ანტიკურ ფილოსოფიასა და შუა საუკუნეების ფილოსოფიას შორის პირობით მიჯნად 529 წელი ითვლება, როდესაც ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის განკარგულებით დაიხურა უკანასკნელი ანტიკური ფილოსოფიური სკოლა - ათენის აკადემია. ამის შემდეგ, ვიდრე რენესანსის ხანამდე, არსებობდა შუა საუკუნეების ფილოსოფია. შუა საუკუნეების ფილოსოფია არის ანტიკური ფილოსოფიური (განსაკუთრებით პლატონისა და არისტოტელეს) ტრადიციისა და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მონოთეისტურ რელიგიათა ორიგინალური სინთეზი. აქვე უნდა გამოიყოს ის სპეციფიკური ნიშნები, რომლებითაც შუა საუკუნეების ფილოსოფია ანტიკური ფილოსოფიისგან განსხვავდება.
პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც შუა საუკუნეების ფილოსოფიას ახასიათებს, არის პიროვნული ღმერთის ცნება. ანტიკურობა არა თუ არ იცნობდა პიროვნული ღმერთის ცნებას, არამედ მას არც კი გააჩნდა სპეციალური ტერმინი/სიტყვა პიროვნების აღსანიშნავად. ქრისტიანობის უმთავრესი სიახლე სწორედ პიროვნების ცნების შემოტანა და მისი მეშვეობით ღმერთის გააზრება იყო. შუა საუკუნეებმა შემოიტანა ცნება ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი და ყოვლადგონიერი არსებისა, ანუ აბსოლუტისა. ანტიკურობას არ გააჩნდა აბსოლუტის, როგორც ასეთის, ცნება. ამასთან, ღვთაებები არ გაიაზრებოდა ყოვლადკეთილად და ყოვლადგონიერად, მაშასადამე, ისინი ერთგვარად ნაკლოვანი იყვნენ.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც დამახასიათებელია შუა საუკუნეების ფილოსოფიისთვის, არის გრძნობადი და ზე-გრძნობადი სამყაროების ერთმანეთისგან მკვეთრი გამიჯვნა. მიწიერ და ზეციურ სამყაროებს ერთმანეთისგან ანტიკური ტრადიციაც მიჯნავდა, მაგრამ ეს გამიჯვნა შუა საუკუნეების ფილოსოფიურ აზროვნებაში კიდევ უფრო რადიკალური სახით განხორციელდა. მაგალითად, არისტოტელეს მიხედვით, მიწიერი და ზეციური სამყაროები, ანუ როგორც ნეოპლატონიკოსები იტყოდნენ, მთვარისზედა და მთვარისქვეშა სამყაროები, ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება, მაგრამ ამ განსხვავების საფუძველს არ შეადგენს ის, რომ თითქოს ერთი ხილული იყოს და მეორე უხილავი, არამედ ის, რომ ციურ სამყაროს მარადიული და უცვლელი კანონები მართავს და ზეციური არსებულნი წარუვალნი არიან, განსხვავებით მიწიერ საგანთაგან, რომელთაც ცვალებადობა ახასიათებთ. ამისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების ფილოსოფია ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს ხილულ და უხილავ, გრძნობად და ზე-გრძნობად სამყაროებს; ამდენად, იგი არსებულების ორ ნაწილად გაყოფის სრულიად სხვა პრინციპს ემყარება.
აქედან გამომდინარეობს მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი, კერძოდ კი, რწმენის ცნების ის არსებითი ტრანსფორმაცია, რომელიც შუა საუკუნეებში ხდება. რწმენა („πίστις“) ანტიკურობაში არ გულისხმობს რაღაც ზე-გრძნობადთან, უხილავთან მიმართებას. გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფიაში რწმენა ხშირად განმარტებულია რაღაცის წვდომად - ისე, როგორც ის გვევლინება, გვაჩვენებს თავის თავს. მაშასადამე, რწმენა სწორედაც რომ ხილულ არსებულთა სფეროში მოქმედებს. ამის საპირისპიროდ, ქრისტიანობაში რწმენა გაიგება სწორედ როგორც წვდომა ზე-გრძნობადისა, მინდობა ზე-გრძნობადისადმი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის არსს შეადგენს და გაიაზრება როგორც სიყვარული. აქედან გამომდინარე, მოხდა ცოდნასა და რწმენას შორის მკვეთრი განსხვავება. ფილოსოფიური ლოგოსი უნდა გავიგოთ და გავაცნობიეროთ, ხოლო ქრისტიანული ლოგოსი კი უნდა ვირწმუნოთ. ქრისტიანობაში საქმე ეხება ადამიანის ხსნას და ჭეშმარიტებაც ამ სახით გაიგება.
ამ სამი არსებითი განმასხვავებელი ასპექტიდან (პიროვნული აბსოლუტის აღიარება, გრძნობადი და ზე-გრძნობადი სამყაროების მკვეთრი გამიჯვნა, რწმენის ახლებური გააზრება) ლოგიკურად გამომდინარეობს შუა საუკუნეების ფილოსოფიის მთავარი პრობლემატიკაც. ეს გახლავთ საკითხი იმის შესახებ, (1) თუ როგორ უნდა გავიაზროთ ღმერთის პიროვნულობა, (2) თუ რა მიმართებაშია სასრული და უსასრულო არსება, (3) თუ რა მიმართებაშია ცოდნა და რწმენა. შუა საუკუნეების ფილოსოფიაში ამ კითხვებზე სხვადასხვა სახის პასუხი იქნა გაცემული, თუმცა, აქ მაინც გამოიკვეთა რაღაც საერთო, დამაკავშირებელი ტენდენციები.
ზემოთ განხილული საკითხების გარშემო შუა საუკუნეების ფილოსოფიაში სამი ძირითადი სკოლა გამოიყოფოდა: შუა საუკუნეების პლატონიზმი, შუა საუკუნეების არისტოტელიზმი და შუა საუკუნეების ნეოპლატონიზმი. ეს სამი მიმართულება ფიქსირდება შუა საუკუნეების არა მხოლოდ ქრისტიანულ, არამედ ისლამურ და ებრაულ ფილოსოფიებშიც. შუა საუკუნეების პლატონიზმი, ისევე, როგორც შუა საუკუნეების არისტოტელიზმი და ნეოპლატონიზმი, შეიქმნა ანტიკური ხანის პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის გადამუშავების საფუძველზე. თუმცა, შუა საუკუნეების ქრისტიანულ არისტოტელიზმზე დიდი გავლენა მოახდინა აგრეთვე არაბულმა არისტოტელიზმმაც, ხოლო არისტოტელიზმის ბიზანტიურ ვერსიებზე კი იოანე დამასკელის ფილოსოფიამ. შუა საუკუნეების პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის ჩამოყალიბებაზე განუზომლად დიდია ე.წ. „არეოპაგიტული კორპუსის“ გავლენაც. ამასთან, ეს სამი სკოლა არ უნდა გავიაზროთ როგორც სამი ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული თვალსაზრისი. ისინი პრინციპულად იზიარებენ შუა საუკუნეების მსოფლმხედველობის მთავარ ამოსავალ პრინციპებს, რომელთა შორისაცაა აბსოლუტური პიროვნული საწყისის - ღმერთის - აღიარება, სამყაროს ორ ნაწილად გამიჯვნა და სამყაროს იერარქიული სტრუქტურის აღიარება.
იერარქიულობის იდეა, რომელიც შუა საუკუნეებში ანტიკურობიდან შემოვიდა „არეოპაგიტულ კორპუსში“ გადამუშავებული გზით, მსჭვალავს არა მხოლოდ სამყაროს შუასაუკუნეობრივ გაგებასა და ხედვას, არამედ შუა საუკუნეების სოციალურ ორგანიზაციას და ცოდნის შუასაუკუნეობრივ სისტემასაც. შუასაუკუნეობრივი აზროვნების მიხედვით, ცოდნის სისტემაც ისევე იერარქიულია, როგორც სამყარო. თუკი ეს ასეა, მაშინ ისმის შემდეგი კითხვა: რით განსხვავდება ერთმანეთისაგან შუასაუკუნეობრივი პლატონიზმი, არისტოტელიზმი და ნეოპლატონიზმი?
აღსანიშნავია, რომ ისინი იმდენად არა საგნის გააზრების წესით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რამდენადაც ამ გააზრების აქცენტებით. პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმისთვის ამოსავალი პრინციპი, რომლის მეშვეობითაც შემეცნება უნდა სწვდეს ღმერთს, არის ადამიანური სული; ადამიანი უღრმავდება რა საკუთარ სულს, ამავე დროს, მიდის ღმერთის შემეცნებისაკენ. მაშასადამე, პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის მიხედვით, შემეცნებისას უნდა ამოვიდეთ ადამიანის სულიდან; აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ გარესამყაროს შემეცნება ამ სკოლაში შედარებით ნაკლებ აქტუალურია. ამის საპირისპიროდ, არისტოტელიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთისაკენ მიმავალი გზა გადის სამყაროზე; სამყარო ღმერთის ისეთივე ქმნილებაა, როგორც ადამიანური სული და ამიტომ მისი შემეცნებიდან შეგვიძლია გადავიდეთ ღმერთის შემეცნებაზე.
შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიაში პლატონსა და არისტოტელეს დიდი ინტერესით შეისწავლიდნენ, მაგრამ ორივე ფილოსოფოსი და მათი მოწაფეები ქრისტიანული პერსპექტივიდან განიმარტა. ამის შედეგად პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებებმა ქართულ აზროვნებაში სპეციფიკური ტრანსფორმაცია განიცადა და ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში იქნა წარმოდგენილი. ამდენად, შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიაში ანტიკური ხანის პლატონიზმი და არისტოტელიზმი კომბინირებული სახით გვევლინება და ე.წ. „ქრისტიანული ნეოპლატონიზმის“ (იოანე პეტრიწი და სხვ.) სახით განიცდის განსაკუთრებულ აღმავლობას.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ფილოსოფია, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #9 (7-13 მარტი, 2019 წ.), გვ. 8-10.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.