2024-03-18 გიორგი ხუროშვილი

ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი

1 -ვინაობა და მოღვაწეობა

ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი XV საუკუნის ქართული ინტელექტუალური და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საქართველოს ისტორიაში დიდი კვალი დატოვა, როგორც გავლენიანმა ფეოდალმა, სარდალმა, მაგრამ უწინარესად კი, როგორც გამორჩეულმა სწავლულმა და მოაზროვნემ. მისი ვრცელი ნაშრომი „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“ ქართული სამედიცინო აზროვნების ისტორიის ფასდაუდებელი დოკუმენტია, სადაც ავტორი საყურადღებო ფილოსოფიურ მსჯელობებსაც ავითარებს. ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი ეკუთვნოდა ტაოს, ფანასკერტის ციხის მფლობელ, დიდგვაროვანთა სახლს. XIV საუკუნეში ამ საგვარეულოს ერთი შტო გადმოსახლდა ქართლში. ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი სწორედ ამ შტოს წარმომადგენელია. იგი ისტორიულ დოკუმენტებში პირველად ჩნდება 1467 წელს, რომლის მიხედვითაც მას ქართლში ებოძა ხედურეთის, უფლისციხისა და კარალეთის მამულები; ასე შეიქმნა ქართლში მისი ფეოდალური სახლი, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და განივრცო, უკვე გვიანდელ წყაროებში ის ცნობილია როგორც „საციციანო“. ზაზა ფანასკერტელის მეორე გვარი ციციშვილი სათავეს უნდა იღებდეს მისი ახლო წინაპრის სახელიდან: XV საუკუნის პირველი ნახევრის წყაროებში ნახსენებია დიდგვაროვანი ციცი ფანასკერტელი და ზაზაც სწორედ ამ უკანასკნელის შთამომავალი უნდა იყოს. იოანე ბაგრატიონი (1766-1830 წწ.) თავის ნაშრომში „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ ასეთ ცნობას გადმოგვცემს: „ზაზა ფანასკერტელი... გარდმოასახლა საქართველოსა შინა და მიუბოძა მძოვრეთი ხეობასა შინა სოფლები და განმყოფთა ამათთა უბოძა ნიჩბისის ხეობაზედ სოფელნი და დაასხა მუნ... ზემო ციციანნი არიან, რომლებიც მძოვრეთის ხეობის მცხოვრებნი არიან, ხოლო ქვემო ციციანნი ნიჩბისის ხეობაში სახლობენ“.

უცნობია, თუ სად მიიღო ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა განათლება; იმჟამინდელი საქართველო ერთგვარი კულტურული დაქვეითების ხანაში იმყოფებოდა, რაც, ცხადია, აისახებოდა განათლების სფეროზეც, თუმცა ფაქტია, რომ იგი თავისი დროის დიდი ინტელექტუალია, რომელიც მოიხსენება, როგორ „მკურნალი“ და „ბრძენთმთავარი“, გარდა სამედიცინო კვლევებისა, იგი მუშაობდა საღვთისმეტყველო ტექსტებზე, კერძოდ, შეაგროვა და წიგნად გადააწერინა წმ. იოანე ოქროპირის ქართულ ენაზე თარგმნილი ზოგიერთი ტექსტი. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო სამეფო კარისკაცი (მეჭურჭლეთუხუცესი) და ჯარის სარდალი. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის პორტრეტი შემონახულია და ის ფრესკის სახით გამოსახულია ყინწვისის მონასტერში, ფრესკა გაფორმებულია სხვადასხვა მცენარეებით, რომელთა სამედიცინო დანიშნულება მას თავის ნაშრომში აქვს აღწერილი.

2 -„სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“

სამედიცინო ლიტერატურის ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. XI საუკუნიდან ცნობილია ვინმე ქანანელის მიერ შედგენილი წიგნი „უსწორო [სწორუპოვარი] კარაბადინი“, XIII საუკუნიდან კი შემონახულია ვინმე ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“, რომელიც არაბულიდან უნდა იყოს თარგმნილი. ფანასკერტელის ნაშრომთან შედარებით ეს ტექსტები მოცულობით უფრო მომცრო ზომისაა და მათი ხელნაწერები უფრო ცუდადაა შემონახული; მიუხედავად ამისა, ისინი უხვ ცნობებს გვაწვდიან შუა საუკუნეების ქართული სამედიცინო პრაქტიკის შესახებ და ადასტურებენ, რომ საქართველოში სამედიცინო ლიტერატურაზე მუშაობის ტრადიცია არსებობდა. სავარაუდოა, რომ ფანასკერტელს სცოდნოდა ეს ტექსტები და ისინი თავის ვრცელ ნაშრომში გამოეყენებინა კიდეც.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ამ ნაშრომის ხელნაწერი 1945 წელს აღმოაჩინა ფილოლოგმა თორნიკე ჭყონიამ რუსეთში, ქალაქ გორკის სახელმწიფო არქივში. ხელნაწერის შესწავლას შეუდგნენ ი. აბულაძე და კ. გრიგოლია; მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „კარბადინის“ ხელნაწერი ერთ წიგნად შეუკრავთ ვახტანგ VI-ის დავალებით, 1709 წელს, რასაც მოწმობს ხელნაწერს დართული ეს ვახტანგისეული ცნობაც: „ჩვენ საქართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ თვითეულად ფურცლად მოშორებული კარაბადინი ესე შევაწყობინე და შევაკვრევინე საჴსრად და სასარგებლოდ კაცთათვის და საჴსრად ყოველთა“. სავარაუდოა, რომ ეს წიგნი ვახტანგ მეექვსემ თან წაიღო რუსეთში 1724 წელს, ხოლო მისი და მისი მემკვიდრეების გარდაცვალების შემდეგ კი ის რუსეთის არქივში აღმოჩნდა. მართალია, ხელნაწერი წიგნად ვახტანგის დროს შეიკრა, მაგრამ ი. აბულაძისა და კ. გრიგოლიას მიერ პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ხელნაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საკუთრივ ხელნაწერი უფრო ძველია და ის უნდა ეკუთვნოდეს XV საუკუნის პერიოდს. ეს მოსაზრება იმითაც დასტურდება, რომ ხელნაწერში, გადამწერის მიერ ავტორი ცოცხლად არის მოხსენებული: „ქრისტე ღმერთო ადიდე ორთავე შინა ცხოვრებათა ბრძენთმთავარი ფანასკერტელი ზაზა, ამინ.“ კვლევის შედეგად დადგინდა საკუთრივ გადამწერის ვინაობაც - მცხეთის ქადაგი მახარებელი მაღალაძე, რომელიც, როგორც უკვე სხვა დოკუმენტიდან ირკვევა, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის თანამედროვეა.

ხელნაწერი წიგნი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში გადმოცემულია მედიცინის ზოგადი საკითხები, მეორეში კი კერძო საკითხები. ხელნაწერის მეორე ნაწილი პირველად გამოიცა 1950 წელს პროფესორ მიხეილ სააკაშვილის რედაქციით; ამ გამოცემას ახლავს პროფესორ ილია აბულაძისა და დოცენტ კ. გრიგოლიას შესავალი გამოკვლევა და ლექსიკონი. პირველი ნაწილი კი შესაბამისი გამოკვლევითა და ლექსიკონით პროფესორმა მიხეილ შენგელიამ პირველად გამოსცა 1959 წელს, მეორედ - 1986 წელს, 1988 წელს მან მეორედ გამოსცა ხელნაწერის მეორე ნაწილი; მანვე, 1978 წელს, ერთად გამოსცა ხელნაწერის ორივე ნაწილი ვრცელი შესავლით, ლექსიკონით და საძიებლებით.

„კარაბადინი“ ორიგინალური ქართული ნაშრომია, თუმცა მასში უხვად არის გამოყენებული ბერძნული, რომაული და არაბული სამედიცინო ტერმინოლოგია. საერთო ჯამში, ნაშრომში განხილულია სამკურნალო საშუალებათა 14 ფორმა და მათი 405 სახეობა. ნაშრომში დაწვრილებით არის გადმოცემული მედიცინის თეორიული და პრაქტიკული საკითხების ფართო სპექტრი, მასში მოცემულია ცნობები შინაგანი სნეულებების შესახებ, ემბრიოლოგიის, ნევროპათოლოგიის, ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის, თერაპიის, ქირურგიის, ონკოლოგიის, ფარმაკოლოგიის და სხვა სამედიცინო საკითხების შესახებ. წიგნში აღწერილია სხვადასხვა სამედიცინო იარაღები და სამკურნალო რეკომენდაციები, ასევე, წამლის ფორმების ნაირსახეობათა მომზადების წესი.

3 -ფილოსოფიური შეხედულებები

მართალია, „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“ სამედიცინო ნაშრომია, მაგრამ მასში ფილოსოფიური მომენტებიც არის წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ავტორი კარგად იცნობდა ანტიკურ მოაზროვნეებს, მის ტექსტში გვხვდება პლატონისა და დემოკრიტეს სახელები, მრავალჯერ არიან ნახსენები გალენოსი, ჰიპოკრატე და არისტოტელე. მათი ხსენება, ძირითადად, დაკავშირებულია სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტების და სამედიცინო შემთხვევების განხილვასთან. თუმცა, უფრო საყურადღებოა საკუთრივ ფანასკერტელის მიერ განვითარებული ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობები, რომელთა ერთი ნაწილი შეიძლება დაჯგუფდეს ანთროპოლოგიის, მეორე კი ნეიროფილოსოფიის კონტექსტში.

ნაშრომის დასაწყისშივე ავტორი განიხილავს ადამიანის აგებულების საკითხს. ეს თავი იწყება შემდეგი ქვესათაურით: „ცნობა ოთხთა ბუნებათა და კაცისა აგებულებისათუის“. აქედანვე ჩანს, რომ იგი აპირებს ადამიანის აგებულების საკითხი განიხილოს ოთხი პირველსაწყისის თეორიის კონტექსტში, რომლის მიხედვითაც მატერია შედგება ოთხი ელემენტისგან (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი). ანტიკურ საბერძნეთში ამ თეორიას სათავე დაუდო ემპედოკლემ, მოგვიანებით ის თავიანთი მიზნებისათვის განავითარეს ჰიპოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ. ეს თეორია, ცნობილი იყო საქართველოშიც, კერძოდ, შუა საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსის იოანე პეტრიწის მეშვეობით, რომელმაც თარგმნა და განმარტა ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის, პროკლეს ნაშრომი „თეოლოგიის საწყისები“, სადაც პროკლე ამ თეორიის თავისებურ ინტერპრეტაციას აყალიბებს. მიუხედავად ამისა, ვერ დავამტკიცებთ, რომ ფანასკერტელს ეს თეორია სწორედ პეტრიწისგან აქვს აღებული, თავის ნაშრომში იგი არ ახსენებს არც პროკლეს და არც პეტრიწს, სამაგიეროდ, როგორც ზემოთ ითქვა, იგი იცნობს ჰიპოკრატეს და არისტოტელეს აზროვნებას და ბევრჯერ იმოწმებს კიდეც მათ; ამიტომ, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ოთხი ელემენტის თეორია ფანასკერტელს სწორედ მათგან ჰქონდეს აღებული. პეტრიწი იმდენად შეიძლება ყოფილიყო ფანასკერტელის წყარო, რამდენადაც ეს უკანასკნელი, პეტრიწის მსგავსად, ოთხი ელემენტის თეორიის ქრისტიანულ ინტერპრეტაციას ავითარებს, თუმცა, ისიც ცხადია, რომ მისი უნარების მქონე ინტელექტუალი, ამგვარი ინტერპრეტაციის განხორციელებას დამოუკიდებლადაც გაართმევდა თავს.

უშუალოდ ეს ქვეთავი ასე იწყება: „და შექმნა ღმერთმან კაცი ოთხთაგან ბუნებათა: ცეცხლისაგან, ქარისაგან, მიწისაგან და წყლისა. და ესე შეუმგზავსებულ არიან და განწვალებულნი, და სიმჴურვალე და სიგრილე, სიჴმელე და სინოტიე...“. ფანასკერტელის თანახმად, ადამიანის მატერიალური ნაწილი ღმერთმა შექმნა სწორედ ამ ოთხი პირველსაწყისი ელემენტის გამოყენებით. თითოეულ ელემენტს იგი უკავშირებს ადამიანის სხეულში არსებულ ოთხ სხვადასხვა სითხეს: „შექმნა ცეცხლისაგან კვერცხის გული ნაღველი და არს იგი მჴურვალი“ [...] „შექმნა ღმერთმან ქარისაგან სისხლი და არს მჴურვალი და ნოტია“ [...] „შექმნა ღმერთმან შავი ნაღველი მიწისაგან და არს იგი გრილ და ჴმელ“ [...] „შექმნა ღმერთმან წყლისაგან თელგმა და არის იგი გრილ და ნოტია“. ფანასკერტელის ეს ოთხი სითხე ასეთია: 1) ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; 2) სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; 3) შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში; 4) ლორწო, რომელიც სიცივეს ინახავს ორგანიზმში. სავარაუდოა, რომ ოთხი სითხის შესახებ ამ ინტერპრეტაციას იგი უნდა ავითარებდეს ჰიპოკრატეზე დაყრდნობით, რომელიც, თავის მხრივ, ამ საკითხზე მსჯელობდა ადამიანის ტემპერამენტის დახასიათების კონტექსტში. ფანასკერტელი კი ამას იყენებს ადამიანის აგებულების აღსაწერად და აჩვენებს, თუ როგორ მართავს ეს ოთხი სითხე ადამიანის ორგანიზმს, კერძოდ, იგი წერს, რომ ნაღველი განკარგავს მუცლის არეს, სისხლი განკარგავს ვენებს, შავი ნაღველი თირკმელებსა და წვრილ ნაწლავებს, ხოლო ლორწო თავისა და მკერდის არეებს. თუკი ოთხივე მათგანი „შეზავებულ იყუნენ სწორად“, მაშინ ადამიანი ჯანმრთელი იქნება, ხოლო „უკეთუ ერთი ამათგანი განძაძლიერდეს“, მაშინ ის დასნეულდება. ამ ოთხ ელემენტს მიიჩნევს იგი ადამიანის მატერიალური არსებობის მთავარ განმსაზღვრელად, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ამ ქვეთავის დასკვნაში: „და ამათგან იქნების სიცოცხლე და სიკუდილი, ჭირი და ლხინი, ყუალა ამა ოთხთა ბუნებათაგან იქმნების ბრძანებითა ღ’თისათა. იცოდით, რა კაცი დაიბადების, ვირე სიკუდილამდი ამა ოთხთა ბუნებათაგან იქცევის და ამათგან იზრდების, და ამათგან ცოცხალა კაცი“.

ფანასკერტელი თავის ნაშრომში განიხილავს ტვინის საკითხს, რაც საყურადღებოა, როგორც ადამიანის აგებულების, ასევე, ნეიროფილოსოფიის კონტექსტშიც. ტვინისადმი მიძღვნილი განყოფილების სათაური ასეთია: „პირველად თავი და ტუნი ვაჴსენოთ, საქმენი მისნი, სარგონი მისნი და ხასიათი მისი“. ავტორი ადამიანის თავს ამსგავსებს ცას, როგორც ცა ხურავს დედამიწას, ასევე ხურავს ადამიანს თავი, რომელშიც შემოქმედმა ღმერთმა განათავსა ტვინი და ის განაგებს ადამიანის მთელ სხეულს. იგი გამოჰყოფს ტვინის ოთხ თვისებას და ფუნქციას: „ერთი - ჭკუა, ერთი - ცნობა, ერთი - გაგონება, ერთი - სინათლე თუალთა“. იგი აღწერს, თუ როგორ ოპერირებს ტვინი ფიზიოლოგიურად და რა გზებით უკავშირდება ის სხვადასხვა ორგანოებს, რის შემდეგაც დაასკვნის: „ღმერთმან ტუინი გუამისა ჴელმწიფედ დაჰბადა და ცნობა ყუალა მისგან არის“. ფანასკერტელი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება არის ტვინში მიმდინარე პროცესი, ადამიანი თავის ფიზიოლოგიას აღიქვამს და მართავს ტვინის მეშვეობით, თუკი ის სხეულის რომელიმე ნაწილს დაიზიანებს, ამის აღქმა მას მხოლოდ ტვინში გაცნობიერების მეშვეობით შეუძლია. იგივე აზრს ავითარებს იგი ფსიქიკური პათოლოგიების შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს პათოლოგიები ტვინში მიმდინარე პროცესი და მისი დაავადების მანიშნებელია: „ყოველი ცნობა და ჭკუა კაცისა ტუინშიგან არის, შეტყუებაცა, თუარა ასრე გასინჯე, რომე კაცსა ბნედა შეექმნების, ისი სენი ტუინშიგა შეიქმნების და ტუნი დაბნდების“. ავტორი ტვინს წარმოადგენს, როგორც შემეცნებელ ორგანოს; ტვინი, მისგან გამომავალი ნერვების მეშვეობით, ამოძრავებს ცალკეულ ორგანოებს („ამათგან იძვრის ყოველი ასო“) და აღიქვამს გარემოს: „ავსა და კარგსა მიცემასა და აღებასა და დავარდნასა ყუალასა ტუინი იმა ძარღუებიდაღმა შეიტყუებს“.

4 -ბიბლიოგრაფია

• ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი: სამკურნალო წიგნი. კარაბადინი, მ. სააკაშვილის რედაქციით, თბილისი: „საქმედგამი“, 1950 წ.

• ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი: სამკურნალო წიგნი - კარაბადინი, ტექსტი მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო მ. შენგელიამ, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1978 წ.

• ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი: სამკურნალო წიგნი - კარაბადინი, ტ. 1, შეადგინა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო მ. შენგელიამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1986 წ.

• ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი: სამკურნალო წიგნი - კარაბადინი, ტ. 2, შეადგინა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო მ. შენგელიამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.

• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, წგ. 1, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ.

• შენგელია, მ.: ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი-კარაბადინი“, წიგნში: მ. შენგელია, ქართული მედიცინის ისტორია, თბილისი: „განათლება“, 1980 წ., გვ. 190-201.