელობაა „კავკასიური ფილოსოფიის“ ლეგიტიმურობის შესახებ და, უწინარეს ყოვლისა, კავკასიის რეგიონის ის სააზროვნო ტრადიციაა მხედველობაში მიღებული, რომელმაც საქართველოსა და სომხეთს შორის წარმატებულ ფილოსოფიურ ურთიერთობებს მისცა დასაბამი. ეს კონცეფცია კიდევ უფრო სრულყოფილი სახით არის გადმოცემული ჩემს შემდგომ გამოკვლევაში „პითაგორა კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში“ (თბ., 2014 წ.). „კავკასიური ფილოსოფიის“ კონტექსტში პითაგორას მოძღვრებას, ფილოსოფიისა და ფილოსოფოსის მისეულ ხედვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ რეგიონში, ხშირად, სწორედ ფილოსოფიის პითაგორასეულ კონცეპტთან მიმართებაში განისაზღვრებოდა ფილოსოფიის როლი, მისია და მიზანი. პითაგორას გარდა, კავკასიელი ფილოსოფოსების ინტენსიური შესწავლისა და ათვისების საგანს წარმოადგენდნენ: პლატონი, არისტოტელე და პროკლე.

კავკასიური ფილოსოფიის ძირები უნდა ვეძიოთ ახ. წ. III-IV საუკუნეებში ადრინდელი კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლაში (ფაზისის აკადემია), სადაც განისწავლა იმდროინდელი ფილოსოფიის ორი დიდი წარმომადგენელი: ევგენიოსი და მისი შვილი თემისტიოსი. ამ სასწავლებლის შესახებ დღემდე დაცული ერთადერთი ცნობა სწორედ თემისტიოსს ეკუთვნის, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს ამ სკოლაში არსებულ სასწავლო პროცესს. კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში ფაზისის რიტორიკული სკოლის არსებობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბერძნული ფილოსოფიური ენა შეიძლება განვიხილოთ როგორც გარეგადამწვდომი ენა მთელი კავკასიელი ხალხებისთვის (ქართველებისთვის, სომხებისთვის და ა.შ.). ცნობილია, რომ გვიანანტიკურობასა და შუა საუკუნეებში მოღვაწე ქართველი და სომეხი სწავლულები ბერძნულად წერდნენ. პეტრე იბერი და დავით უძლეველი (ანჰაღთი) ბერძნულს უბადლოდ ფლობდნენ; ბერძნულ ენას, ასევე, ჩინებულად ფლობდა იოანე პეტრიწიც. რეგიონალურ დონეზე ერთი საერთო სამეცნიერო ენის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამრიგად, კავკასიური ფილოსოფია არის ბერძნული ფილოსოფიის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შედეგი. მოგვიანებით, ქართველი და სომეხი მოაზროვნეები ამას არც უარყოფდნენ. ისინი ბიზანტიურ ტრადიციასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ბერძნული ფილოსოფია წარმოადგენს იმ საერთო ნიადაგს, რომელზე დაყრდნობითაც იქმნება კავკასიური ფილოსოფია.

კავკასიური ფილოსოფიის კონცეფცია კიდევ უფრო განვრცობილი სახით წარმოდგენილია ჩემს ბოლო მონოგრაფიაში „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“ (თბ., 2019 წ.). აქ კავკასიური ფილოსოფიის პარადიგმატული ასპექტების გარდა, საუბარია კავკასიური ფილოსოფიის საერთო კონტექსტებზე. ამ ნაშრომში ერთმანეთისგან გამიჯნულია ცნებები „ნაციონალური ფილოსოფია“ და „რეგიონალური ფილოსოფია“, დასმულია საკითხი კავკასიური ფილოსოფიის საწყისების შესახებ. აღნიშნული კვლევების შედეგად კი გამოიკვეთა კავკასიური ფილოსოფიის ისტორიის მთავარი წარმომადგენლებიც: პეტრე იბერი, დავით უძლეველი (ანჰაღთი), იოანე პეტრიწი, სვიმეონ ჯუღაეცი, ანტონ ბაგრატიონი, შალვა ნუცუბიძე და სხვ.

2 -თანამედროვე კონტექსტი

თანამედროვე ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსნაციონალური ფილოსოფიური დისკურსების კვლევასა და ანალიზს. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ „კავკასიური ფილოსოფიის“ კონტურები კიდევ უფრო მკვეთრად მოიხაზოს და ამ ცნების ისტორიულ-სისტემური დამუშავება მოხდეს. სწორედ ამ მიზნით 2014 წელს ქ. ფოთში დაარსდა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივი, რომელიც ამჟამად ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში განაგრძობს არსებობას. არქივში მუშაობს ქართველ და უცხოელ მკვლევართა სპეციალური ჯგუფი, რომლის საქმიანობა მიმართულია უძველესი კულტურული და ინტელექტუალური ტრადიციების მქონე კავკასიის რეგიონში მოღვაწე ფილოსოფოსებს შორის კიდევ უფრო ნაყოფიერი დიალოგის საფუძვლების შექმნისკენ.

მაშასადამე, როცა კავკასიური ფილოსოფიის შესახებ ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ფილოსოფიის, კერძოდ კი, ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ახალი დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში; რადგან ეს დარგი დღემდე არ არსებობდა, მისი სამომავლო ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად განხორციელდება ამ სფეროში შესაბამისი კვლევები და სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივები აქვს: საერთო კავკასიური ფილოსოფიის ხედვა მნიშვნელოვანია არა მარტო ფილოსოფიის ისტორიის კუთხით, ე.ი. ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ჭრილში, არამედ სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისითაც - პოლიტიკურ განზომილებაში - საერთო კავკასიური სახლის კონტექსტში. ასე რომ, ეს კონცეპტი შეიძლება გამოყენებული იქნეს არაერთი მიმართულებით.

3 -სამეცნიერო ლიტერატურა

წყაროები:

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

• ირემაძე, თ.: პითაგორა კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 3), თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ.

• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.

• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.

სპეციალური ლიტერატურა:

• ზაქარაძე, ლ.: ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში (განაზრებანი პროფ. თენგიზ ირემაძის ნაშრომზე – „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“, თბილისი, „ნეკერი“, 2013), ჟურნალში: „კადმოსი“. ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, # 4 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 417-430.

• თავაძე, გ.: რუკების ძალა. გელათი და „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 2), თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

• იეკი, უ. რ.: განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ, გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლ. ზაქარაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ.