იოანე პეტრიწი (XII ს.) შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქართველი ფილოსოფოსია, რომელიც საგანგებოდ სწავლობდა და იკვლევდა ნეოპლატონურ ფილოსოფიას. მან ქართულად თარგმნა ნემესიოს ემესელის იმ დროს კარგად ცნობილი ნაშრომი „ბუნებისათჳს კაცისა“, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისების“ მისეული ქართული თარგმანია, რომელსაც მან ვრცელი კომენტარი დაურთო. „თეოლოგიის საწყისების“ კომენტარი პეტრიწის მიერ წარმოადგენს ამ ნაშრომის რეცეფციის მნიშვნელოვან მცდელობას, რადგან ქართველი ფილოსოფოსი მას განიხილავს იმანენტურად, მაშასადამე, თავად პროკლეს ფილოსოფიაზე დაყრდნობით. ამის გამო იგი პროკლეს ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი, პროკლეს შესახებ შუა საუკუნეებში შექმნილი კომენტარების შესწავლის დროს საგანგებო ყურადღების საგანი უნდა გახდეს. დღემდე „თეოლოგიის საწყისების“ ფართოდ გავრცელებულ გამოცემებში ეს მხოლოდ ძალზე არადამაკმაყოფილებლად მოხდა. პროკლეს ამ ნაშრომის პეტრიწისეული თარგმანი და კომენტარი ამ გამოცემებში მხოლოდ ზედაპირულად თუ განიხილებოდა ან სულაც უსამართლოდ იყო გაკრიტიკებული (მაგალითად, ე. რ. დოდსის მიერ გამოცემულ პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ ცნობილ გამოცემაში). პროკლეს ფილოსოფიური შემოქმედების კვლევაში არსებული ეს ხარვეზი მხოლოდ იმის მეშვეობით გასწორდება, თუკი „თეოლოგიის საწყისების“ ქართული თარგმანი და კომენტარი პროკლეს ბიზანტიელ და ლათინელ კომენტატორებთან მჭიდრო კავშირში იქნება განხილული და შეფასებული. აქ, უწინარეს ყოვლისა, პროკლეს ამ ნაშრომის შესახებ ნიკოლოზ მეთონელისა (XII ს.) და ბერთოლდ მოსბურგელის (XIV ს.) კომენტარები უნდა იქნეს დასახელებული. აღსანიშნავია, რომ პროკლეს ეს ორი კომენტატორი განსხვავებული პერსპექტივებიდან გამომდინარე იკვლევდა და განმარტავდა პროკლეს „თეოლოგიის საწყისებს“. გარდა ამისა, ამ კონტექსტში უნდა გავითვალისწინოთ XI-XII საუკუნეების ბიზანტიელი ფილოსოფოსები (მიქაელ ფსელოსი, იოანე იტალოსი) და შუა საუკუნეების ლათინურენოვანი მოაზროვნე ჰაინრიხ ბატე მეხელენელი (XIII ს.).
პეტრიწმა ნეოპლატონიკოს პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ ყველა თავი დაწვრილებით, სიტყვა-სიტყვით განმარტა, ისევე, როგორც ბერთოლდ მოსბურგელმა, რომელმაც პროკლეს ამ ნაშრომის ძალზე ვრცელი კომენტარი შექმნა. პროკლეს ამ ნაშრომის პეტრიწისეული კომენტარი გვარწმუნებს, რომ ქართველი ავტორი ანტიკურ ფილოსოფიას ჩინებულად იცნობდა; ის არ იყენებდა მეორად წყაროებს და სახეცვლილ ცნობებს ანტიკური მოაზროვნეების შესახებ. პეტრიწისთვის პროკლეს ფილოსოფია თავისთავად ღირებულებას წარმოადგენს. ამიტომ ის „თეოლოგიის საწყისებს“ ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტავს; ქართველ მოაზროვნეს სურს, რომ ამ ნაშრომის ფარული შრეები გამოავლინოს და მის არსს ჩასწვდეს. ამ მიზნით, იგი ისევ პროკლეს და ანტიკური ფილოსოფიის სხვა წარმომადგენლებს ეყრდნობა. პეტრიწის კომენტატორული მეთოდი შუა საუკუნეებში დამკვიდრებული ახსნა-განმარტებითი მეთოდებისგან მკვეთრად განსხვავდება. იგი, ამ თვალსაზრისით, უფრო მეტად რენესანსის მოაზროვნეებთან ამჟღავნებს ნათესაურ კავშირს: პეტრიწი ორიგინალური წყაროებიდან თარგმნის და განმარტავს პროკლეს. იგი „განმარტებაჲს“ წინასიტყვაობაში საკმარისად მიმოიხილავს თავისი ნაშრომის შექმნის ძირითად მოტივებს.
პეტრიწი ასახელებს იმ ფილოსოფოსებს, რომლებსაც ეყრდნობა თავის „განმარტებაჲში“: ორფეოსი, პარმენიდე, ძენონი, პლატონი, არისტოტელე, ალექსანდრე აფროდისიელი, პორფირიოსი და ეკლესიის მამები. ის განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევდა პლატონურ ფილოსოფიას, რომლის წარმომადგენლებიც, მისი აზრით, იყვნენ როგორც პლატონის წინამორბედები (ორფეოსი, პითაგორა და ა.შ.), ასევე ნეოპლატონიკოსებიც. პეტრიწი პლატონს „დღის ფილოსოფოსს“ უწოდებს, ხოლო როდესაც „ფილოსოფოსის“ შესახებ საუბრობს, პროკლეს გულისხმობს. ლათინურ შუა საუკუნეებში კი ზედწოდება „ფილოსოფოსი“ არისტოტელესთვის იყო განკუთვნილი.
პეტრიწისთვის სწორედ პროკლეა ის მოაზროვნე, რომელმაც გვიანდელი პლატონის მოძღვრება შესაფერისად გაიგო და ადეკვატურად განავითარა. აქაც ნათლად ჩანს, რომ მისთვის პლატონის ფილოსოფია წარმოადგენს პირველად „ინსტანციას“. პლატონი და პლატონიკოსები მკვეთრად განსხვავდებიან არისტოტელესა და პერიპატეტიკოსებისაგან თავიანთი ფილოსოფიით. ეს უკანასკნელნი ამქვეყნიურ სიბრძნეს გვაწვდიან, მაშინ როცა პლატონი და მისი მოწაფეები ზექვეყნიურ, ღვთაებრივ საიდუმლოს გვაზიარებენ. ამგვარი რამ არისტოტელესა და მის მიმდევრებს არ ხელეწიფებათ. ამიტომ პეტრიწის სიმპათია უფრო პლატონისა და პლატონიკოსებისაკენ იხრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არისტოტელეს ფილოსოფიას არ უარყოფს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სტაგირელის ლოგიკა მისი კომენტარის საგანგებო ინტერესთა სფეროს მიეკუთვნება.
პლატონის ნაშრომებს შორის პეტრიწი რეფერირებს შემდეგ დიალოგებზე: „პარმენიდე“, „კანონები“, „ფედროსი“, „ფედონი“ და „ტიმაიოსი“. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ახსენებს, იგი, ასევე, აციტირებს „თეეტეტსა“ და „ნადიმს“. პეტრიწი ასევე ახსენებს არისტოტელეს სხვადასხვა ნაშრომს, მაგრამ არა ფსევდო-არისტოტელურ ნაშრომებს, რომლებსაც სქოლასტიკოსი ფილოსოფოსები იყენებდნენ. მისი „განმარტებიდან“ ვასკვნით, რომ, „თეოლოგიის საწყისების“ გარდა, იგი ასევე იცნობდა პროკლეს სხვა ნაშრომებს (მაგალითად, პროკლეს კომენტარებს პლატონის დიალოგებზე „პარმენიდე“ და „ტიმაიოსი“, ისევე, როგორც პროკლეს ნაშრომს „პლატონის თეოლოგია“) და „თეოლოგიის საწყისების“ განმარტებისას, საჭიროების მიხედვით, იყენებდა კიდეც მათ.
პლატონისა და მისი ფილოსოფიის, ასევე, მისი მიმდევრების ამგვარი პატივისცემა ლათინურენოვან სამყაროში პეტრიწზე გაცილებით გვიან იკიდებს ფეხს. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელოთ გვიანი შუა საუკუნეების გერმანელი მოაზროვნე ალბერტ დიდი (XIII ს.) და მისი სკოლა. თუმცა, პეტრიწი ორიგინალური (ბერძნული) წყაროების დიდი ცოდნით გამოირჩევა, მაშინ როცა ალბერტ დიდი ბერძნულ ენას ვერ ფლობდა. კიდევ ერთი თვალშისაცემი განსხვავება პეტრიწსა და პროკლეს სხვა კომენტატორებს (ნიკოლოზ მეთონელი, ბერთოლდ მოსბურგელი) შორის არის ის, რომ პეტრიწი პროკლეს ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ხსენების გარეშე განმარტავს. აქაც პეტრიწის, როგორც პროკლეს მკვლევრის, უთუო უპირატესობა ჩანს: „თეოლოგიის საწყისების“ ახსნა-განმარტებისას მან არ გამოიყენა ნეოპლატონიზმის გვიანდელი ვერსიები (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი). პეტრიწისთვის პროკლეს ფილოსოფიას და „ერთის მეტაფიზიკას“ თავისთავადი ღირებულება აქვს. ის, შესაძლებელია, სამყაროს ქრისტიანული სურათის შესაქმნელად გამოვიყენოთ, მაგრამ ჯერ მისი შესაფერისი გაგება და განმარტებაა აუცილებელი.
„თეოლოგიის საწყისების“ კომენტარის შესავალში იოანე პეტრიწი საუბრობს ამ წიგნის შინაარსზე და განიხილავს მას როგორც ერთის არსებობის მტკიცებულებას. შემდეგ ის მოკლედ მიმოიხილავს ერთის ბუნებას, რომელიც, მისი აზრით, არ არის რომელიმე მყოფის იდენტური. „წმინდა“ და „უზადო“ ერთი უნდა იყოს განხილული და დასაბუთებული სილოგიზმების წესების მიხედვით. პეტრიწის განმარტების თანახმად, ეს ერთი არის გადამწყვეტი ცნება ცოდნის დაფუძნების საბოლოო პროცესში. თუ ეს პრინციპი ვერ დამტკიცდება, მაშინ არ იარსებებს უდავო დებულებები და შემეცნების მიზანიც ვერ იქნება მიღწეული. ერთი არის პრინციპი, რომელიც ცოდნას შესაძლებელს ხდის.
„თეოლოგიის საწყისების“ პირველ თავში პროკლე ერთს განიხილავს ყველა სახის სიმრავლის წარმომშობად. პეტრიწი მის კომენტარებში მიჰყვება ამ დებულებას და წარმოადგენს თავის არგუმენტებს პროკლეს ამ მიდგომის განსამტკიცებლად. პეტრიწი, პირველ რიგში, იმ ძირითადი აქსიომის ერთგულია, რომ მყოფთა ჯაჭვი საჭიროებს საწყისს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროს სხვაში ექნებოდა სათავე, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ყოფილიყო ერთი, რამდენადაც პირველი პრინციპი (ერთი) გამონაკლისის გარეშე უნდა მოიცავდეს კოსმოსში არსებულ ყველა არსებულს. ერთი, როგორც არსებობის მიზეზი და სათავე, როგორც ასეთი, ითვლება, რომ აღმატებულია და არცერთ თვისებას არ იღებს მისგან, რასაც თავადვე განაპირობებს. მხოლოდ ეს ერთი ანიჭებს თვითობას ყველა სხვა არსებულს, იმიტომ, რომ როგორც ყოველივე მომდევნოს მთავარი პრინციპი და შემოქმედი, თავად არაფერს საჭიროებს.
ანტიკური სამყაროს ფილოსოფიურ ტექსტებს პეტრიწი ისე იკვლევს, რომ მათ საზრისს სურს სწვდეს. ამა თუ იმ წიგნის დედააზრს კი მხოლოდ მისი ადეკვატური განმარტებით გავიგებთ; ეს იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ავტორის შემოქმედება იმანენტურად, პირველად წყაროებზე დაყრდნობით უნდა განვმარტოთ. ამ თვალსაზრისით პეტრიწის ახსნა-განმარტებითი მეთოდი მსგავსია იტალიური რენესანსის ცნობილი წარმომადგენლის, მარსილიო ფიჩინოს (1433-1499 წწ.) კომენტატორული მეთოდისა.
პეტრიწისთვის ფილოსოფია აღარაა ღვთისმეტყველების მსახური. ის, ეფრემ მცირესგან განსხვავებით, „გარეშე ფილოსოფოსებს“ დიდ ყურადღებას აქცევს და მათი შესწავლის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამგვარი აუცილებლობა უკვე აღარ ნიშნავს „მსახურად ყოფნის“ აუცილებლობას. პეტრიწთან ფილოსოფია და ღვთისმეტყველება ერთ დიდ საერთო მიზანს ემსახურება – დაუსახოს ადამიანს მართებული საერო და სასულიერო ორიენტირები.
იოანე პეტრიწის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია პითაგორას მოძღვრებამაც. „თეოლოგიის საწყისების“ კომენტარში პეტრიწი საუბრობს პითაგორასა და პითაგორელების შესახებ და ამ მოაზროვნეებს „ძველ ღვთისმეტყველთა“ რიცხვს მიაკუთვნებს, მაშასადამე, მათ, ვინც ღვთაებრივ მოძღვრებასა და უმაღლეს ჭეშმარიტებას ფლობენ და გვიცხადებენ კიდევაც. ამასთანავე, პეტრიწი პარმენიდესა და ძენონსაც პითაგორელებს მიაკუთვნებს. აქედანაც ჩანს, რომ ქართველი ფილოსოფოსი ამ მოაზროვნეებისადმი გარკვეულ სიმპათიას ამჟღავნებს. ეს კიდევ უფრო კარგად ვლინდება პეტრიწისეულ ძიებაში „წმინდა ღვთისმეტყველებისა“, რომელიც, როგორც ქრისტიანული ფილოსოფია, მხოლოდ ღვთაებრივ და ზეციურ არსებულთა შესახებ მოძღვრება უნდა ყოფილიყო. პეტრიწი ძველ ბერძენ მოაზროვნეთაგან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პითაგორასა და მის მოწაფეებს, რადგან ეს ფილოსოფოსები (მათი აბსტრაქტული აზროვნების მეშვეობით) „წმინდა ღვთისმეტყველების“ შექმნას დიდად უწყობდნენ ხელს.
მაშასადამე, იოანე პეტრიწმა ანტიკური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს მიმართა და თანამედროვეობას ანტიკური სიბრძნის ათვისების აუცილებლობაზე მიუთითა. პეტრიწის ფილოსოფიური შემოქმედება გვაჩვენებს, რომ ქრისტიანობას აუცილებლად სჭირდება „გარეშე სიბრძნე“, ანუ პლატონი, არისტოტელე, პროკლე და ა.შ. ესე იგი, რწმენას აუცილებლად სჭირდება ცოდნა, თუმცა ამგვარი პოზიცია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში დიდ შიშსაც იწვევდა. ამას ადასტურებს XIII საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელმაც პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ იოანე პეტრიწისეული თარგმანი და კომენტარი გადაწერა და თან მცირედი, მაგრამ მეტად საყურადღებო შენიშვნაც დაურთო თავის ნაშრომს. პეტრიწის კომენტატორული საქმიანობა, ამ უცნობი მოღვაწის აზრით, საფრთხესაც შეიცავს. მას მიაჩნია, რომ პროკლეს ფილოსოფია ადამიანთათვის შეიძლება „წარმწყმედი“ და საცთური აღმოჩნდეს; იგი ამიტომ მის „ბოროტად გამოყენებას“ უფრთხის. პროკლეს ამ ნაშრომით ადამიანები შეიძლება „წარიწყმიდონ“ ანდა „განათლდნენ“ (ე.ი. ღვთისმეტყველები გახდნენ).
იოანე პეტრიწი ყველაზე ფართოდ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსია. პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ პეტრიწისეულმა ქართულმა თარგმანმა და კომენტარმა არა მხოლოდ ქართულ ფილოსოფიასა და კულტურაზე მოახდინა დიდი გავლენა, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. 1248 წელს სომეხმა ბერმა სიმეონ პღინძაჰანეციმ სომხურად თარგმნა პროკლეს ნაშრომის პეტრიწისეული თარგმანი და ამით ხელი შეუწყო პროკლეს ფილოსოფიის გავრცელებას სომხეთში. XVII საუკუნეში სომეხი ფილოსოფოსები ინტენსიურად განიხილავდნენ პროკლეს აზროვნებას და თანაც მისი აქტუალობის შესახებაც მსჯელობდნენ. 1651 წელს სომეხმა ეპისკოპოსმა სიმეონ ჯუღაეციმ შექმნა კომენტარები, რათა გაეადვილებინა „თეოლოგიის საწყისების“ გაგება. ეს კომენტარები ემყარებოდა სიმეონ პღინძაჰანეცის მიერ XIII საუკუნეში შესრულებული პეტრიწის ქართული თარგმანის სომხურ თარგმანს.
1757 წელს ეს კომენტარები პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ სომხურ ვერსიასთან ერთად ხელახლა ითარგმნა ქართულად, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დაატყო ქართულ კულტურას. ამგვარად, XVIII საუკუნეში ქართულ ენაზე „თეოლოგიის საწყისების“ სულ მცირე ორი განსხვავებული კომენტარი მოიპოვებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნეების ქართველი მოაზროვნეები ამ ტექსტებს სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ზოგიერთი (ანტონ ბაგრატიონი) მწვავედ აკრიტიკებდა სომხურ ვერსიას მისი შინაარსის გამო, ზოგიერთი კი ფართოდ იყენებდა თავის შემოქმედებაში (იოანე ბაგრატიონი). თუმცა, ერთი რამ ცხადია: ახალი დროის საქართველოში პროკლეს ფილოსოფია პეტრიწის ნაშრომების დამსახურებით ცხოველი განხილვისა და ინტერესის საგანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ პეტრიწის გზა ქართულ აზროვნებაში უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მას ახალი დროის ქართულ აზროვნებაში (მოწინააღმდეგეებთან ერთად) საიმედო მიმდევრებიც გამოუჩნდა: სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725 წწ.), ანტონ ბაგრატიონი (1720-1788 წწ.) და იოანე ბაგრატიონი (1768-1830 წწ.).
განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტრიწის ფილოსოფიის ანტონისეული რეცეფცია. ანტონ ბაგრატიონი თავის ნაშრომებში საგანგებო ყურადღებას აქცევდა პეტრიწის ღვაწლს. თავის „წყობილსიტყვაობაში“ (1768 წ.) მას ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მიღწევების აღნუსხვა სურდა. პეტრიწის მოღვაწეობა, ამ მხრივ, მისთვის სამაგალითო იყო: ანტონს მიაჩნდა, რომ სწორედ პეტრიწმა ჩაუყარა საფუძველი ქართული კულტურის აღორძინებას. პეტრიწმა გაარღვია ქართული ფილოსოფიის ლოკალური საზღვრები და ის ინტერნაციონალური გახადა („ქართლი ჰქმენ ათინანი“). სწორედ ამიტომაა ანტონი აღტაცებული („განლიგებული“) მისი მოღვაწეობის გამო. თავისი ფილოსოფიური ნაშრომის – „სპეკალი“ (1752 წ.) – რამდენიმე ვრცელი თავი პეტრიწის შემოქმედებასა და პიროვნებას ეხება. შეიძლება ითქვას, რომ „სპეკალი“ ახალი დროის ქართულ აზროვნებაში პეტრიწის ფილოსოფიის ყველაზე სანდო და საინტერესო ანალიზს გვთავაზობს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ამ ნაშრომის ბოლო თავები სწორედ პეტრიწს ეძღვნება.
ახალი დროის ქართულ აზროვნებაში ყველა როდი იზიარებდა ანტონ ბაგრატიონის ამ თვალსაზრისს. ტიმოთე გაბაშვილი (XVIII ს.) პეტრიწის თხზულების უცნობი გადამწერის ეჭვს უსაფუძვლოდ არ თვლიდა და „თეოლოგიის საწყისების“ ქრისტიანული რწმენის მიხედვით წაკითხვას მოითხოვდა. იგი, ამდენად, ამ ნაშრომის ქართველი მთარგმნელის საქმიანობასაც ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა, პეტრიწის ღვაწლის ანტონისეული შეფასება უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა; მას სრულად იზიარებდა XIX საუკუნის დიდი ქართველი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და ლოგიკოსი სოლომონ დოდაშვილი (1805-1836 წწ.). აღსანიშნავია ისიც, რომ XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის მოთავეებმა (შ. ნუცუბიძე (1888-1969 წწ.), ს. გორგაძე (1876-1929 წწ.), მ. გოგიბერიძე (1897-1949 წწ.) და სხვ.) პეტრიწის ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაზე დაყრდნობით განაახლეს და ააღორძინეს ქართული სიბრძნისმეტყველების ერთ დროს „მივიწყებული წყაროები“.
XX საუკუნეში იოანე პეტრიწის შემოქმედების კვლევა-ძიების საქმე არსებითად გაუმჯობესდა. დაწყებული ნიკო მარის საეტაპო ნაშრომიდან, პეტრიწის ფილოსოფია სულ უფრო მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში. სწორედ XX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიცა პეტრიწის მთავარი შრომები და შეიქმნა არაერთი საყურადღებო ნაშრომი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მის ფილოსოფიურ ნააზრევს საგანგებო გამოკვლევები მიუძღვნეს: გ. თევზაძემ, შ. ხიდაშელმა, ი. ფაცხავამ, თ. კუკავამ, დ. მელიქიშვილმა და სხვ. XXI საუკუნის დასაწყისში იოანე პეტრიწის ფილოსოფია უკვე დასავლური ფილოსოფიური აზროვნების ინტეგრალური ნაწილი გახდა (თ. ირემაძე, ჰ. ქ. გიუნტერი, ლ. ალექსიძე, ლ. გიგინეიშვილი და სხვ. ნაშრომები). იოანე პეტრიწის შემოქმედების შესახებ სალექსიკონო სტატიები გამოქვეყნდა „სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიასა“ (2006 წ.) და ცნობილი გერმანული გამომცემლობა „რეკლამის“ მიერ გამოქვეყნებულ „ფილოსოფოსთა ლექსიკონში“ (2009 წ.).
(ა). იოანე პეტრიწის ნაშრომები
• იოანე პეტრიწი: პროკლე დიადოხოსისა პლატონურისა ფილოსოფოსისა კავშირნი, ტ. I, ქართული ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, შესავალი სტატია მ. გოგიბერიძისა, თბილისი: „სტალინის სახელობის თ.ს.უ. გამომცემლობა“, 1940 წ.
• იოანე პეტრიწი: განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს, ტ. II, ქართული ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, ტფილისი: „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1937 წ.
• იოანე პეტრიწი: სათნოებათა კიბე, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1968 წ.
• იოანე პეტრიწი: განმარტება პროკლე დიადოხოსის „ღვთისმეტყველების საფუძვლებისა“, თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიღო, გამოკვლევა, ლექსიკონი და შენიშვნები დაურთო დ. მელიქიშვილმა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1999 წ.
• პროკლე დიადოხოსი პლატონური ფილოსოფოსი. კავშირნი ღვთისმეტყველებითნი. ხელნაწერი H-1337. თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა, ტ. I, რედაქტორ-გამომცემელი - დ. მელიქიშვილი, თბილისი: „შპს დალმა“, 2016 წ.
• პროკლე დიადოხოსი პლატონური ფილოსოფოსი. კავშირნი ღვთისმეტყველებითნი. თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა, ტ. II, დიპლომატური გამოცემა, გამოსაცემად მოამზადეს დ. მელიქიშვილმა და ნ. მიროტაძემ, თბილისი: „შპს კოლორი“, 2016 წ.
• პროკლე დიადოხოსი, კავშირნი ღვთისმეტყველებითნი და იოანე პეტრიწის განმარტებები. სომხური ვერსია, ტ. III, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა დაურთო მ. რაფავამ. კრიტიკული აპარატი და ლექსიკონი მოამზადეს მ. რაფავამ, ხ. გაფრინდაშვილმა და ი. ხოსიტაშვილმა, თბილისი: „შპს კოლორი“, 2016 წ.
• ნემესიოს ემესელი, ბუნებისათჳს კაცისა, ბერძნულითგან გადმოღებული იოვანე პეტრიწის მიერ. ქართული ტექსტი შეისწავლა, გამოსაცემად დაამზადა და ლექსიკონ-საძიებლები დაურთო ს. რ. გორგაძემ, ტფილისი: „გამოცემა საეკლესიო მუზეუმისა, # 17“, 1914 წ.
• Ioane Petrizi: Kommentar zur Elementatio theologica des Proklos, Übersetzung aus dem Altgeorgischen, Anmerkungen, Indices und Einleitung von L. Alexidze und L. Bergemann, Amsterdam/Philadelphia, 2009.
(ბ). სამეცნიერო ლიტერატურა იოანე პეტრიწის შესახებ
• ანტონ ბაგრატიონი: წყობილსიტყვაობა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• არეოპაგიტული კრებული. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი ძველქართულ მწერლობაში, გამოსაცემად მოამზადა ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ., გვ. 100-101.
• ალექსიძე, ლ.: იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2008 წ.
• გოგიბერიძე, მ.: რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1961 წ.
• თევზაძე, გ.: იოანე პეტრიწი და ნიკოლოზ მეთონელი, წიგნში: შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ., გვ. 188-196.
• თევზაძე, გ.: იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2006 წ.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 2 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 58-64.
• ირემაძე, თ.: საერო და საღვთო სიბრძნე შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი), წიგნში: თ. ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 16-25.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი), კრებულში: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი პრინტი“, 2016 წ., გვ. 8-20.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწი და ფილოსოფიური ენის პრობლემატიკა, წიგნში: თ. ირემაძე, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 43-46.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწი - ქართული ფილოსოფიის პარადიგმატური ავტორი, წიგნში: თ. ირემაძე, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 47-50.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფია ქართული აზროვნების კონტექსტში, წიგნში: თ. ირემაძე, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 51-56.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.
• იეკი, უ. რ.: განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ, გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლ. ზაქარაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ.
• კუკავა, თ.: იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1971 წ.
• მელიქიშვილი, დ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბილისი: „განათლება“, 1975 წ.
• ფანცხავა, ი.: იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობის ძირითადი საკითხები, ჟურნალში: „მნათობი“, # 9 (თბილისი, 1941 წ.), გვ. 114-142.
• ხიდაშელი, შ.: იოანე პეტრიწი, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1956 წ.
• ხიდაშელი, შ.: იოანე პეტრიწი, წიგნში: შ. ხიდაშელი, ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ., გვ. 170-197.
• Марр, Н.: Иоаннь Петрицский – Грузинский Неоплатоникь XI—XII вв. Записки Восточного отделения Императорского Русского археологического общества, XIX, Санктпетербургъ: „Типографія Императорской академіи наукъ“, 1909.
• Gigineishvili, L.: The Platonic Theology of Ioane Petritsi, Piscataway, NJ: Gorgias Press (United States), 2007.
• Iremadze, T.: Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus. Zur Rezeption der Proklischen Philosophie im deutschen und georgischen Mittelalter: Dietrich von Freiberg – Berthold von Moosburg – Joane Petrizi, Amsterdam – Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2004.
• Iremadze, Tengiz (2006). Joane Petrizi. Stanford Encyclopedia of Philosophy. http://plato.stanford.edu/entries/joane-petrizi/.
• Iremadze, T.: Joane Petrizi, in: Philosophenlexikon, hrsg. von S. Jordan und B. Mojsisch, Stuttgart, 2009, გვ. 285-286.