2024-12-05 ალექსანდრე კახიძე

ბუნების ფილოსოფია საქართველოში

1 -განსაზღვრება

ბუნების ფილოსოფია ბუნებისა და ფიზიკური სამყაროს შესახებ ფილოსოფიურ განაზრებებზე დაფუძნებული დარგია. მას ნატურფილოსოფიასაც უწოდებენ. ამ დარგის გასაგებად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი გამოყენების თავისებურებები სხვადასხვა ეპოქასა და კონტექსტში. საუკუნეების განმავლობაში აღნიშნული დარგი ტრანსფორმაციას განიცდიდა, რამდენადაც ფილოსოფოსების ინტერესი ყოველთვის იყო ბუნებისა და ფიზიკური სამყაროს გაგება. ამასთან, ბუნების კონკრეტული საკითხების კვლევის შედეგად წარმოიშვა და განვითარდა თანამედროვე მეცნიერების უმნიშვნელოვანესი დარგებიც.

თავდაპირველად, მეცნიერების მიმართულებების განვითარებამდე ბუნების ფილოსოფიას უწოდებდნენ სწორედ ადრეულ მეცნიერულ ცოდნას ფიზიკური სამყაროს შესახებ. ისააკ ნიუტონის ტრაქტატის სახელწოდება „ნატურფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები“ (1687 წ.) მკაფიოდ ასახავს ამ ტერმინის გამოყენების თავისებურებას XVII საუკუნეში. ამასთან, კონკრეტული მეცნიერული ცოდნის ჩამოყალიბებასთან ერთად, ყოველთვის იყო ბუნების ზოგად სისტემურ სურათში გაგების მცდელობა. აღნიშნული მცდელობის შესაბამისად, ბუნების გააზრება ცალკეულ ფილოსოფიურ სისტემებზე დაყდნობით მიმდინარეობდა. ბუნების ფილოსოფია ცდილობდა ბუნება ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემის საფუძველზე გაეაზრებინა. რამდენადაც ფილოსოფიური სისტემები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ბუნების ფილოსოფიაც სხვადასხვანაირად წარმოჩნდებოდა სხვადასხვა ფილოსოფოსის მიერ.

აღნიშნული დარგი ზოგად სურათში აქცევს ბუნების შესახებ სხვადასხვა ფილოსოფიურ განაზრებებს. ეს დარგი ძალიან ფართოა და მასში სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეთა ნაშრომებს აერთიანებს, სადაც ისინი საკუთარი ფილოსოფიური სისტემიდან და პრინციპებიდან გამომდინარე განიხილავენ ფიზიკურ სამყაროს. ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან დაწყებული, ფიზიკური სამყაროს გააზრება ყოველთვის იყო ფილოსოფიური სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით გამოირჩევა არისტოტელეს ნაშრომები ბუნების ფილოსოფიაში, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ნატურფილოსოფია (ფ. ვ. ი. შელინგი, გ. ვ. ფ. ჰეგელი) და სხვ.

ბუნების ფილოსოფია განსხვავებულად ესმით ლოგიკურ პოზიტივიზმში. ამ მიმართულების წარმომადგენლები ბუნების ფილოსოფიის ქვეშ ბუნების მეცნიერების ცნებების ლოგიკურ ანალიზს მოიაზრებენ, სადაც ვერიფიკაციის პრინციპის გამოყენებით აღნიშნული ცნებების საზრისიანობა უნდა დადგინდეს. შესაბამისად, ლოგიკურ პოზიტივისტებთან დამკვიდრებული იყო ტერმინი „ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია“.

აღნიშნული ფილოსოფიური მიმართულებები, ძირითადად, ფილოსოფიის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საკითხის მიმართ ჩამოყალიბებულ განსხვავებულ ხედვებს ასახავს, რომლებიც ფილოსოფიის ისტორიის კონტექსტში აქტიურად გამოიყენება. ამასთან, გასათვალისწინებელია თანამედროვე ეპოქაში ბუნების ფილოსოფიის გამოყენების სპეციფიკაც. ფილოსოფოსების ნაწილისთვის თანამედროვე ბუნების ფილოსოფია ფიზიკური სამყაროს გააზრებას ახდენს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგების საფუძველზე. ამ მიდგომის თანახმად, ბუნებაში არსებული კანონზომიერების აღმოჩენა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საქმეა. სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერება თავისი საგნის შესაბამისად იკვლევს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის თუ სხვა საკითხებს. აღნიშნულ დარგთა კვლევები მნიშვნელოვან აღმოჩენებს მოიცავენ, რომლებიც, ხშირად, ფილოსოფოსთა ინტერესის საგანი ხდება. XX საუკუნეში მათი მნიშვნელობისა და გავლენის კვლევა ფილოსოფიური პერსპექტივიდან კიდევ უფრო საინტერესო გახდა. მაგალითად, აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ, რომლის საგანსაც წარმოადგენდა დროისა და სივრცის თვისებების კვლევა, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ამ მიმართულებით ფილოსოფიურ განაზრებებს. ასევე, კვანტური მექანიკის მიღწევებმა, რომლის საგანიც მიკრონაწილაკების აღწერის ხერხები, მოძრაობის კანონები და ფიზიკურ სიდიდეებთან მათი მიმართებაა, დიდი ინტერესი გამოიწვია შემთხვევითობისა და აუცილებლობის პრობლემების ფილოსოფიური გააზრების კუთხით და ახლებურად დასვა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად დეტერმინისტულია სამყარო და მასში მიმდინარე პროცესები.

მნიშვნელოვანი ფილოსოფიური საკითხების გააზრებას ახალი ბიძგი მისცა აღმოჩენებმა ფიზიკის, ქიმიისა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მაგალითად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ბიოლოგიური, მათ შორის, გენეტიკის პრობლემების კვლევა და მასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები. ბიოლოგიის მიღწევათა შედეგად, ბიოლოგიურ წესრიგში ჩარევის მზარდი შესაძლებლობების გაჩენამ გააძლიერა აღნიშნულ საკითხებზე ფილოსოფიური დებატები. ამასთან, თანამედროვე ეპოქაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა გარემოზე ზემოქმედების და ადამიანისათვის მისი შედეგების საკითხთა ანალიზი. ამ აზრით, თანამედროვე ბუნების ფილოსოფია იკვლევს ფიზიკური რეალობის ბუნებასა და შედეგებს ადამიანისათვის. შესაბამისად, მის ნაწილებად შეიძლება მივიჩნიოთ ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საკითხთა გააზრება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აღმოჩენების გარდა, ეპოქალური მნიშვნელობა აქვს კიბერსფეროში მიმდინარე ცვლილებებს. ბოლო წლების დისკუსიების ნაწილია ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაანაცვლოს ადამიანის არსებული პროფესიები, ძირფესვიანად შეცვალოს მისი ცხოვრება და დღის წესრიგში დასვას სრულიად ახალი საკითხები. აღნიშნული მიღწევები, გარკვეულწილად, აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას ბუნების შესახებ, ახლებურად აყენებს ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოს შორის ურთიერთობის საკითხს, რომელიც ყოველთვის იყო ფილოსოფოსთა ინტერესის საგანი.

აღსანიშნავია, რომ ბუნების ფილოსოფია არსებითად განსხვავდება მეცნიერების ფილოსოფიისაგან. მეცნიერების ფილოსოფიის საგანი მეცნიერული ცოდნის ბუნებისა და მისი ზრდის თავისებურების ახსნაა. შესაბამისად, ბუნებისმეცნიერული ცოდნა და მიღწევები ბუნების ფილოსოფიას განსხვავებული კუთხით აინტერესებს. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კონტექსტში ბუნების ფილოსოფიის შესახებ არსებული დისკუსიები ხშირად მოიცავს დისკუსიას ფიზიკის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვლევის შედეგების შესახებ. ამ დისკუსიათა მიზანია პასუხი გასცეს კითხვას, თუ როგორ აყალიბებს მეცნიერული მიღწევები ბუნების ჩვენეულ გაგებას.

2 -ქართული კონტექსტი

ბუნების ფილოსოფიის საკითხების კვლევას ქართულ ფილოსოფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორც აღინიშნა, ბუნების ფილოსოფია სხვადასხვა ეპოქებსა და ფილოსოფიურ მიმართულებებში სხვადასხვანაირად გაიგებოდა. ქართველი ფილოსოფოსები ბუნების ფილოსოფიის საკითხებს ფილოსოფიის ისტორიის კონტექსტში, სხვადასხვა მოაზროვნეებსა და ფილოსოფიურ მიმართულებებზე დაყრდნობით განიხილავდნენ. ფილოსოფიური თვალსაზრისით ბუნების გააზრების მიმართულებით გარკვეული მოსაზრებები გვხვდება იოანე პეტრიწის, ანტონ ბაგრატიონის, გიორგი წერეთლის და სხვათა ნაშრომებში.

როგორც აღინიშნა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მნიშვნელოვანი აღმოჩენების შემდეგ დაიწყო ბუნებასთან დაკავშირებული ფილოსოფიური საკითხების ახლებურად გააზრება. აღნიშნული ტენდენციები, მარქსისტული ფილოსოფიის საზღვრების მიუხედავად, XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში აქტუალური იყო. ქართველი ფილოსოფოსების მიერ ბუნების ფილოსოფიის პრობლემების გააზრება, მეტწილად, XX საუკუნის ფილოსოფიაში განვითარებულ ტენდენციებს ასახავდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ქართველმა ფილოსოფოსებმა უფრო მეტად მოახდინეს თავიანთ ნაშრომებში ევროპული ფილოსოფიური ტრადიციების ინტეგრირება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში უფრო მეტად დამუშავდა ის საკითხები, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგიის მოთხოვნებთან. ამ კუთხით აღსანიშნავია დიალექტიკური მატერიალიზმის კატეგორიები და მათი მეშვეობით ფიზიკური სამყაროს გააზრება. საბუნებისმეტყველო აღმოჩენებზე დაფუძნებით განხორციელებულმა კვლევებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბუნების რაობის შესახებ იმგვარი საკითხებისა და თემების ახლებურად გააზრებას, როგორიცაა დრო და სივრცე, მიზეზ-შედეგობრივი მიმართების, შემთხვევითობისა და აუცილებლობის საკითხები და ა.შ.

ზემოთ ხსენებული საკითხების დამუშავების თვალსაზრისით გამოსაყოფია ისეთი ავტორები, როგორებიცაა კ. ბაქრაძე, ს. დანელია, გ. ცინცაძე, ს. ავალიანი, ვ. ერქომაიშვილი, ვ. მეიფარიანი, ბ. ურიდია, ე. კოდუა, და ა.შ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა და მათი განხილვა აქტიური დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა.

XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში განსაკუთრებით აქტუალური იყო აინშტაინის ფარდობითობის თეორია, დროისა და სივრცის გააზრების კუთხით ამ თეორიის ფილოსოფიური შედეგების განხილვა. ამ მხრივ საყურადღებოა მ. გოგიბერიძის ნაშრომი „აინშტაინის რელატიურობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძველები“ (1924 წ.).

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება ბუნების ფილოსოფიის საკითხთა უფრო ფართოდ გააზრების მცდელობები. ამ თვალსაზრისით გამოსარჩევია ს. ავალიანის ნაშრომები, მათ შორის, „ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია“ (1974 წ.) და „XX საუკუნის ნატურფილოსოფია“ (2004 წ.), რომლებშიც ვრცლად არის განხილული ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის საგანი, წარმომადგენლები და თავისებურებები. აღსანიშნავია, რომ მან სპეციალური თავები მიუძღვნა ქართული ნატურფილოსოფიის საკითხებსაც. აღნიშნული ორი გამოკვლევის გარდა, ს. ავალიანმა ეს საკითხები თავის სხვა ნაშრომებშიც განიხილა. ქართული ფილოსოფიის ისტორიის კონტექსტში, ბუნების ფილოსოფიის თვალსაზრისით, აღსანიშნავია მისი ნაშრომი „ქართული ნატურფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები“ (1984 წ.), რომელშიც ძირითადად შეყვანილია XX საუკუნემდე მოღვაწე ქართველ ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა საბუნებისმეტყველო კონცეფციები.

ს. ავალიანი იკვლევს ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის საგანს, რომელიც მასთან არსებითად ნატურფილოსოფიის, ე.ი. ბუნების ფილოსოფიის იდენტურია. მისი აზრით, ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია ორ ნაწილად იყოფა: მატერიისა და სიცოცხლის ფილოსოფიად. ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია სწავლობს მატერიალური სამყაროსა და სიცოცხლის უზოგადეს კანონზომიერებას. ს. ავალიანის მიერ სხვადასხვა ნაშრომებში ვრცლად არის განხილული აინშტაინის რელატიურობის თეორია, დროისა და სივრცის პრობლემა, მიზეზობრიობისა და ტელეოლოგიის საკითხები და ა.შ.

ბუნების ფილოსოფიის საკითხების ფართო სპექტრი გვხვდება გ. ცინცაძის ნაშრომებში. მან აღნიშნული პრობლემები მრავალმხრივ გაანალიზა, მათ შორის, ფარდობითობის თეორიის, კვანტური ფიზიკისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიღწევების ფონზე.

ქართულ ფილოსოფიურ ლიტერატურაში ბუნების ფილოსოფიის აქტუალური საკითხების რიგს მიეკუთვნებოდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, შემთხვევითობისა და აუცილებლობის პრობლემათა გააზრება. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვნად აყალიბებს ფიზიკური სამყაროს შესახებ ჩვენეულ გაგებას და არსებითი როლი აქვს სხვა მნიშვნელოვანი ფილოსოფიური საკითხების გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული საკითხები ქართველი ავტორების მიერ მრავალმხრივ გაანალიზდა, მათ შორის, კვანტური ფიზიკისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიღწევათა საფუძველზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბუნების ფილოსოფია ვრცელ სფეროს წარმოადგენს და საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს. სხვა არაერთი ქართველი ავტორიც, შესაბამისად, ინტენსიურად იკვლევდა ფიზიკის, მედიცინის, კიბერნეტიკის, ბიოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა აღმოჩენების ფონზე ბუნების ფილოსოფიის საკითხებს, რომელთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ მ. ბაკურია, ვ. ვეკუა, მ. დოლიძე და ა.შ.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბუნების ფილოსოფიის საკითხები XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი თემა იყო. ამ სფეროში შექმნილი ფუნდამენტური გამოკვლევები, რომლებსაც, ზოგჯერ, თან ახლდა არაერთი საყურადღებო ფილოსოფიური პაექრობა, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა.

3 -ბიბლიოგრაფია

• ავალიანი, ს.: ჰანს რაიხენბახის ფილოსოფია (კრიტიკული ანალიზი), თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ.

• ავალიანი, ს.: თანამედროვე პოზიტივიზმის ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია (კრიტიკული ანალიზი), თბილისი: „მეცნიერება“, 1964 წ.

• ავალიანი, ს.: ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია, თბილისი: „განათლება“, 1974 წ.

• ავალიანი, ს.: ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.

• ავალიანი, ს.: ქართული ნატურფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1984 წ.

• ავალიანი, ს.: ტელეოლოგია, თბილისი: „ლეგა“, 2003 წ.

• ავალიანი, ს.: XX საუკუნის ნატურფილოსოფია, თბილისი: „მერიდიანი“, 2014 წ.

• ბაკურია, მ.: ნ. ჰარტმანის ზოგადი კატეგორიოლოგიის კრიტიკისათვის, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985 წ.

• ბაკურია, მ., ბუაჩიძე, თ., ერქომაიშვილი, ვ.: თანაფარდობითი კატეგორიები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1993 წ.

• ბაქრაძე, კ.: აუცილებლობა და შემთხვევითობა, წიგნში: დიალექტიკური მატერიალიზმის საკითხები, რედ. პ. გუჯაბიძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1955 წ.

• გოგიბერიძე, მ.: აინშტაინის რელატიურობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძველები, ტფილისი: „პოლიგრაფსკოლის სტ.“, 1924 წ.

• დანელია, ს.: მიზეზობრიობის პრობლემა სპინოზას ფილოსოფიაში, წიგნში: ს. დანელია, ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ.

• კოდუა, ე.: მიზეზი და შედეგი, წიგნში: დიალექტიკური მატერიალიზმი, რედ. კ. ბაქრაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1970 წ.

• მეიფარიანი, ვ.: ვერნერ ჰაიზენბერგის ფილოსოფიური შეხედულებები, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1963 წ.

• მეიფარიანი, ვ.: მიზეზობრიობა, კრებულში: დიალექტიკური მატერიალიზმის ზოგიერთი კატეგორია, თბილისი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1964 წ.

• ურიდია, ბ.: მატერიალისტური დიალექტიკის კატეგორიები, თბილისი: „მეცნიერება“, 1977 წ.

• ცინცაძე, გ.: აუცილებლობისა და შემთხვევითობის ურთიერთობის შესახებ, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.

• ცინცაძე, გ.: ფილოსოფიისა და კერძო მეცნიერებათა ურთიერთობის შესახებ, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.