2024-09-16 ნიკოლოზ კოპალეიშვილი

პირველმიზეზი

1 -შესავალი

პირველმიზეზი - ერთ-ერთი უმთავრესი ონტოლოგიური კატეგორია, რომელიც ყოფიერების თაურსაწყის პრინციპს წარმოადგენს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის ისტორიაში არსებული მრავალფეროვნების უმთავრესი საფუძველი ყოფიერების გაგების საკითხს ეხება. ფილოსოფიური დისციპლინები, რამდენადაც სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის შესახებ ავითარებენ მოძღვრებას, იმთავითვე გვთავაზობენ სამყაროს მოწყობის მოდელსაც, რაც, რა თქმა უნდა, ამ სამყაროს საწყის პრინციპთანაა კავშირში. სამყაროსა და ყოფიერების როგორ საფუძველზეც ვმსჯელობთ, ისე ვავითარებთ ყოფიერების ამა თუ იმ ასპექტის შესახებ მსჯელობასაც. მაგალითად, თუკი ყოფიერების საწყისად, პირველმიზეზად განიხილება ყოვლადკეთილი ღმერთი, ეს აყალიბებს ონტოლოგიის, ეთიკის, ესთეტიკის და სხვ. მოდელებს, რომლებიც, მეტადრე, გარკვეულ, ზუსტ ორიენტირებს ატარებენ და ობიექტური ჭეშმარიტების კატეგორიას უსვამენ ხაზს. პირველმიზეზზე საუბრისას შეიძლება გამოიყოს რელიგიური მიდგომები, როგორიცაა პიროვნული (მაგალითად, ქრისტიანობაში, იუდაიზმში, ისლამში) ან უპიროვნო საწყისები. შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტული, ზუსტი საწყისის არარსებობასა და ყოფიერების საფუძვლად ხდომილების მიჩნევაზეც, მისი დინამიური ფორმის წარმოდგენაზე. ეს რელიგიური ხედვები გარკვეული ფილოსოფიური განაზრებების ობიექტად იქცევა ხოლმე, თუმცა, საკუთრივ ფილოსოფიურ კონცეფციებში, როგორც აღინიშნა, ეს საკითხი ერთ-ერთ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. ფილოსოფიის ისტორიის არაერთი კონცეფციის ჭრილში შეიძლება გამოიყოს მატერიალური, კონკრეტული იდეალური, აბსტრაქტული იდეალური საწყისები.

პირველმიზეზზე მსჯელობა დასავლური ფილოსოფიის პირველსაწყისებს უკავშირდება. ამის შესახებ ცნობებს, მაგალითად, არისტოტელეს „მეტაფიზიკაში“ ვხვდებით, სადაც „პირველ“ ფილოსოფოსთა „არხეზე“ მსჯელობაა ასახული (ბერძ. ἀρχή – ძველქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში ითარგმნებოდა როგორც „დასაბამი“ - ეფრემ მცირეს მიერ „საღმრთოთა სახელთათვის“ თარგმნისას: „უგალობდეთ კეთილთ-მომცემელსა მას დასაბამსა და მიზეზსა“ (თ. I); იოანე პეტრიწის მიერ „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“-ს თარგმნისას: „ყოველთა მყოფთა დასაბამი და მიზეზი“ (თ. XII).

ტერმინი „პირველმიზეზი“, ერთი მხრივ, თანამედროვე ქართულენოვან ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ლიტერატურაში (თარგმანებსა და ორიგინალურ თხზულებებში) ფართოდ გამოიყენება, მეორე მხრივ კი, თანამედროვე ქართულ ენაში ეს ტერმინი ადეკვატურად გამოხატავს აქტიური (და არა პასიური) საწყისის შინაარსს, რაც, მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის შესახებ ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში მსჯელობისას (ქართული აზროვნების კონტექსტში, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სწორედ ქრისტიანული სწავლება იკავებს გადამწყვეტ პოზიციას). ეს ცნება კარგად არის ასახული ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა მსჯელობებში: თალესი საწყისად წყალს მიიჩნევდა, ანაქსიმენე ჰაერს, ჰერაკლიტე ცეცხლს და ა.შ. შედარებით განვითარებულ მსჯელობებად არისტოტელე საწყისად გონების მიჩნევას (ანაქსაგორა, ჰერმოტიმე) თვლიდა. ეს და სხვა მრავალი (მაგალითად, პარმენიდეს მოძღვრება არსისა და არარსის შესახებ) თეორია კიდევ უფრო დაიხვეწა ისეთ მოძღვრებებში, როგორიცაა, მაგალითად, პლატონის იდეათა თეორია ან დემიურგის, როგორც მატერიის გამფორმებლის შესახებ დებულება. საკუთრივ არისტოტელე ამგვარ საწყისზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ყოველი არსებულის სტრუქტურა ოთხი საფეხურისგან - ფორმისგან, გვარისგან, ზოგადისა და მატერიისგან (სუბსტრატისგან) - შედგება. ამათგან იგი ფორმას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველი სინამდვილის და ასევე ფორმის (რომელიც არსებულის არამატერიალური სტრუქტურაა) მიზანი და მიზეზი ფორმის ფორმა, უძრავი მამოძრავებელია, რომელიც თავისუფალია მატერიისაგან. თუმცა, არისტოტელეც, ყველა სხვა ანტიკური ხანის ფილოსოფოსის მსგავსად, მატერიას თავისთავად მოცემულად მიიჩნევს. ამგვარად, ანტიკური მოაზროვნეებისთვის უცხო იყო სამყაროს არარასგან ქმნის კონცეფცია - მათთვის არსებობდა თავისთავად მატერიალური სუბსტრატი, იდეალური ყოფიერება კი მისგან ან გამიჯნული (და არსი-არარსის დუალიზმზე დაყრდნობით ყოფიერების საწყისი) იყო, ან მასთან თანაქმედებით აყალიბებდა ყოფიერებას. ამგვარად, ანტიკურობაში სრულად აქტიური პირველმიზეზის შესახებ ვერ ვისაუბრებთ.

ყოფიერების აბსოლუტური საწყისის შესახებ სწავლება დასავლურ აზროვნებაში ქრისტიანობის მეშვეობით შემოვიდა. არარადან ღმერთის მიერ სამყაროს ქმნის კონცეფცია აბსოლუტურად თავისუფალი პიროვნული საწყისის საფუძველზეა აგებული. აბსოლუტური თავისუფლება, ნებელობა, სიყვარული განაპირობებენ იმგვარი ყოფიერების მოდელს, რომელიც სიკეთის მონიზმს ემყარება - ყოველივე შექმნილია კეთილად, სიყვარულით. ეს უნდა ამოვიკითხოთ ახალ აღთქმაში, მოციქულთა საქმეების წიგნში, როცა პავლე არეოპაგზე წარსდგება სიტყვით - ეს ქრისტიანობის ძველბერძნულ აზროვნებასთან პირველ ეპოქალურ შეხვედრად შეგვიძლია გავიაზროთ: „მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ. რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ, ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა“ (საქ. 17.23-24). აქ, ანტიკურ აზროვნებასთან კონტრასტის ჭრილში ხაზი უნდა გავუსვათ პავლეს მიერ საღვთო შემოქმედების ხაზგასმას - აბსოლუტურად ყოველივეს ქმნას, შესაბამისად, არარადან. ძველბერძნული აზროვნებისგან განსხვავებული ეს მოდელი, ასევე, აფუძნებს სრულიად ახალ ანთროპოლოგიას - ქრისტიანობის განსაკუთრებულ დამსახურებას წარმოადგენს პიროვნების კატეგორიის შემოტანა. ანტიკური აზროვნება, მეტადრე, ადამიანის ინდივიდად გაგებას ეფუძნებოდა, რადგანაც, პიროვნების კატეგორია გულისხმობს კონკრეტულობის ზოგადზე - ბუნებაზე აღმატებას. ამისთვის კი საჭიროა ეს აღმატება ყოფიერების პრინციპს წარმოადგენდეს - საჭირო ხდება ყოფიერების პიროვნული საწყისი, როგორც აღმატებული ბუნებაზე, ზოგადზე (განსხვავებით ანტიკური მეტაფიზიკისგან, სადაც ზოგადს სულ დომინანტი პოზიცია ეკავა). ასეთი პიროვნული საწყისი უნდა იყოს თავისუფალი ყველაფრისგან, როგორც აბსოლუტურად კონკრეტული და განსხვავებული ზოგადობისგან, შესაბამისად, ის უნდა ქმნიდეს სამყაროს არარადან - ეს დასავლურ აზროვნებას შესძინა ქრისტიანობამ. შესაბამისად, მანვე შეძლო ესაუბრა ადამიანური პიროვნების შესახებაც. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის ეს მონაპოვარი აუცილებლობით გამოცხადების მეშვეობით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგანაც თუკი ასეთ აბსოლუტზე ადამიანი მისი გამოცხადების გარეშე, თავიდანვე რაციონალურობის ჭრილში ისაუბრებდა, ის არ იქნებოდა უკვე სამყაროს არარადან შემოქმედი აბსოლუტი. აბსოლუტი უცხადებს თავის თავს მის მიერ არარადან შექმნილ სამყაროს თავისივე ნებით.

2 -პირველმიზეზის კატეგორია ქართულ აზროვნებაში

ქართულ კონტექსტში ამ კატეგორიაზე მსჯელობისას, ცხადია, ქართული აზროვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, საუბარი ქრისტიანული მეტაფიზიკის ჭრილში უნდა წარიმართოს. ქრისტიანული თეოლოგიის (მაგალითად, ტრინიტარული ან ქრისტოლოგიური) ასპექტები ქართულ აზროვნებაში სხვადასხვა სახით გვხვდება. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ქართულ ტექსტებში ორიგინალურ თეოლოგიურ განაზრებებზე, რამდენადაც, მათში ვხვდებით ეკლესიის ბერძენ მამათა სწავლებების რეცეფციას. სამყაროს პირველმიზეზის ქრისტიანული კონცეფცია ქართველ ავტორებთან ხშირად თემატურ საუბარზე გადასვლისთვის შესავალს წარმოადგენს. სხვადასხვა პერიოდის ჰაგიოგრაფიული თხზულებები, მაგალითისთვის, იწყება სწორედ სამყაროს შემოქმედის განდიდებით, რაც ქრისტიანი ავტორის მიზანდასახულობას შესანიშნავად ასახავს. ცალკე აღნიშვნის ღირსია შუა საუკუნეების ქართული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც სწორედ სამყაროს პირველმიზეზის კონცეფციით იწყება, თუმცა კი, ზემოთქმულისგან განსხვავებული სახით. „რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა...“ - აქ საუბარია სამყაროს აქტიურ პირველმიზეზზე, რომელიც შესაქმეს არა აუცილებლობით, არამედ საკუთარი ძალმოსილებით (და, უნდა ითქვას, თავისუფლებითაც) ქმნის. შესაქმის საკითხში აქ პლატონური ასპექტებიც (ტრანსცენდენტური და მიწიერი სამყარო) უნდა გამოიყოს. რუსთაველთან მრავალგზის ვხვდებით „ღმერთის“ ცნებას, თუმცა, ამ საკითხში, საკუთრივ თეოლოგიური დოქტრინალური დებულებების ბუნდოვანების გამო, რთულია მასთან პირდაპირ ისაუბრო ქრისტიანული დოქტრინების წარმოჩენაზე. მასთან ცხადია სტანდარტული მონოთეისტური კონცეფციის არსებობა, რომელიც ნეოპლატონიზმთანაა შეზავებული, ქრისტიანული თეოლოგიის ჭრილში მსჯელობისთვის კი გარკვეული ინტერპრეტაციებია საჭირო (ამ მიმართულებით რუსთაველის მსოფლმხედველობა დიდი დისკუსიის საგანი იყო XX ს.-ის მეცნიერებაში. იდეოლოგიზებული კვლევების საფუძველზე მას მიჯნავდნენ ქრისტიანული მსოფლმხედველობისგან, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ რუსთაველის, მაგალითად, პანთეიზმში ან სხვა არაქრისტიანულ მიმართულებებში „დადანაშაულებას“ უფრო ადრეც ვხვდებით, რასაც თავისი საფუძვლებიც აქვს). მაგალითად, როდესაც საუბარია შესაქმეზე „ძალითა მით ძლიერითა“, აქ შეგვიძლია ახალი აღთქმის დამოწმება: „ქრისტე ღმრთისა ძალ არს“ (1 კორ. 1.24), ანუ სამყაროს სამების მეორე პირის მიერ შექმნას გავუსვათ ხაზი. ასევე, საგულისხმოა: „...სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა“. აქაც შეგვიძლია პარალელის გავლება შესაქმეში სამების მესამე პირის თანამონაწილეობაზე („...სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“ (დაბ. 1.2), „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა, ყოველი ძალი მათი“ (ფს. 32.6)). თუმცა, მთლიანობაში რუსთაველთან - პირველმიზეზის კონცეფციაზე საუბრისას - ცალსახად ქრისტიანული ასპექტების ხაზგასმა ერთობ რთული და, მეტიც, პრობლემურია.

პირველმიზეზის ქრისტიანული კატეგორიის სისტემური წარმოჩენის ჭრილში აუცილებლად უნდა შევეხოთ ქართულად ნათარგმნ ტექსტებს. ასეთია, მაგალითად, იოანე დამასკელის „ცოდნის წყარო“ (შუა საუკუნეებში ქართულად, სულ ცოტა, ორჯერ ითარგმნა მისი ორი ნაწილი: „გარდამოცემა“ და „დიალექტიკა“). „გარდამოცემაში“ იოანე დამასკელი, ღმერთის არსებობის (რომ ის არის!) დასაბუთებისას საუბრობს მასზე, როგორც მიზეზობრივი ჯაჭვის პირველ საფეხურზე და, ასევე, გარესამყაროს აგებულებიდან გამომდინარე ახდენს მისი, როგორც შემოქმედის წარმოჩენას. მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკური კონსტრუქცია, ამგვარად, საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ იმგვარ შემოქმედზე, რომელიც თავისუფალია და გონებაზე მაღლა დგას (როგორც სამყაროს წესრიგისა და ჰარმონიის განმაპირობებელი). მეორე მნიშვნელოვანი ქართულენოვანი თარგმანი არეოპაგიტული კორპუსია, სადაც პირველმიზეზზე ნეოპლატონური კატეგორიების გამოყენებით მიდის საუბარი. აქ პირველმიზეზი თავისი სიყვარულის საფუძველზე ქმნის სამყაროს, რომელშიც მისი, როგორც შემოქმედის კვალი იკითხება. ამასთან, პირველმიზეზთან მიახლება შეუძლებელია ინტელექტუალური კატეგორიების (უკვე შემდგომში, საბოლოოდ) გადალახვის გარეშე, ეს მხოლოდ მისტიკის სფეროს განეკუთვნება. ორივე მაგალითი ნათლად ასახავს პირველმიზეზის ქრისტიანულ გაგებას: აქ საუბარია თავისუფალ, აბსოლუტურ, პიროვნულ შემოქმედზე, რომელიც არის ზე-სიბრძნე - აღმატებული ყოველგვარ გონებაზე და სიყვარულით შემოქმედი ყოველივესი.

შუა საუკუნეების ქართული აზროვნების უმნიშვნელოვანესი მომენტი იოანე პეტრიწის მიერ თარგმნილი და კომენტირებული პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყველებითნია“. პეტრიწი იმანენტურად, თავად პროკლეს ნააზრევის საკუთრივი ღირებულების აღიარებითა და წარმოჩენით განმარტავს მას და ორიგინალურ ინტერპრეტაციებსაც უხვად გვთავაზობს. მასთან პირველმიზეზი („ზესთა ერთი“), პლატონური ფილოსოფიის გავლენით, უმაღლესი სიკეთეა. ის დასაბამია ყოველივესი, რაც ჩანს კიდეც ყოველივეს „ერთებრიობაში“. ის სრული სიმარტივეა, ხოლო ყველა სხვა საგანი არის სიმრავლე. როგორც ყოველი რიცხვი, ერთი მხრივ, არის სიმრავლე, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს ერთიანობას, მთლიანობას, ასევეა ყოველი არსიც - ის ეზიარება პირველერთს. ამგვარად, ერთი არის ყოველივეს მყოფობის საფუძველი. ის არის უზოგადესი მყოფი, რომელიც დაცლილია ყოველგვარი შინაარსისგან (ის არ არის არსებობა - როგორც ეს პლატონის „პარმენიდეშია“ ნაჩვენები - და არც „არისობა“). ის არის ცარიელი განსაზღვრულობა, რომელიც ყოველ არსს ანიჭებს თავის სუბსტანციას. ამავდროულად, იგია ყოველივეს ინტელიგიბელობის, შემეცნებადობის საფუძველი. ნამდვილი შემეცნება პეტრიწისთვის რაიმეს „როგორც ასეთი“, მთლიანობაში, ყოველგვარი დაპირისპირებულობის და შემფასებლობითი კატეგორიების მიღმა წვდომაა, მასში ერთებრიობის დანახვაა. შესაბამისად, შემეცნებისა და ადამიანური ყოფიერების უმაღლესი საფეხური არის „უზადო ერთის“ შემეცნება, რაც სრულ აპოფატიკურ მიდგომას გულისხმობს. ერთი მიუწვდომელია, მაგრამ ადამიანური გონების სისუსტის გამო და, ამგვარად, მაინც ინტელექტუალური წვდომის ობიექტად რჩება. როგორც სიკეთე, იგი შემეცნებას ეთიკურ და ესთეტიკურ განზომილებასაც აძლევს - ეს იდეა, ნეოპლატონიზმის გავლენით, სხვადასხვა დროსა და კულტურულ არეალში არაერთი მოაზროვნის განაზრებათა ობიექტს წარმოადგენდა. პეტრიწთან (და პლატონიზმში ზოგადად) სიკეთის კატეგორია ის პრინციპია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ყოველგვარი უპირატესობა. ამ უპირატესობათა მწვერვალს კი წარმოადგენს არსებობის არარსებობასთან უპირატესობა (აქ არსებობაში „არსებულად ყოფნა“ და არა აბსტრაქტული არსებობა, როგორც განყენებული კატეგორია იგულისხმება). ამგვარად ყალიბდება ბოროტებაც, როგორც არარსი.

პეტრიწთან პირველმიზეზი ყოფიერების იერარქიული კიბის უმაღლესი საფეხურია. მის „ქვემოთ“ ხდება გართულება, შინაარსით დატვირთვა. მაგალითად, ასეთი საფეხურია რიცხვები, გონება და ა.შ. სიმარტივე, რომელიც საბოლოოდ მყოფს, როგორც ასეთს გამოხატავს, აქ ონტოლოგიის მნიშვნელოვან კატეგორიად გვევლინება. ამგვარად, იერარქიის უმაღლესი საფეხურია სრული განკერძოება რაიმე შინაარსისგან - მყოფი, როგორც ასეთი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეტრიწის ინტენცია იმგვარი ონტოლოგიის (გ)აგებაა, რომელიც საკუთარ საფუძვლად თავად მყოფობას მოიაზრებს: ყოველივე არის, ე.ი. მათ აერთიანებთ მყოფობა (და არა ყოფნა, რამდენადაც ეს ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც სპეციფიკურ აბსტრაქციას გულისხმობს, ანტიკური აზროვნებისთვის უცხო იყო). შესაბამისად, პირველმიზეზიც არის მყოფი.

პეტრიწის ონტოლოგია ქრისტიანობის ჭრილში სპეციფიკურ განხილვას საჭიროებს. ერთი მხრივ, მასთან სახეზეა ქრისტიანული კატეგორიების მოხმობა, ქრისტიანულ ღმერთზე მითითება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი მიზანი ყოფიერების ნეოპლატონური სტრუქტურის ზუსტი ასახვა და გადმოცემაა, რადგან იგი, პირველ რიგში, პროკლეს თხზულების კომენტატორია. მისი მიზანია წარმოაჩინოს, თუ რას ნიშნავს რაიმეს მყოფობა. მასთან ეს კონცეფცია, ტრადიციული ნეოპლატონიზმის დარად, მოკლებულია პიროვნული ღმერთის გაგებას. მართალია, ის არაერთხელ რეფერირებს ქრისტიანული მოძღვრების ღმერთზე, მაგრამ ეს მაინც სპეციფიკურ, „ყოფიერების ფილოსოფიის“ სახეს უფრო ატარებს, ვიდრე სრულად განვითარებული ქრისტიანული თეოლოგიისა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ფილოსოფია ერთობ მნიშვნელოვანია ქრისტიანული მოძღვრებისთვის სიკეთის მონიზმის ჭრილში. ყოფიერების პრინციპად სიკეთის გამოცხადება ნეოპლატონიზმის ის მხარეა, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქრისტიანი ავტორები.

პირველმიზეზის კატეგორიის შესახებ ქართული აზროვნების კონტექსტში საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ახალი დროის ქართველი მოაზროვნეებიც, განსაკუთრებით კი ანტონ ბაგრატიონი და იონა ხელაშვილი. ორივე მათგანს არაერთი თხზულება ეკუთვნის, მათ საღვთისმეტყველო თხზულებებში კი პირველმიზეზის შესახებ ტრადიციული ქრისტიანული თეოლოგიის კონცეფციებია გატარებული, რომლებიც ეკლესიის წმიდა მამათა, განსაკუთრებით კი იოანე დამასკელის გავლენას განიცდის. იონა ხელაშვილის შემოქმედებიდან ამ კუთხით აღსანიშნავია „ღმრთისმეტყველება სამნაწილედი“, რომელშიც ავტორი დიდ ადგილს უთმობს ე.წ. „ბუნებით თეოლოგიას“. აქ აქცენტი კეთდება ღმერთზე, როგორც სამყაროს შემოქმედზე, რომელზეც შესაქმე გვესაუბრება. გარდა ამისა, ანტონთან და იონასთან საგულისხმოა ისეთი ნაშრომები, რომლებიც - დამასკელის „დიალექტიკის“ მსგავსად - მიზნად ისახავენ ფილოსოფიური კატეგორიების გადმოცემას. მაგალითად, ანტონის „სპეკალში“ არისტოტელური ფილოსოფიის გვერდით გამოყენებულია იოანე პეტრიწის ნეოპლატონური ფილოსოფიაც. ანტონიც და იონაც ცდილობენ იმგვარი ფილოსოფიური აპარატის შექმნას, რომელიც ყოფიერთა დასახასიათებლად იქნება გამოყენებული. ორივე მათგანი აქტიურად ეყრდნობა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის იდეას და ამის საფუძველზე გვთავაზობს ერთი პირველმიზეზის ფილოსოფიურ კონცეფციას. მათ გარდა, ახალი დროის ქართულ აზროვნებაში პირველმიზეზის ქრისტიანული გააზრებასა და ტრადიციული თეოლოგიური კონცეფციების ასახვას ვხვდებით იოანე ბატონიშვილთან, ასევე, სხვადასხვა ჰაგიოგრაფიულ თუ ჰიმნოგრაფიულ თხზულებაში. XIX ს.-ის ბოლოსა და XX ს.-ის დასაწყისში ამ კუთხით საყურადღებოა ღირსი ალექსი შუშანიას შემოქმედება.

XX საუკუნის ქართული აზროვნებაში, გამომდინარე იმჟამად არსებული იდეოლოგიური წნეხიდან, პირველმიზეზის კატეგორია ჩრდილში მოექცა და ქართულ აზროვნებაში მყარად ფესვგადგმული ქრისტიანული აზროვნების ეს თაურპრინციპი შესაფერისად ვერც კი წარმოჩნდა. ამ პერიოდის ქართველ ფილოსოფოსთა ნააზრევში ამ ფილოსოფიური კატეგორიის შესახებ გარკვეულ საყურადღებო მსჯელობებს (თუმცა, არა ქრისტიანობის ჭრილში) გერმანული იდეალიზმის ქართულენოვან ინტერპრეტაციებში (შ. ნუცუბიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი და სხვ.) ვხვდებით. ქრისტიანობის ჭრილში ეს ფილოსოფიური კატეგორია ამ პერიოდის მარტოოდენ ისტორიულ კვლევათა ობიექტად იქცა (მ. გოგიბერიძე, გ. თევზაძე და სხვ.). დღესდღეობით, ქართულ აზროვნებაში პირველმიზეზის ქრისტიანული კატეგორიის შესახებ ინტენსიური სისტემურ-ისტორიული კვლევები წარმოებს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში.

3 -ბიბლიოგრაფია

• ანტონ პირველი: სპეკალი, რედ. მ. რაფავა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.

• არისტოტელე: მეტაფიზიკა, თარგმანი ბერძნულიდან, კომენტარი და წინასიტყვაობა თ. კუკავასი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1964 წ.

• თევზაძე, გ.: ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: “carpe diem”, 2015 წ.

• თევზაძე, გ.: შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ.

• იონა ხელაშვილი: ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი (ფილოსოფიური ნაწილი), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.

• ირემაძე, თ.: მყოფი თუ ყოფნა? (მეტარეფლექსიები იოანე პეტრიწისგანმარტებაისშესახებ), კრებულში: ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი (რედ.-ები), ფილოსოფიადიალექტიკალოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი: „მერიდიანი“, 2008 წ., გვ. 105-110.

• ირემაძე, თ.: პროკლეს ფილოსოფიის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ, კრებულში: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი (რედ.-ები), ქართული აზროვნებაგანათლების პრობლემებიჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2008 წ., გვ. 10-15.

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში, კრებულში: თ. ირემაძე (რედ.), ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ.

• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.

• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.

• ირემაძე, თ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.

კალმასობა, თხზ. იოანე ბატონიშჳლისა, ნაწილი მეორე, ტფილისი: „კერესელიძის ტიპოგრაჶია“, 1867 წ.

• მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია, თბილისი: ფავორიტი სტილი“, 2017 წ.

• ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1956 წ.

• ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1958 წ.

• პეტრე იბერიელი: შრომები, ეფრემ მცირის თარგმანი, გამოსცა და ლექსიკონი დაურთო ს. ენუქაშვილმა, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1961 წ.

• პლატონი: პარმენიდე, თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, თბილისი: “carpe diem”, 2016.

პროკლე დიადოხოსი პლატონური ფილოსოფოსი. კავშირნი ღვთისმეტყველებითნი. თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა, ტ. 2, დიპლომატური გამოცემა, გამოსაცემად მოამზადეს დ. მელიქიშვილმა და ნ. მიროტაძემ, თბილისი: „შპს კოლორი“, 2016 წ.

• ღირსი ალექსი (შუშანია): საღმრთო წადილი, ზ. კალანდაძე (რედ.), თბილისი: „მთაწმინდა“, 2014 წ.

• შოთა რუსთაველი: ვეფხისტყაოსანი, თბილისი: „პერგამენტი“, 2022 წ.

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I (V-X სს.), ი. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1963 წ.

ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, რედ. ა. კეკელიძე, თბილისი: „სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა“, 1946 წ.

• წმ. იოანე დამასკელი: მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ორი ძველი ქართული თარგმანი (წმ. ეფრემ მცირისა და წმ. არსენ იყალთოელისა), გამოსაცემად მოამზადეს რ. მიმინოშვილმა და მ. რაფავამ, ძველი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ე. ჭელიძემ, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა“, 2000 წ.