მაქსიმე აღმსარებელი (ჩვ. წ. 580 – 662 წწ.) – დიდი საეკლესიო მამა და ღვთისმეტყველი - ადრებიზანტიური ეპოქის მნიშვნელოვანი მოღვაწეა, რომლის თხზულებებმა და ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ფილოსოფიურ და თეოლოგიურ აზროვნებაზე. მისი წოდება – „აღმსარებელი“ – საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ქრისტიანულ რწმენას შეწირული (თუმცა, არა მისთვის წამებული) წმინდანი – ზედმიწევნით ასახავს ამ დიდი სასულიერო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არსს: მაქსიმემ მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა მიუძღვნა ქრისტიანობის დაცვას, განსაკუთრებით გაითქვა სახელი ქრისტოლოგიური პოზიციის, მონოთელიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, რასაც შეეწირა კიდეც. მონოთელიზმი აღიარებდა ქრისტეს ჰიპოსტასურ ერთობას, თუმცა, მისთვის მიუღებელი იყო ქრისტეში ერთდროულად ადამიანური და ღვთაებრივი ნებისა და ენერგიის არსებობა. ეს არსობრივად უპირისპირდებოდა ქალკედონური დოქტრინის იმ ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვით ქრისტეს, ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებასთან ერთად, გააჩნდა როგორც ადამიანური, ისე ღვთაებრივი ნება და ენერგია. მონოთელიზმი იყო კომპრომისური პოზიცია დიოფიზიტობასა და მიაფიზიტობას შორის, რომელიც ბიზანტიის იმპერატორისა და ოფიციალური ეკლესიის მიერ იყო აღიარებული მაქსიმეს დროინდელ – VII საუკუნის შუა წლების ბიზანტიაში. მონოთელიზმთან დაპირიპირების გამო მაქსიმე აღმსარებელი ერეტიკოსად იყო შერაცხილი, არაერთხელ გასამართლებული და ბოლოს სასტიკად დასჯილი: მას, უკვე ღრმად მოხუცებულს, ამოჭრეს ენა, რათა არ ექადაგა, მოჰკვეთეს მარჯვენა ხელი, რათა არ ეწერა, და გადაასახლეს ისტორიულ ლაზიკაში, ლეჩხუმის მაღალმთიან რეგიონში, სადაც მან დაჰყო თავისი ცხოვრების ბოლო თვეები და იქ გარდაიცვალა. მისი გარდაცვლალებიდან მალევე ბიზანტიის ოფიციალურმა ეკლესიამ უარყო მონოთელიზმი, მაქსიმე მალევე იყო აღიარებული წმინდანად. ის იქცა განსაკუთრებულად ავტორიტეტულ ღვთისმეტყველად. დაწესდა მისი ხსენების დღეც: ორთოდოქსული ეკლესიის კალენდრის მიხედვით – 21 იანვარი, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიის კალენდრის მიხედვით – 13 აგვისტო.
მაქსიმე აღმსარებელმა დატოვა უმდიდრესი თეოლოგიური მემკვიდრეობა. ის მოღვაწეობდა ქრისტიანული მწერლობის თითქმის ყველა დარგში; მის ეგზეგეტიკურ შრომებში განმარტებულია წმინდა წერილის ბუნდოვანი პასაჟები; მაქსიმე არის დოგმატური და პოლემიკური თხზულებების ავტორი, ასევე დიდი ასკეტი, რომლის კალამს მიეკუთვნება არაერთი სულიერი შთაგონება და სწავლება ქრისტიანული სამწყსოს მიმართ. მას შეთხზული აქვს ასევე რამდენიმე საგალობელი, ცნობილია მისი ეპისტოლეები თანამედროვეთა მიმართ.
ერთი მხრივ, თეოლოგიური საკითხების სიღრმისეული ჭვრეტა, რომელიც წინამორბედ წმინდა მამათა ნააზრევსა და სულიერ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, ხოლო, მეორე მხრივ, თეოლოგიურ კამათებში ქრისტოლოგიურ დოგმათა დასაბუთებისას გამოყენებული დიალექტიკური მეთოდი, მყარი ლოგიკური არგუმენტაცია, რისი ცოდნაც ანტიკური და გვიანანტიკური ფილოსოფოსების – პლატონის, არისტოტელეს, პლოტინის, პორფირისა და პროკლეს ნაშრომებიდან მომდინარეობს - ასახულია მის თხზულებებში და ქმნის მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური ნააზრევის პროფილს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმე, წინამორბედ წმინდა მამათაგან განსახვავებით, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნაკლებად იყო განსწავლული რიტორიკაში, გულგრილი იყო მხატვრული სიტყვის, ლიტერატურული ფორმის მიმართ. ის იმთავითვე ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და მძიმე ენისა და სტილის მქონე ავტორად იყო მიჩნეული. ცოცხალი მხატვრული საუბრის ინტონაცია, რომელიც მსმენელს გულისხმობს და რომელიც დასტურდება პატრისტიკაში, მაქსიმეს ნაწერებში საერთოდ არ არის. „ავტორი, რომელიც არ ცდილობს დაატკბოს მკითხველის სმენა“, – ასე ახასიათებს ფოტიოსი მაქსიმეს სტილს, თუმცა, დასძენს, რომ მის ნაწერებში ყველგან გამოკრთის ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა და ქრისტეს სიყვარული.
მაქსიმე აღმსარებლის შრომებმა უდიდესი როლი შეასრულა მომდევნო ეპოქების თეოლოგიურ-ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში, მაგალითად, შენიშნულია მისი გავლენა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და გრიგოლ პალამას ნააზრევზე. მკვლევრები საუბრობენ ასევე მაქსიმე აღმსარებლის ნააზრევის კვალის არსებობის შესახებ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.
მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა ქართულად თარგმნა ორ მთარგმნელობით კერას, ათონისა და გელათის მწიგნობრულ სკოლებს უკავშირდება. X საუკუნის ბოლოსათვის ათონის ლიტერატურული სკოლის ცნობილმა წარმომადგენელმა, ექვთიმე მთაწმინდელმა ქართულად თარგმნა მაქსიმე აღმსარებლის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები. ისინი ექვთიმესათვის ჩვეული თავისუფალი მთარგმნელობითი მეთოდით არის შესრულებული, რომელსაც XI საუკუნის შავი მთის ელინოფილი მწიგნობარი ეფრემ მცირე „კლება-მატებას“ უწოდებს. XII საუკუნეში გელათის მწიგნობრულ სკოლაში ხელახლა, განსხვავებული, ელინოფილური მთარგმნელობითი პრინციპებით ითარგმნა ექვთიმეს მიერ დაახლოებით საუკუნეზე მეტი ხნის წინ ნათარგმნი მაქსიმეს თხზულებები, რასაც ამ ავტორის სხვა თხზულებათა თარგმანებიც დაემატა. მაქსიმეს თხზულებათა უმთავრესი ნაწილის მთარგმნელად ხელნაწერული ტრადიცია XII საუკუნის ცნობილ მწიგნობარს, ნიკოლოზ გულაბერიძეს მიაწერს.
„თალასეს მიმართ“ (Quaestiones ad Thalassium, CPG 7688) მაქსიმე აღმსარებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეგზეგეტიკური თხზულებაა, რომელშიც კითხვა-მიგების ფორმით წარმოდგენილია ბიბლიის რთული პასაჟების განმარტებები. შეიცავს 65 კითხვა-მიგებას. ამ თხზულების ექვთიმესეული თარგმანი კომპილაციური ხასიათისაა; შედგება 100 თავისაგან. მთარგმნელი ძირითად წყაროსთან ერთად იყენებს მაქსიმეს სხვა თხზულებას – Quaestiones et Dubia, ასევე ანასტასი სინელის Interrogationes et Responsiones de diversis propositae; ექვთიმესეული თარგმანის ყველა წყარო ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. არსებობს ამ თხზულების გელათური თარგმანი, რომელიც სიტყვასიტყვით მისდევს ბერძნულს.
„პიროსის მიმართ სიტყჳსგება“ (Disputatio cum Pyrrho, CPG 7698) მაქსიმე აღმსარებლის ცნობილი ანტიმონოთელიტური ხასიათის პოლემიკური თხზულებაა, რომელშიც ქრისტოლოგიური დოგმები ლოგიკური არგუმენტაციის საშუალებით არის ჩამოყალიბებული. ქართულად ეს თხზულება ორჯერ, დაახლოებით ერთი საუკუნის შუალედით არის ნათარგმნი ექვთიმე მთაწმინდელისა და გელათელი ელინოფილი მთარგმნელის მიერ. ექვთიმეს ეს თარგმანიც მისთვის ჩვეული თავისუფალი მთარგმნელობითი მეთოდით არის შესრულებული, ფაქტობრივად, შექმნილია მაქსიმეს თხზულების ახალი, განსხვავებული რედაქცია: მაქსიმეს თეოლოგიური ხასიათის წმინდა აკადემიური კამათი მოწინააღმდეგეებთან, რომელიც ითვალისწინებს ლოგიკური მსჯელობის საშუალებით ჭეშმარიტების დადგენას, ექვთიმესთან შეცვლილია დიდაქტიკური ტონით, რომლის მიზანია ახსნა-განმარტების საშუალებით მკითხველის რწმენის განმტკიცება და მისი დაცვა ერეტიკული აზრებისაგან. ამ ეფექტს ექვთიმე აღწევს ტექსტის გამარტივებით – პარაფრასით, განსაკუთრებულად რთული პასაჟების გამოტოვებითა და საკუთარი ახსნა-განმარტებების ჩართვით. მეორე, გელათური თარგმანი სიტყვასიტყვით მისდევს ბერძნულ ტექსტს და მთელი სიზუსტით გადმოსცემს მაქსიმეს ტექსტის ყველა ენობრივ ნიუანსს და საკმაოდ რთულ, კომპლექსურ თეოლოგიურ ტერმინებს.
მაქსიმე აღმსარებლის ორი თხზულება Ambigua ad Iohannem და Ambigua ad Thomam, რომლებიც ბიზანტიურ ტრადიციაში ერთიანი სათაურით – Ambiguorum liber-ით არის ცნობილი, IV საუკუნის კაპადოკიელი მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებებისა და არეოპაგიტული კორპუსის რამდენიმე პასაჟის განმარტებებს წარმოადგენს, თუმცა, საღვთისმეტყველო თუ ფილოსოფიური სიღრმის გამო, ისინი მკვლევართა მიერ მაქსიმეს დამოუკიდებელ ნაშრომებად არის მიჩნეული.
Ambigua ad Iohannem (CPG Suppl. 7705 [2]) გრიგოლ ღვთისმეტყველის ჩვიდმეტი ჰომილიის, ერთი ეპისტოლისა და ერთი ლექსის კომენტარებია, რომლებსაც წინ უძღვის მაქსიმეს ეპისტოლე კიზიკოსის მთავარეპისკოპოსის, იოანეს მიმართ. შეიცავს 66 განმარტებას. Ambigua ad Thomam (CPG Suppl. 7705 [1]) გრიგოლ ღვთისმეტყველის სამი საკითხავისა და არეოპაგელის ეპისტოლის Epistola IV. Eidem Gaio Monacho კომენტარებია. შეიცავს ხუთ განმარტებას. ამ თხზულებას წინ უძღვის მაქსიმეს ეპისტოლე მისი სულიერი მოძღვრის, თომას მიმართ. დღეისათვის გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ, იყო თუ არა შუა საუკუნეებში მაქსიმე აღმსარებელის ეს ნაშრომები ქართულად მთლიანად ნათარგმნი, თუმცა, ჩანს, რომ ძველი ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია, როგორც ათონური, ისე გელათური, იცნობდა ამ თხზულებებს. კერძოდ, ნაკვეთები Ambigua ad Iohannem-დან წარმოდგენილია კომენტარული ხასიათის თხზულებაში „თარგმანებაჲ ძნიად გულისჴმისსაყოფელთა სიტყუათა ქრისტეს შობის საკითხავისათა“, რომელიც ერთვის გრიგოლ ღვთისმეტყველის შობის საკითხავს (Oratio 38) ამ ავტორის საკითხავთა შემცველ ქართულ კრებულებში; თარგმანი ექვთიმე ათონელს ეკუთვნის. ფრაგმენტები ამავე თხზულებიდან – „ეპისტოლე იოანეს მიმართ“ და გრიგოლ ღვთისმეტყველის „გლახაკთმოყვარების“ საკითხავის (Oratio 14) ორი პასაჟის კომენტარი, ასევე, Ambigua ad Thomam-დან – დიონისე არეოპაგელის Epistola IV. Eidem Gaio Monacho-ის კომენტარის ფრაგმენტი – დასტურდება XII-XIII საუკუნეების კრებულში. ამ ფრაგმენტთა ქართული თარგმანი გელათური სკოლის ანონიმი მწიგნობრის მიერ არის შესრულებული.
ექვთიმეს ეკუთვნის მაქსიმე აღმსარებლის ასკეტიკური თხზულებებიდან გამოკრებილ სწავლანთა რამდენიმე კომპენდიუმის თარგმანი და სახარების განმარტებათა თარგმანი, რომლებიც ასევე გამოკრებილია მაქსიმეს თხზულებებიდან. დღეისათვის ძნელი სათქმელია, ეს კრებულები ექვთიმეს მიერ არის შედგენილი ამ ავტორის იმ მრავალრიცხოვანი კომპილაციური კრებულების ანალოგიით, რომლებიც არსებობდა ბერძნულ ტრადიციაში, თუ ექვთიმემ სათარგმნელად აირჩია იმთავითვე კომპილირებული მაქსიმეს ბერძნული კრებულები.
გელათელი მთარგმნელების მიერ ნათარგმნია მაქსიმეს შემდეგი თხზულებები: მამაო ჩუენოს განმარტება (Expositio orationis Dominicae, CPG 7691), ორასეულნი – თავნი ღმრთისმეტყუელებისათჳს და ჴორციელად განგებულებისათჳს ძისა ღმრთისა (Capita theologica et oeconomica, CPG 7694), სხუანი თავნი ათხუთმეტნი (Capita XV, SPG 7695) და სხვ., ასევე ეპისტოლეები სხვადასხვა პირების მიმართ.
ბოლო დრომდე სამეცნიერო ტრადიცია მაქსიმე აღმსარებელს განიხილავდა არეოპაგიტული კორპუსის კომენტარების ავტორად. მართლაც, არეოპაგიტული კორპუსის შემცველ ქართულ ხელნაწერებში არეოპაგიტული ტექსტის აშიებზე დართული კომენტარების ავტორებად მაქსიმე და გერმანე (მაქსიმე აღმსარებელი და გერმანე კონსტანტინოპოლელი) არიან დასახელებულნი. მთარგმნელი ამ კორპუსისა კომენტარებითურთ XI საუკუნის შავი მთის ელინოფილი მწიგნობარი ეფრემ მცირეა. დღეისათვის არეოპაგიტული კორპუსის მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ამ კორპუსის კომენტარების ძირითადი ნაწილი იოანე სკვითოპოლელს ეკუთვნის, თუმცა, კომენტართა გარკვეული, ე.წ. დამატებითი ჯგუფის ავტორებად კვლავაც მაქსიმე და გერმანე განიხილებიან, რასაც საფუძველს ქართული წყაროც – არეოპაგიტული კორპუსის ეფრემისეული თარგმანის შემცველი ხელნაწერები უმაგრებს.
შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დასტურდება რამდენიმე თხზულება, რომლის ავტორად მაქსიმე აღმსარებელია დასახელებული, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ამ თხზულებებს სხვა ავტორები ჰყავს. ესენია:
ა. „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსას“ ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანი, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ევაგრე პონტოელის ორი ნაშრომის Antirrheticus-ისა (CPG 2434) და De octo spiritibus malitiae-ის (CPG 2451) სინთეზს.
ბ. ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი კომპილაციური ნაშრომი – „სწავლანი სულიერნი წმიდისა მაქსიმე აღმსარებელისანი“, რომლის ძირითადი ნაწილი სინამდვილეში არის ევაგრე პონტოელის Capita Paraenetica (CPG 6583a). ეს თხზულება ბერძნულ ხელნაწერებშიც სხვა ავტორების, ნილოს სინელისა და ჰესუხიოს იერუსალიმელის სახელით არის ცნობილი.
გ. „მარიამ ღვთისმშობლის ცხოვრების“ ექვთიმე მთაწმინდელისეული თარგმანი, რომლის ავტორად ქართულ ხელნაწერებში მაქსიმე აღმსარებელია დასახელებული. ეს თარგმანი დიდი ხნის მანძილზე მიჩნეული იყო ისეთ ძეგლად, რომლის ბერძნული წყაროც დაკარგულია და ის მწიგნობრულ ტრადიციაში მხოლოდ ქრისტიანული აღმოსავლეთის ერთ ენაზე, ქართულად იყო შემორჩენილი. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ამ თხზულების ექვთიმესეულ თარგმანს საფუძვლად უდევს ბიზანტიელი ავტორის, იოანე გეომეტრის „მარიამ ღვთისმშობლის ცხოვრება“.
ბერძნულ ენაზე არსებობს „მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების“ (Vita Maximi) ოთხი რედაქცია, რომლებმაც არასრული სახით მოაღწიეს ჩვენამდე. ამდენად, მაქსიმეს ცხოვრების რეკონსტრუქციისა და შესწავლისათვის სხვადასხვაენოვან თარგმანებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ქართულ ენაზე დადასტურებულია „მაქსიმეს ცხოვრების“ სამი რედაქცია, რომლებიც ბერძნულიდან ქართულად სხვადასხვა დროს არის ნათარგმნი. პირველი თარგმანი ეკუთვნის ექვთიმე მთაწმინდელს, რომელიც თავისუფალი მთარგმნელობითი მეთოდით არის შესრულებული. მეორე რედაქციის მთარგმნელია ათონის მთის მწიგნობრული სკოლის ცნობილი წარმომადგენელი, გიორგი მთაწმინდელი. ეს არის მოკლე, სვინაქსარული რედაქცია, რომელიც გიორგის მიერ შეტანილია მის მიერვე შედგენილ ლიტურგიკულ კრებულში – „დიდ სვინაქსარში“. როგორც ექვთიმეს, ისე გიორგის რედაქციები შეიცავს ისეთ მომენტებსა და ეპიზოდებს მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან, რომლებიც არ დასტურდება არც ბერძნულ და არც ბერძნულიდან ნათარგმნ სხვაენოვან – ლათინურ თუ სირიულ – ვერსიებში. მესამე ვერსია ნათარგმნია გელათის მთარგმნელობით სკოლაში XII საუკუნეში. ეს არის იოანე ქსიფილინოსის „მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, რომელიც შეტანილია ქსიფილინოსის ქართულ მეტაფრასულ მენოლოგიონში. ამ რედაქციის ბერძნული წყარო დღეისათვის დაკარგულია. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იპყრობს Vita Maximi-ის მკვლევართა ყურადღებას, არის მაქსიმე აღმსარებლის განსვენების ადგილი. X-XI საუკუნეების ბერძნული წყაროების მიხედვით, მაქსიმე აღმსარებელი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თავდაპირველი ადგილიდან, ლეჩხუმიდან, კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. Vita Maximi-ის ქართულ ვერსიებში კი მსგავსი ინფომაცია არ დასტურდება.
იმ ფაქტმა, რომ მაქსიმე აღმსარებელმა, ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ტანჯულმა და დასახიჩრებულმა მოხუცმა თავისი სიცოცხლის ბოლო თვეები საქართველოში გაატარა და იქ გარდაიცვალა, დიდი ზეგავლენა მოახდინა ძველ ქართველთა წარმოსახვაზე. ამ უდიდესმა ქრისტიანმა მოაზროვნემ ქართულ გარემოში უძველეს დროშივე შეიძინა პაგანური ნიშნები, განიცადა ფოლკლორიზაცია და იქცა ამინდის განმგებელ და ჭირნახულის მფარველ ადგილობრივ ღვთაებად. მის სათაყვანებლად ლეჩხუმში სისტემატურად იმართებოდა სახალხო დღეობები და ტარდებოდა რიტუალები. თუმცა, საქართველოში მაქსიმე აღმსარებელს პატივს მიაგებენ ასევე როგორც უდიდეს ქრისტიან წმინდანს. ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშთხვერში მდებარე მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ეკლესიაში დასტურდება ფრესკა, რომელზეც მაქსიმე აღმსარებელი საეპისკოპოსო სამოსშია გამოსახული. როგორც ცნობილია, მაქსიმე არასოდეს ყოფილა ეპისკოპოსი, შესაბამისად, ქრისტიანულ ფრესკებსა თუ ხატებზე ის არსად არ არის ამგვარი სამოსით წარმოდგენილი. მკვლევართა აზრით, ეს ქართველთა განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვა უნდა იყოს ამ დიდი წმინდანის მიმართ.
ლეჩხუმში, ცაგერში, მაქსიმე აღმსარებლის გარდაცვალების ადგილას გაშენებულია წმინდა მაქსიმეს სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი, რომელიც XX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოქმედია.
• კეკელიძე, კ.: უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში, იხ.: კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია“, 1957 წ., გვ. 96-99.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: ევაგრე პონტოელის Antirrhetikos-ის ძველი ქართული თარგმანი, თბილისი: „ლოგოსი“, 2019 წ.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელით წარწერილი ტრაქტატი „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ და მისი ეფთვიმე მთაწმიდელისეული თარგმანი, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, ტ. 11 (2019 წ.), გვ. 9-346.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიგებანი მამა თალასეს კითხვებზე: გელათური თარგმანი (გამოკვლევა და ტექსტი), იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, ტ. 12 (2020 წ.), გვ. 7-681.
• ოთხმეზური, თ.: მაქსიმე აღმსარებლის Ambiguorum liber ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში, თბილისი: „კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2016 წ.
• სწავლანი სულიერნი წმიდისა მაქსიმე აღმსარებლისანი. ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ აღმსარებლისა მართლისა სარწმუნოებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმესი, თარგმანი წმიდა ექვთიმე მთაწმიდელისა, თბილისი: „ორთოდოქსი“, 2006 წ.
• ტყებუჩავა, ლ.: წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელით ცნობილი ასკეტური ძეგლი „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ და მისი ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, კრებულში: მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, №26 (2019 წ.), გვ. 127-138.
• ტყებუჩავა, ლ.: ევაგრე პონტოელის შრომა „ბოროტების რვა სულის შესახებ“ და მისი წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, იხ.: სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები, №10/11 (2020 წ.), გვ. 183-264.
• ტყებუჩავა, ლ.: ევაგრე პონტოელის „ანტირეტიკოსი“ და მისი წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, იხ.: გრაგნილი. საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, №7 (2020 წ.), გვ. 165-196.
• ტყებუჩავა, ლ.: ევაგრე პონტოელის მე-4 ეპისტოლე და მისი წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, იხ.: გრაგნილი. საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, №8 (2021 წ.), გვ. 329-346.
• ტყებუჩავა, ლ.: წმ. ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი კომპილაციური შრომა „სწავლანი სულიერნი წმიდისა მაქსიმე აღმსარებელისანი“, იხ.: გრაგნილი. საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, №9 (2022 წ.), გვ. 191-224.
• ხოფერია, ლ.: მაქსიმე აღმსარებლის „პიროსთან სიტყვისგების“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, ჟურნალში: „რელიგია“, №1-2-3 (1996 წ.), გვ. 82-101.
• ხოფერია, ლ.: „მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი და მისი მიმართება ბერძნულ წყაროებთან, კრებულში: მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, №21 (2005 წ.), გვ. 52-62.
• ხოფერია, ლ., ჩანტლაძე, ა.: მაქსიმე აღმსარებლის გელათური კრებული და მისი ბერძნული წყარო (ერთი ეპიზოდი ქართული და ბერძნული სამწიგნობრო კერების ურთიერთობის ისტორიიდან), კრებულში: მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, №21 (2005 წ.), გვ. 63-79.
• Chantladze, A.: Euthymius the Athonite’s Translation of Maximus the Confessor’s Quaestiones ad Thalassium, in: T. Mgaloblishvili, L. Khoperia (eds.), Maximus the Confessor and Georgia (Iberica Caucasica, 3), London: Bennett & Bloom, 2009, pp. 49-58.
• Van Esbroeck, M.: Maxime le Confesseur, Vie de la Vierge (Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, 478-479, Scriptores Iberici , 21-22), 1-2 vols., Leuven: E. Peeters, 1986.
• Khoperia L.: Maximus the Confessor: Life and Works in the Georgian Tradition, in: T. Mgaloblishvili, L. Khoperia, (eds.): Maximus Confessor and Georgia (Iberica Caucasica, 3), London: Bennett & Bloom, 2009, pp. 25-48.
• Mgaloblishvili, T. Khoperia L. (eds.): Maximus Confessor and Georgia (Iberica Caucasica, 3), London: Bennett & Bloom, 2009.
• Simelidis, Ch.: Two Lives of the Virgin: John Geometres, Euthymios the Athonite, and Maximos the Confessor, in: Dumbarton Oaks Papers, 74 (2020), pp. 125-159.