ნიკო ნიკოლაძე - ყველა დროის ერთ-ერთი დიდი ქართველი მოაზროვნე და პოლიტიკოსი - თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც მახვილგონიერი, მრავალმხრივ განათლებული, ნაყოფიერი პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი. მისი ფილოსოფიური შეხედულებები კი, რომლებსაც იგი თავის უაღრესად საინტერესო პუბლიცისტიკაში გადმოგვცემს, ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გაანალიზებული.
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. გიმნაზია იქვე დაამთავრა და 1861 წელს პეტერბურგში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც გაიცნო დიდი რუსი მოაზროვნე, ნიკოლაი გავრილის ძე ჩერნიშევსკი (1828-1889 წწ.). ეს ეპოქა დიდი გადატეხების ეპოქა იყო: ევროპაში ლიბერალური რეფორმები განხორციელდა, რუსეთში გლეხთა განთავისუფლება დაიწყო, მშრომელთა მოძრაობები საერთაშორისო არენაზე სულ უფრო მეტად იკრებდა ძალას და რევოლუციურ იერს იღებდა. 1864 წელს, კარლ მარქსის მეთაურობით, ლონდონში პირველი ინტერნაციონალი დაარსდა, ფერდინანდ ლასალიმ კი გერმანიაში 1863 წელს მშრომელთა საერთო გერმანული კავშირი დააფუძნა. დასავლეთევროპულმა ემანსიპატორულმა მოძრაობებმა რუსეთშიც პოვა გამოძახილი, ხოლო რუსი რევოლუციონერები გავლენას ახდენდნენ დასავლეთის რადიკალიზმსა და ანარქიზმზე.
ნიკო ნიკოლაძე რევოლუციურ სულისკვეთებას არ განრიდებია. პირიქით, პეტერბურგში სწავლის პერიოდში იგი ინტენსიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა მოძრაობებში, უფრო მეტიც, იქ სტუდენტთა რევოლუციური წრეც კი ჩამოაყალიბა და პოლიტიკური აქტიურობის გამო ცარისტული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის საფუძველზე იგი დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გაანთავისუფლეს. მიუხედავად ამისა, მას რუსეთში სწავლის შეწყვეტა მაინც მოუხდა და პარიზში გაემგზავრა სასწავლებლად. 1863 წელს, პარიზში გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, დაიჭირეს ნიკოლაი ჩერნიშევსკიც, რამაც ნიკოლაძისა და მისი მეგობრების იმედგაცრუება გამოიწვია.
ნიკო ნიკოლაძემ სწავლა ჟენევასა და ციურიხში განაგრძო და იქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიურ-სოციალური შედეგები“. ეს ნაშრომი 1868 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჟენევაში.
ნიკო ნიკოლაძემ ევროპაში მრავალი მნიშვნელოვანი ინტელექტუალი გაიცნო, მათ შორის, კარლ მარქსი, რომელმაც მას პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენლობა შესთავაზა კავკასიაში. თუმცა, ნიკოლაძემ მარქსის ეს წინადადება უარყო. გარდა ამისა, იგი მჭიდრო ურთიერთობაში იყო სხვა ევროპელ და რუს მოაზროვნეებთანაც; მან კიდევ უფრო გაააქტიურა ჟურნალისტური საქმიანობა და ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე აქვეყნებდა სტატიებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე. ამაში მას, ცხადია, მისი შესანიშნავი ენობრივი კომპეტენციებიც ეხმარებოდა, რადგან იგი თავის მშობლიურ ქართულთან ერთად ჩინებულად ფლობდა რუსულსა და ფრანგულ ენებს.
1870 წელს ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა, აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-პუბლიცისტურ საქმიანობაში და სხვადასხვა ქართულ გაზეთსა და ჟურნალში აქვეყნებდა სტატიებს. იგი მკითხველს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების უაღრესად საყურადღებო განხილვას სთავაზობდა, შესაბამისად, მისი მრავალმხრივი და პროგრესული სტატიებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
1878 წელს ნიკოლაძემ თბილისში დააარსა რუსულენოვანი გაზეთი სათაურით „ობოზრენიე“ („Обозрение“), რომლითაც ცნობილი ქართველი და რუსი მოაზროვნეები თავიანთ იდეებს ავრცელებდნენ. 1880 წელს ცარისტულმა ცენზურამ აკრძალა ეს პროგრესული გაზეთი და ნიკოლაძე სტავროპოლში განდევნა. ერთწლიანი გადასახლების შემდეგ ნიკოლაძე კვლავაც პეტერბურგშია და 1887 წელს ახალ გაზეთში („ნოვოე აბაზრენიე“/„Новое Обозрение“) მუშაობს. 1894-1897 წლებში იგი აქტიურად მუშაობდა ქართულ პრესაში და სხვადასხვა ხასიათის სტატიებს აქვეყნებდა.
ნიკო ნიკოლაძე არა მარტო ჟურნალისტი, დიდი პუბლიცისტი და მწერალი იყო, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობებიც ეკავა: 1894 წელს იგი გახდა ფოთის ქალაქის თავი და 1912 წლამდე ეკავა ეს თანამდებობა, ხოლო შემდეგ კი ცარისტული რუსეთის მმართველობამ იგი გაანთავისუფლა ამ თანამდებობიდან. მიუხედავად ამისა, მან მაინც მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეძლო, რის შედეგადაც სრულიად სამართლიანად დაიმსახურა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი პოლიტიკოსის სახელი. მის მიერ განხორციელებულ პროექტთა რიცხვს მიეკუთვნება: ქალაქ ფოთის ნავსადგურის მშენებლობის დაწყება, კავკასიაში რკინიგზის მშენებლობის ხელშეწყობა, თბილისში წყალგაყვანილობის განვითარება, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების ხელშეწყობა და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, გეგმა და წამოწყება.
ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა თბილისში, 85 წლის ასაკში. სამშობლოს წინაშე უამრავი დამსახურების გამო იგი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს, სადაც ქართული კულტურის არაერთი ლეგენდა განისვენებს.
ნიკო ნიკოლაძე პოლიტიკური გარდაქმნებითა და გარდატეხებით აღსავსე ეპოქაში ცხოვრობდა და თავადაც არაერთ მსოფლიო-პოლიტიკურ მოვლენას შეესწრო: რუსულ-თურქული ომი (1877-1878 წწ.), რუსულ-იაპონური ომი (1904-1905 წწ.), სამი დიდი რევოლუცია (1905 წ., 1917 წლის თებერვალი და 1917 წლის ოქტომბერი), პირველი მსოფლიო ომი (1914-1918 წწ.) და ა.შ.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისი ღრმააზროვანი შემოქმედებითი პუბლიცისტიკის მთავარი საგანი სწორედ სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები იყო, რომლებსაც იგი ფილოსოფიურ-სოციოლოგიური პერსპექტივიდან განიხილავდა. ამ კონტექსტში იგი საგანგებო ყურადღებას აქცევდა ახალი დროის მრავალ საყურადღებო მოაზროვნეთა კონცეფციებს, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებდა ფრანგული პოზიტივისტური ფილოსოფიისა და სოციოლოგიის (ოგიუსტ კონტი, სენ-სიმონი, პიერ-იოზეფ პრუდონი, ლუი ბლანი) ხედვას და მისი წარმომადგენლების სკეპტიკურ მიმართებას მეტაფიზიკისადმი. ნიკოლაძე პოზიტივიზმთან აკავშირებდა თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წინსვლასა და საზოგადოებრივი ცხოვრების პროგრესს ევროპაში. ნიკოლაძის აზრით, მეტაფიზიკაცა და მისი საკითხებიც სულ უფრო მეტად დაკარგავდა აქტუალობას, რაც უფრო მეტად დაემყარებოდა თანამედროვე მეცნიერება გამოცდილებასა და პოზიტიურ ცოდნას. აქედან გამომდინარე, ნიკოლაძე უტოპიურ პოლიტიკურ თეორიებსაც აკრიტიკებდა, კერძოდ კი, მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაკუნინის (1814-1876 წწ.) ანარქიზმს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მან, 1868 წელს, რუს გეოგრაფსა და სოციოლოგთან, ლევ ილიას ძე მეჩნიკოვთან (1838-1888 წწ.) ერთად დააარსა და გამოსცა ჟურნალი „სოვრემენოსტი“ („Современность“).
ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი მიზანი და იდეალი წინსვლაზე ორიენტირებული და სამართლიანი საზოგადოება იყო. სწორედ ამის გამო იგი დიდი შემართებით იბრძოდა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ და გლეხთა განთავისუფლების მომხრე და მედროშე იყო. მისმა შესანიშნავმა სტატიამ „გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“, რომელიც მან 1865 წელს გამოაქვეყნა რუსულ გაზეთ „კოლოკოლში“ („Колокол“), დიდი პოპულარობა მოიპოვა და ამავე გაზეთის რედაქტორისა და გამომცემლის, ცნობილი რუსი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალექსანდრე გერცენის (1812-1870 წწ.) დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ნიკო ნიკოლაძემ თავისი სოციალური იდეალი დეტალურად განმარტა ნიკოლაი გავრილის ძე ჩერნიშევსკის თხზულებათა პირველი სრული გამოცემის (ჟენევა, 1868 წ.) წინასიტყვაობაში (ეს წინასიტყვაობა 1931 წელს ქართულადაც გამოქვეყნდა სტატიის სახით: „ნ. გ. ჩერნიშევსკის შესახებ“). ნიკოლაძე თავის ამ მანიფესტში მკითხველს მოუწოდებდა წინსვლაზე ორიენტირებული საზოგადოების შექმნისკენ, რასაც ნიკოლაი ჩერნიშევსკიც თავისი შემოქმედებით დაჟინებით მოითხოვდა. ნიკოლაძე ხაზგასმით აღნიშნავდა: ამ დიდმა რუსმა მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა სწორედ იმის გამო სცადა მცდარი ესთეტიკის გადალახვა, რომ მას ცხოვრებისგან დაშორებული და მოწყვეტილი ლიტერატურის რეფორმირება სურდა. რადგან ნიკოლაძეს ხელოვნება სამყაროს შემეცნების ქმედით საშუალებად მიაჩნდა, მის შემოქმედებაში ხელოვნების სოციალური ფუნქციის შესახებ კითხვაც მთავარ როლს თამაშობდა. ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიური რეალიზმის მთავარი თეზისები შემდეგი სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს:
ნიკო ნიკოლაძე ხელოვნებისა და პოლიტიკის მოდერნიზების იდეას ავითარებდა. მისი (პოზიტივისტური) ხედვის თანახმად, ადამიანური აქტიურობის ეს ორი სფერო მეტაფიზიკურ ხასიათს დაკარგავს და, სამომავლოდ, უფრო მეტად, სოციალურ და საზოგადოებრივ ფუნქციებს იტვირთავს და ამის შესაბამის ამოცანებს შეასრულებს. აქედან გამომდინარე, ნიკოლაძე ხელოვნებისა და პოლიტიკის ტრადიციულ გაგებას უარყოფდა, რამაც მის შემოქმედებაში სოციალური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მეტაფიზიკიდან გამიჯვნა გამოიწვია. მეტაფიზიკური სპეკულაციის გადალახვა პოზიტივისტურად გაგებული სოციალური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მეშვეობით ნიკოლაძეს თავისი დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა.
ნიკო ნიკოლაძე აკრიტიკებდა პოლიტიკური თეორიისა და პრაქტიკის დაბალ დონეს რუსეთში. ამ დროს ევროპაში პოლიტიკური პარტიები კვალიფიციური სპეციალისტებით იყვნენ დაკომპლექტებული, შესაბამისად, მათ რთული საჭირბოროტო პრობლემების გადაჭრა მოახერხეს კიდეც. ნიკოლაძის აზრით, ეს მათ იმის გამო შეძლეს, რომ ისინი დასავლეთევროპული სოციალური მეცნიერებების მონაპოვარს ითვალისწინებდნენ, რომელიც, თავის მხრივ, პოზიტიურ ცოდნასა და მეცნიერების უახლეს შედეგებს ეყრდნობოდა. ყოველივე ეს აკლდა რუს პოლიტიკოსებს, რაც აისახა კიდეც რუს რეფორმატორებსა და რევოლუციონერებზე.
აქედან გამომდინარე, ნიკო ნიკოლაძე ფიქრობდა, რომ სოციალური და პოლიტიკური პროგრესი პოლიტიკური თეორიის შესაბამის განვითარებას საჭიროებს. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი ხდომილებების ახსნა-განმარტება სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.
ნიკო ნიკოლაძის სოციალური ფილოსოფიის მთავარი საგანია რევოლუცია და ომი, როგორც სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ახალგაზრდობისას იგი ფიქრობდა, რომ რევოლუციას დადებითი როლი უნდა ეთამაშა საზოგადოების განვითარებასა და განახლებაში, მაგრამ რევოლუციებს პერმანენტული ხასიათი კი არ უნდა ჰქონოდა, არამედ გამონაკლისი, იშვიათი ხდომილება უნდა ყოფილიყო მსოფლიო ქმნადობის პროცესში. ნიკოლაძის სოციალური ფილოსოფიის მეორე ელემენტი არის ომის თეორია, რომელიც ორმაგი სახით იქნა წარმოდგენილი: ერთი მხრივ, ნიკოლაძე ომის წინააღმდეგი იყო, რადგან ომის შედეგად მიღებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტი ადამიანის არსების საწინააღმდეგოა, რადგან მცირე ჯგუფები პირად ინტერესებს საყოველთაო კეთილდღეობის ინტერესებზე მაღლა აყენებენ და უდანაშაულოთა დიდ რაოდენობას მხოლოდ ინსტრუმენტად იყენებენ. მეორე მხრივ, ნიკოლაძეს მხედველობის მიღმა არც ის რჩებოდა, რომ ომი არა მხოლოდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს, არამედ ზოგჯერ საზოგადოების წიაღიდანაც იღებს დასაბამს, როცა მისი სხვადასხვა ფენები - მდიდრები და ღარიბები, ძალოვანი და უძალონი - ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ქართველმა მოაზროვნემ ამით ომის ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ასპექტები გამოკვეთა, რომლებიც შიდა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვე საზოგადოების ყურადღებასაც უნდა იმსახურებდეს. ეს თეორია კონფლიქტთა გადაჭრის იმგვარ გზებსაც მოხაზავს, რომელთა გამოყენება დღესაც კი შეიძლება.
ნიკო ნიკოლაძე ომის ცნების გამოკვეთას შემდეგნაირად ახდენს:
ომის ფილოსოფიის ეს ასპექტები და მასთან დაკავშირებული განიარაღების საკითხები ნიკო ნიკოლაძის მიერ ციურიხში დაცული ზემოდასახელებული დისერტაციის („განიარაღება და მისი ეკონომიურ-სოციალური შედეგები“, 1868 წ.) მთავარ საგანს წარმოადგენდა. სრული განიარაღების იდეა მაშინ ევროპაში სულ უფრო მეტად იკრებდა ძალას და თანდათან ყოფნა-არყოფნის საკითხი ხდებოდა; ნიკოლაძე თავისი ნაშრომით ამ ტენდენციას გამოეხმაურა და არსებული პრობლემები სხვადასხვა პერსპექტივით განიხილა. მან წინა პლანზე წამოსწია განიარაღების ეკონომიური და ფსიქოლოგიური ასპექტები და განიარაღების საკითხი, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიურ-სოციალური შედეგების ჭრილში გააანალიზა.
ნიკო ნიკოლაძის აზრით, იარაღის მასობრივი ინდუსტრიული წარმოება მხოლოდ ამა თუ იმ ჯარის შეიარაღების მიზნებიდან გამომდინარე არ უნდა ახსნილიყო, რადგან მას ეკონომიური საფუძველიც აქვს. იარაღის მწარმოებელი სახელმწიფოები ამ წარმოების შედეგად დიდ ეკონომიურ მოგებას იღებდნენ და თავიანთ ფინანსურ მდგომარეობასაც აუმჯობესებდნენ. გარდა ამისა, ამის შედეგად იარაღის წარმოების შედეგად მრავალი სამუშაო ადგილი იქმნებოდა ჯარისკაცებისა და მუშათა კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ბევრი ქვეყანა იარაღის წარმოებაზე უარს არ იტყოდა.
ამ კონტექსტში ნიკო ნიკოლაძემ კარგად გააზრებული წინადადებები შეიმუშავა სრული განიარაღების თაობაზე; მას, უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში ჰქონდა დიადი საკაცობრიო მიზნის მიღწევის პერსპექტივა. იგი ეძებდა იმ ფუნდამენტს, რომელზე დაყრდნობითაც განიარაღების პოლიტიკა საზოგადოებათა და სახელმწიფოთა მშვიდობიანი რეორგანიზების გზით იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ნიკო ნიკოლაძე თავისი ხედვით თავისსავე დროს წინ უსწრებდა; ეს მიზანი მაშინ მიუღწეველი იყო, რასაც კარგად აჩვენებს ის დიდი ომები, რომლებიც 1868 წელს გამოცემული მისი დისერტაციის შემდეგ მოხდა ევროპაში. ნიკო ნიკოლაძე მშვიდობისდამამკვიდრებელ მოაზროვნეთა რიგებში შეგვიძლია მოვიაზროთ; ეს ის ხალხია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში მშვიდობიანი განიარაღებისთვის იბრძოდა (მაგალითად, გავიხსენოთ ბერტა ფონ ზუტნერი, 1843-1914 წწ.). ფაქტია, რომ ნიკო ნიკოლაძე ამ კონტექსტში უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ეს აქამდე მოხდა.
გერონტი ქიქოძე (1886-1960 წწ.) - დიდი ქართველი კრიტიკოსი და ესთეტიკოსი - ნიკო ნიკოლაძეს სავსებით სამართლიანად უწოდებს მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნეს: ნიკოლაძე დოგმატიზმის ყოველგვარ სახეობას უარყოფდა, რის შედეგადაც მისი შემოქმედება დიდი თავისუფლებითა და ორიგინალურობით გამოირჩეოდაო. ეს, უწინარეს ყოვლისა, მოძველებული ტრადიციული თეორიების უარყოფით გამოიხატა. რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების წარუმატებლობის მიზეზად იგი მათ მოძველებულ აზროვნების ყაიდას მიიჩნევდა. ამდენად, რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა (ჩერნიშევსკისა და დობროლიუბოვის გამოკლებით!) შემოქმედებას ნაკლებად სასარგებლოდ მიიჩნევდა. მისი აზრით, რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების წამყვანი წარმომადგენლები არ ფლობდნენ კვალიფიციურ ცოდნას ეკონომიკაში, ტექნიკაში, ეთნოგრაფიაში, საზღვაო ხელოვნებაში, ვაჭრობასა და სამხედრო საქმეში. მათი ცოდნა კვალიფიციური იყო მხოლოდ ლიტერატურისმცოდნეობაში, ფილოსოფიასა და სამართალში, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო იყო, რომ რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა მიერ შემუშავებული უამრავი პროექტი იმთავითვე არარეალისტური და არათანმიმდევრული იყო და განწირული აღმოჩნდა წარუმატებლობისთვის. ნიკოლაძის აზრით, ამ პროექტთა თეორიული საფუძველი უბრალოდ არათანადროული და მოძველებული იყო. რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა წრეში იმ ტიპის საკითხები იყო აქტუალური, რომლებიც ევროპულ აზროვნებას საუკუნეების წინათ ჰქონდა გადალახული.
თანამედროვე ქართული ფილოსოფიის კონტექსტში ნიკო ნიკოლაძის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებები უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ეს აქამდე მოხდა. მისი სოციალური ფილოსოფია, ესთეტიკა და ხელოვნების თეორია ქართული აზროვნების თემატურად გამამდიდრებელი აღმოჩნდა. ნიკოლაძემ მთელი რიგი სოციალური და ესთეტიკური პრობლემები სრულიად ახალი პერსპექტივიდან განიხილა და ამით ქართული ფილოსოფიური აზროვნება არსებითად გაამდიდრა. მისი ნაშრომებიდან ამ მხრივ დღესაც კი ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ.
(ა). ნიკო ნიკოლაძის ნაშრომები
• რჩეული ნაწერები, ტ. 1: მოგონებანი. პუბლიცისტური წერილები: 1865-1868, სიმონ ხუნდაძის რედაქციით, წინასიტყვაობით და შენიშვნებით, ტფილისი: „ქართული წიგნი“, 1931 წ.
• რჩეული ნაწერები, ტ. 2: პუბლიცისტური წერილები: 1870-1877, სიმონ ხუნდაძის რედაქციით, წინასიტყვაობით და შენიშვნებით, ტფილისი: „ფედერაცია“, 1932 წ.
• თხზულებანი, ტ. 1, პროფ. დ. მ. გამეზარდაშვილის რედაქციით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ.
• თხზულებანი, ტ. 2: 1870-1871, პროფ. დ. მ. გამეზარდაშვილის რედაქციით, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1960 წ.
• თხზულებანი, ტ. 3: 1872-1873, პროფ. დ. მ. გამეზარდაშვილის რედაქციით და შენიშვნებით, თბილისი: „ცოდნა“, 1963 წ.
• თხზულებანი, ტ. 4, პროფ. დ. მ. გამეზარდაშვილის რედაქციით და შენიშვნებით, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1964 წ.
• თხზულებანი, ტ. 5: 1877-1878, პროფ. დ. მ. გამეზარდაშვილის რედაქციით და შენიშვნებით, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1966 წ.
• მოგონებები. პროფ. დ. მ. გამეზარდაშვილის რედაქციითა და შენიშვნებით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1984 წ.
(ბ). სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა ნიკო ნიკოლაძის შესახებ
• ბაქრაძე, ა.: ნიკო ნიკოლაძე, თბილისი: „ნაკადული“, 1989 წ.
• ქიქოძე, გ.: ნიკო ნიკოლაძე, წიგნში: გ. ქიქოძე, წერილები, ესსეები, ნარკვევები, თბილისი: „მერანი“, 1985 წ., გვ. 386-399.