იყალთოს აკადემია შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. აკადემია იყალთოს სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც VI საუკუნეში დაარსა ზენონმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა. სავარაუდოა, რომ უკვე IX საუკუნეში იყალთო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო. თუმცა, უშუალოდ იყალთოს აკადემიის დაფუძნება XI-XII საუკუნეების თვალსაჩინო ქართველი ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელს უკავშირდება; სწორედ აქედან უნდა იღებდეს დასაბამს მისი ზედწოდება – იყალთოელი. სავარაუდოა, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დაღმასვლის კვალდაკვალ იყალთოს აკადემიის მდგომარეობაც გაუარესდებოდა. მიიჩნევა, რომ XVII საუკუნის პირველ მეოთხედში, სპარსეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში წარმოებული ომების შედეგად აკადემიამ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.
არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართველ მოაზროვნეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მან თარგმნა ქრისტიანი ფილოსოფოსებისა და ღვთისმეტყველების რჩეული თხზულებები: იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, მიქაელ ფსელოსის „პირმშოსათვის“, ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, თეოდორე აბუკარას ეპისტოლეები, ასევე, ნიკიტა სტითატის, კირილე ალექსანდრიელის, ლეონ პაპის დოგმატური ნაშრომები და ისინი გააერთიანა კრებულში - „დოგმატიკონი“, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი მონაწილეობდა, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაში, მასვე ეკუთვნის „დიდი სჯულისკანონის“ ქართული თარგმანიც. თავდაპირველად, არსენ იყალთოელი, დავით IV აღმაშენებლის მიწვევით, გელათში მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი, ამ უკანასკნელის მოწოდებით იყალთოში გადასულა, რათა იქ აკადემია დაფუძნებინა.
ცნობილია, რომ იყალთოში, გელათის აკადემიის მსგავსად, სწავლება შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული, „ტრივიუმ-კვადრივიუმის“ ციკლის საგნებით მიმდინარეობდა. სწავლების ამგვარი წესი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მოქმედებდა და მისი მიზანი თავისუფალი მოქალაქეების აღზრდა იყო. თუმცა, ამ სასწავლო კურიკულუმმა უფრო ჩამოყალიბებული სახე მოგვიანებით მიიღო. ცნება „კვადრივიუმი“ პირველად VI საუკუნის რომაელმა მოაზროვნემ ბოეციუსმა შემოიღო. ტრადიციულად, „კვადრივიუმი“ შედგებოდა ოთხი ფუნდამენტური სამეცნიერო დისციპლინისაგან, ესენია: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა. „კვადრივიუმის“ აღწერა მოცემულია პლატონის „სახელმწიფოს“ მეშვიდე თავში; იგი მას თავისი კურიკულუმის მეორე ნაწილად განიხილავდა. კურიკულუმის პირველ ნაწილში კი, შედიოდა ისეთი ჰუმანიტარული საგნები როგორებიცაა: გრამატიკა, ლოგიკა და რიტორიკა. ისინი „ტრივიუმის“ ციკლის საგნებად მიიჩნევა და უფრო ფართოდ განხილულია V საუკუნის რომაელი მოაზროვნის მარციანე კაპელას ნაშრომებში. თუმცა, თავად ცნება „ტრივიუმი“ IX საუკუნიდან იწყებს დამკვიდრებას. მიიჩნეოდა, რომ „ტრივიუმის“ ციკლის საგნები იყო მოსამზადებელი ეტაპი „კვადრივიუმის“ ციკლის საგნების შესასწავლად, ხოლო „ტრივიუმ-კვადრივიუმის“ ერთიანი ციკლი, უმაღლესი რანგის ცოდნის - ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების - დაუფლებისათვის მზადებად განიხილებოდა.
იყალთოს აკადემიის სასწავლო კურიკულუმი, სწორედ ზემოხსენებულ, კლასიკურ ბერძნულ და ლათინურ გამოცდილებებზე დაყრდნობით იყო აგებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი დამფუძნებლები კარგად იცნობდნენ ამ საგანმანათლებლო პრაქტიკას და ფართოდ ნერგავდნენ მას იმჟამინდელ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ კლასიკურ კურიკულუმში შემავალი საგნების გარდა შუა საუკუნეების ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასწავლიდნენ სხვა საგნებსაც. XVIII საუკუნის ქართველი მოაზროვნის და სასულიერო მოღვაწის ანტონ I ბაგრატიონის ცნობით არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ამ საგანს ასწავლიდნენ იყალთოსა და გელათის აკადემიებში. და თუკი მხედველობაში მივიღებთ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, არსენი არისტოტელეს ნაშრომების ქართულ თარგმანებზე მუშაობდა, მაშინ შესაძლოა, რომ მის თარგმანებს შორის არისტოტელეს „ფიზიკაც“ ყოფილიყო, ანდა მასზე დაყრდნობით არსენ იყალთოელს ფიზიკის ორიგინალური ქართული სახელმძღვანელო შეექმნა.
• მწიგნობრობა ქართული: ტ. 15, სასულიერო მწერლობა, წგ. 1, თბილისი, 2013 წ.
• პლატონი, სახელმწიფო, თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, „ნეკერი“, თბილისი, 2003 წ.
• ხიდაშელი, შ. ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს), „მეცნიერება“, თბილისი, 1988 წ.
• ჯავახიშვილი, ივ. თხზულებანი თორმეტ ტომად, თბილისი, 1982 წ.