კულტურის ფილოსოფია არის ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანურ კულტურას, მისი წარმოშობის წინაპირობებს, გამოვლენის ფორმებსა და თავისებურებებს. ტერმინი „კულტურის ფილოსოფია“ (Kulturphilosophie) შემოიტანა გერმანელმა რომანტიკოსმა ადამ ფონ მიულერმა (1779-1829 წწ.) XIX საუკუნის დასაწყისში. კულტურის ფილოსოფიის სისტემური განვითარების შემდგომი ნაბიჯები კი უკავშირდება ლუდვიგ შტაინსა (1859-1930 წწ.) და რუდოლფ ოიკენს (1846-1926 წწ.).
ნეოკანტიანელთა ბადენის სკოლის წარმომადგენლები – ვილჰელმ ვინდელბანდი (1848-1915 წწ.) და ჰაინრიხ რიკერტი (1863-1936 წწ.) – კულტურის ფილოსოფიას აიგივებდნენ საერთოდ ფილოსოფიასთან. სწორედ ამ სკოლას უკავშირდება კულტურის ფილოსოფიის დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბება. კულტურის ფილოსოფია, როგორც სიცოცხლის ფილოსოფიისა და ნეოკანტიანელობის ნაზავი, მეცნიერების ფილოსოფიის იმ გაგებას დაუპირისპირდა, რაც მარბურგელ ნეოკანტიანელებთან და ლოგიკური ემპირიზმის ვენის წრეში იყო გავრცელებული. კულტურის ფილოსოფიის ადრეულ წარმომადგენლებად XX საუკუნის კულტურის ისტორიკოსი ლეო ფრობენიუსი (1873-1938 წწ.) და ოსვალდ შპენგლერი (1880-1936 წწ.) მიიჩნევიან.
ფართო აზრით, კულტურის ფილოსოფია უიგივდება ფილოსოფიის ისტორიას. ადამიანური კულტურისა და ღირებულებების თეორიული პრობლემები, იმავდროულად, კაცობრიობის თანამედროვე ყოფიერების საარსებო რეალური პრობლემებია და ფილოსოფიის ყველაზე აქტუალურ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რამეთუ „ფილოსოფია ეპოქის, ადამიანური ყოფიერებისა და მისი კულტურის თვითცნობიერებაა“ (ნ. ჭავჭავაძე). ვიწრო აზრით, კულტურის ფილოსოფია არის XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი ნახევრის ევროპულ ფილოსოფიაში წარმოქმნილი მიმართულება. ნეოკანტიანურ (ვინდელბანდ-რიკერტის) ტრადიციაში ფილოსოფიის შესწავლის უპირველესი საგანი საზრისის და ღირებულების შემეცნებაა. საზრისის და ღირებულებების რეალიზება კულტურის სფეროში ხორციელდება. ამდენად, ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა კულტურის ფილოსოფია. საზრისზე ორიენტირებული კულტურის გაგება განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურის შესახებ თანამედროვე დებატებში. აქ კულტურა ვლინდება როგორც „საზრისის სისტემათა“ და „სიმბოლურ წესრიგთა“ კომპლექსი. მათი მეშვეობით აქტორები ქმნიან გარკვეული მნიშვნელობის მქონე საკუთარ სინამდვილეს. საზრისზე ორიენტირებული კულტურის ცნება ძირითადად ნეოკანტიანელთა მარბურგის სკოლის წარმომადგენლის, ერნსტ კასირერის (1874-1945 წწ.) სიმბოლურ ფორმათა ფილოსოფიას, ედმუნდ ჰუსერლის (1859-1938 წწ.) ფენომენოლოგიას და ლუდვიგ ვიტგენშტაინის (1889-1951 წწ.) ენის ფილოსოფიას ეყრდნობა. ამ კონტექსტში არსებითია იმის ხაზგასმა, რომ კულტურული კოდები, საზრისთა სისტემები და პრაქტიკები, რომელთა მეშვეობით სიმბოლური წესრიგი გამოითქმება, რეალიზდება და რეპროდუცირდება, არ ფლობს ზედროულ ხანგრძლივობას და უნივერსალურ ნიშან-თვისებებს.
კულტურის კრიტიკული თეორიის ავტორთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ვალტერ ბენიამინის (1892-1940 წწ.), მაქს ჰორკჰაიმერის (1895-1973 წწ.), თეოდორ ადორნოსა (1903-1969 წწ.) და ჰერბერტ მარკუზეს (1898-1979 წწ.) ნაშრომები. ვალტერ ბენიამინი კულტურის არტეფაქტების ინტერპრეტაციას მასობრივი მედიის ახალ ტექნოლოგიურ საშუალებათა ჭრილში ცდილობს, მაქს ჰორკჰაიმერი და თეოდორ ადორნო მასობრივი კულტურისა და მასობრივი ინდუსტრიის კრიტიკის საფუძველზე კულტურის სპეციფიკის ორიგინალურ ანალიზს ახდენენ, ხოლო, ჰერბერტ მარკუზეს აზრით, კულტურის კრიტიკა ცივილიზაციის გზათა შესახებ რეფლექსიას წარმოადგენს. ამავე მიმართულების კიდევ ერთი უმნიშნელოვანესი წარმომადგენელი, იურგენ ჰაბერმასი (დაბ. 1929 წ.) კულტურას შესაძლებლობისა და ნების დიალექტიკად მიიჩნევს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის კრიტიკული თეორიის, ე.წ. „ფრანკფურტის სკოლის“ წარმომადგენელთა შეხედულებები ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი მათი მხრიდან მასობრივი კულტურის ქმნილებათა „ელიტარული კრიტიკის“ გამო.
XX საუკუნის მეორე ნახევარში კულტურის ფილოსოფიის განვითარების პროცესზე დიდი გავლენა მოახდინეს ჟან ბოდრიარმა (1929-2007 წწ.), კლიფორდ გირცმა (1926-2006 წწ.), პიერ ბურდიემ (1930-2002 წწ.), ვილემ ფლუსერმა (1920-1991 წწ.), ჟან-ფრანსუა ლიოტარმა (1924-1998) და რიჩარდ რორტიმ (1931-2007 წწ.). მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, თანამედროვე კულტურის ფილოსოფიაში სულ უფრო მეტად ხდება სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა ემპირიული მონაცემების ინტეგრირება. უფრო მეტიც, ფართოდ არის გამოყენებული იმ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (მაგალითად, პალეონტოლოგია და კოგნიტური მეცნიერებანი) კვლევის შედეგები, რომლებიც კულტურის ფენომენების ანალიზს ეხება. აქედან გამომდინარე, კულტურის მეცნიერებასა და ბუნებისმეცნიერებას შორის ადრე გავლებული მკვეთრი ზღვარი სულ უფრო ვიწროვდება. თუმცა, კულტურის ფილოსოფია რჩება კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა (კულტურის სოციოლოგიის, კულტურის ანთროპოლოგიის და სხვ.) მთავარ მეთოდოლოგიურ საფუძვლად, რადგან ის შეისწავლის კულტურისა და მისი გამოვლინების სხვადასხვა ფორმებს ჰოლისტური პერსპექტივიდან გამომდინარე.
ამჟამად, კულტურის ფილოსოფია ინტენსიურად მიმართავს ინტერკულტურული კვლევის მეთოდოლოგიას. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერკულტურული ფილოსოფიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, ჰანს მარტინ ვიმერი (დაბ. 1942 წ.), რომელიც განსხვავებულ კულტურათა შორის მრავალმხრივი დიალოგის („პოლილოგი“) ინიციატივით გამოდის და, ამდენად, ინტერკულტურულ პერსპექტივას ანიჭებს უპირატესობას.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ფილოსოფიაში, ისტორიული მატერიალიზმის საგნობრივ ველში, პროლეტკულტურის, მისი კლასობრივი და ნაციონალური შინაარსით დატვირთვის პირობებში, კულტურის თეორიული საკითხების ღრმა მეცნიერულ-ფილოსოფიური კვლევა თითქმის არ არსებობდა. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, საბჭოთა მემკვიდრეობისგან მეტ-ნაკლები დისტანცირების პროცესში, კულტურის ფილოსოფიის პრობლემატიკის კვლევა ქართულ ფილოსოფიაში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ადამიანის, კულტურისა და ღირებულების ფილოსოფიურ საკითხთა დამუშავება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის სტრატეგიულ მიმართულებად გამოცხადდა. ქართველ ფილოსოფოსთა მიერ (ა. ბოჭორიშვილი, ნ. ჭავჭავაძე, მ. მამარდაშვილი, ო. ჯიოევი, ზ. კაკაბაძე, თ. ბუაჩიძე, დ. ქერქაძე, ე. კოდუა, ჯ. კორძაია და სხვ.) შემოქმედებითად იქნა ათვისებული კულტურის ფილოსოფიისა და აქსიოლოგიის მიღწევები. კულტურის ცნების ინტერდისციპლინური ანალიზის თვალსაზრისით საინტერესო ნაშრომები შექმნეს ა. ბოჭორიშვილმა („რა არის კულტურა?“, 1965 წ.; „კანტის ესთეტიკა“, 1967 წ.), ნ. ჭავჭავაძემ („კულტურა და ღირებულებები“, 1984 წ.; რუსულ ენაზე), ო. ჯიოევმა („კულტურა და ფილოსოფია“, 1983 წ.; „კულტურის საზრისი“, 1990 წ., რუსულ ენაზე). მ. მამარდაშვილი თავის მრავალრიცხოვან ლექციებსა და ფილოსოფიურ საუბრებში იდეოლოგიისგან თავისუფალი კულტურის შემოქმედების იდეას და კულტურის ორიგინალურ გაგებას ავითარებდა; კულტურის ფილოსოფიის სპეციფიკა, კულტურის სტრუქტურა, ღირებულებათა გადაფასება და იერარქია, ნეოკანტიანელთა ღირებულების თეორია საფუძვლიანად არის გადმოცემული შემდეგ გამოკვლევებში: გ. თევზაძე, „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“ (1963 წ.), ზ. კაკაბაძე, „ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება“ (1979 წ.), დ. ქერქაძე, „ლოკალური ცივილიზაციების თეორიათა კრიტიკა“ (1978 წ.), თ. ბუაჩიძე, „თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან (ა. შოპენჰაუერი, ფ. ნიცშე, ს. კირკეგორი)“ (1986 წ.) და სხვ. ითარგმნა კულტურის ფილოსოფიის შემდეგი ფუნდამენტური ტექსტები: ე. კასირერი, „რა არის ადამიანი?“ (1983 წ.), ი. ჰაიზინგა, „Homo Ludens (კაცი მოთამაშე)“ (1997 წ.) და სხვ.
ადამიანის, კულტურისა და ღირებულებების ფილოსოფიური პრობლემების დამუშავება ნ. ჭავჭავაძეს „ფილოსოფიურ-კულტურული ორიენტაციის“ მომავალ პერსპექტივად მიაჩნდა. კულტურის ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემას ამუშავებს მ. მამარდაშვილის და ნ. ჭავჭავაძის ინტელექტუალურ ტრადიციაზე ჩამოყალიბებული ფილოსოფიის მკვლევართა შემდეგი თაობა (გ. ნოდია, მ. ბიჭაშვილი, კ. კაციტაძე, ა. ყულიჯანიშვილი, ნ. ფიფია და სხვ.).
კულტურის ფილოსოფიის საგნობრივი ჰორიზონტის განვრცობის და ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივების გამოკვეთის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში. გამოიცა კულტურის ფილოსოფიის კუთხით მეტად მნიშვნელოვანი თარგმანები (მაგალითად, ფრიდრიხ ნიცშეს, ჯონ დიუის და სხვ. რჩეული თხზულებები ქართულ ენაზე), სამეცნიერო კრებულები და მონოგრაფიები. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია თ. ირემაძის ნაშრომი „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“ (2013 წ.). ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ გამოიცემა საერთაშორისო-სამეცნიერო სერია „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“ (რედ. თ. ირემაძე და ჰ. შნაიდერი), რომლის ფარგლებშიც კულტურის ფილოსოფიის უაღრესად აქტუალური პრობლემები განიხილება. ასე რომ, კულტურის ფილოსოფია ქართულ ფილოსოფიაში კვლავაც ერთ-ერთ პერსპექტიულ და პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.
(ა) უცხოური კულტურფილოსოფიური ტექსტების ქართული თარგმანები
• ადორნო, თ. ვ.: ესთეტიკური თეორია, მთარგმნელი და ბოლოსიტყვაობის ავტორი დ. დუმბაძე, თბილისი: „საგა“, 2019 წ.
• ბენიამინი, ვ.: ხელოვნების ნიმუში მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში. ისტორიის ცნების შესახებ, გერმანულიდან თარგმნა დ. დუმბაძემ, თბილისი, 2007 წ.
• ბენიამინი, ვ.: რჩეული ესეები, გერმანულიდან თარგმნა ა. ცქიტიშვილმა, თბილისი: „არილი“, 2022 წ.
• დიუი, ჯ.: თავისუფლება და კულტურა, ინგლისურიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2014 წ.
• ელიასი, ნ.: ცივილიზაციის პროცესის შესახებ, წგ. I, თარგმნა ი. წერეთელმა, თბილისი: „ნეკერი“, 2005 წ.
• ელიასი, ნ.: ცივილიზაციის პროცესის შესახებ, წგ. II, თარგმნა ი. წერეთელმა, თბილისი: „ნეკერი“, 2008 წ.
• იუნგი, კ. გ.: ფსიქოლოგია და ალქიმია, თარგმნა მ. ბადრიძემ, თბილისი: „დიოგენე“, 2005 წ.
• იუნგი, კ. გ.: ფსიქოლოგია და რელიგია. პასუხი იობს, თარგმნა მ. ბადრიძემ, თბილისი: „დიოგენე“, 2013 წ.
• იუნგი, კ. გ.: მეტამორფოზის სიმბოლოები. შიზოფრენიის დასაწყისის ანალიზი, გერმანულიდან თარგმნა მ. ბადრიძემ, თბილისი: „დიოგენე“, 2017 წ.
• კასირერი, ე.: რა არის ადამიანი? ცდა ადამიანური კულტურის ფილოსოფიის აგებისა, გერმანულიდან თარგმნა ლ. რამიშვილმა, თბილისი: „განათლება“, 1983 წ.
• ლოსევი, ა.: მითის დიალექტიკა და სხვა ნაწარმოებები, რუსულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვ. რცხილაძემ, თბილისი: „Carpe diem“, 2017 წ.
• ნიცშე, ფრ.: Ecce Homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც არის, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ.
• ფროიდი, ზ.: კულტურით უკმაყოფილება, თარგმანი ა. პეტრიაშვილისა და გ. ხოშტარიასი, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2012 წ.
• ჰაიზინგა, ი.: Homo Ludens (კაცი მოთამაშე), თარგმნა გ. ნოდიამ, თბილისი „CIPDD“, 1997 წ.
• ჰორკჰაიმერი, მ., ადორნო, თ. ვ.: განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები, თარგმანი გერმანულიდან და ნარკვევი დ. დუმბაძისა, თბილისი: „საგა“, 2012 წ.
(ბ) ქართველ ავტორთა გამოკვლევები
• ბუაჩიძე, თ.: თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან, თბილისი: „Carpe diem“, 2013 წ.
• დუმბაძე, დ.: იდეოლოგია და არერეგლამენტირებული გამოცდილება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, ადორნოს იდეოლოგიის კრიტიკა, თბილისი: „საგა“, 2015 წ.
• ზაქარაძე, ლ.: კულტურის სოციოლოგია. კლასიკოსები, ცნებები, პრობლემები, თბილისი: „ნეკერი“, 2009.
• ზაქარაძე, ლ.: მერაბ მამარდაშვილის აზროვნება თანამედროვე კულტურის კვლევების ჭრილში, კრებულში: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 51-63.
• ზაქარაძე, ლ.: ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში, ჟურნალში: „კადმოსი“, # 4 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 417-430.
• თევზაძე, გ.: გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1963 წ.
• ირემაძე, თ.: ვალტერ ბენიამინი. ცხოვრება, მოღვაწეობა, აქტუალობა, თბილისი: „ნეკერი“, 2008 წ.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: პოსტჰუმანისტური ფილოსოფია. დიდი იდეების კრიზისისა და მსხვრევის ურთიერთმკვეთი კონტექსტები, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2023 წ.
• კაკაბაძე, ზ.: ფილოსოფია და ცხოვრება, ბათუმი: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2012 წ.
• კაკაბაძე, ზ.: რჩეული ფილოსოფიური შრომები, ბათუმი: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2012 წ.
• კორძაია, ჯ.: კულტურის სუბსტანციისათვის, თბილისი: „სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2003 წ.
• კულტურა, ფილოსოფია, ღირებულებები. XX საუკუნის 10 ქართველი ფილოსოფოსი. ერთი სტატიის ფილოსოფია, შემდგენელი, შესავალი წერილის ავტორი და რედაქტორი მ. მახარაძე, ბათუმი: შპს „პოლიგრაფისტი“, 2009 წ.
• ნიცშე საქართველოში. ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას, რედაქტორ-შემდგენი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, (სამეცნიერო სერია: „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“, ტ. 1), თბილისი: „არხე“, 2007 წ.
• ნოდია, გ.: თამაშის ცნება კულტურის ფილოსოფიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1987 წ.
• რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მოტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ.
• ქერქაძე, დ.: ლოკალური ცივილიზაციების თეორიათა კრიტიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1978 წ.
• ქერქაძე, დ.: ერი და კულტურა, თბილისი: „მეცნიერება“, 1984 წ.
• ყულიჯანიშვილი, ა.: კულტუროლოგია, თბილისი: „უნივერსალი“, 2001 წ.
• ყულიჯანიშვილი, ა.: კულტურის თეორია, თბილისი: „უნივერსალი“, 2009 წ.
• ჯიოევი, ო.: კულტურა და ადამიანის ცხოვრება, თბილისი: „მეცნიერება“, 1985 წ.
• ჯიოევი, ო.: რა არის კულტურა, თბილისი: „საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობის სტამბა“, 1986 წ.
• ჯიოევი, ო.: კულტურა და ფილოსოფია, ბათუმი: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2008 წ.
• Джиоев, О. И.: Смысл культуры, Тбилиси: „Мецниереба“, 1990.
• Культура в свете философии [О. И. Джиоев, Н. З. Чавчавадзе, Д. Е. Керкадзе и др.], Тбилиси: „Хеловнеба“, 1979.
• Философские проблемы культуры, Ред. Н. З. Чавчавадзе, Тбилиси: „Мецниереба“, 1980.
• Чавчавадзе, Н. З.: Культура и ценности, Тбилиси: „Мецниереба“, 1984.