დავით ბაგრატიონი (1767-1819 წწ.) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის უფროსი ვაჟი იყო. მან თავდაპირველად საფუძვლიანი განათლება მიიღო დავით რექტორთან, ასევე, გერმანელ და ავსტრიელ მასწავლებლებთან. დავითმა ჯერ კიდევ ადრეულ წლებში შეისწავლა დიდი ევროპელი მოაზროვნეების ფილოსოფიური და პოლიტიკური მოძღვრებები. მისი მრავალრიცხოვანი თარგმანები ქართველ მკითხველს, უწინარეს ყოვლისა, ფრანგული განმანათლებლობის მნიშვნელოვან ნაშრომთა და იდეათა გაცნობის საშუალებას აძლევდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, დავით ბაგრატიონი (თავის ოჯახთან ერთად) იძულებული შეიქნა სანკტ-პეტერბურგში გადასახლებულიყო (1803 წ.), სადაც მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის უკანასკნელი წლები გაატარა კიდეც. რუსეთში მან გენერალ-ლეიტენანტისა და მმართველი სენატის სენატორის წოდებები მიიღო. ეს ის სამსახური აღმოჩნდა, რამაც მას ცხოვრებისთვის საჭირო სახსრები შესძინა.
დავით ბაგრატიონი ახალი დროის ქართული აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია; მან სახელი გაითქვა როგორც ფილოსოფოსმა, ბუნებისმეტყველმა, მთარგმნელმა, ისტორიკოსმა, სამართალმცოდნემ, პოეტმა და პროზაიკოსმა. ქართული ფილოსოფიის ისტორიისათვის კი იგი, უწინარეს ყოვლისა, ფასეულია ფილოსოფიური ლიტერატურის მრავალრიცხოვანი თარგმანებითა და მის მიერვე შექმნილი ინტერდისციპლინური ნაშრომებით. აქედან გამომდინარე, დავით ბაგრატიონის ფილოსოფიური პოზიციის ადეკვატურად გადმოსაცემად და დასახასიათებლად აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც უცხოურ ფილოსოფიურ ტექსტთა მისეული ქართული თარგმანები, ასევე მისი ფილოსოფიურ-ლოგიკური ნაშრომები.
რუსულ ემიგრაციაში დავით ბაგრატიონი, ძირითადად, მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1815 წელს მან იქვე ფრანგული აზროვნებისა და, საერთოდ, პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, შარლ ლუი მონტესკიეს (1689-1755 წწ.) „გულისხმისყოფისათვის სჯულთასა“ („კანონთა არსი“) თარგმნა ქართულ ენაზე და მას კომენტარებიც დაურთო. მონტესკიეს ეს ნაშრომი სამოქალაქო-პოლიტიკური თავისუფლების იდეას ეხება და სამართლიან საზოგადოებაში თავისუფლად მოქმედი ინდივიდების წინაპირობად და საფუძვლად მმართველობის განაწილების პრინციპს განიხილავს. დავით ბაგრატიონმა მონტესკიეს ამ ნაშრომის რუსული თარგმანი ფრანგულ ორიგინალს შეადარა, მასში რამდენიმე არსებითი ხასიათის შეცდომა იპოვა და იმაზეც მიუთითა, რომ რუსმა მთარგმნელმა ფრანგული ენა სავარაუდოდ კარგად არ იცოდა, რის გამოც თარგმნილი ტექსტი რთულად გასაგები აღმოჩნდა მკითხველისთვის.
დავით ბაგრატიონი, უწინარეს ყოვლისა, აკრიტიკებდა ე.წ. „გეოგრაფიულ დეტერმინიზმს“, მაშასადამე, მონტესკიეს „ფილოსოფიურ კლიმატოლოგიას“, რადგან ეს უკანასკნელი ცივი და ცხელი კლიმატის (ჰავის) მკვეთრ განსხვავებას ახდენდა და ამ ფაქტორს პოლიტიკური თეორიის აგების პროცესში უმნიშვნელოვანეს მომენტად მიიჩნევდა. დავით ბაგრატიონი კი ფიქრობს, რომ კლიმატისა და გეოგრაფიული მუდმივების როლის ზედმეტი ხაზგასმა სამყაროს და კულტურის განვითარების პროცესში გადაჭარბებას წარმოადგენს.
დავით ბაგრატიონმა ვოლტერის (1694-1778 წწ.) რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომიც (მაგალითად, „ზადიგი“ და ა.შ.) თარგმნა ქართულ ენაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მაინც იყო ჟან პიერ ფრედერიკ ანსილიონის (1767-1837 წწ.) ერთ-ერთი ნაშრომის („ესტეტიკებრნი განსჯანი“) ქართული თარგმანი. ეს ფრანგი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოხელე პრუსიაში მოღვაწეობდა ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის აღმზრდელად. ანსილიონის ეკლექტიკური ფილოსოფია შეიქმნა განმანათლებლობის, რომანტიზმისა და ქრისტიანობის ურთიერთჭიდილის კონტექსტში. მასზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ედმუნდ ბიორკისა (1729-1797 წწ.) და შარლ ლუი მონტესკიეს აზროვნებამ. ანსილიონის მოძღვრების თანახმად, ჰარმონია ცხოვრების საუკეთესო წესია და სახელმწიფოსა და საზოგადოების სამართლიანი და ორგანული განვითარების საფუძველს ქმნის.
სწორედ ამიტომაც მოახდინა ანსილიონის ამ ნაშრომმა დავით ბაგრატიონის მსოფლხედვაზე დიდი გავლენა. იგი თვითონვე ამბობს, რომ ეს ნაშრომი კეთილშობილ და უმაღლეს მეტაფიზიკურ და ესთეტიკურ გამოკვლევებს მოიცავს და პოეტურად განმსჭვალული ქართული ლიტერატურისთვის დიდი სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, ამ ნაშრომში რელიგიის შესახებ კრიტიკული შეხედულებანი გვხვდება, რომლებიც საკმარისნი აღმოჩნდნენ საიმისოდ, რომ ზოგიერთმა დავით ბაგრატიონი ათეისტად მიიჩნია. ამაში გარკვეული წვლილი შეიტანა ვოლტერის რამდენიმე კრიტიკული ნაშრომის მისეულმა ქართულმა თარგმანებმაც. ვოლტერს, იმ დროს, ზოგადად, ათეისტობაში სდებდნენ ბრალს, ხოლო დავით ბაგრატიონი კი ვოლტერის ერთგულ მიმდევრად ითვლებოდა. თუმცა, კრიტიკოსებმა ის გარემოება არ გაითვალისწინეს, რომ თავად ვოლტერი ათეისტი კი არ იყო, არამედ დეისტი. ამდენად, დავით ბაგრატიონის ათეისტად მიჩნევა მისი მსოფლმხედველობრივი კრედოს არასწორი შეფასებაა.
კანონშემოქმედებისა და ძალაუფლების დანაწილების პრობლემატიკა ბაგრატიონისთვის ისე მნიშვნელოვანი იყო, რომ მან (მონტესკიეს ნაშრომის თარგმნამდე ცოტა ხნით ადრე) რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართალმცოდნეობითი ნაშრომი შექმნა: „საქართველოს სამართლისა და კანონმდებლობის მიმოხილვა“ (1813 წ.) და „სამართალი ბატონიშვილის დავითისა“ (1811-1813 წწ.). ამ ნაშრომებში აშკარად იგრძნობა დიდი ფრანგი განმანათლებლების (მონტესკიე, ვოლტერი და რუსო) გავლენა. დავითმა სცადა, რომ ტრადიციული ქართული სამართლის საფუძველზე ფრანგული განმანათლებლობის პროგრესული იდეები გაევრცელებინა. გარდა ამისა, მისი მიზანი ქართული სამართლებრივი ცნობიერების დიდი ტრადიციის პოპულარიზებაც იყო.
დავით ბაგრატიონი ფრანგული განმანათლებლობის დიდი მიმდევარი იყო და მისი პოლიტიკური შეხედულებებიც ფრანგული განმანათლებლობის წამყვან წარმომადგენელთა მოძღვრებებს ეფუძნება; მაშასადამე, მისი თეორიული სამყაროც ამავე ჭრილში უნდა იქნეს განხილული და შეფასებული. მონტესკიესგან განსხვავებით, იგი (ნაშრომში „სამართალი ბატონიშვილის დავითისა“) აბსოლუტური მონარქიის მომხრე იყო, რადგან, მისი აზრით, სახელმწიფო მმართველობის ეს ფორმა საუკეთესოა ქართული სახელმწიფოსთვის. ამით იგი საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებდა მკაცრად ცენტრალიზებული მმართველობის ფორმას, რადგან, მისი რწმენით, ამით საქართველო პოლიტიკურად გაძლიერდებოდა და განმტკიცდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დავით ბაგრატიონი კერძო საკუთრების, როგორც თავისუფალი საზოგადოების წინაპირობის დიდი ქომაგი და დამცველი იყო.
დავით ბაგრატიონი ახალი დროის ქართული საბუნებისმეტყველო აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელიც იყო. ამას ადასტურებს მისივე ნაშრომი „შემოკლებული ფისიკა“ (1818 წ.). ამ წიგნს, რომელიც ავტორმა მაშინდელი საბუნებისმეტყველო კვლევების აქტუალური შედეგების საფუძველზე შექმნა, ქართველი მკითხველისა და სასწავლო დაწესებულებებისთვის სახელმძღვანელოს როლი უნდა შეესრულებინა. „შემოკლებული ფისიკა“, დღევანდელი გაგებით ფიზიკის სახელმძღვანელო არ არის, რადგან ის მხოლოდ ფიზიკის პრობლემებს კი არ განიხილავს, არამედ ქიმიის, ბიოლოგიის და ა.შ. საკითხებსაც. თუკი ამ წიგნს ფიზიკად ჩავთვლით, მაშინ ეს უნდა მოხდეს ამ დისციპლინის ძველბერძნული გაგებით, კერძოდ კი, ის უნდა მივიჩნიოთ ფიზიკურის შესახებ მეცნიერებად, მაშასადამე, ბუნებისმეცნიერებათა ზოგად შესავლად. დავით ბაგრატიონი თავადვე ამბობს, რომ ფიზიკა არის ხელოვნება, მოძღვრება, რომელიც საგანთა თვისებებს აჩვენებს და ბუნების მიზეზთა გამოვლენას ახდენს.
დავით ბაგრატიონი „შემოკლებულ ფისიკაში“ საგნისა და მისი თვისებების შემეცნების შესაძლებლობის შესახებაც მსჯელობს. მისი აზრით, საგნის შემეცნების ორი განსაკუთრებული მეთოდი არსებობს: გამოცდილება და დაკვირვება. დაკვირვების შედეგად საგანი ისეთი სახით შეიცნობა, როგორც ის თავისსავე ბუნებრივ მდგომარეობაში გვეძლევა. გამოცდილება, ამის საპირისპიროდ, კონცენტრირებას ახდენს იმ ხელოვნებასა და უნარ-ჩვევებზე, რომლებიც საგანთა შემეცნებას შესაძლებელს ხდის. გარდა ამისა, დავით ბაგრატიონი თავის ნაშრომში განიხილავს ბუნების მრავალ მოვლენას პროპედევტიკული კუთხით, რადგან სურს, რომ მკითხველს მასში გადმოცემული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობა მისცეს.
დავით ბაგრატიონის „შემოკლებული ფისიკა“ მრავალწახნაგოვან ტექსტს წარმოადგენს. მისი კონცეპტუალური მრავალფეროვნება და ფართო თვალსაწიერი ბუნებისმეცნიერებათა ფილოსოფიური ბაზისის შესახებ საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს. როგორც ამ ნაშრომის სტრუქტურა და დანიშნულება გვაჩვენებს, ბაგრატიონი ბერძნული ანტიკურობის ძველ ფიზიკოსთა ნაკვალევს მიჰყვება. იგი წინასოკრატელ ბუნების ფილოსოფოსთა ტრადიციის ერთგული რჩება, მაშასადამე, ანტიკური სამყაროს იმ მეცნიერთა მიმდევარი, რომლებიც ოთხი ელემენტის (წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი), როგორც კოსმოსის პირველადი საწყისების შესახებ მსჯელობდნენ. ამდენად, დავით ბაგრატიონის მოძღვრების თანახმად, ბუნებისმეცნიერებანი იმთავითვე საჭიროებენ ფილოსოფიურ ცნებებსა და კონცეპტებს, როგორც ცოდნის სისტემის პირველად საფუძვლებს.
საბუნებისმეტყველო ნაშრომებთან ერთად, დავით ბაგრატიონმა ფილოსოფიურ-ლოგიკური ნაშრომებიც შექმნა, მაგალითად, „კატიღორია შემოკლებული“, ე.წ. „მცირე კატეგორიები“. ეს ნაშრომი მან სომეხი ფილოსოფოსის, სვიმეონ ჯუღაეცის (XVII ს.) „დიალექტიკის“ საფუძველზე ააგო. ჯუღაეცის ეს ნაშრომი ქართულ ენაზე თარგმნა ფილიპე ყაითმაზაშვილმა. დავით ბაგრატიონი არისტოტელეს ლოგიკის ქრისტიანული რეცეფციისა და ტრანსფორმაციის გარეშე განმარტავს არისტოტელეს კატეგორიებს. ამდენად, აქ არისტოტელეს ლოგიკის სქოლასტიკური ნაირსახეობა კი არ გვხვდება, არამედ სახეზე გვაქვს მცდელობა, რომ არისტოტელეს ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის საწყისისეული საზრისი ადეკვატურად იქნეს გაგებული.
კატეგორიათა პრობლემატიკა დავით ბაგრატიონის ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. ერთ-ერთ პირად წერილში თავისი პაპისადმი, მეფე ერეკლე II-ისადმი, იგი წერდა, რომ კატეგორიები მეცნიერებათა გასაღებს და სიბრძნის საფუძველს წარმოადგენენ. კატეგორიათა სისტემა ადამიანური ცოდნის გზას განასახიერებს, მის ინსტრუმენტად გამოიყენება და ცოდნის მყარ ხასიათს უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში ბაგრატიონი იხსენებს და მაღალ შეფასებას აძლევს პორფირიოსსა და მის ნაშრომს „ისაგოგე“, რომელსაც ძველი ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის თანახმად „ხუთი ხმა“ ეწოდება.
ქართული ფილოსოფიის ისტორიის კუთხით აღსანიშნავია დავით ბაგრატიონის სამეცნიერო-ფილოსოფიური შემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: იგი ცდილობდა, რომ იმდროინდელი ფილოსოფიისა და ბუნებისმეცნიერებების საფუძველმდებარე ტერმინოლოგია და ცნებითი აპარატი ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ამ მიზნით მან მრავალი უცხოური ტერმინი სიტყვასიტყვით გადმოიტანა ქართულ ენაზე და ამის საფუძველზე (თუმცა, ზოგჯერ, არცთუ წარმატებულად!) ახალი ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავება სცადა.
• დავით ბაგრატიონი: შემოკლებული ფისიკა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი, 2003 წ.
• დავით ბაგრატიონი: წერილები, შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი, 2006 წ.
• ასათიანი, ლ.: ვოლტერიანობა საქართველოში, თბილისი: „სახელგამი“, 1933 წ.
• დედაბრიშვილი, გ.: დავით ბაგრატიონის ფილოსოფიური შეხედულებანი, წიგნში: გ. დედაბრიშვილი, ქართულ-რუსული ფილოსოფიური ურთიერთობის ისტორიიდან (XVIII — XIX ს-ის 1 მეოთხედი), თბილისი“ „მეცნიერება“, 1984, გვ. 161-187.
• ირემაძე, თ. / იეკი, უ. რ.: დავით ბაგრატიონი (1767-1819 წწ.). ბუნების ფილოსოფია, ლოგიკა, მეტაფიზიკა, კრებულში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014 წ., გვ. 74-80.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• ლაბუჩიძე, დ.: დავით ბატონიშვილი - ემიგრაციაში ქართული კულტურის ამაგდარი მოღვაწე, ჟურნალში: ქართული ემიგრაცია, # 1 (თბილისი, 2013 წ.), გვ. 35-40.