2021-03-07 თენგიზ ირემაძე

ეფრემ მცირე

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

ეფრემ მცირე ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია შუა საუკუნეების საქართველოში. მან ეკლესიის მამების არაერთი თხზულება თარგმნა ძველქართულად და ამ თარგმანებს თავისი კომენტარებიც დაურთო. მთარგმნელობით-კომენტატორული საქმიანობით ეფრემმა დიდწილად გაამდიდრა ქართული კულტურა. გარდა ამისა, მან ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტექსტების თარგმანისა და განმარტებების საკუთარი მეთოდიც შეიმუშავა. ეფრემ მცირის ცხოვრების შესახებ მცირედი ცნობებია შემორჩენილი. ცნობილია, რომ იგი XI საუკუნეში მოღვაწეობდა და XII საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის 1103 წელს შეკრებილი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“. ეფრემ მცირე სწავლობდა კონსტანტინოპოლში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ძველი ბერძნული ენა და ლიტერატურა; აქ განსწავლის შემდეგ კი ანტიოქიაში აქტიური მთარგმნელობითი საქმიანობა წამოიწყო. ანტიოქია ადრეული ხანის ქრისტიანული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და ქართველი ინტელექტუალების ყურადღებასაც იპყრობდა. პავლე მოციქული თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იქ მოღვაწეობდა და, საერთოდ, ქრისტიანობის ამ დიდ კერაზე ეკლესიის დიდ მამათა მოღვაწეობით საფუძველი ჩაეყარა სახელგანთქმულ „ანტიოქიის სკოლას“. ცხადია, ეფრემმა ეს კარგად უწყოდა და დიდი აღტაცებით წავიდა სირიაში; ანტიოქიაში იგი ე.წ. „შავ მთაზე“ დამკვიდრდა, სადაც ქართველმა ბერმონაზვნებმა განთქმული ფილოლოგიური სკოლა დააარსეს. გარდა ამისა, ეფრემ მცირეს მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობები ჰქონდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ურთიერთობა ანტიოქიის პატრიარქთან, რასაც იგი საკუთარი საღვთისმეტყველო კვლევა-ძიების გასაღრმავებლად იყენებდა კიდეც.

2 -მთარგმნელობითი საქმიანობა

ეფრემ მცირის შემოქმედება მოიცავს როგორც მის მიერ თარგმნილ ტექსტებს, ასევე ორიგინალურ თხზულებებსაც. შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს“ და დიონისე არეოპაგელის ნაშრომების („არეოპაგიტული კორპუსი“) ეფრემისეულმა ძველქართულმა თარგმანებმა. ეფრემმა სპეციფიკური მეთოდის შემუშავების შედეგად ქართულ აზროვნებაში ქრისტიანული ეგზეგეზის განვითარებას შეუწყო ხელი. ქრისტიანობის კლასიკური ტექსტების თარგმანისა და განმარტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი დასაბამს სწორედ მისი მთარგმნელობითი საქმიანობიდან იღებს.

ეფრემ მცირემ მიზნად დაისახა რთული ამოცანის გადაჭრა - ბერძნული ტექსტების თარგმნა ქართულ ენაზე იოლი საქმე არ იყო. ბერძნული და ქართული ენობრივი სივრცე მარტივად როდი ეთანადებოდა ერთმანეთს. ამისთვის საჭირო შეიქნა ენობრივი ძიებისა და წიაღსვლის დახვეწილი უნარის ფლობა. ამას მექანიკურად მოქმედი მთარგმნელი ვერ გააკეთებდა, ეს საქმე ფილოლოგიური უნარ-ჩვევებით აღჭურვილ მოაზროვნეს უნდა ეტვირთა. თუმცა, ეს ერთადერთი წინაღობა არ იყო! ამას ემატებოდა ეკლესიის ბერძენი მამების სპეციფიკური ენობრივი სირთულეები. „არეოპაგიტული კორპუსის“ წინადადებათა უჩვეულო სიტყვის მარაგი და კომპლექსური გრამატიკული სტრუქტურა მთარგმნელს ურთულეს პრობლემებს უქმნიდა. ლათინურენოვან დასავლეთში საუკუნეები გავიდა, სანამ მის გადმოსაღებად მეტ-ნაკლებად საიმედო მთარგმნელობითი ხერხები იქნა მოძიებული. IX საუკუნეში ამისთვის იოანე სკოტ ერიუგენა გაისარჯა, ხოლო XV საუკუნეში კი ნიკოლოზ კუზანელი თავისი განაზრებების საფუძვლად დიონისე არეოპაგელის ახალ თარგმანს იყენებდა.

ეფრემ მცირემ ოსტატურად დაძლია მის წინაშე არსებული სირთულეები, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა მას. რადგან იგი სირიაში მოღვაწეობდა, მისთვის უცხო არ იყო ის კულტურული გარემო, რომელიც თარგმანების მეშვეობით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის აზრთა ინტერკულტურული გაცვლა-გამოცვლის მყარ საშუალებებს ქმნიდა. თარგმანისა და განმარტების მისეული მეთოდი და პრაქტიკა მრავალმხრივი მთარგმნელობითი გამოცდილების საფუძველი გახდა. ის ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

 

  1. 1. ყოველი ტექსტი მისი ორიგინალიდან უნდა იქნეს თარგმნილი. ამით ეფრემმა თავიდან აიცილა მთელი რიგი შუალედური საფეხურები მთარგმნელობით პრაქტიკაში, რომლებიც ბუნდოვანების შემომტანი იყო. ვისაც საწინააღმდეგო გზის გავლა მოუხდა, ვერ ასცდა მთელ რიგ უზუსტობებსა და არასწორ ხედვებს. ამის ნათელი ნიმუშია არისტოტელეს თხზულებათა ლათინური თარგმანები, რომლებიც არაბული ენიდან შესრულდა და არაერთი უზუსტობისა თუ მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა.
  2. 2. გარდა ამისა, ნებისმიერი თარგმანი მის ორიგინალს ზუსტად უნდა შეესატყვისებოდეს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მთარგმნელს ტექსტი სიტყვასიტყვით უნდა ეთარგმნა. უწინარეს ყოვლისა, მას იმ ენის თავისებურება და სტრუქტურა უნდა გაეთვალისწინებინა, რომელზეც თარგმანი უნდა შესრულებულიყო. მხოლოდ ამის საფუძველზე თუ შეძლებდა იგი სათარგმნელი ტექსტის საზრისის წვდომასა და სხვა ენობრივ ქსოვილში ადეკვატურად გადატანას. ლათინურენოვან დასავლეთში არაერთი მოაზროვნე ფიქრობდა, რომ არისტოტელეს ზუსტი თარგმანი ლათინურ ენაზე მის სიტყვასიტყვით გადმოღებას ნიშნავდა. დიდმა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც ლათინურენოვანმა მოაზროვნეებმა ეს მცდარი ხედვა უკუაგდეს და მთარგმნელობითი ხელოვნების ახალი მეთოდოლოგიური პრინციპები შეიმუშავეს. ამ კუთხითაც ქართველი მთარგმნელი გარკვეულწილად წინ უსწრებდა მთარგმნელობითი ხელოვნების ლათინურენოვან ტრადიციას.
  3. 3. მთარგმნელს თარგმნილი ტექსტისთვის უნდა დაერთო სპეციალური კომენტარები, რომლებიც მკითხველს ტექსტის გაგების პროცესში დაეხმარებოდა. თავის კომენტარებში მას თარგმნილი ტექსტის მნიშვნელოვანი თემები და პრობლემები უნდა გაეშუქებინა და თარგმნილი ტექსტი ისტორიულ-ლინგვისტურ კონტექსტში განეხილა.

ეფრემ მცირის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას თარგმნაც შეეძლო და კომენტირებაც. ამ უნარ-ჩვევების გამო იგი თავისი დროის მრავალ მთარგმნელს აღემატებოდა. მართალია, ლათინურენოვან დასავლეთშიც არაერთი კარგი მთარგმნელი და კომენტატორი მოღვაწეობდა, მაგრამ თვით XIII საუკუნეშიც კი ეს ორი სფერო - თარგმანი და კომენტარი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდა. თომა აქვინელი ვერ ფლობდა ბერძნულ ენას, ხოლო მის ხელთ არსებულ თარგმანთა შემსრულებლები კი ტექსტის განმარტების ისეთ ტექნიკას ვერ ფლობდნენ, როგორსაც თომა აქვინელი. ალბერტ დიდიც მსგავს პირობებში ქმნიდა თავის კომენტარებს. თომა აქვინელი და ალბერტ დიდი ორიგინალებში არ იცნობდნენ ბერძნულ კულტურას, რაც მათ კომენტარებში არსებული მრავალი უზუსტობისა და შეცდომის წყარო გახდა. იოანე სკოტ ერიუგენა, რომელმაც ძველი ბერძნული ენა კარგად იცოდა, ლათინურენოვან დასავლეთში დიდ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

ეფრემ მცირეს ძალზე კარგად ესმოდა თავისი საქმე. მთარგმნელობით საქმიანობაში იგი ზემოთ განხილულ პრინციპებსა და მეთოდებს ზედმიწევნით ითვალისწინებდა და ახორციელებდა. მისი მთარგმნელობითი მეთოდი დიდად აღემატებოდა ადრე არსებულ მთარგმნელობით და ახსნა-განმარტებით მეთოდებს. ეფრემის მეთოდი, გარკვეული აზრით, თანამედროვეცაა და სწორედ ამის გამო დღესაც არ კარგავს აქტუალობას: ეფრემმა ქართულ სააზროვნო სივრცეში ორიგინალური ქრისტიანული წყაროები შემოიტანა და ამის შედეგად ხელი შეუწყო ქრისტიანობის რენესანსს საქართველოში.

3 -ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგია

ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თხზულება „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“. ამ ნაშრომში განხილულია ქართული ეკლესიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები და წამოყენებულია კრიტიკა მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალურობას უარყოფდა. ამ პირთა წინააღმდეგ ეფრემ მცირე გააფთრებით იბრძოდა და მყარი არგუმენტებიც მოჰყავდა მათ საპირისპიროდ: მისი აზრით, როცა ანდრია მოციქულმა პირველად იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, თავდაპირველად მან ზღვისპირეთში (აჭარასა და აფხაზეთში) იქადაგა, ამის შემდეგ ოსეთში, მოგვიანებით კი - საქართველოს ჩრდილოეთ მხარეებში.

მიუხედავად ანდრია მოციქულის ინტენსიური და თანმიმდევრული მოღვაწეობისა, ქრისტეს რჯულზე მოქცევის პროცესი საქართველოში სრულყოფილად ვერ განხორციელდა. ეს პირველად წმიდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად მოხდა, რომელმაც ქართლის მეფე მირიანი და მისი მეუღლე ნანა ქრისტიანობაზე მოექცა. ამგვარად, საქართველოს გაქრისტიანების პროცესი სწორედ რომ წმიდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული; მან საქართველოში ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგია იქადაგა, განავრცო და ამით მთელი საქართველო მოაქცია ქრისტეს რჯულზე.

რატომ იყო ეფრემ მცირისთვის ეს ფაქტი ასე მნიშვნელოვანი? რატომ ანიჭებდა იგი ამ პროცესში ანდრია მოციქულს ასე დიდ მნიშვნელობას?

უამრავი ლეგენდა არსებობს ქრისტიანობის გავრცელების პროცესის შესახებ. ამის მიუხედავად, ეფრემის სტრატეგია კარგად იყო გააზრებული: ანდრია მოციქული პირველ ოთხ მოციქულს შორის იყო და ქრისტეს მოწაფეთა უშუალო წრეს განეკუთვნებოდა. რასაც ახალი აღთქმა მის შესახებ მოგვითხრობდა, უდიდეს მნიშვნელობას იძენდა. მაგრამ მხოლოდ ეს როდი იყო მნიშვნელოვანი! აუცილებელი იყო იმის ხაზგასმაც, რომ ანდრია მოციქულის გზავნილები უშუალოდ პირველი ხელიდან მოდიოდა. ეკლესიის მამათა თანახმად, მოციქული ანდრია დიდი მისიონერული საქმიანობით გამოირჩეოდა, რომლის დროსაც მან შავ ზღვასთან ახლოს არსებული ადგილების ქრისტიანიზება მოახდინა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მან საქართველოში მოაღწია და აქაც იქადაგა ქრისტიანობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს „გეოგრაფიული“ არგუმენტია, არის შემდეგი რამ: ის ფაქტი, რომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ნიშნები საკმაოდ ადრე გვხვდება. ამდენად, ის თავდაპირველი ქრისტიანობის წიაღიდან მომდინარეობს.

კიდევ სხვა რა უნდა ესურვა შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოსოფიის წარმომადგენელს საქართველოში, თუ არა უშუალოდ სიბრძნის თაურწყაროებიდან მიეღო პირველადი ცნობები აღნიშნული საკითხის შესახებ?! ამის გამო მისი არგუმენტები კიდევ უფრო მყარი შეიქმნა, რომელთა უკუგდებაც რთული საქმე იყო.

ეფრემ მცირეს კარგად ესმოდა ამ წამოწყების მნიშვნელობა და სწორედ ამის გამო მისი ნაშრომი, უწინარეს ყოვლისა, იმ ბერძენი ბერებისა და მოაზროვნეების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავისთავადობასა და თვითმყოფადობას უარყოფდნენ. ამ ტიპის კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ქართველებმა არასწორად გაიგეს და განმარტეს წმიდა წიგნები და ამის შედეგად საკუთარი სულიერი ტრადიციის გადამეტებულ შეფასებამდე მივიდნენ.

ეფრემ მცირე ცდილობდა, რომ წმიდა წიგნებიდან ის ადგილები მოეხმო, სადაც ქრისტიანობაზე ქართველთა მოქცევის შესახებ ცხადად არის საუბარი. აღნიშნული ადგილები მან თავის ნაშრომში სიტყვასიტყვით თარგმნა ქართულად. ეფრემი გიორგი მთაწმინდელის მოსაზრებას იზიარებდა, რომლის მიხედვითაც, ბერძენთა საპირისპიროდ, ქართველთა მოქცევა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმყოფადობა მტკიცდებოდა.

გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის პატრიარქს თეოდოსის პირდაპირ მიუთითა იმის შესახებ, რომ ანდრია მოციქულმა, რომელმაც პირველად იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, „ჰპოვა ძმაჲ თვისი“ სიმონი და მოაქცია ქრისტიანობაზე. ამის შემდეგ მას ეწოდა პეტრე და ქრისტეს ერთგულ მოწაფედ იქცა. თუკი ბერძნები პეტრეს მიმდევრებად თვლიან საკუთარ თავს, ხოლო ქართველები კი ანდრია მოციქულის მიმდევრები არიან, აქედან გამომდინარე, გიორგი მთაწმინდელი დაასკვნის, რომ ქართველები უფრო ადრე მოექცნენ ქრისტეს რჯულზე, ვიდრე თვით ბერძნები. ამ მტკიცებაში საკმაოდ მკაცრი ლოგიკაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ბიბლიური გადმოცემაც!

ანდრია მოციქულზე მითითება ქართველი თეოლოგის მხრიდან ძალიან მოქნილი და მოხდენილი სვლა იყო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული საღვთისმეტყველო სკოლის ურყევი ტრადიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდა.

4 -ფილოსოფიური ღვთისმეტყველება

ეფრემ მცირე არა მარტო დიდი მთარგმნელი და ღვთისმეტყველი იყო, რომელმაც ეკლესიის მამათა რთული ტექსტების ჩინებული თარგმანები და ღირებული განმარტებები დაგვიტოვა, არამედ იგი იყო ფილოსოფოსი და ფართოდ მოაზროვნე სწავლულიც. იგი საგანგებოდ ფიქრობდა ფილოსოფიის რაობისა და ფუნქციის შესახებ, ზუსტად აღიქვამდა ფილოსოფიურ მეცნიერებათა მნიშვნელობას და ადეკვატურად აფასებდა კიდეც მას. აქედან გამომდინარე, ეფრემ მცირის მოძღვრების ეს ასპექტიც არ უნდა დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე; უფრო მეტიც, ის დაწვრილებით უნდა იქნეს განხილული!

ფილოსოფიის ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა ეფრემ მცირის დამოკიდებულება ბერძნული, ე.წ. „ამქვეყნიური“ ფილოსოფიის მიმართ. ფილოსოფია მას ჭეშმარიტი თეოლოგიის შესაქმნელად აუცილებელ საშუალებად მიაჩნდა. მართალია, ეფრემი თეოლოგიას მეცნიერებათა მწვერვალად მიიჩნევდა და ფილოსოფიას მას უქვემდებარებდა, მაგრამ ფილოსოფია (მთელი მისი დისციპლინების თანხლებით) მისთვის მაინც უმნიშვნელოვანეს მეცნიერებად რჩებოდა, რომელსაც ქრისტიანული თეოლოგიის განმტკიცების პროცესში დიდი ფუნქციური დატვირთვა ენიჭებოდა. ეს ტენდენცია კარგად აისახა ეფრემის მიერ დიალექტიკის (როგორც მეცნიერების) გაგების დროს. ამდენად, შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ეფრემმა ჯერ იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ თარგმნა, ხოლო შემდეგ კი - „არეოპაგიტული კორპუსი“.

ეფრემ მცირემ იოანე დამასკელის ძველქართულ თარგმანს მნიშვნელოვანი წინათქმა დაურთო. ამ წინათქმაში მან ზუსტად განმარტა თავისი მიზანი და მეცნიერების გაგების საკუთარი მოდელი ჩამოაყალიბა; მისი აზრით, „დიალექტიკა“-ს ნამდვილი ქრისტიანული თეოლოგიის დაფუძნებისა და აპოლოგიის პროცესში დიდი როლი ენიჭება, რადგან ქრისტიანული სწავლებანი უცილობლად საჭიროებენ ფილოსოფიურ დაფუძნებას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე ანტიკური ხანის ბერძნულ ფილოსოფიას ეხება.

ფილოსოფია დიდ დახმარებას უწევს ქრისტიან თეოლოგებს, რადგან ისინი ფილოსოფიისგან ითვისებენ მთელ რიგ ინსტრუმენტებს. ფილოსოფიური განათლების მქონე ნებისმიერ მორწმუნეს ძალუძს, რომ უკეთ დაიცვას თავი ურწმუნოთაგან, ვიდრე ფილოსოფიური განათლების არმქონე ადამიანს. აქედან გამომდინარე, ფილოსოფიურად განსწავლულ ქრისტიანს შეუძლია ქრისტიანობის მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს და, უფრო მეტიც, დაამარცხოს კიდეც, რადგან იგი ცალმხრივი ცოდნის მფლობელი კი არ არის, არამედ ორივე სახის (ღვთაებრივ და ფილოსოფიურ) სიბრძნეს ფლობს. ამ შემთხვევაში ვინღა შეძლებს მის უარყოფას? უფრო მეტიც, იგი ყველა შესაძლო პაექრობაში გაიმარჯვებს. ამდენად, ადამიანმა, როგორც მოკვდავმა არსებამ, ჯერ ფილოსოფიური ცოდნა უნდა შეიძინოს, ხოლო შემდეგ კი ღვთაებრივი სიბრძნის დაუფლება სცადოს.

ასე იძენს ამქვეყნიური ფილოსოფია ეფრემ მცირის შემოქმედებაში მკვეთრ კონტურებს. ის ამქვეყნიურ არსებათა საფუძვლებს, საწყისებს და მიზეზებს ეძიებს და იკვლევს. ის „ინდივიდუალიზების“ და „გენერალიზების“ მეცნიერებაა. აქედან გამომდინარე, ფილოსოფია საფუძველმდებარე მეცნიერებადაც შეიძლება იქნეს გაგებული, რადგან ის, ერთი მხრივ, კერძო მეცნიერებების დაფუძნებას უწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, მთავარი მეცნიერების, თეოლოგიის, დამხმარეცაა.

შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველება ცოდნისა და რწმენის პრობლემის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. ეფრემ მცირეც ამ საკითხს საგანგებო ყურადღებას უთმობდა. მან თავისი შემოქმედებითი საქმიანობით ნათლად აჩვენა, რომ ცოდნა ქრისტიანული რწმენის მტკიცე საყრდენია, რადგან ამქვეყნიურ ყოფაში თითოეულ ადამიანს საორიენტაციოდ სჭირდება მყარი ცოდნა.

5 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა). ეფრემ მცირის ნაშრომები

• ეფრემ მცირე: უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, ტექსტი გამოსცა, შესავალი და ლექსიკონ-საძიებლები დაურთო თ. ბრეგაძემ, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1959 წ.

• იოანე დამასკელი: დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. რაფავამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.

• პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი): შრომები, ეფრემ მცირის თარგმანი, გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ს. ენუქაშვილმა, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1961 წ.

(ბ). სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა

• ბეზარაშვილი, ქ.: ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე, წიგნი I, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2011 წ.

• ბეზარაშვილი, ქ.: ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე, წიგნი II, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2011 წ.

• ბეზარაშვილი, ქ.: ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე, წიგნი III, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2012 წ.

• თევზაძე, გ.: ეფრემ მცირე (XI ს. II ნახ.), წიგნში: გ. თევზაძე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ., გვ. 179-183.

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 2 (საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2012 წ.), გვ. 58-64.

• ირემაძე, თ.: საერო და საღვთო სიბრძნე შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი), წიგნში: თ. ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 16-25.

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი), კრებულში: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი პრინტი“, 2016 წ., გვ. 8-20.

• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.

• კუკავა, თ.: ეფრემ მცირის იამბიკოები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1988 წ.

• ოთხმეზური, თ.: ანტიკურ ავტორთა წიგნები ბიზანტიურ ეპოქაში: ეფრემ მცირე და „გარეშეთა“ წიგნები, კრებულში: ΑΝΑΘΕΣΙΣ. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის საიუბილეოდ, თბილისი: „ლოგოსი“, 1999 წ., გვ. 227-234.

• ოთხმეზური, თ.: კომენტარული ჟანრი შუა საუკუნეების ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში: ეფრემ მცირე და გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კომენტარები, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2011 წ.