პეტრე გელათელი იყო XII ან XIII ს.-ის საეკლესიო მწერალი, გელათის მონასტრის მოღვაწე. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცნობები ძალზე მწირადაა ჩვენამდე მოღწეული. XVIII-XIX სს. მეცნიერნი (ანტონ I კათალიკოსი, იოანე ბატონიშვილი) მას ნაყოფიერ მწერლად მოიხსენიებენ. პლატონ იოსელიანისა და ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვით, ცნობილი ყოფილა ამ ავტორის რამდენიმე ორიგინალური თხზულება და თარგმანი, რომლებიც დღეისათვის დაკარგულადაა მიჩნეული: „სიტყუაჲ განხორციელებისათჳს ძისა ღმრთისა“, „ქალწულებისათჳს“ ბასილი დიდისა, „მოწამეობისა გჳრგჳნი, გასამჴნევებელად აგარიანთაგან დევნილთა ქართველთა“, „დასდებელ-გალობანი წმიდათანი“ და იამბიკო ღმრთისმშობლის შესასხმელად.
ანტონ კათალიკოსი თავის „წყობილსიტყვაობაში“ აღფრთოვანებულ იამბიკოს უძღვნის პეტრე გელათელს, როგორც სწავლულ ღმრთისმეტყველსა და სიტყვაკაზმულ შემოქმედს, თანასწორს დიდი მწერლებისა - იოანე ფილოსოფოსისა (პეტრიწისა), არსენ იყალთოელისა და ეფრემ მცირისა.
პეტრე გელათელის სახელით ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ორი ვირტუოზული აკროსტიქული იამბიკო, რომელიც ერთვის იოანე სინელის „კლემაქსის“ პროზაული თარგმანის ტექსტს (ხეც. A-39), და გრიგოლ ნაზიანზელის 186-მუხლიანი სიტყვა სტიხად (ხეც. S-379, 103-119). ხსენებული იამბიკოები მოწმობენ, რომ პეტრე გელათელი დახელოვნებული პოეტი ყოფილა. ლიტერატურული მიმართულების მხრივ იგი ტიპიური წარმომადგენელია XII ან XIII სს.-ში გაბატონებული ელინოფილიზმისა, რაც აისახებოდა ქართული ენის ლექსიკისა და სინტაქსის ბერძნულისადმი დაქვემდებარებაში.
ზოგიერთი მკვლევარი (კ. კეკელიძე, ლ. მენაბდე, ე. ჭელიძე და სხვ.) პეტრე გელათელისავე ნაშრომად მიიჩნევს იოანე სინელის „კლემაქსის“ ელინოფილურ თარგმანსაც, პატრიარქ ფოტის სქოლიოებითურთ (ხეც. A-39). ეს მოსაზრება უარყო ივ. ლოლაშვილმა და ეს თარგმანი იოანე პეტრიწს მიაწერა.
იოანე სინელის „კლემაქსის“ ელინოფილური თარგმანის პირველი მკვლევარი იყო ანტონ I კათალიკოსი. „სპეკალში“ იგი აღნიშნავს, რომ იოანე სინელის ეს თხზულება ქართულად ორჯერ უთარგმნია იოანე პატრიწს: „პირველი ვიდრემე განკარგულად, ხოლო მეორე - იამბიკოვნად“. ესე იგი პირველი თარგმანი პროზაული იყო, მეორე კი გალექსილიო.
ამ ცნობას იმეორებს დავით რექტორიც: „მე უკუე მიხილავნ და წამიკითხავნ კლემაქსი, სქოლასტიკოსად ზედწოდებული, და ესევე კლემაქსი, დალექსილი იროიკოდ და აკროსტიხონად კიდურწერილობით“.
ერთხანს სხვა თვალსაზრისი გამოუთქვამს დავით დადიანს (მიწერილია ხეც. S-344 ფორზაცზე): „ეფრემ მცირისა თარგმანისა ნათარგმანებად ვგონებ“, მაგრამ შემდეგ შეუცვლია აზრი და მთარგმნელად კვლავ იოანე პეტრიწი მიუჩნევია: „ვმოქენეობ მოტევებას, ჰოი საღმრთოვ ფილოსოფოსო იოვანე (იგულისხმება პეტრიწი), ამად რომე ნაშრომი შენი სხვათა ნათარგმანებად ვგონე“.
„კლემაქსის“ პროზაული და გალექსილ ვერსიები იოანე პეტრიწს მიაწერეს ასევე პლატონ იოსელიანმა, მოსე ჯანაშვილმა და სერგი გორგაძემ. თანაც აღნიშნეს, პროზაული თარგმანი ამჟამად დაკარგულიაო. ამ მკვლევართათვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო XII-XIII სს.-ის ხელნაწერ ხეც. A-39-ში შეტანილი ელინოფილური თარგმანი „კლემაქსისა“, მაგრამ იგი პეტრე გელათელს მიეწერებოდა, მასზე დართული იამბიკოებისა და მათზე მრგვლად შემოწერილი პალინდრომების მიხედვით:
„კიბე განსთალე გდევ ვედ გელათს ნაგები“.
„პეტრე წერად ვეცად დაცევად-რე წერტე“.
ამავე წარწერების გათვალისწინებით ხსენებული ელინოფილური თარგმანი კვლავ პეტრე გელათელის შემოქმედებად მიიჩნიეს მომდევნო ხანის მკვლევრებმა - კორნელი კეკელიძემ, სოლომონ ყუბანეიშვილმა, ლეო მენაბდემ და სხვ.
მოგვიანებით, „კლემაქსის“ ელინოფილური თარგმანები მონოგრაფიულად შეისწავლა და გალექსილი ვერსიის ტექსტი გამოსცა კიდეც ივანე ლოლაშვილმა (გამოკვლევითა და ლექსიკონთურთ). მკვლევარმა ორივე თარგმანი, პროზაულიც და გალექსილიც, იოანე პეტრიწს მიაკუთვნა. მან სხვაგვარად გაიაზრა პეტრე გელათელის იამბიკო და პალინდრომები. კერძოდ, „პეტრე წერად ვეცად დაცევად-რე წერტე“-ში „ვეცად“ გაყო ორ სიტყვად: „ვე“ და „ცად“. „ვე“ მიიჩნია 11-ის კრიპტოგრამად (ვ=6, ე=5), და დაუკავშირა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცის განმარებას: დედამიწიდან სასუფევლამდე 11 ცა არსებობსო. მკვლევრის აზრით, პეტრე გელათელი ამ თერთმეტ ცა-სარტყელს გულისხმობს ამ გამოთქმაში - „ვე ცად“. და ამგვარ წაკითხვას ამართლებსო პირველი იამბიკოს აკროსტიქულად თქმული თხოვნა: „კიბედ, ვინაჲ ცად მიავლენ, წარმიმართე“.
ი. ლოლაშვილის აზრით, პეტრე გელათელი თავის იამბიკოთი „კლემაქსის“ მთარგმნელად იოანე პეტრიწს მიიჩნევს. თითქოსდა ის მოღვაწე, რომელმაც თარგმნა ეს თხზულება, ანუ „კიბე განსთალა გელათს ნაგები“, არის იოანე პეტრიწი, და ამას მეორე მრგვლივ-წარწერაში ზმურად მიგვანიშნებს (შდრ. „პეტრე წ...“ და „პეტრიწი“), ხოლო უფრო მკაფიოდ პეტრიწის მთარგმნელობას წარწერაში მოთავსებული იამბიკო ამჟღავნებსო:
„შენ სრულ-სახელმან, შენ ღუწამან, ინებე რა
სძლის ყვანა მათი, პეტრესგან ნერგულსა“.
აქ მკვლევარი ეკამათება კ. კეკელიძეს: არასწორია, „პეტრესგან ნერგული“ „პეტრესგან თარგმნილად“ რომ მიიჩნიაო; ბოლო ტაეპში ნახსენებ პეტრედ პეტრე გელათელი კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ პეტრე მოციქული, რადგან იქვე ნახსენები „პეტრესგან ნერგული სძალი“, თეოლოგიური ენით, მართლმადიდებელ ეკლესიას ნიშნავს, რომელიც ქრისტემ დააფუძნა პეტრე მოციქულზე, როგორც „კლდესა ზედა“ (შდრ. მათე 16,18).
ამრიგად, ი. ლოლაშვილის დასკვნით, პეტრე გელათელს ეკუთვნის მხოლოდ „კლემაქსის“ ტექსტზე დართული იამბიკოები, თავად „კლემაქსის“ თარგმანი კი იოანე პეტრიწს ეკუთვნისო. ბოლო ხანებში „კლემაქსის“ პროზაული თარგმანი კვლავ პეტრე გელათელს მიაწერა ედიშერ ჭელიძემ. ამ დასკვნამდე მკვლევარი მივიდა ტერმინოლოგიური კვლევით. მისი დაკვირვებით, „კლემაქსის“ თარგმანში დაფიქსირებული ტერმინოლოგია სავსებით ემიჯნება იოანე პეტრიწის ტერმინოლოგიას. ამიტომ ეს თარგმანი ისევ მასზე დართული იამბიკოების ავტორს უნდა მიეკუთვნოსო.
• ანტონ ბაგრატიონი: წყობილსიტყვაობა, ტფილისი, 1853 წ.
• იოანე ბაგრატიონი: კალმასობა II, ტფილისი: „სახელგამი“, 1948 წ.
• კეკელიძე, კ.: პეტრე გელათელი, წიგნში: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი პირველი, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 331-334.
• ლოლაშვილი, ი.: იოანე პეტრიწის ერთი „დაკარგული“ თარგმანისათვის, გაზეთში: „ლიტერატურული საქართველო“, №1 (1965 წ.), გვ. 3.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ., გვ. 538-539.
• იოანე პეტრიწი: სათნოებათა კიბე, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1968 წ.
• ცქიტიშვილი, თ.: თეოფილაქტე ბულგარელის „იოანეს სახარების განმარტება“ და ძველი ქართული მწერლობის პრობლემები, წიგნი II, თბილისი: „ლოგოსი“, 2014 წ.
• ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შედგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა“, 1946 წ.
• ჭელიძე, ე.: იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა (წერილი პირველი), ჟურნალში: „რელიგია“, №3-4-5 (1994 წ.), გვ. 113-126.