მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე დაიბადა 1864 წლის 5 თებერვალს შორაპნის მაზრის სოფელ ტაბაკინში. მელიტონს დაბადებისთანავე გარდაეცვალა დედა; ობოლი ბავშვი დეიდებმა აღზარდეს; სკოლის ასაკში იგი მამის, დიაკონ სპირიდონ კელენჯერიძის ინიციატივით ქუთაისში ვასილ პეტრიაშვილის სკოლაში მიაბარეს. 1884 წელს სკოლის დირექციის რეკომენდაციით მელიტონი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. 1890 წელს მელიტონ კელენჯერიძემ სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სწავლა გააგრძელა კიევის სასულიერო აკადემიაში. სტუდენტობის პერიოდში იგი მუშაობდა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის პრობლემებზე. სადისერტაციო საკვლევი თემაც ამ კუთხით აირჩია და ის ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას XVIII საუკუნეში. მელიტონ კელენჯერიძე იკვლევდა ქართული ფოლკლორის, თეოლოგიის და საქართველოს ისტორიის საკითხებს. 1894 წელს პირველად გამოიცა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო-საესთეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“, რომელიც ჟურნალ „მოამბის“ რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა, ხოლო მოგვიანებით წიგნადაც გამოიცა (ქუთაისი: „კილაძისა და ხელაძის სტამბა“, 1896 წ.). იგი, ასევე, ხშირად წერდა სოციალურ-კულტურული პრობლემების შესახებ; მისი მოსაზრებები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა გაზეთებში: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კრებული“ და სხვა.
კიევის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ 1894-1895 წლებში იგი მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის სემინარიაში, რომელიც ეპისკოპოს გაბრიელ (გერასიმე) ქიქოძის (1825-1896 წწ.) თაოსნობით გაიხსნა. მელიტონი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, მათემატიკას, საღვთო წერილს; ამავე დროს, ასრულებდა სემინარიის საბჭოს მდივნის მოვალეობას. 1896 წელს ის ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდლად აკურთხეს. 1903 წლიდან მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე აირჩიეს იმერეთის ეპარქიის სასწავლო საბჭოს წევრად და, ამავე დროს, საღვთო სჯულის მასწავლებლად წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე სამუშაოდ გადადის ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში, სადაც მოღვაწეობდა ათი წლის განმავლობაში. ქალაქ ფოთის დამაარსებელმა და მმართველმა ნიკო ნიკოლაძემ (1843-1928 წწ.) მას მხარდაჭერა გამოუცხადა. იგი მას ეხმარებოდა არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 1906 წლიდან მელიტონ კელენჯერიძე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. 1917 წლის ოქტომბერს იგი დაბრუნდა ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მომდევნო წელს ქუთაისის გამგეობის მხარდაჭერით მელიტონმა პედაგოგებისთვის გახსნა კურსები ქართული ენის, ლიტერატურის და საქართველოს გეოგრაფია-ისტორიის შესასწავლად. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წ., 12 (25) მარტი) შემდეგ, მალევე გამოიცა მისი ნაშრომები: „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ და „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“. საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) პერიოდში სკოლებში აიკრძალა „საღვთო სჯულის“ სწავლება. გასაბჭოების (1922 წ.) შემდეგ მელიტონ კელენჯერიძეს, როგორც მღვდლის შვილს და თავადაც როგორც ყოფილ სასულიერო პირს იდეოლოგიის გამო დევნიდნენ კიდეც. ქუთაისიდან თბილისში გადასულ მელიტონ კელენჯერიძეს შეეზღუდა საქმიანობა, რის შემდეგაც მის მრავალშვილიან ოჯახს საარსებო წყარო შეუწყდა. 1932 წლის ოქტომბერში იგი წერდა: „წარსული წამეშალა, აწმყო წამერთვა... მისული ვარ სასოწარკვეთამდე! მოხუცებული, შრომით დაქანცული და დიდი ოჯახით დატვირთული, მუდამ ღარიბი ახლა სულ მშიერი დავრჩი... იქნება პენსიონერთა სიაში მოვხვდე ისევ და ამით ერთადერთი იმედი არ მომეშალოს“ (მ. ახვლედიანი, პედაგოგი და მკვლევარი - დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, გვ. 16). სოციალურად მძიმე მდგომარეობას ვეღარ გაუძლო მისმა მეუღლემ ოლღა ახრახაძემ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ დროისთვის მელიტონ კელენჯერიძე მძიმედ ავადმყოფობდა, რის გამოც ეს ამბავი არ გაუმხილეს. ღვაწლმოსილი პედაგოგი მელიტონ კელენჯერიძე მეუღლის გარდაცვალებიდან მალევე, 1942 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა.
2.1. სასკოლო სწავლების მეთოდების შესახებ
მელიტონ კელენჯერიძის შემოქმედება თემატურად მრავალფეროვანია. უპირველეს ყოვლისა, იგი იყო პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელმაც შექმნა ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოები. რუსული საგანმანათლებლო პოლიტიკის პირობებში არ იყო ქართული სახელმძღვანელოები, რითაც საფრთხე ემუქრებოდა ეროვნულ ენაზე სწავლებას. ასეთ ვითარებაში მელიტონ კელენჯერიძე ქმნის სახელმძღვანელოებს ქართულ ენაზე, აყალიბებს სამეცნიერო ტერმინოლოგიას და ორიგინალურ სქემებს სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად. მისი აზრით, ქართული პედაგოგიკური აზროვნება შორეული წარსულიდან, მითოლოგიის და ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან იღებს სათავეს. ამიტომ მელიტონი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ფოლკლორის ნიმუშებს აგროვებდა, შემდეგში კი ეს მასალა მიჰქონდა საჯარო მკითხველამდე. ქართული ფოლკლორის საკითხებზე 1896 წელს მან გამოსცა წიგნი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო-საესთეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“. პედაგოგი მელიტონ კელენჯერიძე სასკოლო საზოგადოებაში ახალ დიდაქტიკურ მეთოდებს ამკვიდრებდა, რითაც იგი დღესაც პროგრესულ მოაზროვნედ წარმოჩინდება. მელიტონისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მოსწავლის ინდივიდუალური გამოცდილება, ამიტომ მისი სწავლება არ იყო ავტორიტარული. სწავლების პროცესში იგი მიმართავდა სოკრატულ მეთოდს (კითხვა-პასუხი, დისკუსია), სადაც მოსწავლეს თავად უნდა დაედგინა, თუ რა იყო მთავარი სათქმელი საკვლევ საკითხში. აღნიშნული მეთოდი გულისხმობდა მასწავლებელთან ერთად მოსწავლეთა აქტივობას და სწავლების პროცესში მთელი კლასის ჩართვას: მასწავლებლის მიერ მომზადებული კითხვების საშუალებით მოსწავლეები მიდიან საკვანძო საკითხის ახსნამდე, ძირფესვიან გაგებამდე, უჩნდებათ საკუთარი ძალებისადმი რწმენა. მელიტონი ქმნიდა მეთოდებს, რომელიც ხელს უწყობდა ქართული სასკოლო საზოგადოების განვითარებას, ტრადიციული მიდგომების გადაფასებას და სწავლა-სწავლების გაუმჯობესებას.
2.2. საღვთისმეტყველო-თეოლოგიური მემკვიდრეობა
მელიტონ კელენჯერიძემ შექმნა სახელმძღვანელო „საღმრთო სჯული ყმაწვილთათვის“. იგი საღვთო სჯულის სწავლებაში დიდ ყურადღებას აქცევდა, თუ რამდენად კარგად არის გააზრებული და გაცნობიერებული ქრისტიანული დოგმატიკის ძირითადი ნაწილი. სწავლების პროცესში იგი ეწინააღმდეგებოდა ავტორიტეტისადმი ბრმა მორჩილებას. სახელმძღვანელო ისე იყო აგებული, რომ ახალგაზრდებს შესძლებოდათ დამოუკიდებლად წიგნთან ურთიერთობით თავადვე გაეაზრებინათ ქრისტიანული მოძღვრება. ნაშრომის თხრობა იწყება ბიბლიის პირველი წიგნის - „დაბადების“ - განმარტებით (სადაც გადმოცემული აქვს სამყაროს შექმნა, ადამისა და ევას ცოდვით დაცემა, გაამპარტავნებული ანგელოზის ხვედრი). ამბის გადმოცემის ორიგინალურობა (მეთოდოლოგიური თვალსაზრისით) იმაშია, რომ „გამოცხადების ტექსტის“ თხრობის პროცესში ჩართულია კითხვა-პასუხები და ლოგიკური დასკვნები. აღსანიშნავია, რომ მელიტონ კელენჯერიძე გადმოგვცემს არა მარტო ბიბლიურ ამბავს, არამედ პარალელურად საუბრობს წმ. გადმოცემაზე, რაც ზეპირსიტყვიერების ნაწილია და არ გვხვდება თავად ბიბლიაში (მაგალითად, ღვთისმშობლის შობა, ცხოვრება, ტაძრად მიყვანება და სხვა). წიგნის შემდგომ თავებში მოთხრობილია ქრისტეს შობა, ფერიცვალება, იერუსალიმში შესვლა, საიდუმლო სერობა, უფლის წამება, გარდაცვალება, აღდგომა. გარდა ამისა, ნაშრომში საგანგებო თავები ეძღვნება მართლმადიდებლური სარწმუნოების მრწამსის, ანუ სარწმუნოების სიმბოლოს განმარტებას. ბოლოს იგი საუბრობს ლოცვით პრაქტიკებზე, საერო ადამიანის სულიერებასა და ცხოვრების წესზე.
2.3. ვეფხისტყაოსნის ტიპების შესახებ
მელიტონ კელენჯერიძე საგანგებოდ შეისწავლიდა და იკვლევდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, რისი თვალსაჩინო მაგალითი არის მისი ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის ტიპები“ (1921 წ.). უნდა ითქვას, რომ აკაკი წერეთელს უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული კვლევა მსგავსი სახელწოდებით. პოემას აგრეთვე განიხილავდნენ ი. ჭავჭავაძე, ალ. ხახანაშვილი, ნ. მარი, ს. კაკაბაძე. მიუხედავად ამისა, მელიტონ კელენჯერიძე თვლიდა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად შეუსწავლელია და მისი შინაარსიც არ არის სათანადოდ გაგებული. ნაშრომის დასაწყისში იგი „ვეფხისტყაოსანს“ ადარებს „ილიადას“, რითაც ხაზს უსვამს პოემის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ორიგინალურია მელიტონ კელენჯერიძის კვლევის სფეროც: მან ეთიკის მიმართულება აირჩია. ის პერსონაჟებს ერთმანეთს ადარებდა. რუსთაველის პოემის გმირების ზნეობრივი მხარეების გაშუქებით იგი წარმოაჩენდა იმას, რაც ჰომეროსის პოემაში არ გვხდება, კერძოდ, ქრისტიანულ ეთიკას და სოციალურ ცნობიერებას. მელიტონ კელენჯერიძის თქმით, ჰომეროსის მონებს პიროვნული თვისებები არ გააჩნიათ, სუნთქავენ პატრონის სუნთქვით და ხედავენ მისივე თვალით. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მონები კი სრულფასოვნად აზროვნებენ, საკუთარი აზრი გააჩნიათ, აქვთ სამოქმედო გეგმა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას და იცავენ მას. ქალები ჭკვიანები და დამოუკიდებლები არიან, აზროვნებენ სწორად, საჭირო გზას უჩვენებენ გმირებსაც და სხვა. რუსთაველთან ვხედავთ, რომ სოციალურად მონა პიროვნულად თავისუფალია (მონა აზროვნებით და პიროვნული თვისებებით არ ჩამორჩება ბატონს, მას შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება და იდეების წვდომა), ხოლო ქალი თავისი შესაძლებლობებით, სოციალური უნარებით არ ჩამორჩება კაცს. აღნიშნულით მელიტონ კელენჯერიძემ აჩვენა „ვეფხისტყაოსნის“ უპირატესობა „ილიადაზე“ და, ამავე დროს, პოემაში აჩვენა ქრისტიანული ეთიკის მხარეები.
2.4. საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები - ისტორიული მიმოხილვა
საყურადღებოა მელიტონ კელენჯერიძის ნაშრომი „დამოკიდებულებანი რუსთა და ქართველთა შორის და მნიშვნელობა ამ დამოკიდებულებათა უაგვისტოეს რომანოვთა სახლის მეფობაში“ (1915 წ.), სადაც ავტორი მიმოიხილავს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს X-XVIII საუკუნეებში. აღსანიშნავია, რომ მელიტონი ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვისაც. ქართულ-რუსული სახელმწიფოებრივი ურთიერთობების მიმოხილვისას მელიტონ კელენჯერიძე გამოყოფს ხალხთა შორის გეოგრაფიულ და ენობრივ განსხვავებას, შემდეგ მიმოიხილავს საერთო რელიგიის ფაქტორს და, ბოლოს, პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებს. ქართლ-კახეთსა და რუსეთს შორის 1783 წელს გეორგიევსკში დაიდო ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთი უარს აცხადებდა საგარეო პოლიტიკაზე და მასზე სუვერენულობას ანიჭებდა რუსეთის მონარქს. მელიტონ კელენჯერიძე განმარტავს ამის მიზეზს. მისი შეხედულებით, ქართველებისთვის ტრაქტატის დადებას თან ახლდა მართლმადიდებელი ერთმორწმუნეობით გაჯერებული იმედი. მელიტონ კელენჯერიძეს მიაჩნდა, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია მოქმედებდა ქრისტიანული მოძღვრების შესაბამისად და ცდილობდა ნათელი შეეტანა ისლამისა და წარმართობის წყვდიადში. საქართველო მახლობელ აღმოსავლეთში იყო ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა და ამის შესანარჩუნებლად მან რუსეთთან დაამყარა ურთიერთობა. მელიტონი შენიშნავს, რომ ამით საქართველომ დაიცვა თავისი სარწმუნოებრივი თვითმყოფადობა, ამავე დროს კი, რუსეთმა შეიძინა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი. მელიტონს მიაჩნია, რომ ქართველი ერის მეშვეობით რუსეთმა შეძლო აზიაში გასვლა. ის შენიშნავს, რომ რუსეთის მონარქს მადლიერების ნიშნად უნდა აეღო პასუხისმგებლობა საქართველოს ეკლესიაზე და ეზრუნა მის თავისუფლებაზე; თუმცა, პირიქით, მან საქართველოს ეკლესიას თავისუფლად განვითარების საშუალება არ მისცა, ხელი შეუშალა და დააბრკოლა. მეორე მხრივ, მელიტონ კელენჯერიძე მიესალმება იმპერატორ ალექსანდრე II-ის სოციალურ რეფორმებს, რომლებიც მიმართული იყო ბატონ-ყმობის (ფეოდალური წეს-წყობილების) გაუქმებისაკენ, რაც ქართველ საზოგადოებასაც შეეხო და მისი სოციალური გარდაქმნა განაპირობა.
2.5. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის შესახებ
აღსანიშნავია მელიტონ კელენჯერიძის პოლიტიკური და სამოქალაქო შეხედულებები. მელიტონ კელენჯერიძე განსაკუთრებით ზრუნავდა მოზარდი თაობისთვის, რათა სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევის პროცესში ახალ თაობას ეხელმძღვანელა ქრისტიანული მსოფლმხედველობით და, ამასთან, ისტორიისადმი განსაკუთრებული პატივისცემით. ამისთვის მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918 წ.). წინასიტყვაობაში ის წერს: „ყველაზე უფრო მივიწყებულია ქართული ეკლესია... რომელმაც თითქმის მარტო საკუთარი ძალით შექმნა ჩვენი წარსული! ის ეკლესიაა მივიწყებული, რომელმაც ჩაუდგა მტკიცე საფუძველი ერის კულტურულ ცხოვრებას... ეხლა, როცა ვგონებ ცოტა ამოვისუნთქეთ [რუსეთისგან გავთავისუფლდით] და ჩვენსავე თავს ვეკუთვნით, უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანას ვაუწყოთ საქმენი საარაკონი ქართველი ერის ეკლესიისა და მისი სულიერი მოღვაწეობისა“ (მ. კელენჯერიძე საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია, გვ. II-III). წიგნში მელიტონ კელენჯერიძე საქართველოს ეკლესიის ისტორიას აღწერს პირველი საუკუნიდან რუსეთთან შეერთებამდე (1801 წ.). თავდაპირველად, მელიტონ კელენჯერიძე გადმოსცემს ისტორიას, თუ როგორ მოხდა წარმართული აზროვნებიდან ქრისტიანობაზე მოქცევა. ამის შემდეგ იგი აღწერს საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას, აღმოსავლეთ რომის დაცემას, ისლამის მომძლავრებას, თამარ მეფის დამსახურებას ქრისტიანობის დაცვისა და განვითარების საქმეში, მონღოლთა ბატონობის სიმძიმეს, სპარსეთისა და ოსმალეთის ბატონობას. ის გამოყოფს საეკლესიო აზროვნების ეტაპებს: მოსამზადებელი პერიოდი - V-IX საუკუნეები, X-XIII საუკუნეები - ოქროს ხანა, შემდეგ არის დაცემის პერიოდი, რასაც მოსდევს აღორძინება XVII-XVIII საუკუნეებში. ავტორი მიუთითებს, რომ ეკლესია არის ის საფუძველი, რომელმაც შექმნა ქართული მწერლობა, ხუროთმოძღვრება, მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, სამართალი, სკოლა, ისტორიოგრაფია, ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, სასულიერო მჭევრმეტყველება და რომელმაც ქართველი ერის სახელი მსოფლიო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.
2.6. მელიტონ კელენჯერიძე გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლის შესახებ
მელიტონ კელენჯერიძემ აღწერა გაბრიელ (გერასიმე) ქიქოძის ცხოვრება წიგნში „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913 წ.). იგი დოკუმენტურ და ზეპირსიტყვიერ მასალებზე დაყრდნობით გვაწვდის ცნობებს, რომლებიც გაბრიელ ეპისკოპოსის ბიოგრაფიას მოგვითხრობს ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. მელიტონ კელენჯერიძე იყო გაბრიელ ეპისკოპოსის უმცროსი თანამედროვე. აღსანიშნავია მელიტონის გაბედული გადაწყვეტილება, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი საზოგადო მოღვაწის რანგში დაეხასიათებინა. ის აღნიშნავდა, რომ ეპისკოპოსს, დაფასების ნაცვლად, ხელს უშლიდნენ, მოსვენებას არ აძლევდნენ, კეთილ გზაზე ეღობებოდნენ და მტრობას არ აკლებდნენ. მტრობა, როგორც მელიტონი გადმოგვცემს, საბოლოოდ, მკვლელობის დანაშაულამდე შეიძლება მისულიყო: 1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე. გაბრიელ ეპისკოპოსმაც მიიღო მუქარის წერილები, რის შემდეგაც საქართველოდან წასვლა დააპირა. ეპისკოპოსმა განმარტა გადაწყვეტილება და აღნიშნა: „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ... მართლა რომ მოვეკალი, ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტა“. პედაგოგმა მელიტონ კელენჯერიძემ დასძლია ყველა წინააღმდეგობა, რაც თან ახლდა იმ დროისთვის გაბრიელის შესახებ წიგნის შექმნას და გამოცემას. ნიკო ნიკოლაძის დახმარებით მელიტონ კელენჯერიძემ შეძლო სათანადოდ აღეწერა და შეეფასებინა გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრება და მოღვაწეობა. „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა“ არის არა მარტო ბიოგრაფიული ნაშრომი, არამედ ის მოიცავს პიროვნების მაგალითზე დაფუძნებულ პედაგოგიკას (ნაშრომში საგანგებოდ გვხვდება ეპისკოპოსის სასკოლო, საზოგადოებრივი და საოჯახო აღზრდის ეპიზოდები), ამიტომ მელიტონ კელენჯერიძე წიგნს დიდ აღმზრდელობით მნიშვნელობასაც ანიჭებდა. წიგნში მელიტონ კელენჯერიძე გამოყოფს ინდივიდის აღზრდის ოთხ ელემენტს: ა) გულმოდგინე ლოცვის სწავლა/დაუფლება; ბ) თეორიული სწავლება; გ) ფიზიკური შრომა; დ) თამაში. „გულმოდგინე ლოცვა, სწავლა, ფიზიკური მუშაობა და თამაშობა – აი, ოთხი აუცილებელი ელემენტი იმ დროის საღი აღზრდისა... ამიტომაც იყო, რომ ხე ფესვებს არ იყო მოცილებული და ნაყოფი ტოტს, ჯანიც მრთელი იყო, სულიც მშვიდი და გულიც ლაღი. მშრალი გონება არ ღრღნიდა სწავლულის გულს, რადგან ყოველი იდეა, ცნება, აზრი რწმენაში პოულობდა უკანასკნელ პასუხს, პრობლემის უტყუარ ახსნას და სისხლიც წესიერად მოძრაობდა ძარღვებში მუშაობისა და თამაშობის წყალობით“. აღსანიშნავია კელენჯერიძის სხვა ნაშრომები, რომლებიც ასევე გაბრიელ ეპისკოპოსს ეძღვნება; მაგალითად, „სულმნათი გაბრიელის საუნჯე“ (ქუთაისი, 1897 წ.) და „გაბრიელ ეპისკოპოსი ვითარცა მქადაგებელი“. პირველ წიგნში მელიტონ კელენჯერიძემ თავი მოუყარა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ შექმნილ ნაშრომებს. კრებულში იგი, უპირველესად, განიხილავს გაბრიელ ეპისკოპოსის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებს“ და აღნიშნავს, რომ ქართული რეალობისთვის აღნიშნულ ნაშრომს აქვს უდიდესი საგანმანათლებლო მნიშვნელობა. მელიტონ კელენჯერიძის აზრით, გაბრიელ ეპისკოპოსის კვლევის მეთოდი (რომელიც პრაქტიკული მაგალითებით არის აღსავსე), ენის სიმარტივე და აზრის ნათლად ჩამოყალიბება ხელს უწყობდა იმას, რომ ნაშრომი წაეკითხა და გაეგო ფართო საზოგადოებას. მელიტონ კელენჯერიძე მიმოიხილავს გაბრიელ ეპისკოპოსის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების“ ანთროპოლოგიური აზრის მთავარ დებულებას (გაბრიელ ქიქოძის მიხედვით, ადამიანი ხუთი ორგანოს მეშვეობით ითვისებს და შეიცნობს გარემო საგნების ზემოქმედებას. ეს ზემოქმედება ორგანოებზე ხდება, ნერვების საშუალებით და აღწევს ტვინამდე, რაც ფსიქოლოგიურ ფაქტად გადაიქცევა. ტვინი და ნერვები, თავის მხრივ, არ გრძნობენ სინათლეს, ხმას და ა.შ. ყველაფერს ამას შეიგრძნობს სულიერი არსება და არა მისი ცალკეული ნაწილი). მეორე წიგნში მელიტონ კელენჯერიძე გაბრიელ ეპისკოპოსს ახასიათებს როგორც სოციალურად აქტიურ პიროვნებას. გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ქადაგებებში აშუქებდა სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებს, სახელმწიფო მმართველობის შეცვლას, ახალი მართლმსაჯულების შემოღებას, რომლის მართებულობა ვერ გააცნობიერა ქართველმა არისტოკრატიამ. მელიტონ კელენჯერიძე განსაკუთრებით გამოყოფს მის ქადაგებებს, რომლებიც ბატონ-ყმობის (ფეოდალური წყობის) გაუქმებას ეხებოდა. იგი აღნიშნავდა, რომ აზნაურები მზად იყვნენ მკაცრად დაეცვათ საკუთარი პრივილეგიები, თუმცა, ეპისკოპოსის სიტყვას ემორჩილებოდნენ, რადგან ხედავდნენ მასში პატიოსნებას, სიქველეს, განათლებას, გამბედაობას, ვაჟკაცობას და სიყვარულს. მელიტონ კელენჯერიძე ცალკე გამოყოფს გაბრიელ ქიქოძის ქადაგებებში ქალთა საკითხს. ღვთისმშობლის დღესასწაულთა თემა ყოველთვის ქალთა დანიშნულებას ეხებოდა. გაბრიელი ბიბლიის მოხმობით ამკვიდრებდა აზრს, რომ ქრისტიანთა შორის ქალს აქვს ისეთივე ღირსება და ფასი, როგორიც მამაკაცს. მელიტონი აღნიშნავს, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი ქადაგების დროს ხელმძღვანელობდა სახარებისეული ჭეშმარიტებით და საღი აზრით. ის პედაგოგად მუშაობისას აწყდებოდა ცენზურას, თუმცა, ქადაგებისას აღარ ექვემდებარებოდა სასწავლებლის კონკრეტულ და განსაზღვრულ ამოცანებს და შეუზღუდავად ავლენდა მის დიდ შესაძლებლობებს აზრის განვითარებაში. მელიტონ კელენჯერიძე ხაზს უსვამს, რომ ეპისკოპოსი თავისი მოღვაწეობით ეხებოდა საზოგადოების ყველა წევრს: ახალგაზრდებს, თავადებსა და გლეხებს. მისი დამსახურებით 1894 წელს ქუთაისში გაიხსნა სემინარია. მელიტონი აღწერს, თუ როგორ შეცვალა გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისის ეპარქიაში არსებული სოციალურად მძიმე მდგომარეობა. გაბრიელ ქიქოძე მხოლოდ პირადი ღირსებით შემკულ ხალხს აკურთხებდა ღვთისმსახურად და არ უწევდა ანგარიშს თავადს, მთავარს და არც გუბერნატორს. გაბრიელი ენდობოდა ადამიანებს, რადგან ცდილობდა მათში უპირველესად ღვთის ხატება დაენახა. მელიტონის თქმით, ეპისკოპოსის დაუღალავი შრომის შემდეგ გაიმართა ქალების ეპარქიული სასწავლებელი, თანდათან იმატა განათლებამ მღვდელთა შორის, უვიცი სამღვდელოება სწავლით აღჭურვილ სამღვდელოებად იქცა და ხალხს განათლებული სასულიერო პირები მოევლინა.
მელიტონ კელენჯერიძემ მნიშვნელოვნად მიიჩნია გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრების დეტალური აღწერა. ამის შედეგად კარგად გამოჩნდა სამაგალითო ხატი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი, საზოგადო მოღვაწე და საჯარო ინტელექტუალი. ეპისკოპოსის ცხოვრების პოპულარიზაციით მან მომავალ თაობებს ერისა თუ ბერის სანიმუშო მაგალითი დაუსახა. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მელიტონ კელენჯერიძის ნაშრომებზე დაყრდნობით შეისწავლა გაბრიელ (გერასიმე) ეპისკოპოსის ცხოვრება და მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოს გაბრიელის წმინდანად შერაცხვის შესახებ. აღნიშნულმა მოვლენამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა და ღირსება შესძინა მელიტონ კელენჯერიძის ნაშრომებს გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ.
(ა) მელიტონ კელენჯერიძის ნაშრომები
• სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა, ქუთაისი: „ი. კილაძის და ი. ხელაძის სტამბა“, 1896 წ.
• თეორია სიტყვიერებისა, ქართული სალიტერატურო სამაგალითო ნიმუშების გარჩევით, ქუთაისი: „ო. კელენჯერიძის გამოცემა“, 1899 წ.
• უკანასკნელი დღენი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, ქუთაისი: „ი. კილაძის და ი. ხელაძის სტამბა“, 1903 წ.
• სანიმუშო გაკვეთილები საღმრთო სჯულში დასაწყისი სკოლებისათვის და დაბალ კლასებისათვის. ერთსა და რამდენიმე განყოფილებასთან, ქუთაისი: „ი. კილაძის და ი. ხელაძის სტამბა“, 1903 წ.
• უკანასკნელი დღენი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, ქუთაისი: „ი. კილაძის და ი. ხელაძის სტამბა“, 1903 წ.
• თეორია სიტყვიერებისა, ქუთაისი: „ფერაძის და კარნაუხოვის სტამბა“, 1907 წ.
• ქართული ქრესტომატია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა, ქუთაისი: „ი. კილაძის და ი. ხელაძის სტამბა“, 1907 წ.
• აკაკი წერეთელი, როგორც მგოსანი მამულიშვილი, ქუთაისი: „ი. ხელაძის სტამბა“, 1909 წ.
• გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა (მისი დრო, ცხოვრება და მოღვაწეობა), ქუთაისი: „ძმობა“, 1913 წ.
• სიტყვიერების თეორია, ქუთაისი: „ძმობა“, 1919 წ.
• ქართული პრაქტიკული გრამატიკა, ქუთაისი: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, „განათლების ამხანაგობის გამოცემა“, 1920 წ.
• საღმრთო სჯული ყმაწვილებისათვის, გამოსაცემად მოამზადეს ე. გიუნაშვილმა, ზ. სარჯველაძემ, ზ. კალანდაძემ, თბილისი: „ხელოვნება“, 1990 წ.
• Правда об автокефалии грузинской церкви, Кутаис: „Коммерч. тип. В. Чиладзе и Ко“, 1905.
• Русско-грузинские отношения и значение этих отношений в царствовании августейшего Дома Романовых, Тифлис: „Канцелярии наместника е. и. вел. на Кавказе“, 1915.
(ბ) სამეცნიერო ლიტერატურა მელიტონ კელენჯერიძის შესახებ
• ახვლედიანი, მ.: მელიტონ კელენჯერიძე – გაბრიელ ეპისკოპოსის სახისათვის, იხ.: „საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, №13 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 29-34.
• ახვლედიანი, მ., ორჯონიკიძე, ნ.: პედაგოგი მელიტონ კელენჯერიძე, ჟურნალში: „ინტელექტი“, №3 (47) (თბილისი, 2013 წ.), გვ. 30-32.
• ახვლედიანი, მ., ორჯონიკიძე, ნ.: მელიტონ კელენჯერიძე ლექციები - აკაკი წერეთელი როგორც მგოსანი მამულიშვილი, ჟურნალში: „ენა და კულტურა“, №14 (ქუთაისი 2015 წ.), გვ. 93-99.
• ახვლედიანი, მ.: პედაგოგი და მკვლევარი - დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, ქუთაისი: „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2018 წ.
• ბუბულაშვილი, ე.: საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები, თბილისი: „ახალი ივერონი“, 2007 წ.