სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სოფელ მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). მამამისი ივანე (იოანე) დოდაშვილი სოფელ მაღაროს წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი და იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო. სოლომონმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა წმიდა ნინოს სახელობის ბოდბის სამონასტრო სკოლაში, ხოლო ამის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც განასრულა კიდეც თავისი განსწავლის პირველი ეტაპი. 19 წლის სოლომონი - მიტროპოლიტ იოანე ბოდბელის რჩევითა და რეკომენდაციით - სწავლა-განათლების გაღრმავების მიზნით სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა და 1824 წელს სწავლა დაიწყო იქაურ საიმპერატორო უნივერსიტეტში (თავდაპირველად თავისუფალი მსმენელის სტატუსით). ახალბედა სოლომონს დიდ დახმარებას უწევდა ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, მღვდელ-მონაზონი იონა ხელაშვილი (1778-1837 წწ.), რომლის მეცადინეობით მოწადინებული ქართველი სტუდენტი გიორგი XII-ის ერთ-ერთი ვაჟის, ბაგრატ ბაგრატიონის სახლში ცხოვრობდა, სადაც ქართველ თავადაზნაურთა და დიდგვაროვანთა შვილების კერძო მასწავლებლობასაც ეწეოდა. ამის შედეგად დოდაშვილი სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ინტელექტუალების წრეში აღმოჩნდა და ახლო კონტაქტები დაამყარა მათთან, რამაც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის წინსვლასაც შეუწყო ხელი. იონა ხელაშვილსა და სოლომონ დოდაშვილს შორის კი დროთა განმავლობაში მჭიდრო მეგობრული და სამეცნიერო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რამაც ქართული ფილოსოფიის განვითარებაზე დადებითი ზეგავლენა იქონია. შემორჩენილია ამ ორ მოაზროვნეს შორის არსებული ვრცელი და საინტერესო კორესპონდენცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთში მცხოვრები ქართველი ინტელექტუალების ბიოგრაფიისა და შემოქმედების რეკონსტრუირების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია. იონა ხელაშვილმა, რომელიც ქართული კულტურისა და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზროვნების დიდი მცოდნე და დამფასებელი იყო, სოლომონ დოდაშვილს მშობლიური კულტურისა და ფესვების სიყვარული შთააგონა. ამაოდ არ შეაგონებდა ღრმად განსწავლული სულიერი მოძღვარი თავის შეგირდს, რომ, უწინარეს ყოვლისა, ჯერ-არს მამულზე ზრუნვა!
სოლომონ დოდაშვილი ძალიან ბეჯითი სტუდენტი იყო. ეს კარგად ჩანს იმ მიმოწერიდან, რომელიც მას ქართული კულტურის წამყვან წარმომადგენლებთან ჰქონდა. 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა, ფართო საზოგადოებრივ საქმიანობასა და ქართული კულტურის განვითარების პროცესში აქტიურად ჩაება. სოლომონი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მასწავლებელი გახდა, სადაც მისი მოსწავლე იყო დიდი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. დოდაშვილი იქ შემდეგ საგნებს ასწავლიდა: ქართული ლიტერატურა, რიტორიკა, ლოგიკა და გეოგრაფია. გარდა ამისა, იგი მრავალ სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა: 1828 წლიდან იგი გახდა „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს („Тифлисскія Вѣдомости“) საგამომცემლო კომიტეტის წევრი, ხოლო შემდეგ კი ამ გაზეთის ქართული გამოცემის რედაქტორი; 1832 წელს სოლომონ დოდაშვილმა დააარსა გაზეთ „ტფილისის უწყებანი“-ს ლიტერატურული დამატება „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, რომლის მხოლოდ ხუთი ნომერი გამოიცა და ისიც ცალკე ჟურნალის სახით (ჟურნალის პირველი ნომერი 1832 წლის 15 იანვარს გამოვიდა, ხოლო უკანასკნელი, მეხუთე ნომერი კი - ამავე წლის მარტში). ამავე პერიოდში მან მრავალი უცხოენოვანი ტექსტი თარგმნა ქართულად, მოამზადა სახელმძღვანელოები და შექმნა ლიტერატურული ნაშრომები, რომლებიც, უმეტესწილად, ამავე ორგანოში გამოქვეყნდა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სტატია „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“ (1832 წ.), რომელშიც სოლომონ დოდაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის თვითმყოფადობის იდეას იცავს და ქართული თეორიული აზროვნების უმნიშვნელოვანესი მიღწევების კლასიფიცირებასაც ახდენს. ეს ტექსტი უაღრესად ღირებულია ქართული ინტელექტუალური ტრადიციის შეფასების კუთხით.
ამ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას საფრთხე შეექმნა სოლომონ დოდაშვილის პოლიტიკური აქტიურობის გამო. იგი ცარისტული პოლიტიკის მოწინააღმდეგე იყო და საიდუმლო შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას. ცნობილია, რომ 1832 წლის დეკემბერში გამჟღავნდა ცარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეთქმულება, რომლის მონაწილეებიც დააპატიმრეს. სოლომონ დოდაშვილი ამ შეთქმულების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო; შესაბამისად, მას ციმბირში სამუდამო გადასახლება მიესაჯა და იგი მშობლიური მიწის ფესვებს განაშორეს. დოდაშვილი ვიატკაში იქნა გამწესებული, სადაც საგუბერნიო სამმართველოს კანცელარიაში გადამწერად მუშაობდა. გადასახლებაში მას თან ახლდა მისი ოჯახი, მეუღლე ელენე კობიაშვილი და სამი შვილი. სოლომონ დოდაშვილის შერყეული ჯანმრთელობა ვიატკაში კიდევ უფრო გაუარესდა, იგი ჭლექით დაავადდა და 1836 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა. მანამდე კი ვიატკაში გარდაიცვალა მისი მცირეწლოვანი შვილი ანა, ხოლო მეორე მცირეწლოვანი შვილი კონსტანტინე კი მამის სიკვდილის შემდეგ ვიატკიდან სამშობლოში დაბრუნების დროს, გზაში გარდაიცვალა. 1838 წელს გარდაიცვალა სოლომონ დოდაშვილის მეუღლეც. საბოლოო ჯამში, ამ გადასახლებას დოდაშვილების ოჯახიდან მხოლოდ სოლომონის ერთ-ერთი ვაჟი ივანე გადაურჩა. 1994 წელს სოლომონ დოდაშვილის ნეშტი ვიატკიდან საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
სოლომონ დოდაშვილის პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს (1824 წლიდან) რუსულ უნივერსიტეტებში გერმანული კლასიკური ფილოსოფიის მრავალი იდეა და კონცეფცია გავრცელდა. XVIII საუკუნის ბოლოდან და XIX საუკუნის დასაწყისში უკვე არსებობდა კანტის ნაშრომთა რუსული თარგმანები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში გერმანული ფილოსოფიისადმი დიდი ინტერესი შეიმჩნეოდა. ამაში საგანგებო წვლილი შეიტანეს იმ გერმანელმა ფილოსოფოსებმა, რომლებიც წამყვან რუსულ უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: იოჰან გოტლიბ ბულე (1763-1821 წწ.), რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა, და იოჰან ბაპტისტ შადი (1758-1834 წწ.), რომელიც ხარკოვის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. გარდა ამისა, იმდროინდელ რუსეთში არაერთი მნიშვნელოვანი მოაზროვნე ცხოვრობდა და საქმიანობდა, მათ შორის, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს: პეტრე დიმიტრის ძე ლოდიი (1764-1829 წწ.) და ალექსანდრე ივანის ძე გალიჩი (1783-1848 წწ.). ორივე მათგანს გარკვეული პერიოდი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა პეტერბურგის უნივერსიტეტში; სწორედ მათ სახელებთანაა დაკავშირებული რუსეთში აკადემიური ფილოსოფიის განვითარებაც. დ. ველანსკი (1783-1847 წწ.) და ა. გალიჩი განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ რუსეთში ფრიდრიხ იოზეფ შელინგის (1775-1854 წწ.) ფილოსოფიის გავრცელებით. სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი რუსულ ფილოსოფიაში გერმანული ფილოსოფიის ნაყოფიერი ათვისების პროცესს. მოგვიანებით, შელინგმა და მისმა შემოქმედებამ რუსეთში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახალგაზრდა რუსი ინტელექტუალები მიუნხენსა და ბერლინში მიემგზავრებოდნენ შელინგის ლექციების მოსასმენად და პირადად გასაცნობად. მაშასადამე, ამ დროს რუსეთში ინტენსიურად ხდებოდა გერმანული ფილოსოფიის რეცეფცია, თუმცა, რუსი მოაზროვნეები სხვა ფილოსოფიური ტრადიციებითაც იყვნენ დაინტერესებული. ისინი ხშირად ეკლექტურად აზროვნებდნენ და ამ პროცესში ევროპული ფილოსოფიის მდიდარ ტრადიციას ეყრდნობოდნენ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორებიც ეკლექტური სულისკვეთების მოაზროვნეები იყვნენ, რამაც გარკვეული გავლენა იქონია სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიურ განათლებაზე.
1827 წელს, 22 წლის სოლომონ დოდაშვილი აქვეყნებს თავის მთავარ ნაშრომს რუსულ ენაზე, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა: Курсъ философіи. Часть первая. Логика. Сочиненіе Соломона Додаева-Магарскаго. Санкт Петербургъ: Въ Типографіи Александра Смирдина, 1827. აქ უცნაური ისაა, რომ ქართველი ავტორის გვარი სახეცვლილი ფორმით, რუსული ვერსიით დაიბეჭდა სატიტულო გვერდზე და ასე გახდა „დოდაშვილი“ „დოდაევ-მაგარსკი“ („მაგარსკი“, ცხადია, სათავეს იღებს მისი მშობლიური სოფლის „მაღაროს“ სახელწოდებიდან).
სოლომონ დოდაშვილმა გერმანული კლასიკური ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიური ტრადიციის საფუძველზე უაღრესად საყურადღებო სააზროვნო მოდელი შექმნა, რომელსაც სისტემური სახე მისცა. ეს სისტემა თვითკმარი და თანმიმდევრული უნდა ყოფილიყო და - სხვა მეცნიერებათაგან განსხვავებით - ადამიანის შესახებ განსაკუთრებული ცოდნა უნდა მოეცა. მისი აზრით, ეს ძირითადი იდეა ფილოსოფიური აზროვნების დასაწყისისა და განვითარების სახელმძღვანელო პრინციპი უნდა გამხდარიყო. სოლომონ დოდაშვილმა ადამიანი ფილოსოფიური კვლევა-ძიების უმთავრეს საგნად აქცია. აქედან გამომდინარე, მისი ფილოსოფიის მთავარ ბირთვს ფილოსოფიური ანთროპოლოგია ქმნის. ვინც ფილოსოფიას სწავლობს და ფილოსოფოსობს, იგი საკუთარი თვით-ის გაგებითაა დაკავებული. იგი საკუთარ არსებას აქცევს ყურადღებას და მარად მისი წვდომისა და შემეცნების პროცესშია. ამგვარი შემეცნება კი სხვა არაფერია, თუ არა თვითშემეცნება. სოლომონ დოდაშვილის აზრით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ფილოსოფოსობისა და, საერთოდ, ადამიანური ყოფის მთავარი მიზნებისა და პრინციპების, შინაგანი მშვიდობისა და სულიერი ჰარმონიის მიღწევა. ამ პრინციპთა განხორციელება კი მხოლოდ ადამიანის თვითშემეცნებითი აქტიურობის შედეგად არის შესაძლებელი. თვითშემეცნების მეშვეობით მიღწეულ შედეგებს (სულიერი სიმშვიდე, მშვიდობა და ჰარმონია) თვითკმაყოფილებისკენ მივყავართ. ადამიანური გონება მხოლოდ მაშინ არის თვითკმარი, როდესაც შემეცნებაში მყარ საფუძველს პოულობს, რადგან მხოლოდ ამას ეფუძნება ადამიანის მთელი არსი.
ამდენად, ადამიანი არა მარტო შემეცნების მთავარი საგანია, არამედ მისი (ამ მთავარი საგნის) შემმეცნებელი სუბიექტიცაა. შემმეცნებელი და შესამეცნებელი ერთი და იგივე არსს წარმოადგენს. ეს სწორედ ის ძირითადი სტრუქტურაა, რომელიც დოდაშვილმა კლასიკური გერმანული ფილოსოფიის მოდელის მიხედვით შექმნა და რომელიც ფილოსოფიას კერძო მეცნიერებათაგან განასხვავებს. კერძო მეცნიერებებში ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება ეს ორი მომენტი, კერძოდ, შემეცნების საგანი და შემმეცნებელი სუბიექტი. ფილოსოფიაში კი საქმე სხვაგვარადაა: აქ მოაზროვნე სუბიექტი საკუთარ არსსა და შინაგან სამყაროს იკვლევს.
ადამიანის შინაგანი სამყაროს შემეცნება კი მხოლოდ იმას სწადია, ვისაც გარეგანის უგულებელყოფა და შემეცნების პროცესში მისგან აბსტრაჰირება შეუძლია. საკუთარი არსის (თვით-ის) მიზეზებისა და საფუძვლების გამოკვლევა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავზე კონცენტრირდება. დოდაშვილმა ადამიანის შინაგანი სამყარო ფილოსოფიური კვლევა-ძიების მთავარ საგნად აქცია. ამ კონტექსტში მან ფილოსოფიური კვლევის სამი ძირითადი საგანი და მიზანი გამოკვეთა: (1) აბსტრაქცია და რეფლექსია; (2) თვითშემეცნება; (3) თვითკმარობა თვითშემეცნების მეშვეობით. აქ დოდაშვილი თავის ხედვას მეთოდოლოგიურად და სისტემურად ავითარებს: პირველი მომენტი წინაპირობაა მეორე და მესამე მომენტისა, მეორე მომენტი ფილოსოფიისა და მისი მეცნიერული ძიების უახლოესი მიზანია, ხოლო მესამე მომენტი კი ფილოსოფიის შორეული მიზანი, ანუ უმაღლესი მიზანი. ამ გზით დოდაშვილმა ფილოსოფია, მისი უმაღლესი მიზნიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ფილოსოფიურ ანთროპოლოგიად განსაზღვრა. ის არის მეცნიერება ადამიანური ქმედების/ქცევის უმაღლესი მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ. ფილოსოფია თეორიისა და პრაქტიკის იმგვარ საფუძვლებს ქმნის, რომელიც ადამიანური გონების შესატყვისია.
სოლომონ დოდაშვილმა არა მარტო ფილოსოფიის დაფუძნების საკითხს მიაქცია საგანგებო ყურადღება, არამედ - გერმანული იდეალიზმის მოშველიებით - საკუთარი სისტემაც ააგო. საკუთარი ფილოსოფიის მთავარი იდეები მან „ლოგიკის“ დასაწყისშივე გადმოსცა, კერძოდ, ერთ-ერთი ქვეთავის („ფილოსოფიის ზოგადი შესავალი“) ბოლოს მან ფილოსოფიის სისტემატური სქემა შემოგვთავაზა. სოლომონ დოდაშვილმა ფილოსოფიური შემეცნების შემდეგი დარგები გამოყო: თავდაპირველად ლოგიკა, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა (I). ამას მოჰყვება ესთეტიკა (II), ხოლო შემდეგ კი მორალის ფილოსოფია და სამართლის ფილოსოფია (III); ამდენად, დოდაშვილმა ფილოსოფიური სისტემის შემდეგნაირი სტრუქტურა წარმოადგინა:
I.
1) კანონები: (ა) აზროვნებისა და (ბ) სულიერი ძალებისა საერთოდ = ლოგიკა და ფსიქოლოგია.
2) კანონები შემეცნებისა და შეცნობადისა = მეტაფიზიკა, ყველა მისი ნაწილით.
II.
3) კანონები გრძნობისა = ესთეტიკა.
III.
4) კანონები ნებისა და სურვილისა: (ა) შინაგან მოქმედებათათვის = ზნეობის ფილოსოფია, და (ბ) გარეშე ურთიერთობისათვის = სამართალი.
მაშასადამე, დოდაშვილის ფილოსოფიის სისტემას ადამიანური თეორიული და პრაქტიკული აქტიურობის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი უნდა მოეცვა, რადგან ზემოთ მოცემული ფილოსოფიის სტრუქტურა თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ფილოსოფიური გამოკვლევების მთავარი საგანი უნდა იყოს ადამიანი. სწორედ ადამიანი განასახიერებს - და აქ ქართველი ფილოსოფოსი სრულად ეთანხმება კანტსა და კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიას - შემმეცნებლის, შესამეცნებელი საგნისა და შემეცნებულის იდენტურობას. რადგან ფილოსოფიას ამის გაკეთება შეუძლია, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბირთვს წარმოადგენს. ვინც დოდაშვილის ამ დებულებას თანმიმდევრულად განავითარებს და განავრცობს, იმ დასკვნამდე მივა, რომ ფილოსოფია მეცნიერებათა მეცნიერება, ე.ი. მთავარი მეცნიერებაა.
სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიის ზემოთ მოცემული სტრუქტურული ქარგა თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ფილოსოფიის სისტემა იწყება ლოგიკითა და ფსიქოლოგიით, განივრცობა მეტაფიზიკითა და ესთეტიკით და სრულდება მორალის ფილოსოფიითა და სამართლის ფილოსოფიით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილოსოფიის სისტემის დასაწყისში არის ლოგიკა და ფსიქოლოგია, რადგან ეს ორი დისციპლინა აზროვნების კანონთა შესავალს წარმოადგენს. შემდეგ მოდის მეტაფიზიკა, რომელიც არის საკუთრივ შემეცნების თეორია, და ესთეტიკა, რომელიც არის მეცნიერება გრძნობადობის კანონთა შესახებ. ეს ფილოსოფიური დისციპლინები ყოფიერისადმი მიდგომის ყველა მეთოდსა და სახეობას მოიცავს. ფილოსოფიური სისტემის დასასრულს კი დოდაშვილმა განათავსა ყოველი ფილოსოფიური კვლევა-ძიების ორი უმნიშვნელოვანესი სფერო - მორალი და სამართალი - და მისი შემსწავლელი ფილოსოფიური დისციპლინები. სოლომონ დოდაშვილის მიხედვით, სწორედ მორალის ფილოსოფიამ და სამართლის ფილოსოფიამ უნდა დაასრულოს ფილოსოფიური სისტემა.
პრაქტიკული ფილოსოფიისადმი დოდაშვილის ასეთი ყურადღება შემთხვევითი არ იყო და მას შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებდა: ქართველი ავტორი თავისი აზროვნების მთავარ ბირთვად ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას განიხილავდა; შესაბამისად, იგი ადამიანს გაიაზრებდა გონიერ, მოაზროვნე არსებად. ამდენად, დოდაშვილის ფილოსოფიურ სისტემაში ცენტრალური ადგილი ეკავა ადამიანსა და მის მთავარ უნარ-ჩვევებს. მორალი და სამართალი კი იმგვარი საფუძველმდებარე ეგზისტენციალური ინსტანციებია, რომლებიც ადამიანს ყველა სხვა ქმნილებათაგან გამოარჩევს და შესაქმის მწვერვალად წარმოაჩენს. სამყაროს ყველა სხვა არსებულისგან განსხვავებით სწორედ ადამიანია ის არსება, ვინც მორალურ და სამართლიან არსებად წარმოგვიდგება. ფილოსოფიურმა სისტემამ ეს ასპექტი სათანადოდ უნდა წამოსწიოს წინა პლანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფიამ ადამიანური ყოფის არა მარტო არსებითი მომენტები უნდა აღწეროს ადეკვატურად, არამედ ადამიანის მორალური და სამართლიანი ქმედების კანონებიც უნდა შეიმუშაოს.
აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური სისტემური მონახაზი კლასიკური გერმანული ფილოსოფიის (კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი) სისტემურ მცდელობებს ემსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფილოსოფოსის მცდელობა ნაკლებად მონუმენტურია. სოლომონ დოდაშვილი ორიგინალური მოაზროვნე იყო და არა უბრალო მიმბაძველი. იგი არც ისე იქცეოდა, როგორც მოსწავლეს შეეფერება, რომელიც რომელიმე ერთ ნიმუშს ბაძავს და მის „კოპირებას“ ახდენს, როგორც ეს ხშირად გვხვდებოდა შელინგისა და ჰეგელის სკოლათა შემთხვევაში. აქ უფრო მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კლასიკურ გერმანელ ფილოსოფოსთა სისტემებსა და სოლომონ დოდაშვილის აზროვნებას შორის მსგავსება დასაბამს იღებს ტრანსცენდენტალურ-ფილოსოფიური საწყისიდან. სწორედ ამ მიზნით იყენებდა ქართველი ფილოსოფოსი კლასიკური გერმანული ფილოსოფიის სისტემურ მონაპოვარს, რასაც მას ვერც ვერავინ უსაყვედურებს. მიუხედავად ამისა, სოლომონ დოდაშვილი თავის ფილოსოფიურ ამოცანებს ისახავდა მიზნად. ამდენად, მისი ფილოსოფიური სისტემის მონახაზიც სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს შეიცავს.
სოლომონ დოდაშვილი ნაადრევად გარდაიცვალა და ამის გამო მან თავისი ფილოსოფიური სისტემის დასრულება ვერ მოასწრო. მან თავისი სისტემის მხოლოდ პირველი ნაწილი („ლოგიკა“) დაასრულა; ეს გარემოება აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი ფილოსოფიის სპეციფიკისა და თავისებურების რეკონსტრუირების დროს.
სოლომონ დოდაშვილი თავისი ფილოსოფიური სისტემის დასაწყისში, როგორც უკვე ითქვა, ლოგიკის მეცნიერებას განათავსებს. აქედან გამომდინარე, ისმის შემდეგი სახის კითხვები: რამდენად არის ამგვარი დაყოფა სამართლიანი? რა ტიპის მეცნიერებაა ლოგიკა? რა ტიპის მიმართებაა ლოგიკასა და ფილოსოფიური სისტემის სხვა ნაწილებს შორის?
სოლომონ დოდაშვილის აზრით, ლოგიკა უკვე აღარ არის ფილოსოფიის ორგანონი, ანუ მისი ინსტრუმენტი, არამედ ის არის მეცნიერება აზროვნების ზოგადი და აუცილებელი წესების/კანონების შესახებ. ის აბსტრაჰირებას ახდენს აზროვნების მატერიალური ელემენტებისგან და მხოლოდ გონების ფორმებს მოიცავს. ამ კუთხით ლოგიკა აზროვნების შესახებ წმინდად ფორმალური დისციპლინაა. ქართველი ფილოსოფოსის აზრით, „საკუთრივი ლოგიკა“ სწორედ „წმინდა ლოგიკაა“. მისი საგანი არ არის შემეცნება, როგორც ასეთი. ამდენად, მას ვერც მეტაფიზიკას ვუწოდებთ, მაშასადამე, ის ჭეშმარიტებას არ სწავლობს და არც შემეცნების გზაზე არსებული ცრურწმენებისა და ემოციების ამოცნობას ცდილობს. ეს ფსიქოლოგიის ამოცანაა. დოდაშვილის ლოგიკა არც ჭეშმარიტების დაფუძნების სახელმძღვანელო პრინციპებს გვაძლევს, მას ეს არც შეუძლია, რადგან ის აბსტრაჰირებას ახდენს აზროვნების მასალისგან (მატერიალური საგნებისგან). ამგვარად გაგებული ლოგიკა არც რიტორიკაა. მაშინ რაღაა ეს ლოგიკა? ლოგიკა არის მომამზადებელი მეცნიერება, მაშასადამე, პროპედევტიკა. ცოდნის ყოველი სფერო და დარგი შედგება ცნებათა მისთვის საკუთრივი სფეროსგან. ლოგიკამ ცოდნის ყველა სფერო - თითოეული მათგანის საკუთრივი ნიშან-თვისებებისა და მიმართებების გათვალისწინებით - ცოდნის ერთ საერთო სისტემაში უნდა მოაქციოს. გარდა ამისა, მან ისიც უნდა აჩვენოს, თუ რა მიმართებაშია ერთი კონკრეტული მეცნიერება სხვა მეცნიერებასთან და რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა მეცნიერებებს შემეცნების პროცესში ერთმანეთს დაეხმარონ. ამ მხრივ ლოგიკა არის არქიტექტონიკა, რომლის წესების მიხედვითაც შეიძლება ავაგოთ მეცნიერების მტკიცე და მწყობრი სისტემა. აქედან გამომდინარე, ყოველ მეცნიერებას თავისი ლოგიკა სჭირდება, რასაც „პრაქტიკული ლოგიკა“ შეიძლება ეწოდოს.
სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიის რეცეფციის ისტორია უაღრესად საინტერესოა. მის ფილოსოფიას არა მარტო ნაციონალურ, არამედ ინტერნაციონალურ კონტექსტშიც ფართო რეზონანსი ჰქონდა. ამდენად, იგი იმ ქართველ ფილოსოფოსთა რიგს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედება დეტალური და სპეციალური კვლევის საგანი გახდა. სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკას“ გამოქვეყნებისთანავე რუსეთში დიდი რეზონანსი ხვდა წილად. მნიშვნელოვანი რუსული ჟურნალები და გამოცემები („მასკოვსკი ვესტნიკ“/„Моско́вскій вѣстникъ“, „მასკოვსკი ტელეგრაფ“/„Московскій телеграфъ“, „სევერნაია პტშელა“/„Сѣверная пчела“ და ა.შ.) მიუთითებდნენ ამ ნაშრომზე და ქართველ ავტორს აქებდნენ კიდეც მასში მიღწეული შედეგების გამო. ამ ნაშრომის შესახებ საყურადღებო ცნობები იყო მნიშვნელოვან რუსულენოვან ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებშიც (ე. ლ. რადლოვის „ფილოსოფიური ლექსიკონი“, სანქტ-პეტერბურგი, 1904 წ., „ბროკჰაუს-ეფრონის ენციკლოპედია“, სანქტ-პეტერბურგი, 1893 წ. და ა.შ.).
სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკის“ რეცენზენტები აღნიშნავდნენ, რომ ამ ნაშრომში - იმდროინდელ რუსეთში ფართოდ გავრცელებულ ეტიენ ბონო დე კონდილიაკისა და ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის ლოგიკის სახელმძღვანელოებთან შედარებით - მასალის გადმოცემის ფორმა უფრო ნათელი და სტრუქტურირებული იყო და, ამდენად, ფილოსოფიური განათლების მისაღებად უფრო მოსახერხებელი. საქართველოშიც კარგად მიიღეს დოდაშვილის ნაშრომი. იონა ხელაშვილი, დოდაშვილის დიდი მეგობარი და თანამოაზრე, სხვადასხვა ქართველი მწერლებისა და სასულიერო პირებისადმი მიწერილ წერილებში ამ წიგნს უაღრესად პოზიტიურად აფასებდა. სოლომონ დოდაშვილმა ქართულ აზროვნებას თავისი მასშტაბით სახელი გაუთქვა მთელ რუსულ იმპერიაში. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკა“ წამყვან რუსულ უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებში იყო წარმოდგენილი და სათანადოდ გამოიყენებოდა კიდეც.
დღემდე სოლომონ დოდაშვილის შემოქმედების შესახებ რამდენიმე ასეული პუბლიკაცია არსებობს და ამას თავისი მიზეზები აქვს. აქამდე არსებული პუბლიკაციებისა და სამეცნიერო გამოკვლევების რაოდენობა ნათლად აჩვენებს, რომ სოლომონ დოდაშვილის თეორიული სამყაროს შესახებ არსებული საკმაოდ მდიდარი კვლევითი ტრადიცია არსებობს. ათწლეულების განმავლობაში არაერთმა ქართველმა მკვლევარმა უაღრესად საყურადღებო ნაშრომები შექმნა მისი ფილოსოფიური მოძღვრების შესახებ, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: შალვა ნუცუბიძე, თამარ კუკავა, გურამ თევზაძე, ლერი მჭედლიშვილი, გიორგი რუსია, ვახტანგ გაგოიძე, კახა კაციტაძე და სხვ.
სოლომონ დოდაშვილის ცხოვრება და შემოქმედება ვრცლად განიხილა ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ თავის ნაშრომში „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. II, თბილისი, 1958 წ.). სოლომონ დოდაშვილის შემოქმედების მისეულ ინტერპრეტაციაში გამოკვეთილი მრავალი ასპექტი დღეს უკვე სადავოა, მაგალითად, მთელ რიგ უზუსტობებს შეიცავს სოლომონ დოდაშვილის ინტელექტუალური გარემოს დახასიათება და შეფასება (დოდაშვილისა და ხელაშვილის მიმართება და ა.შ.), რომელსაც შ. ნუცუბიძე გვთავაზობს. გარდა ამისა, შ. ნუცუბიძე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სოლომონ დოდაშვილი თავის „ლოგიკაში“ ფიხტეს პრინციპებს მისდევდა და ფიხტეანური დიალექტიკა ფორმალურ ლოგიკას მიუყენა, რაც სწორი არ არის და გადაჭარბებულ შეფასებას წარმოადგენს. ამ კუთხით სოლომონ დოდაშვილის შემოქმედების შესანიშნავი მცოდნე, კახა კაციტაძეც (1959-2012 წწ.) სათუო მოსაზრებას ავითარებს, როცა ამტკიცებს, რომ ქართველი ფილოსოფოსი ზოგჯერ შელინგის ნააზრევს, ზოგჯერ კი ჰეგელის სისტემას უახლოვდება და ენათესავება კიდეც. ეს მოსაზრება ჯერ კიდევ საფუძვლიან გადამოწმებას საჭიროებს.
სოლომონ დოდაშვილის ირგვლივ რუსეთში არსებული ინტელექტუალური გარემოს საინტერესო და სანდო რეკონსტუირება მოახდინა ქართველმა ლოგიკოსმა და ფილოსოფოსმა ლერი მჭედლიშვილმა (1936-2013 წწ.), რომელიც დოდაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე და მკვლევარი იყო. მან თავის სტატიაში - „დიდი მოაზროვნე, ტრაგიკული პიროვნება“ (2005 წ.) – ზუსტად დაახასიათა XIX საუკუნის რუსული ფილოსოფიის მდგომარეობა და მის კონტექსტში განიხილა/შეაფასა სოლომონ დოდაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. ლერი მჭედლიშვილი სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკის“ ადეკვატურ შეფასებას ახდენს და მას ტრადიციული ფორმალური ლოგიკის ჭრილში განიხილავს. მისი აზრით, დოდაშვილი იზიარებდა კანტის მოსაზრებას, რომ ფორმალური ლოგიკა არისტოტელეს შემდეგ არსებითად არ განვითარებულა, მაშასადამე, ფორმალურმა ლოგიკამ თავისი განვითარება დაასრულა, რადგან მისი საფუძველმდებარე სტრუქტურები სრულყოფილად არის გამოკვლეული და შემუშავებული. იმანუელ კანტის მიერ ლოგიკის მეცნიერების გადმოცემას კი სოლომონ დოდაშვილი კრიტიკული ფილოსოფიის მიერ გაწმენდილ და დადგენილ ლოგიკას უწოდებს.
მკვლევართა ერთმა ჯგუფმა (კ. კაციტაძე, გ. თევზაძე და სხვ.) სამართლიანად აღნიშნა, რომ მშვიდობა და თავისუფლება სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიის ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. თავდაპირველად კახა კაციტაძემ შენიშნა, რომ „ლოგიკის“ გამოცემის ორიგინალში სწორად არის დაცული ორი რუსული სიტყვის, კერძოდ, мир-ისა („სამყარო“) და мыр-ის („მშვიდობა“) ფონეტიკურ-ორთოგრაფიული წერის სტილი. მოგვიანებით, ეს განსხვავება მოიხსნა და რუსული სიტყვა мир-ი როგორც „სამყაროს“, ასევე „მშვიდობის“ აღმნიშვნელი გახდა. 1949 წელს პავლე იაშვილმა პირველად თარგმნა რუსულიდან ქართულად სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკა“, მაგრამ ეს განსხვავება მასაც შეუმჩნეველი დარჩა. ამან კი ფილოსოფიის ისტორიის მარქსისტ-ლენინისტ ინტერპრეტატორებსა და მკვლევრებს იქითკენ უბიძგა, რომ დოდაშვილის ფილოსოფიაში მატერიალისტური ელემენტების ძიება დაეწყოთ. ცხადია, ეს კვლევითი სტრატეგია ცალსახად არასწორი და მცდარია, რადგან სოლომონ დოდაშვილი მატერიალისტი არ ყოფილა! ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის მისეული მოდელი მატერიალიზმის არავითარ კვალს არ ატარებს.
ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა, აკადემიკოსმა გურამ თევზაძემ (1932-2018 წწ.) სოლომონ დოდაშვილის შემოქმედებაში მშვიდობის პრინციპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ის თავისუფლების იდეას დაუკავშირა. ცხადია, ამ განაზრების საფუძვლად მოიაზრება ადამიანი, როგორც თავისუფალი არსება, რომელიც თავის ქმედებებზე პასუხისმგებელია. გ. თევზაძე აქ კანტის ფილოსოფიის გავლენას ხედავს დოდაშვილის ეთიკურ შეხედულებებზე. სოლომონ დოდაშვილმა, რომელიც „პირველი ქართველი კანტიანელი“ იყო, თავისუფლების იდეის ისეთი ინტერპრეტაცია მოახდინა, რომელიც ფილოსოფიური კუთხითაც მნიშვნელოვანია და სოციოლოგიური კუთხითაც; დოდაშვილმა ყოველი ადამიანის თავისუფლება, ე.ი. პიროვნების თავისუფლება საზოგადოების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეას დაუკავშირა. თუკი საზოგადოება თავისუფალი არ არის, მაშინ პიროვნებასაც არ ძალუძს საკუთარი თავისუფლების რეალიზება. ამგვარად, პიროვნული თავისუფლება სახელმწიფოებრივ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან არის მჭიდრო კავშირში. სოლომონ დოდაშვილის აზრით, მშვიდობისა და თავისუფლების პრინციპთა განხორციელება ადამიანურ საზოგადოებათა უმაღლესი მიზანია. სწორედ ამის გამო იბრძოდა იგი ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ, რასაც რუსეთის იმპერია ქართველი ხალხის მიმართ ახორციელებდა. ცნობილია, რომ სოლომონ დოდაშვილი ამას არა მარტო თეორიულად იქმოდა, არამედ პრაქტიკულადაც ახორციელებდა: იგი იბრძოდა ცარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ და, საბოლოო ჯამში, თავისი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაეცა კიდეც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოლომონ დოდაშვილმა კანტის ფილოსოფიის მშვიდობისმყოფელი იდეებისა და იდეალების არა მარტო ინტეგრირება მოახდინა თავის სააზროვნო სისტემაში, არამედ ეს იდეალები თავის ინდივიდუალურ ქმედებებზეც განავრცო; ამდენად, იგი ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთი წამებულთაგანია.
(ა). სოლომონ დოდაშვილის ნაშრომები
• Курсъ философіи. Часть первая. Логика. Сочиненіе Соломона Додаева-Магарскаго. Санкт Петербургъ: Въ Типографіи Александра Смирдина, 1827 წ.
• სოლომონ დოდაშვილი: ლოგიკა, თარგმანი პ. იაშვილისა, ა. ქუთელიას რედაქციითა და წინასიტყვაობით, თბილისი: „სახელგამი“, 1949 წ.
• სოლომონ დოდაშვილი: თხზულებანი, რედაქტორები - ა. ბოჭორიშვილი და ს. ხუციშვილი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1960 წ.
• სოლომონ დოდაშვილი: თხზულებანი, შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი თ. კუკავა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1989 წ.
• სოლომონ დოდაშვილი: თხზულებანი, შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი თ. კუკავა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001 წ.
(ბ). სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა
• გაგოიძე, ვ.: სოლომონ დოდაშვილი და მისი დრო, წიგნში: ვ. გაგოიძე, ნარკვევები XIX საუკუნის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის განვითარების ისტორიიდან საქართველოში, თბილისი: „განათლება“, 1971 წ., გ. 3-61.
• გოცაძე, მ.: სოლომონ დოდაშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: „სახელგამი“, 1955 წ.
• თევზაძე, გ.: სოლომონ დოდაშვილი, თბილისი: „დიოგენე“, 2005 წ.
• თევზაძე, გ.: სოლომონ დოდაშვილი ნეოპლატონიზმის შესახებ, კრებულში: Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by T. Iremadze in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt (სამეცნიერო სერია „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“, ტ. 5), თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 297-306.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• კაციტაძე, კ.: სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის, ჟურნალში: „ცისკარი“, # 10 (თბილისი, 1985 წ.), გვ. 145-150.
• კაციტაძე, კ.: სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჟურნალში: „ლიტერატურა და ხელოვნება“, # 1 (თბილისი, 1990 წ.), გვ. 51-80.
• კაციტაძე, კ.: სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის, თბილისი: „Carpe diem“, 2014 წ.
• კუკავა, თ.: სოლომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედველობა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1955 წ.
• კუკავა, თ.: სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა, თბილისი: „ცოდნა“, 1975 წ.
• მჭედლიშვილი, ლ.: დიდი მოაზროვნე, ტრაგიკული პიროვნება (სოლომონ დოდაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავად), ჟურნალში: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია, # 1 (თბილისი, 2005 წ.), გვ. 5-24.
• ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. I, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1956 წ.
• ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1958 წ.
• რუსია, გ.: სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები, ცხინვალი: „სამხრეთ ოსეთის სახელგამი“, 1962 წ.
• სოლომონ დოდაშვილი: საიუბილეო კრებული, მიძღვნილი ს. დოდაშვილის დაბადების 180 წლისთავისადმი, სარედაქციო კოლეგია: თ. კუკავა, ს. ხუციშვილი, შ. ხიდაშელი, ო. გაბიძაშვილი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1986 წ.
• Tevzadze, G.: Solomon Dodaschwili über die Bedingungen der menschlichen Freiheit, in: Die Idee der Freiheit in Philosophie und Sozialtheorie, unter Mitwirkung von H. Grabst herausgegeben von M. Beriaschwili und B. Mojsisch, Saarbrücken: Südwestdeutscher Verlag für Hochschulschriften, 2010, გვ. 155-175.