ქართული ფილოსოფიური აზროვნების კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ იბერიელი უფლისწული ბაკური (IV ს.), რომელიც ფრიად განსწავლული ყოფილა ანტიკურ ფილოსოფიაში. ბაკური გვიანი ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართველი მოაზროვნეა. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დიდად აფასებდნენ მის მრავალმხრივ და ფართო მოღვაწეობას. მან მრავალ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სახელი გაითქვა როგორც დიდმა მთავარსარდალმა. ბაკურმა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 394 წელს, ტირან ევგენიოსის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვიანი ანტიკური ხანის ქართული ფილოსოფიური აზროვნების დახასიათების დროს ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბერძნული წყაროები ბაკურს არა მარტო დიდ სტრატეგად მოიხსენიებენ, არამედ, ასევე, დიდ მოაზროვნედ და ფილოსოფოსადაც.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გვიანი ანტიკური ხანის ცნობილი ბერძენი ორატორის, ლიბანიოსის (IV ს.) ცნობები ბაკურის შესახებ. ლიბანიოსი ქება-დიდებას ასხამს ბაკურს და ამბობს, რომ იგი ბრწყინავდა თავისი სხეულითა და გონებით.
ლიბანიოსს მოსწონდა ბაკურის ცხოვრების სტოიკური წესი და მისი სიყვარული სიბრძნისადმი, ასევე, სამართლიანობისა და სიმამაცის, ზომიერებისა და ლოგოსის განდიდება ბაკურის მიერ. ლიბანიოსის თანახმად, ბაკურს გამოარჩევდა „ლოგოსების სიყვარული“, რის გამოც იგი ღმერთებსაც კი უყვარდათ. რადგან ღმერთებს არა მარტო ლოგოსები უყვართ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც ლოგოსები უყვართ.
„დიდი ბაკური“, როგორც მას ეწოდა მრავალ ბერძნულ წყაროსა და დოკუმენტში, თავისი დროის უდავოდ დიდი მჭევრმეტყველი იყო. ქართული ფილოსოფიის ისტორიის კუთხით კი მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბაკური არა მარტო „ჭვრეტითი ცხოვრების წესის“, არამედ „აქტიური ცხოვრების წესის“ განსახიერებაც გახლდათ. ლიბანიოსის ცნობების თანახმად, ბაკური თვით-ფლობის დიდოსტატიც იყო. მან თავისი ცხოვრება „ოქროს შუალედის“, ე.წ. „სამეუფო გზის“ მიხედვით მოაწყო და ამით ბრძენისა და ფილოსოფოსის ნამდვილ მიზანსაც წვდა.
• ლიბანიოსი: წერილები ბაკურის შესახებ და ბაკურთან, წიგნში: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ., გვ. 62-68.
• ირემაძე, თ.: გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფია საქართველოში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #8 (28 თებერვალი - 6 მარტი, 2019 წ.), გვ. 13-15.
• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ., გვ. 38-41.