გაბრიელ (ერისკაცობაში - გერასიმე) ქიქოძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში 1825 წლის 15 ნოემბერს, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარის მოძღვრის, მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. პატარა გერასიმე უაღრესად რელიგიურ გარემოში იზრდებოდა და, შესაბამისად, მისი აღზრდა-განათლებაც სასულიერო გზით წარიმართა. 1837 წლიდან გერასიმე ქიქოძე სწავლობდა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელში, რომელიც ორი წლის შემდეგ, 1839 წელს, წარჩინებით დაასრულა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1842 წელს ფსკოვის სასულიერო სემინარიაში შევიდა, ხოლო შემდეგ კი - 1844 წლიდან - სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1845 წელს დაამთავრა; შემდეგ სწავლა განაგრძო სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, სადაც განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა თეოლოგიას, ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკას და ფიზიკას. 1849 წელს გერასიმე ქიქოძემ სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია წარმატებით დაასრულა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიიღო.
უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ გერასიმე ქიქოძე სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჯერ ინსპექტორად და რექტორის ასისტენტად, ხოლო მოგვიანებით კი - 1851 წლიდან - ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორად მუშაობდა. 1854 წელს იგი მღვდლად აკურთხეს; ამავე წელს მას დიდი უბედურება დაატყდა თავს: მისი მეუღლე და 5 შვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გერასიმე ქიქოძე ამის შემდეგ - 1856 წელს - ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი გაბრიელი; 1858 წელს იგი აყვანილი იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად. 1858 წელსვე არქიმანდრიტი გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წლიდან კი იგი უკვე იმერეთის ეპისკოპოსი გახდა და გარდაცვალებამდე გელათში მოღვაწეობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მათ შორის, მისი უაღრესად შთამბეჭდავი საგანმანათლებლო და ინტელექტუალური საქმიანობა. გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა 1896 წლის 25 იანვარს. იგი დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1995 წელს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით იგი წმინდანად შეირაცხა.
მეცნიერი მღვდელმთავარი
გაბრიელ ქიქოძე არა მარტო გამოჩენილი სასულიერო პირი, არამედ მნიშვნელოვანი ქართველი მეცნიერი, თეოლოგი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი იყო. მის კალამს ეკუთვნის უაღრესად საყურადღებო სამეცნიერო ნაშრომები, ტრაქტატები, ქადაგებები და სიტყვები. განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად მის ქადაგებებს, რომლებიც იმ დროის აქტუალურ საღვთისმეტყველო საკითხებს ეხება. გაბრიელ ქიქოძე თავის ქადაგებებში განიხილავდა იმგვარ თემებსა და საკითხებს, რომლებსაც დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მან ქართულ აზროვნებაში ყველაზე მკაფიოდ განავითარა მშვიდობისა და შემწყნარებლობის თეოლოგია, ასევე, მან სათანადოდ გააშუქა ფილოსოფიური თეოლოგიის მთავარი მოტივებიც. მისი თვალსაწიერის მიღმა თვით გენდერის პრობლემატიკაც კი არ დარჩენილა - გაბრიელ ქიქოძის ორიგინალური განაზრებანი ამ კუთხით დღესაც კი საყურადღებოა. ქრისტიანული მოძღვრების მისეული ინტერპრეტაცია არა მარტო სასულიერო წრისთვის, არამედ ფართო მკითხველისთვის იყო განკუთვნილი, რამაც მის ქადაგებებს ფართო აღიარება და რეზონანსი მოუტანა. იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებანი მის სიცოცხლეშივე გამოიცა ქართულ (1865 წ., 1884-1885 წწ.), ინგლისურ (1867 წ.) და რუსულ (1893 წ.) ენებზე.
ქართული ფილოსოფიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია გაბრიელ ქიქოძის ნაშრომს „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც რუსულ ენაზე გამოიცა სანქტ-პეტერბურგში, 1858 წელს. ამ ნაშრომმა გამოქვეყნებისთანავე ცნობილი ინტელექტუალების საგანგებო ყურადღება დაიმსახურა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი რუსი მოაზროვნე, მწერალი და კრიტიკოსი ნიკოლაი ალექსანდრეს ძე დობროლიუბოვი (1836-1861 წწ.), რომელმაც ჟურნალ „სოვრემენიკში“ („Современник“) გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებზე“ კრიტიკული რეცენზია გამოაქვეყნა, რომელშიც ამ ნაშრომის პოზიტიური მხარეებიც იყო განხილული, თუმცა, კრიტიკული შენიშვნებიც ვრცლად იყო გამოთქმული. დობროლიუბოვის აზრით, არქიმანდრიტ გაბრიელის წიგნი - სხვა ფსიქოლოგიურ ნაშრომებთან შედარებით - არსებითად ახალს არაფერს გვეუბნება. მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობდა, რომ სხვა ფსიქოლოგიური ნაშრომებისგან ეს ნაშრომი გადმოცემის სპეციფიკურად ახალი მეთოდითა და ფსიქოლოგიური ფაქტების სიუხვით გამოირჩევა. ცნობილი რუსი რეცენზენტის მიხედვით, სწორედ ეს წარმოადგენდა არქიმანდრიტ გაბრიელის წიგნის მთავარ ღირსებასა და უპირატესობას. მართალია, ნიკოლაი დობროლიუბოვის რეცენზიაში მრავალი ცალმხრივი და არაზუსტი შეფასება იყო მოცემული, მაგრამ მისი მითითება გაბრიელ ქიქოძის ახალ მეთოდზე საყურადღებოა. მიუხედავად ამისა, თვით ნიკოლაი დობროლიუბოვის კრიტიკა, თავის მხრივ, კრიტიკას იმსახურებს, რადგან რუსი კრიტიკოსი ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდა იმას, რომ გაბრიელ ქიქოძის ნაშრომის ახლებური მეთოდი თავად მის შინაარსთან მჭიდრო კავშირში იყო. ქართველ ავტორს სურდა, რომ რელიგიური შინაარსის მქონე ფილოსოფიური ანთროპოლოგია დაეფუძნებინა. ეს დისციპლინა აღნიშნულ ნაშრომში ფილოსოფიური ფსიქოლოგიის სახით წარმოჩნდა, რამაც, სავარაუდოდ, ცნობილი რუსი კრიტიკოსის გაუგებრობა გამოიწვია.
XX საუკუნის ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა თამაზ ბუაჩიძემ (1930-2001 წწ.) გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ - ოთარ ტაბიძესა და ვაჟა გოგობერიშვილთან ერთად - რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა და ამ ნაშრომს რამდენიმე საყურადღებო გამოკვლევაც მიუძღვნა. ამ კონტექსტში მან ნიკოლაი დობროლიუბოვის რეცენზიაც დეტალურად შეისწავლა და გამოიკვლია. საკუთარი კვლევების შედეგად იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსი კრიტიკოსი გაბრიელ ქიქოძის ნაშრომის მთავარ ინტენციასა დ საზრისს შეგნებულად ამახინჯებს, რამაც იგი არასამართლიან და გაუგებარ დასკვნებამდე მიიყვანა. ნიკოლაი დობროლიუბოვის კრიტიკა იმიტომაც არის არაკვალიფიციური, რომ იგი იდეოლოგიური მიზანდასახულობითაა ნასაზრდოები. თამაზ ბუაჩიძემ ნათლად აჩვენა, რომ რუსმა კრიტიკოსმა ქართველი ავტორის მთავარი იდეები იმის გამოც განმარტა არასწორად, რომ მას ქართველი ფილოსოფოსისა და თეოლოგის მსოფლმხედველობრივი კრედოს მატერიალისტური კუთხით კრიტიკა სურდა.
დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ XIX საუკუნის ქართული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან მასში არა მარტო მაშინდელი ფსიქოლოგიის საფუძველმდებარე და აქტუალური პრობლემები, არამედ ფილოსოფიის, თეოლოგიისა და ლოგიკის საკვანძო საკითხებიცაა განხილული. თავის გამოკვლევაში გაბრიელ ქიქოძე ევროპული აზროვნების მნიშვნელოვან მიღწევებსაც ითვალისწინებდა, უწინარეს ყოვლისა, სამუელ კლარკისა და იმანუელ კანტის მოძღვრებებს. თუმცა, მისთვის ეს საკმარისი არ იყო; გაბრიელ ქიქოძემ ორიგინალური ფილოსოფიური ხედვა წარმოადგინა, რომელიც საკაცობრიო აზროვნების მთელ ტრადიციასა და მონაპოვარს ეყრდნობოდა.
ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგანი და ამოცანა ადამიანური ყოფნის არსისა და სპეციფიკის გამოკვლევაა. XIX საუკუნეში ჩარლს დარვინის კვლევათა შედეგად ამ მიმართულებით „კოპერნიკისებური გადატრიალება“ მოხდა. ევოლუციის თეორიის ჭრილში ადამიანისა და ცხოველის ურთიერთმიმართების ახალი ასპექტები გამოიკვეთა. ფილოსოფოსები დღენიადაგ ცდილობდნენ, რომ ცხოველთან მიმართებით ადამიანის სპეციფიკა გამოეკვეთათ. დარვინმა ამ დისკუსიას კიდევ უფრო მეტი სიღრმე და მძაფრი ხასიათი შესძინა. მან იმ ტიპის კითხვებიც წამოჭრა, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია. ტვინისა და ცხოველთა ქცევის მკვლევარები დღეს ცხოველის ახალ განსაზღვრებას გვთავაზობენ, ხოლო ფილოსოფია კი ამაზე საკუთარი კონცეფციების შექმნით რეაგირებს, რომლებიც, უმეტესწილად, მატერიალისტურ-ნატურალისტური ხასიათისაა. დღეს უკვე „ცხოველთა სულის“ შესახებ განაზრებანი ნეიროფილოსოფიისა და სხვა ფილოსოფიურ დისციპლინათა ერთ-ერთი მთავარი საგანია. ამასობაში, სწრაფად ვითარდება ერთ-ერთი ფილოსოფიური დისციპლინა, „ცხოველთა ეთიკა“, რომელიც ადამიანისა და ცხოველის მიმართების ახალ ასპექტებს ამუშავებს.
ცხადია, აზროვნების განვითარების ეს ტენდენციები გაბრიელ ქიქოძის თვალსაწიერში ვერ მოხვდებოდა; ზოგიერთ ამ ასპექტს იგი, ალბათ, ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჭრილში უარყოფდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ქართველ მოაზროვნეს კარგად ესმოდა ანთროპოლოგიის ძირითადი საკითხი, რომელსაც საგანგებო ყურადღება დაუთმო კიდეც; ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მთავარი ამოცანა კი შემდეგი საკითხის გარკვევაა: არსებობს თუ არა ადამიანში/ადამიანურ ყოფაში რაიმე ისეთი განსაკუთრებული, რაც მას ცხოველისგან/ცხოველთა ყოფისგან განასხვავებს? თუკი ასეთი სპეციფიკა არსებობს, მაშინ რა არის ის? ვინც ადამიანის ცხოველზე უპირატესობას უსვამს ხაზს, უმეტესწილად, იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ადამიანი აბსტრაქტულ აზროვნებას ფლობს და მხოლოდ მას შეუძლია ისეთი რთული ინტელექტუალური ფენომენის შექმნა, როგორიც მეცნიერებაა. გაბრიელ ქიქოძემაც მიაქცია ყურადღება ამ უძველეს პრობლემას და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჭრილში სცადა მისი გადაჭრა. იგი ადამიანის განსაკუთრებულობას მის თეორიულ უნარ-ჩვევებში - მაგალითად, მეცნიერების შექმნაში - კი არ ხედავდა, არამედ მის რელიგიურ ბუნებაში. მისი აზრით, ადამიანის ღირსება და განსაკუთრებულობა ის არაა, რომ მან ცხოველზე მეტი იცის, და არც ის, რომ იგი არამატერიალურ სულს ფლობს (რასაც ცხოველი, სავარაუდოდ, არ ფლობს!). გაბრიელ ქიქოძე ამგვარ ხედვას უარყოფდა. XIX საუკუნის ქართველი მოაზროვნე არაერთი ფილოსოფოსის დიდ შეცდომად მიიჩნევდა იმას, რომ ისინი ცხოველებს სულის არსებობას არ მიაწერდნენ და ამით მათი არსი უბრალო ნივთის არსამდე დაჰყავდათ. გაბრიელ ქიქოძე ამ მოსაზრებას გადაჭრით უარყოფდა და ამით თავის დროს წინ უსწრებდა კიდეც. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი ცხოველთა სულისა და ცნობიერების შესახებ არსებული იმ უძველესი თეორიების რეაქტუალიზებასაც ცდილობდა, რომლებიც უკვე მივიწყებას მისცემოდნენ. საიდანაც არ უნდა იღებდეს დასაბამს მისი ხედვა, ერთი რამ ცხადია: გაბრიელ ქიქოძის აზრით, ცხოველები არ არიან უსულო არსებები! ეს ის თეზისია, რომელიც მანამდე რენე დეკარტმა წამოაყენა და ამით საკმაო გაუგებრობა წარმოშვა არაერთ მოაზროვნეში.
ცხოველთა ყოფის მთელი სპეციფიკის გათვალისწინებით გაბრიელ ქიქოძემ ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავება გამოწვლილვით განიხილა და დაადგინა, რომ ადამიანის/ადამიანური ყოფნის განსაკუთრებულობა და სპეციფიკა მის რელიგიურობასა და რწმენაშია საძიებელი. მხოლოდ ადამიანს ძალუძს, რომ სამყაროს შემოქმედთან იყოს კომუნიკაციაში. ამ უნარის გამო ადამიანს ცენტრალური ადგილი უკავია სამყაროში. ცხოველს კი არ გააჩნია ღმერთზე ორიენტირებული ცნობიერება. ადამიანის განსაკუთრებული ადგილი კოსმოსში სწორედ ადამიანის რელიგიურობიდან იღებს დასაბამს. ადამიანი, ვითარცა „ხატება და მსგავსება ღვთისა“, უპირატეს ადგილს იკავებს სამყაროში და ღმერთიც, საბოლოო ჯამში, სწორედ ადამიანს ეცხადება.
ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის, განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე მეცნიერებამ სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამისათვის საჭიროა იმგვარი დისციპლინა, რომელსაც სპეციფიკური მეთოდების გამოყენებით ამაზე რეაგირება შეუძლია. გაბრიელ ქიქოძემ გამოცდილების ცნებაზე დაყრდნობით ფილოსოფიური ფსიქოლოგიის საკუთარი მოდელი განავითარა. ამით მან იმ დროს ძალიან პოპულარული სპეკულატიური ფსიქოლოგიის გზა უარყო და ამ დარგის ახალ გამოწვევებს მიაპყრო საგანგებო ყურადღება. აქედან გამომდინარე, იგი ფსიქოლოგიური მეთოდებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ცდისა და დაკვირვების მეთოდებს. ფსიქოლოგია, როგორც ადამიანისა და მისი სულის შესახებ მეცნიერება, ძირფესვიანად კი არ განსხვავდება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან, არამედ ცდისეული მეთოდის მომარჯვებით ადამიანის სულსა და მის ფსიქიკურ აქტივობებს იკვლევს. გაბრიელ ქიქოძემ ქრისტიანული მსოფლმხედველობა გამოცდილებისეული ცოდნის უარყოფის სამსახურში არ ჩააყენა; მან ფსიქოლოგია, ფიზიკისა და ფიზიოლოგიის მსგავსად, გამოცდილების ცნებაზე დააფუძნა, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ის ამ ორი ცდისეული მეცნიერებისაგან განსხვავდება კიდეც. ფიზიკა და ფიზიოლოგია ხილულ არსებულებს იკვლევს, ხოლო ფსიქოლოგიის შესწავლის საგანი კი უხილავი არსებული - ფსიქიკაა. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სული/ფსიქიკა მეცნიერული შესწავლის მეთოდოლოგიას არ ემორჩილება. ის იმგვარი სუბსტანციაა, რომელიც მრავალი ხდომილებისა და მოვლენის სახით იჩენს თავს და ამიტომ მისი შესწავლაც ისევე აუცილებელია, როგორც სამყაროსეული სუბსტანციებისა. მაშასადამე, ფსიქოლოგია ცდისეული მეცნიერებაა, რომელიც თავისი შემეცნების საგნის, სულის/ფსიქიკის შესწავლას სულიერი/ფსიქიკური პროცესების ცდისეული დაკვირვების შედეგად ახდენს. სულისა და მისი უნარების შესასწავლად შესაფერისი მეთოდი არის მხოლოდ ინტროსპექცია, საკუთარი ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება.
ფსიქოლოგიის ცდისეული მეცნიერების მეთოდი მჭიდროდ არის დაკავშირებული მისსავე შესამეცნებელ საგანთან. მაგრამ რა თავისებურებანი ახასიათებს ამ მეთოდს? საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ეყრდნობა გარეგანი ცდის მეთოდს, ფსიქოლოგია კი ეფუძნება შინაგანი ცდის/გამოცდილების მეთოდს. გაბრიელ ქიქოძე ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგია ცდისეული მეთოდის გამოყენებით თანდათან იმ ტიპის მეთოდოლოგიურ სიზუსტესა და სიმყარეს შეიძენდა, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა მათი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მოახერხეს და შემდეგ წარმატებით შეინარჩუნეს. ამის შესაბამისად, მეცნიერული ფსიქოლოგია სულიერი/ფსიქიკური პროცესების შესწავლის პროცესში ისევე სასარგებლო და ნაყოფიერი უნდა გამხდარიყო, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებია მათი სპეციფიკური სფეროების მიხედვით. გარდა ამისა, ფსიქოლოგიამ წამყვანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (მაგალითად, ფიზიკისა და ფიზიოლოგიის) მიერ მიღწეული შედეგებიც უნდა გამოიყენოს, რათა თავიდან აიცილოს უსარგებლო ჰიპოთეზები და ვარაუდები. ამის კვალობაზე გაბრიელ ქიქოძე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში დაგროვილი გარკვეული ფაქტებისა და მონაცემების გამოყენებას ფსიქოლოგიაში დიდ ყურადღებას აქცევდა. ამგვარად მოდიფიცირებული ფილოსოფიური ფსიქოლოგია პედაგოგიური თვალსაზრისითაც დიდი სარგებლის მომტანია. მან ადამიანის ყოფნის თავისებურებანი უნდა გამოკვეთოს და ამის მეშვეობით საუკეთესო აღზრდის მოდელის სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავოს. აქედან გამომდინარე, სწორედ ადამიანი, მისი არსება, მიზანი და ამოცანები წარმოადგენს მეცნიერული შესწავლის მთავარ საგანს. სწორედ ამის შესაბამისად სურდა გაბრიელ ქიქოძეს ადამიანის შესახებ თანადროული და აქტუალური მეცნიერების მოდელის შექმნა.
ადამიანის შესახებ მეცნიერების ის მოდელი, რომელიც გაბრიელ ქიქოძემ „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში“ წარმოადგინა, რელიგიური დატვირთვის მქონე ფილოსოფიური ანთროპოლოგიაა; ეს იმით არის განპირობებული, რომ ქართველი მოაზროვნე ფსიქოლოგიის საფუძველმდებარე ცნებებისა და კონცეპტების განსაზღვრის დროს, უწინარეს ყოვლისა, რელიგიურ პერსპექტივას ითვალისწინებდა და ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებს იშველიებდა. ამდენად, მისი ფილოსოფიური ანთროპოლოგია რელიგიური შეფერილობისაა. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა გაბრიელ ქიქოძე იმგვარი გრძნობების რელიგიურ ინტერპრეტაციას ახდენს, როგორიცაა სიხარული და სიყვარული, სასოწარკვეთილება და მწუხარება და ა.შ. მას კარგად ესმოდა, რომ ამ რელიგიურ გრძნობებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ ადამიანთა ცხოვრებაში და ამიტომ ადამიანის შესახებ მეცნიერების კონტექსტში მათი გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებდა. გაბრიელ ქიქოძე ადამიანს, პირველ რიგში, რელიგიურ არსებად განიხილავდა და ამიტომაც ლოცვას წამყვან ფუნქციას ანიჭებდა. ამას ცხადად აჩვენებს „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების“ ბოლო, მეათე (დამატებითი) თავი „რამდენიმე სიტყვა სულის უკვდავების შესახებ“. აქ გაბრიელ ქიქოძე სულის უკვდავების არგუმენტებს წარმოადგენს, რომელთა მიხედვითაც სული, ერთი მხრივ, სხეულისგან განსხვავებულ სუბსტანციად აღიქმება, ხოლო, მეორე მხრივ, სრულყოფილების პროცესში მყოფ სუბსტანციად. უწინარეს ყოვლისა, ქართველი მოაზროვნე სულის მთავარ სპეციფიკურ ნიშანს უსვამს ხაზს: სული წარმოადგენს ინდივიდუალობას, ცნობიერსა და თავისუფალი ნებით განპირობებულ პიროვნულობას. გაბრიელ ქიქოძის მიერ სულის უკვდავების სასარგებლოდ წამოყენებული არგუმენტი ეფუძნება ტრადიციულ მსჯელობას, რომლის მიხედვითაც სული არის მარტივი და არა შედგენილი სუბსტანცია. ქართველმა მოაზროვნემ ანტიკურობაში შემუშავებული და კარგად ცნობილი ეს არგუმენტი სულის უკვდავების სასარგებლოდ თავის ნაშრომში უცვლელი სახით დატოვა. დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით საინტერესო და საყურადღებოა მისი მითითება მეორე პერსპექტივაზე, რომელმაც სულის უკვდავება უნდა დაამტკიცოს. ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სული განუწყვეტლივ სრულყოფის პროცესშია, იმას ასაბუთებს, რომ სულის უკვდავებისა და მარადიული არსებობის სასარგებლოდ წამოყენებული ე.წ. „მორალური არგუმენტი“ შესაძლოა უფრო თანამედროვე და აქტუალური იყოს. სულის უკვდავების სასარგებლოდ წამოყენებულ ამ მეორე, ე.წ. „მორალურ არგუმენტს“ თავად გაბრიელ ქიქოძეც უფრო უკეთეს და ღირებულ მტკიცებულებად თვლიდა. ამ არგუმენტის ძალა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების სპეციფიკიდანაც იღებს სათავეს. გარდა ამისა, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ მოძღვრებასთან, რადგან ადამიანის მორალურ-ზნეობრივი სრულყოფა ქრისტიანობაში თითოეული პიროვნების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს: მან თავისი მორალურ-ზნეობრივი მიზნები ამქვეყნიურ ცხოვრებაში კი არ უნდა ეძიოს, არამედ მის მიღმა. აქედან გამომდინარე, „მორალური ჯერ-არსი“, რომელიც ყოველ პიროვნებაში სინდისის ხმის სახით იჩენს თავს, მოითხოვს სამყაროს შემოქმედის არსებობას და მიანიშნებს კიდეც მასზე. გაბრიელ ქიქოძის მიხედვით, ეს მანუგეშებელი ჭეშმარიტებაა, რომელიც ქრისტიანული მოძღვრების მეშვეობით იძენს ვალიდურობას. ამგვარად, ქართველმა მოაზროვნემ სული, მისი უნარები, აქტივობები და უკვდავი ბუნება ფილოსოფიური ფსიქოლოგიის შესწავლის საგნად განსაზღვრა; შესაბამისად, ეს დისციპლინა ადამიანის შესახებ მეცნიერება, ანუ ფილოსოფიური ანთროპოლოგია უნდა გამხდარიყო.
3.1. სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა
თუკი გაბრიელ ქიქოძის ფილოსოფიურ ფსიქოლოგიას მხოლოდ ქრისტიანულ მომენტებზე დავიყვანთ, მაშინ მის აზროვნებაში არსებული მთელი რიგი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიდგომებისა მხედველობის მიღმა დაგვრჩება. XIX საუკუნის ეს დიდი ქართველი მოაზროვნე ახალი დროის ფილოსოფიაში სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემის არა მარტო დიდ მნიშვნელობას აცნობიერებდა, არამედ სათანადოდ აფასებდა ნერვული სისტემის შესახებ ცოდნის მნიშვნელობასაც ფსიქიკური პროცესების შესწავლის დროს. გაბრიელ ქიქოძე თავის ნაშრომში სპეციალურად იკვლევდა სულის მიმართებას ტვინთან და ამით ტვინის ანატომიისა და ნერვული სისტემის კვლევის უახლესი შედეგების რეაქტუალიზებას ახდენდა თავისი ფილოსოფიური ფსიქოლოგიის დაფუძნების დროს. ამდენად, იგი ტვინის ფილოსოფიის, ანუ ნეიროფილოსოფიის საკუთარ ხედვასაც ავითარებდა, რომელიც დღესაც საყურადღებოა, მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელ ქიქოძის ფილოსოფიური განაზრებანი ტვინის შესახებ მხოლოდ მონახაზის სახით არსებობს.
ქართველი მოაზროვნე, უწინარეს ყოვლისა, ხაზს უსვამდა განსხვავებას ტვინსა და სულს შორის და მათი ურთიერთმიმართების ორ ძირითად ასპექტს გამოკვეთდა: ტვინი, მატერიალური ერთეული, გარეგანი დაკვირვების შედეგად ვლინდება როგორც გრძნობადად აღქმადი, ხილვადი ერთეული, ხოლო სული კი შიდა დაკვირვების შედეგად, მხოლოდ სულის საკუთარ თავში ჩაღრმავების, ანუ საკუთარი გამოცდილების შედეგად არის წვდომადი და არა გარეგანი გრძნობების მიხედვით; ამდენად, სული ხილული არ არის. ტვინი, როგორც მარტივი ორგანული სუბსტანცია, მატერიალურია და სხეულის სხვა ორგანოების მსგავსი ელემენტებისგან შედგება. შესაბამისად, ის სხეულის შემადგენლობაში არსებულ ორგანოთაგან განსაკუთრებით გამორჩეული ორგანო არ არის. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ტვინის ატომები და მატერიალური ნაწილაკები უფრო რთული და კომპლექსური ბუნებისაა. მიუხედავად ამისა, გაბრიელ ქიქოძე შორს იყო იმ მოსაზრებისგან, რომ ამ კომპლექსური ნივთიერებიდან, მატერიალიზმის მსგავსად, ფსიქიკური ხდომილებების წარმოშობა აეხსნა. ტვინის რბილ მასას არ შესწევს ძალა, რომ გრძნობები წარმოქმნას. ტვინის მატერიალური ელემენტები სპეციფიკურ სულიერ-გონით უნარებს მოკლებული არიან. მხოლოდ სულს შეუძლია, რომ შეგრძნებათა მიერ გამოწვეული შთაბეჭდილებები და მათზე აპერცეფციები წარმოქმნას. მაგრამ მაშინ რა ფუნქციას ასრულებს ამ კონტექსტში ტვინი? გაბრიელ ქიქოძის მიხედვით, ამ ორგანოს მხოლოდ მეორადი ფუნქცია ენიჭება, რადგან ის სულის ინსტრუმენტს წარმოადგენს და გამაშუალებელ ფუნქციას ასრულებს. ამდენად, გრძნობების სამჭედლო მატერიალური ბუნების მქონე ტვინი კი არ არის, არამედ სულიერი სუბსტანცია. გაბრიელ ქიქოძე ამას უბრალოდ კი არ ამტკიცებდა, არამედ მაშინდელი სპეციალური ფიზიოლოგიური ლიტერატურის ინტენსიური შესწავლის შედეგად ასაბუთებდა. ამის გამო მან „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების“ რამდენიმე მნიშვნელოვანი თავი ტვინის ანატომიას, ტვინის კომპლექსური ფიზიოლოგიური მოქმედების სახეებს და მის სპეციფიკურ შემადგენელ ორგანოებს მიუძღვნა.
გაბრიელ ქიქოძე იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ იგი მარტივ საკვლევ სფეროს როდი შეეჭიდა. ამ კონტექსტში მან მიუთითა კიდევაც იმ სპეციფიკურ სიძნელეებზე, რაც ტვინის უაღრესად რთული და კომპლექსური ორგანოს სისტემატურ შესწავლას ახლავს თან. უწინარეს ყოვლისა, პრობლემას ქმნის ტვინის უაღრესად ფაქიზი მატერიალური ნაწილაკები და სტრუქტურები, რომლებიც მეცნიერებისთვის ართულებს ტვინის შესწავლასა და კვლევას. ამდენად, ტვინის სუბსტანციის გამოკვლევა ძალიან კომპლექსური საქმეა. ზოგჯერ ტვინის მოქმედების შედეგებია ხელმისაწვდომი, ხოლო მათი გამომწვევი მიზეზები კი ფარულია და ადამიანური შემეცნებისთვის ბოლომდე ბუნდოვანი რჩება.
გაბრიელ ქიქოძე, როგორც ზემოთ ითქვა, მატერიალისტი არ იყო. მისი აზრით, გონება და სული ტვინის სუბსტანციის აქტიურობის შედეგად არ წარმოიშობა; მაგრამ იგი იმ სპირიტუალისტურ კონცეფციასაც უარყოფდა, რომლის თანახმადაც სხეულებრივ ორგანოთა და, მათ შორის, ტვინის წარმოშობა სულის მეშვეობით ხდება. ამ ყაიდის სპირიტუალისტურ თეორიას ემპირიული მონაცემები არ უმაგრებს ზურგს. გაბრიელ ქიქოძე კარგად აცნობიერებდა ტვინისა და სულის ურთიერთმიმართების საკითხის გაშუქების სირთულეებს და იმ მნიშვნელობასაც, რომელიც ამ საკითხს სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემის გადაჭრის პროცესში აქვს. აქედან გამომდინარე, იგი არც მატერიალისტების პოზიციაზე იყო და არც სპირიტუალისტებისა, არამედ მოსაშუალე, ფსიქოლოგიური პარალელიზმის პოზიციაზე იდგა. მისი აზრით, სულისა და სხეულის შესაბამისი ქმედებები წარიმართება პარალელურად და ორივე ფენომენი ზეგავლენას ახდენს ერთმანეთზე. მთელ ორგანიზმში, ერთი მხრივ, არსებობს ფსიქიკურად განპირობებული პროცესები, ხოლო, მეორე მხრივ, სხეულებრივად განსაზღვრული მოვლენები. შესაბამისად, გაბრიელ ქიქოძე ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის მოდიფიცირებულ ვერსიას გვთავაზობს, რაც XIX საუკუნის სხვა ფილოსოფოსებმაც (მაგალითად, გუსტავ თეოდორ ფეხნერი) წარმოადგინეს. ამას კარგად აჩვენებს ის მაგალითიც, რომელიც გაბრიელ ქიქოძეს მოჰყავს: სული და სხეული არსებობს როგორც ერთარსი, მაგრამ დამკვირვებელს ისინი ერთი მედლის ორ მხარედ წარმოუდგება.
3.2. ტვინის ფილოსოფიის მონახაზი და ნების თავისუფლების პრინციპი
გაბრიელ ქიქოძის ფილოსოფიური თეორია ტვინის შესახებ, რომელიც ფსიქოლოგიურ პარალელიზმს ეფუძნებოდა, მატერიალიზმს, ნატურალიზმსა და სპირიტუალიზმს ემიჯნებოდა. ამის გამო მან ის უარყოფითი შედეგებიც აირიდა თავიდან, რომელიც თან ახლავს მატერიალისტურ კონცეფციას: თუკი სული მატერიის პროდუქტი და გარემომცველი ბუნების ერთ-ერთი საგანია, მაშინ ის უნდა დაექვემდებაროს ბუნების კანონთა დეტერმინიზმს. ამ შემთხვევაში ვერც სულის თავისუფლება იქნებოდა შესაძლებელი როგორც საწყისისეული მოცემულობა; უფრო მეტიც, სული ბუნებრივი კაუზალობის ბადეში იქნებოდა გახვეული და ნების თავისუფლება, რომელიც ალტერნატივებს გულისხმობს, სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც იყო, რომ ტვინის არაერთი მკვლევარი, რომელიც მატერიალისტურად და ნატურალისტურად იყო განწყობილი, ნების თავისუფლების პრინციპს უარყოფდა და ამით მძაფრი დავა-კამათის საფუძველს ქმნიდა.
გაბრიელ ქიქოძე კარგად იცნობდა ამ თემატიკას. იგი იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ ადამიანის თავისუფლების პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემასთან. ამიტომ იგი საგანგებო ყურადღებას აქცევდა ამ საკითხს და ნების თავისუფლების პირობებს იკვლევდა. იმერეთის ეპისკოპოსი შემდეგ კითხვებზე ცდილობდა პასუხის გაცემას: რას წარმოადგენს ნების თავისუფლება? როდის შეუძლია ადამიანს ამტკიცოს, რომ იგი თავისუფალია და თავისუფლად მოქმედებს? რა არის თავისუფლებისა და ნების თავისუფლების წანამძღვრები?
თავისუფლება წინაპირობად გულისხმობს გონებისა და მოქმედების თავისუფლებას. თუკი გონებას არჩევანის გაკეთება, ანუ განსხვავებულ შესაძლებლობებსა და ალტერნატივებს შორის გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, მაშინ თავისუფლებაც არ არსებობს. თავისუფლება მოაზროვნე არსების ხვედრია, მხოლოდ მოაზროვნეს შეუძლია თავისუფალი ქმედება განახორციელოს. ამდენად, თავისუფლება დროითა და სივრცით განსაზღვრულ ბუნებას ტრანსცენდირებს, მაშასადამე, ის ფიზიკურ მიზეზებს აღემატება და მათზე სრულად არ არის დამოკიდებული, რასაც მატერიალისტები და ნატურალისტები ამტკიცებდნენ. გაბრიელ ქიქოძის აზრით, თავისუფლება ცნობიერი აქტიურობის შედეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოაზრებადის მიღმა ავტომატურისა და მექანიკურის სფერო არსებობს. ასეთი სფერო კი მთლიანად დამოკიდებულია გარეგან ძალებზე, რადგან მექანიკური ქმედებები ცნობიერების გარეშე მიმდინარეობს: როცა ქვა მიწაზე ეცემა, ეს მექანიკური ძალების შედეგია, რადგან ის გრავიტაციის კანონზეა დამოკიდებული და, ამდენად, დროისა და სივრცის კაუზალობის პრინციპს ექვემდებარება. ამის საპირისპიროდ ადამიანი, როგორც თავისუფალი პიროვნება, ყველა ქმედებას ცნობიერად ახორციელებს. ადამიანის თავისუფლების მთავარი წინაპირობა არის გონება, ნება და არჩევანის შესაძლებლობა. თავისუფლება იქ არის მოცემული, სადაც არსებობს ალტერნატივათა შორის არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც სხვადასხვა მოტივებით არის განპირობებული; ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია უკეთესსა და უარესს შორის გააკეთოს არჩევანი. გონების საფუძველზე არსებული თავისუფლების პრინციპი კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის თავისუფლებასაც გულისხმობს, ხოლო ნება კი ის ინსტანციაა, რომელიც ამ არჩევანს აკეთებს, რამდენადაც ის არჩევანის აქტს ახორციელებს. თუმცა, არჩევანის უკან ყოველთვის ადამიანი, პიროვნება დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანია ის არსება, რომელიც გონებასა და ნებას ფლობს და მათ საფუძველზე თავისუფალ არჩევანს აკეთებს.
გაბრიელ ქიქოძე თავისუფლების სხვა ტრადიციულ ცნებებსაც იცნობდა: ადამიანური თავისუფლება იქაც არის მოცემული, სადაც გრძნობადსა და გონივრულს შორის არჩევანის შესაძლებლობაა, ან კიდევ, როცა არჩევანი გრძნობადობის საწინააღმდეგოდ კეთდება. მხოლოდ გონების უმაღლესი მორალური განწყობის შედეგად არის შესაძლებელი ის, რომ გარეგანი და შინაგანი წნეხი გადაილახოს და სწორი არჩევანი იქნეს გაკეთებული. რელიგიური პერსპექტივიდან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს შეუძლია ვნებების, აფექტებისა და სურვილების გონივრული დაძლევა-გადალახვის შედეგად თავისუფლების მიღწევა.
გაბრიელ ქიქოძემ თავისი თეორიული და პრაქტიკული საქმიანობით ქართული ფილოსოფია, ფსიქოლოგია და თეოლოგია გაამდიდრა; უფრო მეტიც: ქრისტიანული სიყვარულით ღრმად გამსჭვალულმა ქართველი ერის ერთ-ერთმა დიდმა სულიერმა მოძღვარმა ჰუმანიზმის დიადი იდეალების დანერგვასა და რეალიზებას შეუწყო ხელი. ამდენად, იგი საქართველოში სრულიად სამართლიანად ითვლება დიდ ეროვნულ მოღვაწედ და თაობების მისაბაძ მაგალითად. გაბრიელ ქიქოძის დიდი ღვაწლი და ქართულ აზროვნებაში მის მიერ გავლებული წარუშლელი კვალი ყველაზე კარგად მაინც ილია ჭავჭავაძემ შეაფასა თავის სიტყვაში, რომელიც მან 1896 წელს გელათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე წარმოთქვა. ილიას აზრით, გაბრიელ ეპისკოპოსი იმ ყაიდის მოაზროვნე იყო, რომელმაც მეცნიერებისა და რელიგიის, ცოდნისა და რწმენის ჰარმონიული სინთეზი დაისახა მიზნად და თავისი საქმიანობით განახორციელა კიდეც ეს პროგრამა: „იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა... და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული.“ (ილია ჭავჭავაძე)
გაბრიელ ეპისკოპოსი თავისი თეორიული და პრაქტიკული საქმიანობით იერუსალიმისა და ათენის სინთეზის მარად აქტუალური მოდელის განმასახიერებელი მოაზროვნე იყო. მეცნიერება და სარწმუნოება არ არის ადამიანური არსებობის ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი და მოურიგებელი სფერო, პირიქით, ისინი თავსებადი, უფრო მეტიც, ერთმანეთის შემავსებელი სფეროებია. ილიას აზრით, თავად გაბრიელ ეპისკოპოსი ამ ორი სფეროს „მორიგებისა და მოთავსების მაგალითია“ და ამაშია მისი ნააზრევის ნაციონალური და ინტერნაციონალური მნიშვნელობა.
(ა). გაბრიელ ქიქოძის ნაშრომები
• ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, თქმულნი 1860-1870 წლებში, ტომი პირველი, ქუთაისი: სტამბა „ძმობა“, 1913 წ.
• ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, თქმულნი 1870-1884 წლებში, ტომი მეორე, ქუთაისი: სტამბა „ძმობა“, 1913 წ.
• გაბრიელ ეპისკოპოსი: ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, რუსულიდან თარგმნეს: ო. ტაბიძემ, თ. ბუაჩიძემ, ვ. გოგობერიშვილმა, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამოცემა“, 1993 წ.
(ბ). სამეცნიერო ლიტერატურა გაბრიელ ქიქოძის შესახებ
• ბუაჩიძე, თ.: არქიმანდრიტ გაბრიელის წიგნის რეცენზენტი, წიგნში: თ. ბუაჩიძე, ფილოსოფიური ნარკვევები, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2005 წ., გვ. 563-571.
• ბუაჩიძე, თ.: ნების თავისუფლების პრობლემა გაბრიელ ეპისკოპოსის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში“, წიგნში: თ. ბუაჩიძე, ფილოსოფიური ნარკვევები, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2005 წ., გვ. 572-584.
• ბუაჩიძე, თ.: სულის პრობლემა გაბრიელ ეპისკოპოსის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 3 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 97-102.
• ბოჭორიშვილი, ა.: გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, წიგნში: ა. ბოჭორიშვილი, თხზულებანი 5 ტომად, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ., გვ. 245-261.
• დობროლიუბოვი, ნ. ა.: ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, თხზულება არქიმანდრიტ გაბრიელისა (ქიქოძისა), ჟურნალში: „მნათობი“, # 7 (თბილისი, 1943 წ.).
• ირემაძე, თ.: წინათქმა - თამაზ ბუაჩიძე, „სულის პრობლემა გაბრიელ ეპისკოპოსის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში“, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 3 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 97.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე: გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა (მისი დრო, ცხოვრება და მოღვაწეობა), რედაქტორები - გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე, თბილისი, 2006 წ.
• მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე: უკანასკნელი დღენი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, რედაქტორი - ლ. ფრუიძე, წინათქმა - ც. ქოჩეჩაშვილი, თბილისი: „ცის ნამი“, 2009 წ.
• ქუთელია, ა.: ნ. ა. დობროლიუბოვი არქიმანდრიტ გაბრიელის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების“ შესახებ, ჟურნალში: „მნათობი“, # 7 (თბილისი, 1943 წ.).
• ჭავჭავაძე, ილია: სიტყვა თქმული გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს [1896 წ.], წიგნში: ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. IV: პუბლიცისტური წერილები, ტომი შეადგინეს და შენიშვნები დაურთეს ს. ცაიშვილმა და გ. გვერდწითელმა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1987 წ., გვ. 419-424.