ახალი დროის ქართველი მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე გიორგი ავალიშვილი დაიბადა 1769 წელს. მისი ოჯახი ერეკლე II-ის სამეფო კართან იყო დაახლოებული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოს ცხოვრებაში. მის განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია გაიოზ რექტორს; ასევე, გიორგი ავალიშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ნათესავ გარსევან ჭავჭავაძესთან, რომელმაც, 1784 წელს, რუსეთში დიპლომატიური მისიის ფარგლებში ახალგაზრდა გიორგი თან წაიყვანა. გიორგი ავალიშვილი მალე ქართლ-კახეთის საელჩოში მიმდინარე სამუშაოებშიც ერთვება. პეტერბურგში იგი აქტიურად სწავლობს რუსულ, ფრანგულ და სხვა უცხო ენებს. 1788 წელს იგი საქართველში ბრუნდება, სადაც სამეფო კარზე თანამდებობასაც იკავებს. მან იმხანად დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის დაფუძნებაში.
მოგვიანებით, გიორგი ავალიშვილი დიპლომატიური მისიის ფარგლებში კვლავ მიემგზავრება რუსეთში, მაგრამ, რუსეთის იმპერიასთან იმ დროს არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობის გაუმჯობესების ყოველგვარი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი გარსევან ჭავჭავაძესთან და ელიზბარ ფალავანდიშვილთან ერთად ცდილობს ქართ-კახეთის გაუქმებული სამეფოს ბედის გამოსწორებას, მაგრამ ურთიერთობა ეძაბება სამეფო კარის მემკვიდრეებთან. ამაზე ცხადად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, მოგვიანებით, დავით ბატონიშვილი მის საწინააღმდეგო ჩვენებასაც კი აძლევს რუს მოხელეებს, სადაც მას იმპერიის საწინააღმდეგო მუხტის გაღვივებაში ედება ბრალი. დავით ბატონიშვილის მეშვეობითვე რუსების ხელში აღმოჩნდა გიორგი ავალიშვილისა და გარსევან ჭავჭავაძის მიმოწერის ნაწილიც. დამოუკიდებლობის დაკარგვაში დიპლომატიური კორპუსის დადანაშაულების გამო ცხოვრების დიდ ნაწილს ავალიშვილი რუსეთში ატარებს, სადაც, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო და ხელმოკლეობის საფუძველზე, თარჯიმნადაც კი მუშაობს რუსეთში ემიგრირებული ქართული არისტოკრატიის კარზე. აქ ის, დიპლომატიური საქმიანობისგან ჩამოცილებული, აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა. ავალიშვილი ჯერ პეტერბურგის, შემდგომ კი მოსკოვის ქართველ ემიგრანტთა წრეში ტრიალებს, სადაც სახელს იხვეჭს განათლებითა და შემოქმედებითი საქმიანობით. თვით იოანე ბატონიშვილიც კი, რომელიც, თავისი ოჯახის წევრების მსგავსად, არცთუ ისე კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ, თავის ცნობილ „კალმასობაში“ მას თანამედროვე ქართველ მთარგმნელთა შორის საპატიო ადგილზე მოიხსენიებს.
1818 წელს გიორგი ავალიშვილი ჯერ საქართველოში ჩამოდის, აქედან კი სამოგზაუროდ მიდის ჯერ თურქეთსა და საბერძნეთში, შემდგომ კი ეგვიპტესა და პალესტინაში. აღსანიშნავია, რომ იერუსალიმში მოგზაურობისას პეტრას მიტროპოლიტისგან ავალიშვილმა მიიღო ჯვრის მონასტრის ქართული ხელნაწერები, რომლებიც საქართველოში ჩამოიტანა (მოგვიანებით, ზოგიერთი მათგანი პეტერბურგში მოხვდა). ავალიშვილმა ეს მოგზაურობა აღწერა თავის ნაშრომში „მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე“ (1819-1820 წწ.). საქართველოში დაბრუნების შემდგომ იგი გართულებული მდგომარეობის გამო კვლავ რუსეთში მიემგზავრება, სადაც ატარებს ცხოვრების დარჩენილ ნაწილს; ამ პერიოდში, მცდელობების მიუხედავად, იგი ვერ იღებს რუსი მოხელეებისგან საქართველოში კვლავ ჩამოსვლის ნებართვას. რუსეთში ცხოვრებისას ავალიშვილი არ წყვეტდა ურთიერთობას ქართულ ინტელექტუალურ წრეებთან. მაგალითად, მას რამდენჯერმე სტუმრობდა გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც ეს ვიზიტები თავის თხზულებაში „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“ (1831-1832 წწ.) აღწერა. თავისი ცხოვრების ამ მონაკვეთში ავალიშვილი ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას; იგი თარგმნიდა, წერდა სხვადასხვა ტიპის თხზულებებს, ეწეოდა ხელნაწერთა შეგროვებას.
გიორგი ავალიშვილი გარდაიცვალა 1850 წელს; დაკრძალულია მოსკოვში „ვსესვიატსკოეს“ ქართულ ეკლესიაში.
გიორგი ავალიშვილი ეწეოდა მრავალმხრივ ლიტერატურულ საქმიანობას. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თარგმანები. როგორც ე. მეტრეველი აღნიშნავს, სათარგმნელი მასალის შერჩევისას იგი არ ხელმძღვანელობდა რაიმე განსაკუთრებული პრინციპით, არამედ, მეტადრე, რუსეთში გავრცელებულ ლიტერატურულ მოდას მისდევდა. რაც შეეხება მის ორიგინალურ თხზულებებს, აქ ავალიშვილი ხან კლასიცისტური, ხანაც სენტიმენტალური სტილისკენ არის მიდრეკილი. მის თარგმანებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რომანებს, რაც იმხანად რუსეთსა და ევროპაში ფეხმოკიდებული ტენდენციის გამოხატულება იყო. მან ქართულად თარგმნა ჟან-პიერ ფლორიანის „ნუმა პომფილია“, ასევე, სხვა ფრანგი რომანისტების თხზულებები. მის კალამს ასევე ეკუთვნის ერაზმ როტერდამელის, ვოლტერის, ხარიტონ აფროდიტელის თხზულებების, ალექსანდრ სუმაროკოვის კომედიების, თეოდორე ემინის „გზაჲ ცხოვნებისადმი“-ის და სხვა ნაწარმოებების ქართული თარგმანები (ავალიშვილის მიერ შესრულებულ თარგმანთა არასრული ნუსხა, თავის დროს, აღმოჩნდა მარი ბროსეს არქივში).
რაც შეეხება გიორგი ავალიშვილის ორიგინალურ თხზულებებს, მათგან უნდა აღინიშნოს მისი პოეტური და დრამატურგიული შემოქმედება (მაგალითად, მან დაწერა პიესა „მეფე თეიმურაზი“), ასევე, მისი „მგზავრობა“, რომელიც ერთგვარ სამოგზაურო მემუარებს წარმოადგენს. აქ აღწერილია თბილისიდან იერუსალიმამდე და, პირიქით, იერუსალიმიდან თბილისამდე მარშრუტები. თხრობისას ავალიშვილი, რომელმაც მოიარა ყირიმი, სტამბული, ეგეოსის ზღვის კუნძულები, ეგვიპტე, პალესტინა, კვიპროსი და სხვ., საინტერესო ცნობებს გვაწვდის ამ გეოგრაფიულ არეალებში კულტურის სხვადასხვა შრეების, სოციალური ყოფისა თუ სხვა საკითხების შესახებ. ის ეხება პოლიტიკურ და რელიგიურ ვითარებებსაც, მაგალითად, ბერძნების მზადებას ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლისთვის და ქრისტიანთა ყოფას ოსმალეთის იმპერიაში. ცალკეულ მკლევართა აზრით, ავალიშვილის ამ ნაწარმოებში იგრძნობა გარკვეული პოლიტიკური განზრახვაც. მაგალითად, გიორგი ჯავახიშვილის აზრით, ავალიშვილის თურქეთში ვიზიტი განპირობებული უნდა ყოფილიყო რუსეთ-თურქეთის ინტერესთა დაპირისპირების საქართველოს სასიკეთოდ გამოყენების იმედით.
თეოლოგიური თვალსაზრისით კი განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს გიორგი ავალიშვილის თხზულება „ხმაჲ ცოდვილისა ღმრთისადმი“, რომელიც მას, „იამბიკოდ თქმული“, 1838 წელს დაუწერია მოსკოვში. 1884 წელს, ალექსანდრე ეპისკოპოსის მიერ გამოცემული ამ ტექსტის წინასიტყვაობაში პუბლიკაციის ერთ-ერთი რედაქტორი ილია ჭყონია შენიშნავს, რომ ამ ტექსტს, ქართული იდენტობისთვის ქრისტიანობის განუზომელი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისთვის. პოეტურად გაწყობილი ტექსტი მორწმუნის ვედრებას ასახავს ღვთისადმი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, მთავარანგელოზებისადმი და სხვადასხვა წმიდანებისადმი. ნაშრომში წარმოდგენილია მორწმუნე ქრისტიანის მიზანი, რომელიც მის მიერ საუკუნო ცხოვრების მოპოვებაში მდგომარეობს. ავტორი აქ ეხება ისეთ ქრისტიანულ ცნებებსა და სწავლებებს, როგორებიცაა ამსოფლიურისგან განშორება, ლოცვა და სხვ. თუმცა კი, განსაკუთრებული ყურადღება სინანულს ეთმობა, რომელიც ავალიშვილისეულ სტროფებში ქრისტიანული სულისკვეთების ჭრილშია გამოხატული: აქ არ არის წარმოდგენილი ადამიანის სასოწარკვეთილი მდგომარეობა, არამედ ხაზი ესმება ღვთის კაცთმოყვარებასა და ადამიანის იმედს, სასოებას ღვთისადმი. ეს ნათლად ჩანს ავტორის მიერ მაცხოვრისადმი მიმართვებში, სადაც ის მას, მაგალითად, „მოწყალების მამას“, „ცოდვილთა ნუგეშს“, „სიმდაბლის უფსკრულს“ უწოდებს. ამავე სულისკვეთებას გამოხატავს ღმერთის სახიერების, სიტკბოს აღნიშვნაც. საგულისხმოა ნაწარმოებში ქრისტიანული დოგმატიკის საფუძვლიანი გამოყენებაც, როგორც ეს, თუნდაც, ერთი ღმერთის სამპიროვნებაზე საუბრისას ჩანს: სამების სხვადასხვა პირისადმი მიმართვებში ხაზგასმულია სამების პირთა ერთარსებობა („...ყოვლად-წმიდაო სულო, მამისა და ძის თანა-ჰსწორო და სრულო“); აქვეა ქრისტოლოგიური სწავლებებიც (მაგალითად, „...შენ ხარ ღმერთი და კაცი სრული“). ავტორი წარმოაჩენს ქრისტეს განკაცების შესახებ მოძღვრებას, სადაც ხარების ისტორიით იწყებს და შემდგომ უკვე გამომხსნელი ღვაწლის შესახებ საუბრობს. ნაწარმოებში ვხვდებით ქრისტიანული კოსმოლოგიის, ანთროპოლოგიის და სხვ. იდეებსაც. სტროფებში სხვადასხვა ადგილზე იგრძნობა ლიტურგიკული საკითხავების გავლენა. ავტორი ეხება საკუთარ ბიოგრაფიასაც, რომელიც ერთგვარი აღსარების შინაარსს ატარებს. კონკრეტული ცოდვების ხაზგასმით ავალიშვილის ნაწარმოებში იგრძნობა გულახდილობა, რაც წრფელი სინანულის გამოხატულებას წარმოადგენს: ავტორი ნაწარმოებით ცდილობს სულიერი შვების მიღებას ცოდვათა აღიარების საფუძველზე და არ ისახავს მიზნად საკუთარი თავის, როგორც პოეტის განდიდებას. ნაწარმოებში იკითხება „წუთისოფლისგან უარყოფილი“ ადამიანის წუხილი, რომელმაც გააცნობიერა „ამა სოფლის“ ამაოება და ერთადერთი ღმერთის იმედი აქვს. საგულისხმოა ავალიშვილის ნაწარმოებში გარკვეული პატრიოტული მუხტიც, რომელიც ერთგვარი პოლიტიკური თეოლოგიის სახეს ატარებს: მაგალითად, ავტორი ქართველი ერის ღვთისმშობლის წილხვდომილობას უსვამს ხაზს („მომიხსენებდე ქალწულის წილ-ჰხვდომილსა“; „...შენ ღმრთისა დედის წილად ჰჴდომილმან“). ტექსტში ფიგურირებს სიუჟეტები წმინდა წერილიდან. საგულისხმოა ავტორის მიერ წმიდაწერილისეული პერსონაჟების მოხმობა და მათთან შედარება საკუთარი ცხოვრებისა (მაგალითად, ავტორი სახარებისეული ავაზაკის მსგავსად ითხოვს შეწყალებას; ასევე, იგი ახსენებს ფარისევლის ლოცვის სიუჟეტსაც სახარებიდან და მეზვერისეულ ფრაზას იყენებს: „ღმერთო, მილხინე ‘მე ცოდჳლის’ მთქმელსა“ და სხვ.). ამგვარი მეთოდოლოგია მსგავს ტექსტებში ძალზედ ხშირია და, უნდა ვიფიქროთ, რომ ეფუძნება იდეას, რომლის თანახმადაც წმიდა წერილში წარმოდგენილი სიუჟეტები უნივერსალურ ხასიათს ფლობს და, შესაძლოა, ანალოგიური სახით განვითარდეს სხვადასხვა ეპოქასა და ვითარებაში.
გიორგი ავალიშვილი თავის ნაწარმოებში მიმართავს ღვთისმშობელსაც, სადაც ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მეოხებას ცოდვილისადმი. ავტორი საგულდაგულოდ წარმოაჩენს დედის კადნიერებას მისი ძის წინაშე. ერთგან ის ჯვარცმისას მაცხოვრის მიერ იოანე მახარებლის ღვთისმშობლისადმი ძედ მიკუთვნების აღნიშვნით ზოგადად ადამიანებისადმი ღვთისმშობლის დედობრივ მზრუნველობას წარმოადგენს. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სტროფებს თან მოსდევს ნაწარმოების ის ნაწილები, რომლებიც მთავარანგელოზებს და წმიდანებს ეძღვნება. ყველგან იგრძნობა განსწავლულობა წმინდა წერილსა და ქრისტიანულ თეოლოგიაში. ნაწარმოები მთავრდება მცირე თავით „მთხოველი ყოველთა ნამყოთა და აწმყოთადმი“, სადაც ავტორი სხვათაგან ითხოვს შენდობას და თავადაც მიუტევებს: „ვუტევებ ყოველთ გრძნობითა მართლ და მრთელით“.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ გიორგი ავალიშვილი გვევლინება ახალი დროის ქართული აზროვნების განსაკუთრებით საინტერესო წარმომადგენლად. გარდა მის მიერ გაწეული დიდი სამუშაოსი სხვადასხვა მთარგმნელობით-ლიტერატურულ ჟანრში, მისი „ვედრება“ ქრისტიანული აღმსარებლობის ძალზე მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს ქართულ სააზროვნო სივრცეში, რომელიც, ამასთანავე, ავტორის ღრმა სულიერებაზეც მიუთითებს.
• ავალიშვილი, გ.: ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი, თქმული თ-დი გ. ავალიშვილისაგან, გამოცემა ალექსანდრე ეპისკოპოსისა, თბილისი: „ექვთიმე ხელაძის სტამბა“, 1884 წ.
• ავალიშვილი, გ.: მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ელ. მეტრეველმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• იოანე ბატონიშვილი: კალმასობა, ტ. II, კ. კეკელიძისა და ალ. ბარამიძის რედაქციით, თბილისი: „სახელგამი“, 1948 წ.
• მეტრეველი, ე.: გ. ავალიშვილის „მგზავრობაჲ“, წიგნში: გ. ავალიშვილი, მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ელ. მეტრეველმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ., გვ. 05-052.
• ნიკოლეიშვილი, ა.: გიორგი ავალიშვილი, წიგნში: ა. ნიკოლეიშვილი, ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქუთაისი: „ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა“, 2006 წ., გვ. 201-229.