შუა საუკუნეების საეკლესიო მწერლის, X-XI საუკუნეების ხელნაწერებით ჩვენამდე მოღწეული ეგზეგეტიკური, სამოძღვრო და სადღესასწაულო ჰომილიების ავტორის, იოანე ბოლნელის ბიოგრაფიის შესახებ სანდო საისტორიო წყაროები არ მოგვეპოვება. სხვადასხვა არაპირდაპირ ცნობაზე დაყრდნობით, ამ ავტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. მოსე ჯანაშვილის, კორნელი კეკელიძის, რევაზ ბარამიძისა და რამდენიმე სხვა მკვლევრის აზრით, იოანე ბოლნელი X საუკუნის მიწურულისა და XI საუკუნის დასაწყისის მწერალია, ბაგრატ III-ის თანამედროვე. თამილა მგალობლიშვილი მის მოღვაწეობას X საუკუნის შუა ხანებში დებს, პავლე ინგოროყვა – IX საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო მიქელ თარხნიშვილმა და მიშელ ვან ესბროკმა მისი მოღვაწეობა VI-VII საუკუნეებით დაათარიღეს.
კ. კეკელიძის დათარიღება ძირითადად ემყარება მისსავე ვარაუდს, რომ X საუკუნის მიწურულისა და XI საუკუნის დასაწყისის სხვადასხვა წყაროში მჭევრმეტყველ მქადაგებლად და თანამედროვე „ოქროპირად“ მოხსენიებული იოანე ხახულელი – იგივე იოანე ბოლნელი უნდა იყოსო, რადგანაც სახელი „ოქროპირი“ სწორედ მას შეეფერება იმ სიტყვაკაზმული ჰომილიების გამო, რომელიც მისი სახელით ჩვენამდეა მოღწეული, და სხვა გამოჩენილი მქადაგებელი ამ დროის წყაროებში არ ჩანსო.
ის ფაქტი, რომ ბოლნისის სიონის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა საფლავის ქვა, წარწერით – „იოანე ბოლნელი“, და ეს წარწერა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით X საუკუნით დაათარიღეს სპაციალისტებმა, – კ. კეკელიძეს სანდო საბუთად არ მიაჩნია იმის სამტკიცებლად, რომ მწერალი იოანე ბოლნელი ნამდვილად X საუკუნეში მოღვაწეობდა, და ეს წარწერიანი ქვა ნამდვილად მისია, რადგანაც ტიტული ბოლნელი – ბოლნელ ეპისკოპოსს ნიშნავს, და იოანეს სახელით, შესაძლოა, სხვადასხვა დროს არაერთი ეპისკოპოსი განაგებდა ბოლნისის საეპისკოპოსო კათედრას.
პ. ინგოროყვა თავისი დათარიღებისას ემყარება ბოლნისის სიონში აღმოჩენილ ლაპიდარულ წარწერაში იოანე ბოლნელისა და გურგენ ერისთავთერისთავის (IX ს.) გვერდიგვერდ მოხსენიებას.
მ. თარხნიშვილის სიტყვით, იოანე ბოლნელი VII საუკუნის მოღვაწეა, რადგან მის თხზულებებში მინიშნებულია იმდროინდელი საღმრთისმსახურო ტრადიციები (კერძოდ, ჟამისწირვა სრულდებოდა მხოლოდ შაბათ-კვირას, ბზობის პარასკევს, დიდ ხუთშაბათსა და ხარებას, სხვა დღეებში კი არ სრულდებოდა ლიტურგია, მაშასადამე, სიწმიდის განახლებას არ იცნობდა ავტორიო).
უფრო საფუძვლიანი დათარიღება წარმოადგინა ბელგიელმა მეცნიერმა მ. ვან ესბროკმა. მან ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ მრავალთავებს, რომლებშიც იოანე ბოლნელის სამარხვო ჰომილიებიცაა შეტანილი. მათში გამოვლენილი ლიტურგიკული კალენდრის (კერძოდ, დიდმარხვის რვაკვირიანობის) ანალიზის საფუძველზე მკვლევარმა დაასკვნა, რომ იოანე ბოლნელი VI-VII სს. იერუსალიმელი მოღვაწეა, და ჰომილიების უმეტესობა სწორედ იქ წარმოუთქვამსო.
მ. ვან ესბროკის არგუმენტაცია დამაჯერებელი არ აღმოჩნდა კლარჯული მრავალთავის მკვლევარ თ. მგალობლიშვილისათვის. მისი მტკიცებით, იოანე ბოლნელი X საუკუნის შუა ხანების მოღვაწე უნდა იყოს, გურგენ დიდის (X ს. შუა ხანები) თანამედროვე. მკვლევრის უმთავრესი არგუმენტია ეპიგრაფიკული მასალა (სახელდობრ, ზემოხსენებული საფლავის ქვა, რომლის სანდოობა თავის დროზე გამორიცხა კ. კეკელიძემ); ასევე იოანე ბოლნელის ჰომილიათა შემცველი ხელნაწერების ტერიტორიული გავრცელების ფარგლები (გურგენ დიდის სამფლობელო არეალის გათვალისწინებით) და ხელნაწერთა ქრონოლოგია. რვაკვირიან დიდმარხვას მკვლევარი არა VII, არამედ X საუკუნეში ვარაუდობს. ხოლო იმ არქაიზმებს, რომლებიც იოანე ბოლნელის ქადაგებებში უხვად დასტურდება, ხსნის იმით, რომ ეს ავტორი უძველეს ავტორთა თხზულებებს იყენებდა და თანაც ძალზე აქტიურადო.
შემდგომ მკვლევართაგან ზოგმა თ. მგალობლიშვილის დათარიღება გაიზიარა (ენრიკო გაბიძაშვილი, ედიშერ ჭელიძე), ზოგმა – მ. ვან ესბროკისა (მანანა მაისურაძე, მარინე მამულაშვილი, ანა ღამბაშიძე, მაია ჩხენკელი, სტეფანე ვერჰელსტი).
როგორც არ უნდა იყოს, იოანე ბოლნელი უდავოდ დიდი გაქანების შემოქმედია. მისი ქადაგების საღმრთისმეტყველო სიღრმე, მსჯელობის ამაღლებული ტონი და პათოსი მსმენელსა და მკითხველზე უდიდეს ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. ავტორის მეტყველება მკაფიო, დახვეწილი და კეთილხმოვანია. მისი ენა – ნათელი, ტერმინოლოგიურად ზუსტი და გამართული; სტილი – სადა და გამჭვირვალე; თხზულების მხატვრული ქსოვილი - არაჩვეულებრივად მდიდარი. ქრისტიანული ჭეშმარიტებისა და სათნოების მოძღვრებას ავტორი გადმოსცემს კაზმული სიტყვით, ცოცხალი ფერებით, მწყობრად, ფაქიზად, ჰარმონიულად. იოანე ბოლნელი ბგერწერის შეუდარებელი ოსტატიცაა; მისი ქადაგების მრავალი ადგილი მძაფრი შინაგანი რიტმის გამო პოეზიას ენათესავება და პოეტური პროზის ბრწყინვალე მარგალიტებს წარმოგვიდგენს.
სახისმეტყველებითი ფერადოვნება და მშვენიერება, რიტორიკული სამკაულების სიუხვე და მათი ოსტატური მორგება თხზულების შინაარსთან – იოანე ბოლნელის ქმნილებებს აღმოსავლურ-ქრისტიანული ჰომილეტიკის საუკეთესო ნიმუშების გვერდით აყენებს. ქართულმა ორიგინალურმა ჰომილეტიკურმა მწერლობამ კი მათი სახით თავის მწვერვალს მიაღწია.
იოანე ბოლნელის სახელით ჩვენამდე მოღწეულია 14 ჰომილია, რომლებიც თავმოყრილია X-XIII სს.-ის ხუთ კრებულში. ამათგან სამი – საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება (A-144 - კლარჯული მრავალთავი X საუკუნისა, A-95 - პარხლის მრავალთავი XI საუკუნისა, A-70 - კრებული XIII საუკუნისა), თითო - ათონის მთის ქართველთა მონასტერში (Iviron.georg.11 - ათონური მრავალთავი X-XI სს.-ისა) და სინაჲს მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში (Sinaiticus.georg.44 - კრებული X საუკუნისა).
ჰომილიათა უმეტესობა დიდი მარხვის კვირიაკეთა სახარებების კომენტირებას ეძღვნება. ესენია: „მარხვათა განწესებისათჳს“, „დღესა ჴორცითა აღებასა, თარგმანებაჲ წმიდათა მარხვათა სახარებისაჲ, ფარისეველისა მისთჳს და დედაკაცისა ცოდვილისა, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს“ (ლუკა 7,36-50); „კჳრიაკე დღესა ყველითა აღებასა, თარგმანებაჲ სახარებისაჲ: ეკრძალენით ქველისსაქმესა...“ (მათე 6,1-34); „მესამესა კჳრიაკესა, სახარებაჲ ლუკაჲსი: და იყვნეს ყოველნი მეზვერენი და ცოდვილნი...“ (ლუკა 15,1-10); „მეოთხესა კჳრიაკესა, სახარებაჲ ლუკაჲსი, ორთა მათ ძეთათჳს“ (ლუკა 15,11-32); „მეხუთესა კჳრიაკესა, სახარებაჲ ლუკაჲსი“ (ლუკა 11,11-13; 18,2-14); „მეექუსესა კჳრიაკესა, თარგმანებაჲ სახარებისაჲ: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა...“ (ლუკა 10,30-37); „მეშჳდესა კჳრიაკესა, სახარებაჲ ლუკაჲსი: კაცი ვინმე იყო მდიდარი...“ (ლუკა 16,19-31); „კჳრიაკესა მეშჳდესა, შესლვისათჳს უფლისა იერუსალემდ“ (მათე 21,1-9; მარკ. 11,1-11; იოვანე 12,12-15).
საკითხავი „მარხვათა განწესებისათჳს“ წინასიტყვად ერთვის დიდმარხვის კვირიაკეთა ჰომილიების კრებულს. მასში წარმოჩენილია მარხვის დიდი მნიშვნელობა სულიერი ცხოვრებისათვის, და მოთხრობილია საეკლესიო კრებათა მიერ მარხვისა და სამარხვო ციკლის დღესასწაულთა განწესების მოკლე ისტორია.
სამარხვო ჰომილიათა ციკლში ასახულია რვაკვირიანი პერიოდი დიდმარხვისა, რომელიც, როგორც ცნობილია, მოქმედებდა იერუსალიმში VII საუკუნის (629 წლიდან) ჰერაკლე კეისრისა და მოდესტოს ეპისკოპოსის დროს (იმჟამად მარხვის შვიდეულთა რიცხვს ყველიერიც დაემატა). ჰერაკლეს სიკვდილის შემდეგ კი ეს ტრადიცია მოიშალა და ამიერიდან აღარასოდეს აღდგენილა. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი, რომლითაც ზოგიერთი მკვლევარი იოანე ბოლნელის ქადაგებათა შეთხზვას VII საუკუნით ათარიღებს, და მისი მოღვაწეობის იმ პერიოდს, როდესაც ეს ქადაგებები წარმოითქვა, იერუსალიმთან აკავშირებს (მ. ვან ესბროკი და სხვ.).
სახარების საკითხავები, რომელთა კომენტირებას იძლევა იოანე ბოლნელი თავის ჰომილიებში, სამარხვო საკითხავთა იმავე სისტემას ემყარება, რომელიც მოცემულია VII საუკუნის იერუსალიმურ განჩინებაში (ტიპიკონში), ასევე იერუსალიმური ტრადიციის სხვა ლიტურგიკულ ძეგლებში. იოანე ბოლნელის სამარხვო ქადაგებებს მათგან განასხვავებს მხოლოდ მარხვის კვირიაკეთა ათვლის პრინციპი (საკითხავები თითო კვირიაკითაა წანაცვლებული ბოლნელთან). სახელდობრ, პირველ კვირიაკედ იოანე ბოლნელი მოიხსენიებს ხორციელის კვირიაკეს, განჩინება - ყველიერის კვირიაკეს. შესაბამისად, განჩინების პირველი კვირიაკის საკითხავი ბოლნელთან მეორე კვირიაკის თემადაა, განჩინების მეორე კვირიაკისა - ბოლნელთან მესამე კვირიაკისა და ა. შ.
იოანე ბოლნელის შემოქმედება იერუსალიმის უძველეს საღმრთისმსახურო პრაქტიკას რომ უკავშირდება, ამას მოწმობს ეკლესიათა კურთხევის (ენკენიის) დღესასწაულზე წარმოთქმული მისი ქადაგებაც - „სატფურებისათჳს წმიდათა ეკლესიათა, რომელსა ჰყოფენ იერუსალემს“. ამ ჰომილიაში აღწერილია იერუსალიმის სამი ეკლესიის კურთხევის ისტორია: 13 და 14 სექტემბერს აღინიშნებოდა კონსტანტინე დიდის მიერ აგებული აღდგომისა და კათოლიკონის კურთხევა, 13 სექტემბერს - წმიდა სიონის ტაძრისა. გარდა სამარხვო ციკლის ჰომილიებისა, იოანე ბოლნელს მიეწერება საკითხავები: ფერისცვალების დღესასწაულზე, ახალკვირიაკეს და მღდელთმოძღვართა ხსენების დღეს. ასევე ზნეობრივ თემაზე წარმოთქმული ქადაგება - „ღჳნის მსუმელთა და მომთრვალეთათჳს“.
იოანე ბოლნელის ჰომილიების შემცველ ხელნაწერებში ზოგჯერ აღრეულია იოანე ბოლნელისა და იოანე ოქროპირის სახელები. ამაზე დაყრდნობით მ. ვან ესბროკმა ივარაუდა, რომ, შესაძლოა, იოანე ბოლნელისავე იყოს ქართულ მრავალთავებში იოანე ოქროპირის სახელით წარწერილი რამდენიმე ქადაგებაც, რომელთა ბერძნული მოდელი არსად ჩანს, და ქართულ ხელნაწერებში ისინი შეცდომით მიაწერეს იოანე ოქროპირსო. ასევე, ე. კოჭლამაზაშვილმა იოანე ბოლნელისეულად მიიჩნია ჩვენამდე ერთადერთი ხელნაწერით (ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის №25) მოღწეული ფსევდოოქროპირესეული საკითხავი „წმიდისა ჟამისწირვისათვის“, რომელიც თხრობის სტილით ძალზე უახლოვდება იოანე ბოლნელის სახელით წარწერილ თხზულებებს.
არსებობს შებრუნებული მოსაზრებაც, თითქოს არათუ ოქროპირის, არამედ თვით იოანე ბოლნელის სახელით წარწერილი ქადაგებებიც საკუთრივ ამ ავტორს კი არ შეუთხზავს, არამედ ბერძნულიდან უთარგმნია ან გამოუკრებია სხვადასხვა ავტორის თხზულებათაგან (ე. ჭელიძე). ამ ვარაუდის დამადასტურებელი ლიტერატურული საბუთები ჯერჯერობით არ ჩანს.
იოანე ბოლნელი და მისი შემოქმედება შუა საუკუნეებში ცნობილი ყოფილა სწავლულ კაცთა შორის. ამისი დასტურია ანტონ I კათალიკოსის ორი იამბიკო, რომლებშიც იოანე შექებულია როგორც ბრძენი ფილოსოფოსი და ღმრთისმეტყველი, „სიტყჳს მოქმედი“ (ანუ მწერალი) და „სწავლთა განმფენი“ (მოძღვარი). სამეცნიერო წრეებში იოანე ბოლნელის სახელი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მისი თხზულებების შემცველმა ხელნაწერებმა თავი მოიყარეს თბილისის სიძველეთსაცავში, კერძოდ, „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ძმობასთან არსებულ საეკკლესიო განძთსაცავში“ (დაარსდა 1888 წ. 1999 წლიდან ეწოდა „ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო მუზეუმი), რომლის პირველი აღწერილობა შეადგინეს თედო ჟორდანიამ და მოსე ჯანაშვილმა. ამ მუზეუმის სამი ხელნაწერის მიხედვით (№№ 70, 95, 144) მოსე ჯანაშვილმა პირველად გამოსცა იოანე ბოლნელის ქადაგებანი (1911 წ.). გამოცემას ერთვოდა წინასიტყვაობა, სადაც გამოთქმული იყო პირველი ფილოლოგიური დაკვირვებანი ამ ლიტერატურულ ძეგლზე (მარხვის საკითხავთა კომპოზიციის, არქაული ლექსიკის, ტექსტში ციტირებული საღმრთო წერილის რედაქციული თავისებურების შესახებ და ა. შ.). მკვლევრის ვარაუდით, მისი ავტორი ბაგრატ III-ის (980-1014 წწ.) თანამედროვე უნდა ყოფილიყო. მ. ჯანაშვილის წინასიტყვაში გამოითქვა ასევე საყურადღებო პალეოგრაფიული შენიშვნები ამ ტექსტების შემცველ ხელნაწერებზე. კერძოდ, ხაზი გაესვა მათში შემჩნეული კრიპტოგრამების გაშიფრვის საჭიროებას.
იოანე ბოლნელის თხზულებათა შემცველი სინური და ათონური ხელნაწერები აღწერეს ნიკო მარმა და ალექსანდრე ცაგარელმა.
იოანე ბოლნელის ქადაგებების კვლევით დაინტერესებულა პოლიევქტოს კარბელაშვილი (1855-1936 წწ.), მაგრამ არაფერი გამოუქვეყნებია. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ მის მიერ გადაწერილი ტექსტები ამ ქადაგებებისა (დაცულია ცენტრალურ საისტორიო არქივში, №239).
კ. კეკელიძემ იოანე ბოლნელის შემოქმედებას მხოლოდ მცირე თავი მიუძღვნა თავის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში“. ეს წიგნი გერმანულად თარგმნა და მის გადამუშავებულ ვარიანტში იოანე ბოლნელის მოღვაწეობის განსხვავებული ქრონოლოგია წარმოადგინა მ. თარხნიშვილმა.
1950 წელს თბილისში დაცულ ხელნაწერთა მიხედვით იოანე ბოლნელის ქადაგებათა ტექსტი კრიტიკულად დაადგინა ფარნაოზ ერთელიშვილმა (იმხანად ჯერ კიდევ არ იყო ხელმისაწვდომი ივირონსა და სინაჲს მთაზე დაცული ხელნაწერები) და მას ვრცელი ენობრივი ანალიზი დაურთო, მაგრამ ნაადრევი გარდაცვალების გამო ავტორმა ამ ნაშრომის გამოქვეყნება ვერ შეძლო. იგი მკვლევრის პირად არქივში ინახება.
1962 წელს გამოიცა რევაზ ბარამიძის მონოგრაფია „იოანე ბოლნელი“, რომელიც ამ ავტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მრავალმხრივ კვლევას ისახავს მიზნად, უფრო ვრცლად კი ჰომილიათა ლიტერატურულ-სტილისტურ დახასიათებას იძლევა.
1975 წელს მ. ვან ესბროკმა გამოსცა ქართული მრავალთავების ფილოლოგიური კვლევისადმი მიძღვნილი ფუნდამენტური მონოგრაფია, რომელშიც დიდი ადგილი დაეთმო ამ კრებულებში შეტანილი მასალის, მათ შორის, იოანე ბოლნელის ჰომილიების მრავალმხრივ შესწავლას.
დაახლოებით ამავე ხანებში კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში პარალელურად დაიწყო მუშაობა კლარჯული მრავალთავისა და ათონური მრავალთავის გამოსაცემად მომზადებასა და გამოკვლევაზე. კლარჯული მრავალთავის ტექსტი გამოსცა და ვრცელი გამოკვლევა დაურთო თ. მგალობლიშვილმა (1991 წ.). ათონური მრავალთავის მკვლევართა ჯგუფმა კი (მ. მაისურაძე, მ. მამულაშვილი, ა. ღამბაშიძე, მ. ჩხენკელი) თავიანთ გამოკვლევას ამ მრავალთავის ტექსტიდან მხოლოდ იოანე ბოლნელის ქადაგების ტექსტები დაურთეს (1999 წ.). ორივე მონოგრაფიაში ამ ქადაგებათა ტექსტოლოგიურ კვლევას საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო.
იოანე ბოლნელის ჰომილიათა შემდგომი გამოცემის ინიციატივა ეკუთვნის ფრანგ მკვლევარს სტეფანე ვერჰელსტს. ქართველ მკვლევართა მიერ გამზადებულ ქართულ ტექსტებს (ს. სარჯველაძე, თ. მგალობლიშვილი, ე. კოჭლამაზაშვილი) მან დაურთო ფრანგული თარგმანი და ვრცელი შესავალი წერილი. მკვლევრის ეს სოლიდური ნაშრომი გამოქვეყნდა Sources Chrétiennes-ის სერიაში (2015 წ.).
• ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, რედაქტორი - ი. ლოლაშვილი, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• ბარამიძე, რ.: იოანე ბოლნელი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1962 წ.
• გაბიძაშვილი, ე.: ძველი ქართული ორიგინალური სასულიერო მწერლობა და თხზულებათა დარგობრივი ბიბლიოგრაფია, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა“, 2015 წ.
• ინგოროყვა, პ.: ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ჟურნალში: „მნათობი“, № 9 (1939 წ.), გვ. 97-141.
• კაკაბაძე, ს., გაგოშიძე, პ.: ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, I, თბილისი: „საქართველოს სსრ შსს საარქივო სამმართველოს გამომცემლობა“, 1949 წ.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, მე-5 გამოც., თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: წმ. იოვანე ოქროპირის საკითხავი „წმიდისა ჟამისწირვისათჳს“ და მისი ძველი ქართული თარგმანი, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი III, სერიის რედაქტორი - ე. კოჭლამაზაშვილი, თბილისი: „ახალი საქართველო“, 2010 წ., გვ. 188-210.
• მაისურაძე მ., მამულაშვილი მ., ღამბაშიძე ა., ჩხენკელი, მ.: ათონის მრავალთავი. იოანე ბოლნელის ქადაგებანი, თბილისი: „პირველი სტამბა“, 1999 წ.
• მგალობლიშვილი, თ.: კლარჯული მრავალთავი, ტექსტი, გამოკვლევა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
• მუსხელიშვილი, ლ.: ბოლნისი, იხ.: ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, 3 (თბილისი, 1938 წ.), გვ. 337-338.
• შოშიაშვილი, ნ.: ლაპიდარული წარწერები 1, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.), ქართული წარწერების კორპუსი 1, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• ჭელიძე, ე.: ათონის მრავალთავი. იოანე ბოლნელის ქადაგებანი, იხ.: სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები I, თბილისის სასულიერო აკადემია, თბილისი: „მერიდიანი“, 1999 წ., გვ. 146-165.
• ჯანაშვილი, მ.: იოანე ბოლნელ ეპისკოპოსის ქადაგებანი, X საუკუნის ხელნაწერებიდამ, საეკლესიო მუზეუმის გამოცემა, ტფილისი, საეკლესიო მუზეუმის გამოცემა, №11 (1911 წ.).
• Esbroeck, M. van: Les plus anciens Homéliaires géorgiens: Étude descriptive et historique, Louvain: „Peeters“, 1975.
• Jean de Bolnisi: Homélies des dimanches de carême suivant la tradition de Jérusalem et autres homélies (I-XIV), Texte géorgien S. Sarjveladze (I-X), T. Mgaloblišvili (XI et XIV), E. Koçlamazašvili (XII-XIII). Introduction, traduction, choix des variantes et notes Stéphane Verhelst («Sources Chrétiennes», № 580), Paris: «Éditions du Cerf», 2015.
• Maрр, Н.: Описание грузинских рукописей синайского монастыря, Москва-Ленинград, 1940.
• Tarchnišvili, M.: Geschichte der kirchlichen georgischen Literatur, Città del Vaticano: Biblioteca Apostolica Vaticana, 1955.
• Tarchnišvili, M.: Zwei georgische Lektionarfragmente aus dem 5. und 8. Jahrhundert, in: Le Muséon, vol. 73 (1960), 261-296.
• Жордания, Ф.: Описание рукописей Церковнаго Музея Духовенства Грузинской Епархии, Книга I, Издание Церковнаго Музея, Тифлисъ, 1901.
• Цагарели, А: Сведения о памятниках грузинской письменности, вып. I, Санкт-Петербург, 1886. вып. II, Санкт-Петербург, 1889.