რენესანსის პრობლემა დასავლური კულტურის აქტუალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი შვეიცარიელი კულტურის ისტორიკოსის, იაკობ ბურკჰარდტის (1818-1897 წწ.) განთქმული ნაშრომები: „რენესანსის კულტურა იტალიაში“ (1860 წ.) და „რენესანსის ისტორია იტალიაში“ (1878 წ.). ამ ნაშრომებში ბურკჰარდტმა ვრცლად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებები XIV-XVI საუკუნეების იტალიური რენესანსის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რენესანსი არის უნიკალური, დროსა და სივრცეში ზუსტად ლოკალიზებული მოვლენა. თუმცა, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, შვეიცარიელმა აღმოსავლეთმცოდნემ და არაბისტმა, ადამ მეცმა (1869-1917 წწ.) თავის ნაშრომში „ისლამის რენესანსი“ (1922 წ.) აღმოსავლეთში იტალიური რენესანსის მსგავს მოვლენებზე მიუთითა. რენესანსის პრობლემა, ამ და სხვა მსგავს ნაშრომთა კვალობაზე, ისტორიულ-ფილოსოფიური კვლევა-ძიების ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი გახდა.
XX საუკუნის 30-40-იან წლებში ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ (1888-1969 წწ.) განავითარა იდეა „აღმოსავლური რენესანსის“ შესახებ, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, გადმოცემული იყო მის რუსულენოვან ნაშრომებში: „აღმოსავლური რენესანსი და ევროპოცენტრიზმის კრიტიკა“ (1941 წ.) და „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ (1947 წ.). ამ კვლევების მიხედვით, აღმოსავლური რენესანსი ქრონოლოგიურად წინ უძღოდა დასავლურს და, გარკვეულწილად, ზემოქმედებდა კიდეც მასზე. აღმოსავლური რენესანსის თეორიის ბირთვს კი წარმოადგენს „ქართული რენესანსის“ იდეა, რომელიც შალვა ნუცუბიძის ზემოხსენებულ ნაშრომებშია მოცემული. ქართველი მეცნიერის მიხედვით, რენესანსის ფილოსოფიურ საფუძველს დასავლეთსა და აღმოსავლეთში/საქართველოში წარმოადგენდა ნეოპლატონიზმი, კერძოდ კი, მისი ქრისტიანული ვერსია არეოპაგიტული მოძღვრების სახით. თავდაპირველად სწორედ არეოპაგიტიკის იდეებმა განაპირობა შუა საუკუნეების საქართველოში ნეოპლატონიზმის კვლევის აღორძინება, რომელიც შემდეგ იოანე პეტრიწის შემოქმედებაში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური ნააზრევი და შოთა რუსთაველის ფილოსოფიური პოეზია ქართული რენესანსის იდეის ქვაკუთხედს ქმნის, რადგან სწორედ ამ ავტორებმა გამოხატეს სრულყოფილად აღმოსავლური/ქართული რენესანსის საფუძველმდებარე იდეები, კერძოდ, მიწიერისა და ზეციურის, ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის სინთეზის აუცილებლობა, რაც შემდგომში ევროპული/იტალიური რენესანსის ერთ-ერთ მთავარ იდეას წარმოადგენს.
შალვა ნუცუბიძე ცდილობდა ეჩვენებინა, რომ რენესანსის გზა აღმოსავლეთიდან (შუა აზია, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) დასავლეთისკენ მიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლური/ქართული რენესანსი რაიმე დამოუკიდებელ მოვლენას კი არ წარმოადგენს, არამედ სწორედ გზას დასავლური რენესანსისკენ, რომელიც XIV საუკუნიდან მთელი თავისი სისავსით იტალიაში გამოვლინდა და განხორციელდა.
შალვა ნუცუბიძის თეორიას „აღმოსავლური რენესანსის“ შესახებ შედეგად მოჰყვა მრავალი განსხვავებული შეფასება. ერთნი უარყოფდნენ აღმოსავლეთში რენესანსის არსებობას (ბ. გორნუნგი, ა. გორფუნკელი, ვ. რუტენბურგი), ხოლო მეორენი აღიარებდნენ რა აღმოსავლეთში რენესანსის არსებობას, უარყოფდნენ მსგავს მოვლენას საქართველოში (ვ. ჟირმუნსკი, ი. გოლენიშევ-კუტუზოვი). ავტორთა გარკვეული ნაწილი კი აღიარებდა როგორც აღმოსავლურ, ისე ქართულ რენესანსს (ნ. კონრადი, ა. ლოსევი). ქართული რენესანსის იდეას იკვლევდნენ და მხარს უჭერდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები: შ. ხიდაშელი, გ. თევზაძე, ნ. ნათაძე, რ. სირაძე, მ. მახარაძე, ე. ხინთიბიძე, ა. გვახარია და სხვ.
ქართული რენესანსის თეორიის განხილვისას ი. გოლენიშევ-კუტუზოვმა, მიიჩნევდა რა რენესანსს რევოლუციად, რენესანსი და შუა საუკუნეები ერთმანეთს შეაპირისპირა. ეს აზრი არსებითად სხვაობს ქართველ მეცნიერთა შეხედულებებისგან. გოლენიშევ-კუტუზოვი თავის მონოგრაფიაში „დანტეს შემოქმედება და მსოფლიო კულტურა“ (1971 წ.) არ იზიარებს მოსაზრებას ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის თაობაზე; ხოლო რაც შეეხება დანტესა და რუსთაველის სიახლოვეს, იგი სამართლიანად შენიშნავს, რომ ეს შესაძლოა მათი საერთო წყაროებით იყოს განპირობებული; ერთ-ერთი ასეთი წყარო კი ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ნეოპლატონური ტრაქტატებია, რამდენადაც ფსევდო-დიონისეს „ნეოპლატონური აზრები“ დიდ გავლენას ახდენდა გვიანი შუა საუკუნეების ლიტერატურაზე კავკასიიდან ესპანეთის ჩათვლით.
გოლენიშევ-კუტუზოვი თავის სხვა კვლევაში „რომანული ლიტერატურები“ (1975 წ.) სკეპტიკურად არის განწყობილი როგორც ქართული, ისე „სომხური რენესანსის“ მიმართ და შემდეგ კითხვას სვამს: თუკი IX-X საუკუნეების აღმოსავლურ კულტურას რენესანსთან ვაკავშირებთ, მაშინ რატომ მივიჩნევთ XII საუკუნის ფრანგულ კულტურას შუა საუკუნეების ნაწილად? თუკი რუსთაველი აღორძინების ხანის პოეტია, მაშინ რატომაა კრეტიენ დე ტრუა შუა საუკუნეების პოეტი? რთულია დაეთანხმო ავტორის ამ მოსაზრებას, რამდენადაც ქართული რენესანსის არცერთ მკვლევართან არ ვხვდებით იმ დებულების დასაბუთების მცდელობას, რომ დასავლური და ქართული რენესანსები ერთმანეთს ემთხვევა დროში.
ქართული რენესანსის საკითხებს დაწვრილებით განიხილავს ე. მელეტინსკი თავის ნაშრომში „შუა საუკუნეების რომანი“ (1983 წ.). მისი ძირითადი პოზიცია შეგვიძლია მოკლედ ასე გადმოვცეთ: შალვა ნუცუბიძე და სხვა ქართველი მკვლევრები „ვეფხისტყაოსანში“ ხედავენ არა რომანულ ეპოსს, არამედ ფილოსოფიურ პოემას, რენესანსის ეპოქის ძეგლს. ავტორის შენიშვნით, აღმოსავლური რენესანსის და მისი ბირთვის - ქართული რენესანსის - შესახებ ნუცუბიძის თეორია „გაზვიადებულია“; ეს, უმეტესწილად, განპირობებულია იმით, რომ აღორძინების ხანის ჰუმანიზმი ცალმხრივად დაყვანილია ნეოპლატონიზმზე, კერძოდ, მის არეოპაგიტულ რედაქციაზე. ე. მელეტინსკი კრიტიკულად განიხილავს ქართველი მკვლევრების (შ. ხიდაშელი, ე. ხინთიბიძე, ა. ბარამიძე) პოზიციებსაც და ამ განხილვის საფუძველზე უარყოფს „აღმოსავლური რენესანსის“ იდეას. ის არ აღიარებს რუსთაველს რენესანსულ მოაზროვნედ და მიიჩნევს, რომ ეს არა რუსთაველის და ზოგიერთი აღმოსავლელი პოეტის გადაჭარბებული შეფასების, არამედ შუა საუკუნეების კულტურის არასათანადო შეფასების, XII-XIII საუკუნეების ლიტერატურის და მასში ჩაფესვილი ცნობილი „ჰუმანისტური საწყისის“ არასწორი შეფასების შედეგია.
ქართული რენესანსის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებათაგან აღსანიშნავია XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რუსი მოაზროვნის, ალექსეი ლოსევის (1893-1988 წწ.) პოზიცია. მისი ნაშრომის „აღორძინების ესთეტიკა“ (1978 წ.) შესავალი ნაწილი ეძღვნება აღმოსავლური რენესანსის პრობლემებს, სადაც ქართული რენესანსის თეორია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ა. ლოსევი კრიტიკულადაც განიხილავს ქართველი ავტორების მოსაზრებებს (შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, შ. ხიდაშელი), თუმცა კი, მთლიანად იზიარებს ქართული რენესანსის არსებობის კონცეფციას. თავის განაზრებაში ქართული რენესანსის შესახებ ლოსევი ასახელებს ქართველი მეცნიერების დამსახურებებათა ოთხ პუნქტს:
ალექსეი ლოსევის აზრით, ასე შეგვიძლია შევაჯამოთ ქართველ მკვლევართა ისტორიულ-ფილოსოფიურ გამოკვლევათა შედეგები: მათ საქართველოში რენესანსის ეპოქის შესწავლის კუთხით გარდამტეხი კვლევები განახორციელეს და ამით დიდი წვლილი შეიტანეს დასავლური რენესანსის გაგების საქმეშიც.
აღმოსავლური და ქართული რენესანსის საკითხები დაწვრილებითაა წარმოდგენილი შ. ნუცუბიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში (1980 წ.). მასში შესული სტატიების ავტორები (ი. ს. ბრაგინსკი, მ. პ. კაპუსტინი, ზ. ყულიზადე, ნ. ნათაძე) ძირითადად იზიარებენ ნუცუბიძისეულ „აღმოსავლური რენესანსის“ თეორიას.
ი. ბრაგინსკის სტატიაში („აღმოსავლური რენესანსის კონცეფცია: მომხრენი და მოწინააღმდეგენი“) წარმოდგენილია „აღმოსავლური რენესანსის“ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები; მისი აზრით, აღმოსავლური რენესანსის თეორიის ოპონენტები გვთავაზობენ მათი წარმოდგენით დაუმარცხებელ, შემდეგი სოციოლოგიური ხასიათის სილოგიზმს:
„რენესანსი ეს კაპიტალიზმის აისია. აღმოსავლეთში XI-XV საუკუნეებში კაპიტალიზმი არ არსებობდა. მაშასადამე, რენესანსი აღმოსავლეთში მითითებულ პერიოდში არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო“.
ი. ბრაგინსკის მიხედვით, „ნიშან-თვისებათა კრებული“, რომელიც რენესანსის არსს წარმოაჩენს, შეიძლება მოკლედ ასე წარმოვადგინოთ:
ი. ბრაგინსკი მიიჩნევს, რომ „აღმოსავლური რენესანსის“ კონცეფციის მოწინააღმდეგეებთან შეიძლება ვიპოვოთ ამ თეორიის მხოლოდ უარყოფის მცდელობები და ცალკეული საყურადღებო შენიშვნები, მაგრამ არა იმ არგუმენტთა სისტემა, რომლებიც იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების კონკრეტულ და სწორ ანალიზს ეფუძნება.
ზემოთქმულს შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ რენესანსის აბსტრაქტულ-თეორიული მოდელი, რომელიც განსაკუთრებით წმინდად, „კლასიკური“ ფორმით განხორციელდა იტალიაში, სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდებოდა განსხვავებულად, ნაციონალური კულტურისა და ლიტერატურის სპეციფიკის გათვალისწინებით. ბრაგინსკის ეს აზრი უპირობოდ დაეხმარება სხვადასხვა ქვეყნებში რენესანსის გამოვლენასა და შესწავლას.
ამავე საკითხებს ეხება მ. კაპუსტინის სტატია „აღმოსავლური რენესანსის იდეა და დასავლურ-აღმოსავლური სინთეზი“ (1980 წ.). ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლური რენესანსის თეორიას, რომელიც, მისი აზრით, დიდი დამაჯერებლობითა და მყარი არგუმენტირებით პირველად გადმოსცა „შესანიშნავმა ქართველმა მეცნიერმა“ შალვა ნუცუბიძემ. ავტორის აზრით, „აღმოსავლური რენესანსის“ თეორიის „პიონერი“ სწორედ შ. ნუცუბიძეა, რადგან მისი ზემოხსენებული ნაშრომი ამ მიმართულებით ფუნდამენტურ გამოკვლევას წარმოადგენს. მ. კაპუსტინის მიხედვით, შალვა ნუცუბიძემ რენესანსის კონტექსტში არეოპაგიტიკის როლისა და მნიშვნელობის შეფასების დროს, გარკვეულწილად, „გააზვიადა“, თუმცა კი, „რიგი გადამეტებული შეფასებებისა“ დამახასიათებელია ყოველი ახალი აღმოჩენისთვის. კაპუსტინის აზრით, შალვა ნუცუბიძე პირველი იყო მსოფლიო მეცნიერებაში, ვინც კონკრეტული მასალებით, ფილოსოფიური და ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე განაცხადა და აჩვენა, რომ რენესანსი აღმოსავლეთში რამდენიმე ასწლეულით წინ უსწრებს ამავე მოვლენას დასავლეთში, ხოლო უმაღლეს წერტილს კი აღწევს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე - შოთა რუსთაველის შემოქმედებაში.
ქართული რენესანსის შესახებ არსებული ზემოთ განხილული მოსაზრებები და გამოძახილი ცალსახად მოწმობს იმას, რომ აღმოსავლური და ქართული რენესანსის თეორია, მიუხედავად ცალკეულ ფაქტთა „გაზვიადებისა“ და „არასწორი“ ინტერპრეტირებისა, ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. გარკვეულწილად, ის დღესაც აქტუალურია, რამდენადაც თანდათან ვლინდება იმგვარი ასპექტებიც, რომლებიც ახლებურად იქნა გააზრებული ქართულ მეცნიერებაში (ე. ხინთიბიძე, რ. სირაძე, გ. ყორანაშვილი). დღესდღეობით, ასევე ყურადღებას იპყრობს „რენესანსული ჰუმანიზმის ცნება“ (მ. მახარაძე), „რენესანსული ყაიდის ქართველ მოაზროვნეთა ცნება“ (თ. ირემაძე), რომელიც წარმოადგენს თავისებურ გამოძახილს, გააზრებასა და გადააზრებას ქართული რენესანსის თეორიისა და ხაზს უსვამს ქართული კულტურის განვითარების ორიგინალურ, თვითმყოფად გზას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რენესანსის ცნების ქვეშ ანტიკური კულტურის საყოველთაო განვითარება და აყვავება იგულისხმება. იყო კი ასეთი რენესანსი საქართველოში? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. თუმცა კი, რაც ზუსტად შეიძლება ითქვას, არის შემდეგი: ქართველი და უცხოელი მეცნიერების არგუმენტები, რომლებიც აღმოსავლური და ქართული რენესანსის იდეას ავითარებენ, იმის საფუძველს იძლევა, რომ შუა საუკუნეების საქართველოში ჰუმანიზმისა და ჰუმანისტური მსოფლმხედველობის არსებობის შესახებ ვიმსჯელოთ.
• აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2012.
• თევზაძე, გ.: შალვა ნუცუბიძე და აღმოსავლეთის რენესანსის პრობლემები, კრებულში: ფილოსოფია. ეძღვნება შალვა ნუცუბიძის დაბადების 100 წლისთავს, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1995 წ., გვ. 158-167.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: შალვა ნუცუბიძის ფილოსოფია. მოკლე სისტემურ-კრიტიკული ანალიზი, თბილისი: „ნეკერი“, 2023 წ.
• ლოსევი, ა.: აღმოსავლური რენესანსი: ჩინეთი, ირანი, სომხეთი, საქართველო, მთარგმნელები: მ. მახარაძე, პ. ჩხეიძე, ბათუმი: „აჭარა“, 2005 წ.
• მახარაძე, მ.: რენესანსი, ჰუმანიზმი და XI-XII საუკუნეების საქართველო, თბილისი: „ელფის გამომცემლობა“, 2003 წ.
• ქართული რენესანსის საკითხები. ეძღვნება აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 100 წლისთავს, რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.
• Брагинский, И. С.: Концепция «Восточного Ренессанса»: за и против // Юбилейный сборник – Ш. Нуцубидзе. К 90-летию со дня рождения, Тбилиси: „ТГУ“, 1980, გვ. 83-101.
• Голенищев-Кутузов, И.: Творчество Данте и мировая культура, Москва: „Наука“, 1971.
• Голенищев-Кутузов, И.: Романские литературы, Москва: „Наука“, 1975.
• Закарадзе, Л.: «Теория грузинского Ренессанса» в исследованиях русских учёных: отзыви и оценки, კრებულში: ქართული აზროვნება - განათლების პრობლემები - ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები - თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2008 წ., გვ. 4-9.
• Капустин, М. П.: Идея Восточного Ренессанса и западно-восточный синтез // Юбилейный сборник – Ш. Нуцубидзе. К 90-летию со дня рождения, Тбилиси: „ТГУ“, 1980, გვ. 144-166.
• Кулизаде, З.: Понятие «Ренессанс» и проблема Восточного Ренессанса // Юбилейный сборник – Ш. Нуцубидзе. К 90-летию со дня рождения, Тбилиси: „ТГУ“, 1980, გვ. 167-183.
• Лосев, А.: Эстетика Возрождения, Москва: „Мысль“, 1978.
• Мелетинский, Е.: Средневековый роман, Москва: „Наука“, 1983.
• Мец, А.: Мусульманский Ренессанс, Москва: „Наука“, 1966.
• Нуцубидзе, Ш.: Восточный ренессанс и критика европоцентризма // Сообщения АН ГССР, т. 2, № 8 (1941), გვ. 773-782.
• Нуцубидзе, Ш.: Руставели и восточный Ренессанс, Тбилиси: „Заря Востока“, 1947.
• Mez, A.: Die Renaissance des Islams, Heidelberg: C. Winter, 1922.