2021-03-30 თენგიზ ირემაძე

კატეგორიოლოგია

1 -განსაზღვრება

კატეგორიოლოგია ფილოსოფიის ქვედარგია და კატეგორიების შესახებ მოძღვრებას აღნიშნავს. კატეგორიები ლოგიკის, ონტოლოგიისა და მეტაფიზიკის საყრდენი ცნებებია და არსებულთა მთავარ ნიშან-თვისებებს გამოხატავს. კატეგორიების შესახებ მოძღვრება ანტიკური ხანის ბერძნულ აზროვნებაში დამუშავდა. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია პარმენიდეს, ჰერაკლიტეს, პლატონისა და არისტოტელეს წვლილი. პლატონი საკითხს სვამს არსებულთა არსის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა სახის არსებობა მიეწერება არსებულებს. აქვე ისმის შემდეგი კითხვა: რა ნიშნავს გამოთქმა - „რაიმე არის“? კატეგორიები არსებულთა საფუძველმდებარე ცნებებია და სწორედ მათი მეშვეობით არის შესაძლებელი საგანთა ადეკვატური შემეცნება. პლატონური დიალოგების მთავარი მოტივიც არსებულთა აუცილებელი და ზოგადი პრინციპების დადგენაა. დიალოგში „სოფისტი“ პლატონი არსებულთა ხუთი უმაღლესი გვარის შესახებ მსჯელობს: არსებული, უძრაობა, მოძრაობა, იგივეობა, განსხვავება. ისინი არსებულთა არსებობის უზოგადესი პრინციპებია, რადგან სხვა პრინციპებზე მათი დაყვანა შეუძლებელია. კატეგორიოლოგიის განვითარებაში პლატონის მიერ შეტანილი წვლილის მიუხედავად, ამ დარგის პირველი სისტემური განვრცობა და განვითარება არისტოტელეს სახელს უკავშირდება. არისტოტელე სავსებით სამართლიანად ითვლება კატეგორიოლოგიის დამფუძნებლად, რადგან მას ამ თემატიკის შესახებ სპეციალური ნაშრომიც კი აქვს შექმნილი სახელწოდებით „კატეგორიები“. ამ ნაშრომში არისტოტელე ათი კატეგორიის შესახებ მოძღვრებას ავითარებს. ეს კატეგორიებია: არსება, რაოდენობა, თვისება, მიმართება, ადგილი, დრო, მდგომარეობა, ფლობა, მოქმედება და ვნება. არისტოტელეს შემდეგ, ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში, კატეგორიები სპეციალური განხილვისა და ხშირი დავა-კამათის საგანი იყო. შუა საუკუნეების ფილოსოფიაში კატეგორიების სპეციფიკური ინტერპრეტაცია მოხდა და ფართოდ გავრცელდა მოძღვრება პრედიკაბილიების (გვარი, სახე, განსხვავება, საკუთრივი ნიშანი, აქციდენცია) შესახებ. შემდეგ ეპოქებში კი სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობა (იდეალიზმი, რეალიზმი, სიცოცხლის ფილოსოფია, პრაგმატიზმი, ანალიზური ფილოსოფია და სხვ.) განსხვავებული ასპექტებითა და პერსპექტივებით განიხილავდა კატეგორიოლოგიის თემატურ სპექტრს. იმანუელ კანტის მიხედვით, კატეგორიები აზროვნების აპრიორული ფორმებია და ყოველგვარი სახის გამოცდილების წინაპირობას წარმოადგენს. კატეგორიების სისტემატიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მცდელობა სწორედ კანტის სახელს უკავშირდება. მან კატეგორიები განსჯის ძირითად ცნებებად მიიჩნია, მათი ონტოლოგიური სტატუსის რელატივირება მოახდინა და ისინი შემეცნების თეორიის ფარგლებში მოათავსა. ამით კანტმა სათავე დაუდო კრიტიკულ ფილოსოფიას, რის გამოც მისი მოძღვრება „კოპერნიკისებური შემოტრიალების“ სახელით არის ცნობილი. კანტის კატეგორიათა შესახებ მოძღვრება დაწვრილებით არის გადმოცემული და განხილული გურამ თევზაძის ფუნდამენტურ ნაშრომში „იმანუელ კანტი“ (თბ., 1974 წ.).

2 -კატეგორიოლოგიის კვლევა ქართული ფილოსოფიაში

ქართულ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო აზროვნებაში კატეგორიოლოგიას საგანგებო ადგილი უკავია. ანტიკური კატეგორიოლოგიის ქრისტიანული ინტერპრეტაციის თვალსაჩინო მაგალითია მოცემული იოანე დამასკელის „დიალექტიკაში“, რომლის შესანიშნავი ქართული თარგმანები ეფრემ მცირემ და არსენ იყალთოელმა შეასრულა. პლატონის ხუთი უმაღლესი გვარის საყურადღებო განმარტება და ანალიზი ეკუთვნის იოანე პეტრიწს, რომელმაც გვართა თეორიის შუაგულში მყოფის ცნება განათავსა. შუა საუკუნეების ქრისტიანულ აზროვნებაზე და იოანე პეტრიწის შემოქმედებაზე დაყრდნობით, ქრისტიანული კატეგორიოლოგიის საგულისხმო მოდელი გადმოსცა ანტონ პირველმა. კატეგორიების ლოგიკური სისტემატიზების ნაყოფიერი ცდაა მოცემული სოლომონ დოდაშვილის ნაშრომში „ლოგიკა“ (1827 წ.).

XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში კატეგორიოლოგიის პრობლემატიკას სხვადასხვა მოაზროვნეებზე დაყრდნობით განიხილავდნენ: შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ს. დანელია, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, გ. მაჩიტაძე, გ. თევზაძე, თ. ბუაჩიძე და სხვ. მათ ფილოსოფიის ისტორიული კონტექსტების შემქმნელ მიმართულებებს და მათ წარმომადგენლებს (გერმანული იდეალიზმი, ნეოკანტიანელობა, სიცოცხლის ფილოსოფია, ფუნდამენტური ონტოლოგია, ფენომენოლოგია, ექსისტენციალიზმი და ა.შ.) სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნეს. ამ პერიოდში საგანგებო ყურადღება ექცეოდა მატერიალისტური დიალექტიკის კატეგორიების ანალიზსა და ინტერპრეტაციას (გ. ბაჩულაშვილი, გ. რუსია, ბ. ურიდია, გ. ცინცაძე, ბ. ლუტიძე და სხვ.). გაბრიელ ბაჩულაშვილმა ორი საყურადღებო მონოგრაფია მიუძღვნა მატერიალისტური კატეგორიოლოგიის ანალიზსა და დიალექტიკური ლოგიკის დაფუძნების საქმეს: „კატეგორიების კავშირი კარლ მარქსის კაპიტალში“ (თბ., 1961 წ.) და „კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა“ (თბ., 1979 წ.). თუკი პირველ ნაშრომში ნაცადია კარლ მარქსის „კაპიტალში“ განხილული ცნებების დიალექტიკის პრობლემათა გარკვევა, მეორე ნაშრომში - ფილოსოფიური კატეგორიების დიალექტიკური ბუნების ანალიზის საფუძველზე - სავლე წერეთლის დიალექტიკური ლოგიკის კონცეფციის განვრცობასა და მის შემდგომ განვითარებას ვხვდებით. გ. ბაჩულაშვილის აზრით, დიალექტიკური ლოგიკა არის დიალექტიკის, გნოსეოლოგიისა და შინაარსისეული (და არა მხოლოდ ფორმალური) ლოგიკის იგივეობა. დიალექტიკური ლოგიკის სრულყოფილი თეორიის ფარგლებში ლოგიკა, გნოსეოლოგია და დიალექტიკა ერთმანეთის იგივეობრივია. მაშასადამე, ლოგიკა გარეგადამწვდომი ფილოსოფიური დისციპლინა ხდება და შინაარსისეულად მოიცავს მის ყველა მთავარ დარგსა და ქვედარგს.

თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში ინტენსიურად განიხილება ანტიკური კატეგორიათმოძღვრებისა და ქრისტიანული კატეგორიოლოგიის ურთიერთმიმართების პრობლემები. განსაკუთრებით გამოიკვეთა „მყოფისა“ და „ყოფნის“ კატეგორიები, რომლებიც ფილოსოფიის საფუძველმდებარე ცნებების/კატეგორიების რიცხვს მიეკუთვნება.

3 -სამეცნიერო ლიტერატურა

• ბაჩულაშვილი, გ.: კატეგორიების კავშირი კარლ მარქსის „კაპიტალში“, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ.

• ბაჩულაშვილი, გ.: კატეგორიების დიალექტიკა როგორც გნოსეოლოგიური ლოგიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ.

• მაჩიტაძე, გ.: კატეგორიების პრობლემა უაიტჰედის ფილოსოფიაში, თბილისი: „მეცნიერება“,1966 წ.

• ბაკურია, მ. / ბუაჩიძე, თ. / ერქომაიშვილი, ვ.: თანაფარდობითი კატეგორიები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1993 წ.

• თევზაძე, გ.: იმანუელ კანტი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.

• ირემაძე, თ.: მყოფი და ყოფნა, წიგნში: თ. ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 60-65.

• წერეთელი, ს.: არისტოტელესა და კანტის მოძღვრებათა ურთიერთობისათვის კატეგორიების შესახებ, კრებულში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 3 (თბილისი, 1936 წ.), გვ. 1-15.