გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 (1882) წლის 28 ოქტომბერს, იმერეთში, სოფელ სვირში, რომელიც იმჟამად ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. თავდაპირველად, გრიგოლ რობაქიძემ განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ კი სწავლა განაგრძო ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), სადაც, ძირითადად, სამართალს სწავლობდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო ლაიპციგის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც ეკონომიკას, ფილოსოფიას, ლიტერატურას და ისტორიას შეისწავლიდა. განსაკუთრებული მონდომებით იგი სწავლობდა ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას. გრიგოლ რობაქიძე საფრანგეთის რამდენიმე უნივერსიტეტშიც სწავლობდა. 1910 წელს იგი კვლავინდებურად ტარტუში დაბრუნდა სამართლის მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად, სადაც რვა სემესტრის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი დისციპლინა შეისწავლა და შესაბამისი გამოცდებიც ჩააბარა ამ საგნებში. სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება მას ყაზანის უნივერსიტეტში სურდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ეს ვერ მოახერხა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. საქართველოში გრიგოლ რობაქიძემ აქტიურად განაგრძო პუბლიცისტური და პედაგოგიური საქმიანობა. იგი წლების განმავლობაში ქართულ პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა უაღრესად საინტერესო სტატიებს მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი სტატიები ფილოსოფიისა და სოციოლოგიაში. გრ. რობაქიძე 1915 წელს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ქართველ სიმბოლისტთა განთქმული ჟურნალისა „ცისფერი ყანწები“, ხოლო 1918-1921 წლებში კი იგი იყო თანაგამომცემელი ცნობილი ქართულენოვანი გაზეთისა „საქართველო“.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ანექსიის შედეგად დამოუკიდებლობა დაკარგა. გრიგოლ რობაქიძე ამას ვერ შეეუგუა და ემიგრაციაში წავიდა: 1931 წელს იგი რუსთაველის თეატრთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში (სადაც უნდა დადგმულიყო მისი განთქმული დრამა „ლამარა“) და ევროპაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩა კიდეც. 1931-1945 წლებში გრ. რობაქიძე ბერლინში ცხოვრობდა, სადაც განსაკუთრებით მჭიდრო და თბილი ურთიერთობა დაამყარა ცნობილ გერმანელ სოციოლოგთან და ეკონომისტთან ვერნერ ზომბარტთან (1863-1941 წწ.). 1945-1962 წლებში გრ. რობაქიძე შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობდა. 1962 წლის 19 ნოემბერს იგი სწორედ ქ. ჟენევაში გარდაიცვალა, სადაც დაიკრძალა კიდეც. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების, ნინო და კალისტრატე სალიების მეშვეობით მისი ცხედარი საფრანგეთში იქნა გადასვენებული და ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული.
გრიგოლ რობაქიძის მრავალი მნიშვნელოვანი რომანი, მოთხრობა, ლექსი და გამოკვლევა სწორედ ემიგრაციის პერიოდში შეიქმნა. იგი იყო თანაგამომცემელი ქართველ ემიგრანტთა სამეცნიერო-ლიტერატურული ჟურნალისა „ბედი ქართლისა“. გრიგოლ რობაქიძეს საერთაშორისო აღიარება, უწინარეს ყოვლისა, მისმა ლიტერატურულმა შემოქმედებამ მოუტანა. მისი რომანები და მოთხრობები ცნობილ გერმანულ გამომცემლობებში იბეჭდებოდა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი თხზულებები: „გველის პერანგი“ (1926 წ., გერმანულად გამოიცა იენაში - 1928 წ.), „კავკასიური ნოველები“ (ლაიპციგი, 1932 წ.), „მეგი. ქართველი გოგონა“ (ტიუბინგენი, 1932 წ.), „ჩაკლული სული“ (იენა, 1933 წ.), „ქალღმერთის ძახილი“ (იენა, 1934 წ.), „დემონი და მითოსი“ (იენა, 1935 წ.), „გრაალის მცველნი“ (იენა, 1937 წ.) და სხვ. გრ. რობაქიძის ლიტერატურულ შემოქმედებას დიდ შეფასებას აძლევდნენ საყოველთაოდ ცნობილი ევროპელი მწერლები და მოაზროვნეები, კერძოდ, შტეფან ცვაიგი (1881-1942 წწ.), რომენ როლანი (1866-1944 წწ.), ნიკოს კაზანძაკისი (1885-1957 წწ.) და სხვ.
გრიგოლ რობაქიძე არა მარტო ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წამყვანი ფიგურაა, არამედ XX საუკუნის პირველი სამი ათწლეულის ქართული ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და კულტურის მეცნიერების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი წარმომადგენელიცაა. უფრო მეტიც, ამ პერიოდის არაერთი ქართველი მოაზროვნე სწორედ გრ. რობაქიძის ლექციებისა და მოხსენებების წყალობით ეზიარა ევროპული აზროვნების დიად ქმნილებებს. გრ. რობაქიძემ თავისი მხატვრული და სამეცნიერო შემოქმედებით მართლაც შთამბეჭდავი ეპოქა შექმნა XX საუკუნის დასაწყისის ქართულ აზროვნებაში; მან საგანგებო წვლილი შეიტანა ამავე პერიოდის ქართული ფილოსოფიის ფორმირების პროცესშიც. აღმოსავლური და დასავლური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის გზით იგი სამყაროსეულ კითხვებზე ორიგინალური პასუხების პოვნას ცდილობდა. გრ. რობაქიძე თავისი შემოქმედების ადრეული პერიოდის ნაშრომებში ევროპული ფილოსოფიის აქტუალურ პრობლემებს აქცევდა საგანგებო ყურადღებას და შემეცნების თეორიის, სიცოცხლის ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხებს უაღრესად ორიგინალურად განიხილავდა. აქედან გამომდინარე, მისი ადრეული ქმნილებები ცოდნის, პიროვნებისა და უნივერსალური ცნობიერების პრობლემებს ეხება. ამ საკითხთა განხილვისას გრ. რობაქიძე კომუნიკაციის ფილოსოფიური პრობლემის სხვადასხვა ასპექტის თემატიზებას ახდენს და მოდერნის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოაზროვნეს, ფრიდრიხ ნიცშესა და მის უკვდავ ნაშრომებს მიმართავს.
შეიძლება ითქვას, რომ ნიცშესთან კომუნიკაციის პრობლემა გადაულახავ წინააღმდეგობად რჩება, რადგან ვერ ხერხდება ერთ „მე“-სა და მეორე „მე“-ს, ფიხტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, „მე“-სა და „არა-მე“-ს შორის კავშირის გაბმა, მათ შორის ჭეშმარიტი ფილოსოფიური დიალოგის წარმართვა. ამ დიალოგის შედეგად ჭეშმარიტი აზრი უნდა იქნეს შექმნილი, ცოდნა უნდა იქნეს მოპოვებული, სხვებისთვის გადაცემული და სხვების მიერ გაზიარებული. აი, ეს პრობლემა ნიცშესთან გადაულახავ პრობლემად რჩება, რადგან ნიცშე, საბოლოო ჯამში, რადიკალური (ცალმხრივი) ინდივიდუალიზმის პოზიციის მიმდევარი და დამცველი დარჩა!
გრ. რობაქიძე ამ საკითხის გადაჭრას შემეცნების თეორიული საკითხებისა და პრობლემების ახლებური ხედვის საფუძველზე შეეცადა. მისი აზრით, ნიცშეს პრობლემა სწორედ რადიკალური ინდივიდუალიზმის თეორიის განვითარება აღმოჩნდა. თუკი ამ თეორიას ბოლომდე მივყვებით, მაშინ შეუძლებელი იქნება არსებულთა შესახებ საერთოდ რაიმე ცოდნის შექმნა. ამ შემთხვევაში სამყაროს ნებისმიერი ქმნილების შესახებ რაიმეს ჰოყოფაცა და უარყოფაც თანაბრად შესაძლებელი იქნებოდა. აი, ამ გზას აარიდა თავი გრ. რობაქიძემ. მან სამყაროს არსებულთა გაგების პროცესის ადეკვატურად დახასიათების მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა „საერთო ცნობიერების“ ცნებას, რომელიც კანტის ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის გავლენით ე.წ. უნივერსალური ცნობიერების ცნების ეკვივალენტურია. თუმცა, გრ. რობაქიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და კანტის მეშვეობით თვით კანტის ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის საზღვრებსაც კი გასცდა, როცა ამგვარად გაგებული საერთო ცნობიერების უნივერსალურ ხასიათს გაუსვა ხაზი და ის არა მარტო ადამიანთა სამყაროთი შემოფარგლა, არამედ საერთოდ ცოცხალი სამყაროს ქცევისა და მოქმედების პრინციპად დასახა. უფრო მეტიც, „საერთო ცნობიერება“ არა მარტო ჩვენი გარემომცველი ცოცხალი სამყაროს არსებულთა გამაერთიანებელი პრინციპია, არამედ სხვადასხვა პლანეტაზე (მაგალითად, პლანეტა მარსზე) არსებულთა ურთიერთობის პრინციპიც კი შეიძლება იყოს. არა მარტო ადამიანისა და სხვადასხვა პლანეტაზე არსებულთა ფსიქოფიზიკური სტრუქტურა განსხვავდება, არამედ დედამიწაზე მცხოვრებთა (მაგალითად, ადამიანისა და ძაღლის) ფსიქოფიზიკური სტრუქტურაც დიდად სხვაობს ერთმანეთისაგან; მიუხედავად ამისა, სამყაროს სხვადასხვა სფეროში არსებულთა გაგებისა და გაგებინების პროცესი მაინც შესაძლებელია, რადგან ის უნივერსალურ ცნობიერებაში ჩაფესვილი საერთო სტრუქტურების ამოქმედების გზით არის განპირობებული. ამდენად, ცნობიერება იმგვარი ინსტანციაა, რომელიც კოსმიურ ჰარმონიას უზრუნველყოფს და თავად კოსმოსში კი უნივერსალური ურთიერთგაგების საწინდარია. ამდენად, ცნობიერება უნივერსალური კომუნიკაციის წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ რობაქიძემ ზემოთ აღწერილი კომუნიკაციის მოდელის განვითარების შედეგად XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ფილოსოფიაში ახალი ფილოსოფიური განზომილება შემოიტანა. მან საგანგებო ყურადღება მიაქცია სოციალური ფენომენის სტრუქტურას, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა საფუძვლად გამოდგება. სოციალურობა ის ხიდია, რომელიც სამყაროში არსებული სხვადასხვა ინდივიდუალური გამოცდილებებისა და მსოფლმხედველობების გამაერთიანებელია, რისი შედეგიც საკაცობრიო კულტურაა. ინდივიდის უნიკალურობაცა და ფუნქციაც სწორედ სოციალურობის ამ მარგი ქმედების კოეფიციენტის გაცნობიერებაა, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლებს იგი საკუთარი თავის გაგებას, როგორც დიდი სამყაროს მოქალაქისა.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში საქართველოში ტაბუდადებული იყო, საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ მისმა მხატვრულმა და სამეცნიერო თხზულებებმა რენესანსი განიცადა. XX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მოყოლებული დღემდე გრ. რობაქიძის შემოქმედება ქართული თეორიული აზროვნების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მან ორიგინალური ფილოსოფიური იდეებითა და მხატვრული სახეებით, შთამბეჭდავი ესთეტიკური ფიგურებითა და თეორიული კონცეპტებით გაამდიდრა ქართული აზროვნება. მის მხატვრულ და ფილოსოფიურ-კულტუროლოგიურ თხზულებებში განვითარებული იდეები დღესაც აქტუალური და თანამედროვეა. როგორც ცნობილი ლიტერატურათმცოდნე რუდოლფ კარმანი ფართოდ გავრცელებულ „ლიტერატურულ ლექსიკონში“ (გამოიცა ბერნსა და მიუნხენში, 1973 წ.) აღნიშნავდა, გრ. რობაქიძე იყო „სახალხო პოეტი“, ამ სიტყვის ანტიკური გაგებით, და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის გამდები მოაზროვნე; იგი თავის თხზულებებში შუმერულ და ბაბილონურ მითებსაც მიმართავდა და ძველსპარსულ ეპოსსაც. იგი ცალმხრივად გაგებული ევროპულ-ამერიკული აზროვნების გაფეტიშების წინააღმდეგიც იყო.
გრიგოლ რობაქიძე ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური აზროვნების ქომაგი იყო, რომელიც აღმოსავლური სიბრძნისმეტყველებისა და დასავლური ფილოსოფიური მემკვიდრეობის ჰარმონიზების გზით XX საუკუნის კრიზისული ცნობიერებისა და ნიჰილისტური მიდრეკილებების გადალახვას ცდილობდა. იგი ღმერთს დაშორებული სამყაროს დიდი კრიტიკოსიცა და ცივილიზაციათა კონფლიქტის მომრიგებელი მოაზროვნეც იყო. აქედან გამომდინარე, გრიგოლ რობაქიძის აზროვნება მომავალშიც დიდი ინტერესის აღმძვრელი იქნება, რადგან მთელი მისი მხატვრული და ფილოსოფიური შემოქმედების ანალიზი და ინტერპრეტაცია მომავალი კვლევა-ძიების საქმეა.
(ა). გრიგოლ რობაქიძის თხზულებები
• გრიგოლ რობაქიძე: ნაწერები, წიგნი I-V, შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა და კომენტარები დაურთო ლ. ცომაიამ, თბილისი: „ფავორიტი პრინტი“, 2012 წ.
• გრიგოლ რობაქიძე: საპასუხო ბარათი, კრებულში: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება. პუბლიკაცია მოამზადა პროფ. ლ. ზაქარაძემ, რედაქტორ-შემდგენლები - მ. თავხელიძე, თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 130-131.
• Grigol Robakidse: Das Schlangehemd. Roman des georgischen Volkes. Vorwort von Stefan Zweig, Jena: Eugen Diederichs Verlag, 1928.
• Grigol Robakidse: Kaukasische Novellen, Leipzig: Insel Verlag, 1932.
• Grigol Robakidse: Megi: Ein georgisches Mädchen, Tübingen: Reiner Wunderlich Verlag, 1932.
• Grigol Robakidse: Die gemordete Seele. Roman, Jena: Eugen Diederichs Verlag, 1933.
• Grigol Robakidse: Der Ruf der Göttin. Roman, Jena: Eugen Diederichs Verlag, 1934.
• Grigol Robakidse: Dämon und Mythos. Eine magische Bildfolge, Jena: Eugen Diederichs Verlag, 1935.
• Grigol Robakidse: Die Hüter des Grals. Roman, Jena: Eugen Diederichs Verlag, 1937.
(ბ). სპეციალური კვლევითი ლიტერატურა გრიგოლ რობაქიძის შესახებ
• ბაქრაძე, ა.: კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი, თბილისი: „ლომისი“, 1999.
• ბრეგაძე, კ.: ქართული მოდერნიზმი (გრ. რობაქიძე, კ. გამსახურდია, გ. ტაბიძე), თბილისი: „მერიდიანი“, 2013 წ.
• გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები: მ. თავხელიძე და თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ.
• ირემაძე, თ.: გრიგოლ რობაქიძე და ნიცშეს ფილოსოფია. ინდივიდუალიზმი – კომუნიკაცია – უნივერსალიზმი, კრებულში: ნიცშე საქართველოში. ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას, რედაქტორ-შემდგენი თ. ირემაძე, თბილისი: „არხე“, 2007 წ., გვ. 47-56.
• ირემაძე, თ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, კრებულში: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები: მ. თავხელიძე და თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 9-14.
• ირემაძე, თ.: ინდივიდუალიზმი თუ ინტერსუბიექტურობა? (ნიცშე და კანტი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში), კრებულში: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები: მ. თავხელიძე და თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 110-123.
• ირემაძე, თ.: ინდივიდუალიზმი და ინტერსუბიექტურობა, წიგნში: თ. ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 79-86.
• ირემაძე, თ.: ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია და მისი გაგების პერსპექტივები, თბილისი: „ნეკერი“, 2015 წ.
• კოდუა, ე.: გრიგოლ რობაქიძის სოციოლოგიური ნააზრევი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1999 წ.
• ჭელიძე, მ.: გრიგოლ რობაქიძე - ქართული ეროვნული გონის თაურფენომენი „მესამე ნაპირიდან“, წიგნში: მ. ჭელიძე, ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 247-257.
• Gagnidse, N., Schuchard, M.: Grigol Robakidse (1880-1962). Ein georgischer Dichter zwischen zwei Sprachen und Kulturen, Aachen: Shaker Verlag, 2011.
• Iremadze, T.: Grigol Robakidze and Nietzsche’s Philosophy. Individualism – Communication – Universalism, in: T. Iremadze, U. R. Jeck, H. Schneider (eds), Leben verstehen (Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1), Berlin: Logos Verlag, 2014, pp. 77-84.