ვახტანგ VI საქართველოში, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკოსად, მწიგნობრად და პოეტად არის ცნობილი, მაგრამ მან კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს ქართული ფილოსოფიის ისტორიაშიც. ამის წინაპირობაა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების პროცესში მის მიერ შეტანილი წვლილი.
ვახტანგ VI დაიბადა 1675 წლის 15 სექტემბერს. მან კარგი განათლება მიიღო თავისი ბიძის, გიორგი XI-ის კარზე, სადაც მისი აღმზრდელი იყო დიდი ქართველი მოაზროვნე სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725 წწ.), რომელმაც მას არა მარტო იმ დროის პროგრესული იდეები აათვისებინა, არამედ ფუნდამენტური ეროვნული იდეალებიც გააცნობიერებინა. სავარაუდოდ, სულხან-საბამ თავის თხზულებაში „სიბრძნე სიცრუისა“ გადმოცემული იდეები და იდეალები ვახტანგ VI-ის აღმზრდელობით პრაქტიკაშიც გამოიყენა.
სამეფო კარის მეშვეობით ვახტანგ VI-ემ მრავალმხრივი განათლება მიიღო. მან კარგად შეისწავლა მეცნიერების შემდეგი დარგები: ფილოსოფია, თეოლოგია, ლიტერატურა, უცხო ენები, ისტორია, სამართალი, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია და ქიმია. აქედან გამომდინარე, ვახტანგ VI-ეს უნივერსალური სწავლულიც კი შეიძლება ეწოდოს, რომელიც თავისი დროის მეცნიერების სხვადასხვა სფეროს კარგი მცოდნე იყო.
ვახტანგ VI 1704-1714 წლებში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავდა, რადგან იგი ამ დროს ქართლის სამეფოს მართავდა. ოფიციალურად იგი ქართლის მეფე არ იყო, მაგრამ სპარსეთის მეფემ მას ჯანიშინის სტატუსი მიანიჭა, რაც მმართველს ნიშნავდა. იმ საგანმანათლებლო-კულტურული საქმიანობიდან, რომელსაც ვახტანგ VI ახორციელებდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი: 1709 წელს თბილისში პირველი ქართული სტამბის ამოქმედება, სადაც დაიბეჭდა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები. 1709 წელს პირველ ქართულ სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება“, 1712 წელს კი ამ სტამბაში ვახტანგ VI-ის თაოსნობით დაიბეჭდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ქართული კულტურის საუკეთესო ძეგლი.
ვახტანგ VI-ემ „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქტირებული ვერსიის მომზადებაც დაიწყო; მისი ინიციატივით შეიქმნა „სწავლულ კაცთა კომისია“, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანესი ტექსტის რედაქტირება, გამართვა და სრულყოფა-გაგრძელება დაევალა. ამ კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა, შეაგროვა „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები, ასევე, ქართული და უცხოური წყაროები და მათზე დაყრდნობით შეიქმნა „ქართლის ცხოვრების“ ახალი, შევსებული და გაფართოებული ვერსია, რომლის ინიციატორიც თავად ვახტანგ VI იყო.
ვახტანგ VI-ემ სამართლის წიგნი და ორიგინალური ქართული ადმინისტრაციული წესდება შეადგინა. „დასტურლამალის“ სახელწოდებით ცნობილი ეს ნაშრომი სახელმწიფოს ძირითად კანონს წარმოადგენდა და დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანა მასზე დაყრდნობით იმართებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლევრები ხაზგასმით მიუთითებენ ვახტანგ VI-ის მიერ მომზადებული სამართლის წიგნთა კრებულის ჰუმანურ ხასიათზე და ამბობენ, რომ ვახტანგ VI-ის სამართალი უფრო ჰუმანური იყო, ვიდრო იმდროინდელი ევროპის სახელმწიფო სამართლის კოდექსები.
ვახტანგ VI-ის ამგვარი აქტიურობა კატეგორიულად არ მოსწონდა სპარსეთის შაჰს; მან ქართლის მმართველი სპარსეთში იხმო და ისლამის მიღება მოსთხოვა. 1712 წელს ვახტანგ VI ისპაჰანში ჩავიდა, თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწია შაჰს და უარი განაცხადა გამაჰმადიანებაზე; ამის გამო მას მმართველის ყველა ფუნქცია ჩამოართვეს და 1719 წლამდე შაჰს იგი დატყვევებული ჰყავდა კიდეც. ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის პოლიტიკური მისიის მარცხის შემდეგ, 1716 წელს ვახტანგ VI იძულებული გახდა ისლამი ეღიარებინა, მაგრამ „მხოლოდ სიტყვით და არა საქმით“. ამის შემდეგ ვახტანგ VI-ეს ქართლში დაბრუნების უფლება მისცეს და ისიც კვლავინდებურად ქართლის ტახტის მმართველი გახდა. 1724 წლამდე ვახტანგ VI ქართლის მეფე იყო, თუმცა, 1723 წელს ოსმანებმა ქართლი და მისი დედაქალაქი თბილისი დაიპყრეს - დაიწყო ოსმანური ბატონობის პერიოდი. ღრმად განათლებული ქართველი მეფე თავის მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად (საერთო ჯამში დაახლ. 1200 ადამიანი) იძულებული გახდა რუსეთში გახიზნულიყო. 1737 წლის 26 მარტს იგი ქალაქ ასტრახანში გარდაიცვალა და იქვე, ასტრახანის მიძინების ტაძარში დაკრძალეს.
ვახტანგ VI ქართლს ძალიან რთულ პერიოდში მართავდა. იმჟამად სამი დიდი იმპერია (სპარსეთი, ოსმანთა იმპერია და რუსეთი) პრეტენზიას აცხადებდა კავკასიის დაუფლებაზე. ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გატარებასა და კავკასიელთა ხარჯზე საკუთარ იმპერიათა საზღვრების განვრცობას. ვახტანგ VI თავისი ქვეყნის დასაცავად ინტენსიურ დიპლომატიურ აქტივობებსა და მისიებს მიმართავდა, მაგრამ ეს წამოწყებები თავიდანვე განწირული აღმოჩნდა არასასარგებლო გარემოებების გამო. მან ვერ მოახერხა აგრესორთა შეყოვნება, თუმცა, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ შეძლო, შესანიშნავად მოახერხა კულტურის სფეროში. აქ ვახტანგ VI-ემ უდიდეს წარმატებებს მიაღწია მრავალი მიმართულებით.
პოლიტიკურ ასპარეზზე განცდილი წარუმატებლობა ვახტანგ VI-ის შემოქმედებაშიც აისახა. სწორედ ამის გამოა, რომ მისი ფილოსოფიურ პოეზიას პესიმისტური ელფერი დაჰკრავს. ვახტანგ VI-ის პოეტური შემოქმედება ქართული ლიტერატურის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, მან გაამდიდრა ქართული ლირიკის თვალსაწიერი როგორც შინაარსობრივად, ასევე ფორმალურ-სტილისტურადაც. უფრო მეტიც, ვახტანგ VI-ემ საკუთარი პოეტური ქმნილებებით წინ წასწია ქართული პოეზია.
მაშინდელი საქართველოს ბედკრული პოლიტიკური მდგომარეობა ვახტანგ VI-ის ფილოსოფიურ პოეზიაშიც აისახა. აქ სამშობლო საყვარლის მეტაფორით არის გამოხატული. შემდგომი პერიოდის დიდი ქართველი პოეტები - დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი - ამ ასპექტით ვახტანგ VI-ის გავლენას განიცდიდნენ. რელიგიური პოეზიის კუთხითაც ვახტანგ VI-ემ ახალი გზები გაკვალა. მისი პოეტური ფანტაზიის შედეგად ქრისტიანული აზროვნების მნიშვნელოვანი მოტივები იმგვარი ლირიკული სახითა და ელფერით წარმოჩნდა, რომ ისინი ქართველ მკითხველზე დღესაც კი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
ვახტანგ VI ქართული აზროვნების ისტორიაში, უწინარეს ყოვლისა, თავისი ლიტერატურული ქმნილებებით შევიდა: მან კომენტარების თანხლებით გამოსცა შოთა რუსთაველის განთქმული პოემა „ვეფხისტყაოსანი“ და ამ უმნიშვნელოვანესი ტექსტის 600 სტროფი გულდასმით განმარტა. ვახტანგ VI-ის გამოცემაში შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობის საკვანძო პრობლემებია განხილული. ქართველთათვის რუსთაველის ქმნილება ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ბერძენთათვის ჰომეროსის ქმნილებანი და იტალიელთათვის დანტეს „ღვთაებრივი კომედია“. ჯერ კიდევ ალექსანდიელმა ფილოლოგებმა მახვილგონიერი კომენტარები შექმნეს ჰომეროსის ეპოსის შესახებ, ბოკაჩომ დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ განმარტა.
მსგავსი ღირებულება აქვს რუსთაველსა და მისი შემოქმედების კვლევას ქართული კულტურისთვის. ვახტანგ VI-ემ ამ დიდი ქართველი პოეტის მეცნიერული შესწავლის ტრადიციას მისცა დასაბამი და მეცნიერების სპეციალური დარგი - რუსთველოლოგიაც - შექმნა. ეს არის დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, რომლის მიზანიც რუსთაველისა და მისი სამყაროს სპეციალური გამოკვლევაა. ამით ვახტანგ VI ანტიკური ხანის, შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის იმ დიდი სწავლულებისა და ფილოლოგების რიგში შეიძლება ჩავაყენოთ, რომლებმაც მსოფლიო ლიტერატურას დიდი სამსახური გაუწიეს.
ვახტანგ VI-ემ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ არა მარტო შთამომავლობას შემოუნახა, არამედ ამ პოემის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პასაჟი და ადგილი გააუმჯობესა კიდეც. „ვეფხისტყაოსნის“ საფუძვლიანი ცოდნის შედეგად ვახტანგ VI-ემ მთელი ნაწარმოების შინაარსისა და მიზნის ინტერპრეტაცია მოახდინა. მისი აზრით, რუსთაველმა შემოქმედებითი სიახლე შემოიტანა ლიტერატურაში; მან პოემის შინაარსი თვითონ მოიფიქრა და პოეტური ფორმაც თვითონვე შეარჩია, მსგავსი სიუჟეტი არც სპარსულ და არც სხვა ლიტერატურებში არ ფიქსირდება. ვახტანგ VI-ის აზრით, რუსთაველის პოემა არა მარტო სამყაროსეულ სიბრძნეს გვაწვდის, არამედ მას სულიერი დატვირთვაც აქვს. უბრალოდ, საჭიროა რუსთაველის სამყაროს შესაბამისად გაგება და გაშიფვრა.
1882 წელს ფრიდრიხ ნიცშემ თავისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება „მხიარული მეცნიერება“ გამოაქვეყნა, რომელიც საქვეყნოდაა ცნობილი. ვახტანგ VI თავის თხზულებებს სხვა დროში, სხვა ვითარებაში და სხვა მიზნით ქმნიდა, ვიდრე ფრიდრიხ ნიცშე, მაგრამ მის თხზულებასაც თითქმის იგივე სათაური აქვს: „სიბრძნე მალაღობელი“.
ვფიქრობთ, რომ ქართული ფილოსოფიის ისტორიისთვის ვახტანგ VI-ის ეს თხზულება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილოსოფიური ინტერპრეტაცია აქამდე არ მომხდარა. ვახტანგ VI-ის და ფრიდრიხ ნიცშეს ხედვა მეცნიერების როლისა მსგავსია: ორივე მოაზროვნე ფიქრობს, რომ ფილოსოფია, როგორც მეცნიერება, ადამიანთა დამთრგუნველი კი არ უნდა იყოს, არამედ მისი ამამაღლებელი და განმათავისუფლებელი.
ვახტანგ VI თავის თხზულებაში ფილოსოფიურ დებულებებს პოეტური ფორმით გადმოსცემს; ანტიკური სამყაროს სიბრძნე მასში ლიტერატურული ფორმით არის მოცემული. ვახტანგ VI-ის თხზულების მთავარი წყაროა რუსული ენიდან ქართულად თარგმნილი კომპენდიუმი „სიტყვის-გება სოგრატისი და სხვათა ფილოსოფოსთა“. ეს თარგმანი ვახტანგ VI-ის ინიციატივითა და დავალებით მოსკოვში შეასრულა ერასტი თურქისტანიშვილმა. თუმცა, რუსული „აპოფთეგმატა“, საიდანაც ქართული თარგმანი შესრულდა, თავის მხრივ, თარგმნილი უნდა იყოს პოლონური ვარიანტიდან. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქმე ეხება ანტიკური მორალური ფილოსოფიის ფართოდ გავრცელებულ საერთაშორისო კომპენდიუმს. ქართულ ენაზე კი ამ კომპენდიუმის ორი ხელნაწერი არსებობს. ამ კომპენდიუმით ვახტანგ VI-ემ ანტიკური აზროვნების წყაროებზე დაყრდნობით ინტერკულტურული განზომილების მქონე პრაქტიკული ფილოსოფიის სახელმძღვანელო შექმნა ქართველთათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულმა ვერსიამ მკითხველში ფართო გამოძახილი პოვა.
ვახტანგ VI-ის თხზულება „სიბრძნე მალაღობელი“ პრაქტიკული ფილოსოფიის მრავალ მნიშვნელოვან წახნაგს მოიცავს. მასში ძველბერძნული აზროვნების ისეთი წარმომადგენლებია მოხმობილი, როგორიცაა: ანაქსაგორა, სოკრატე, პლატონი და არისტოტელე. ვახტანგ VI, პოეტი-ფილოსოფოსი, ქართველ მკითხველს ამ დიდი ბერძენი მოაზროვნეების სიბრძნისმეტყველების სხვადასხვა ასპექტს ლირიკული სახით აცნობდა და ამით მორალური ქმედების სახელმძღვანელო პრინციპებსაც აწვდიდა.
ვახტანგ VI-ის აზრით, ადამიანს მხოლოდ სიბრძნის მეშვეობით შეუძლია სამყაროში სათანადო ორიენტაცია. სიბრძნე ადამიანის არა მარტო მანუგეშებელი წყაროა, არამედ ის ადამიანს სამართლიანობასა და კეთილშობილებასაც ასწავლის, შესაბამისად, ასეთად აქცევს კიდევაც. ყოველივე ამის მიზანი კი, ვახტანგ VI-ის აზრით, ადამიანური პიროვნების წვრთნა და ზრდაა.
ვახტანგ VI-ის აზრით, სიბრძნის ფლობა შეუძლებია მუდმივი განსწავლის გარეშე, რადგან სიბრძნე და განათლება ერთ დიდ მთლიანობას ქმნის. ამდენად, პლატონი მისთვის ბრძენის იდეალს წარმოადგენდა, რადგან იგი ღრმა ფილოსოფიურ სიბრძნეს სოკრატული დიალოგის პრინციპთა მიხედვით გადასცემდა ადამიანებს. მაშასადამე, ვახტანგ VI-ემ თავის პოეტურ შემოქმედებაში პრაქტიკული ფილოსოფიის პრინციპები გადმოსცა: ადამიანი მიწიერ არსებად იბადება, ამდენად, იგი ამქვეყნიურ ცხოვრებაში აქტიური უნდა იყოს და სხვებს დაეხმაროს. ამგვარი ფილოსოფიის თანახმად, თითოეულმა ადამიანმა მეორე (სხვა) ადამიანის მოთხოვნები უნდა აღიაროს და გაითვალისწინოს.
ვახტანგ VI პლატონური ყაიდის ფილოსოფოსი მეფე იყო. მან ძალ-ღონე არ დაიშურა საქართველოს კეთილდღეობისა და გამთლიანებისთვის ბრძოლაში, თუმცა, მისი პოლიტიკური მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა მისი საგანმანათლებლო მისია, რადგან მისმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდად გაამდიდრა მთელი ქართული კულტურა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაზე არსებულ ფილოსოფიურ ლექსიკონებში ვახტანგ VI-ის შესახებ არაფერია თქმული, დროა, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს მის წვლილს საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების საქმეში. ვახტანგ VI-ის ღვაწლს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში. მან თავის ქვეყანასა და ხალხს ანტიკური აზროვნების პრაქტიკული დანიშნულება აჩვენა და სიბრძნისმეტყველებას ამქვეყნიური პრობლემების გადაჭრის ფუნქციაც დააკისრა. საქართველოში მან ერთგვარი ცხოვრების ფილოსოფიის განვითარებასაც კი მისცა დასაბამი, რომელიც აბსტრაქტული პრინციპებით კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ ადამიანის კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებზე ამახვილებდა ყურადღებას.
• აბულაძე, თ.: ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1990 წ.
• ბაქრაძე, დ.: საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე. გამოცემული ზ. ჭიჭინაძისგან, თბილისი: „ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა“, 1880 წ.
• ვახტანგ VI: ლექსები და პოემები, ალ. ბარამიძის რედაქციით და შენიშვნებით, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1947 წ.
• მენაბდე, ლ.: ვახტანგ მეექვსე, თბილისი: „ნაკადული“, 1966 წ.
• პაიჭაძე, გ.: ვახტანგ მეექვსე, თბილისი: „მეცნიერება“, 1981 წ.
• სიტყვის-გება სოგრატისი და სხვათა ფილოსოფოსთა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ლ. ძოწენიძემ, თბილისი: „მეცნიერება“, 1978 წ.
• ჭიჭინაძე, ზ.: ვახტანგ მეექვსე და სხვათა შრომა ქართული სტამბის წინაშე, ვ. ტყეშელაშვილის გამოცემა, ტფილისი: სტ. „განათლება“, 1916 წ.